როგორ მოქმედებდნენ მოსამართლეები 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მას შემდეგ - კვირის პალიტრა

როგორ მოქმედებდნენ მოსამართლეები 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მას შემდეგ

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული მონიტორინგით ირკვევა, რომ 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2012 წლის იანვარ-მარტში თბილისის საქალაქო სასამართლო უაპელაციოდ იზიარებდა პროკურორის მოთხოვნას და ბრალდებულს უფარდებდა პატიმრობას ან გირაოდ ზუსტად იმ თანხას, რასაც პროკურორი ასახელებდა. "კვირის პალიტრა" წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "იუსტიციის მუშაკები სამართლიანი საქართველოსთვის" წევრის, გიორგი აბაშიძის მიერ მოწოდებული მონიტორინგის შედეგებს ბოლო დროს ყველაზე გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე, მოსამართლეთა განჩინებების ჩათვლით.

გიორგი აბაშიძე: "პირველ რიგში წარმოგიდგენთ საქმეებს, რომლებიც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე; თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილი უფროსი ზურაბ შამათავა; შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე; შს სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურგენ (გურამ) დონაძე; ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით იაშვილი; დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი გიორგი გოგინაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. არადა, ბრალდების მიხედვით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ნივთმტკიცებულებების ფალსიფიკაცია, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მათ შესაძლებელია 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეფარდებოდათ.

ახლა გადავხედოთ 2012 წლამდე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენებს.

ნ. კ.-მ ახალშობილის შვილად აყვანის მიზნით, ბიოლოგიურ დედასთან შეთანხმებით, გააყალბებინა ჩანაწერი სამშობიაროში. გაიცა ყალბი დაბადების მოწმობა, სადაც ბავშვის ბიოლოგიურ დედად მითითებული იყო ნ.კ. ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმასაც, მაგრამ გიორგი გოგინაშვილმა დედობის მსურველ ქალს პატიმრობა შეუფარდა და ციხეში გაამწესა.

კიდევ უფრო საინტერესო და პარადოქსულია ომარ ლიფონავას საქმე, რომელიც სავაჭრო დახლიდან 28-ლარიანი ბრელოკის მოპარვას ეხება. მოსამართლე გოგინაშვილმა ბრელოკის ქურდს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება კი ასეთია: "ომარ ლიფონავა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ხელს შეუშლის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას. საქმეზე კვლავ ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის თავიდან ასაცილებლად დასაბუთებულად მიმაჩნია ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება".

მეორე "ცნობილი" მოსამართლე, რომელზეც ინფორმაცია შევაგროვეთ, გიორგი არევაძეა, რომელმაც პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი თორნიკე გუნავა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონული სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ალექსანდრე კუჭუაშვილი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი მერაბ მეტრეველი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა მაღალჩინოსნებმა აიძულეს რამდენიმე პირი სექსუალური კავშირი დაემყარებინათ მათ მიერ მითითებულ პირებთან. ეს კი ვიდეოფირზე გადაიღეს შანტაჟისთვის. პროკურატურამ სრულიად დასაბუთებულად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ მოსამართლე გიორგი არევაძემ სამივეს გირაო შეუფარდა.

ასევე გირაო შეუფარდა "წყალკანალის" ყოფილ უფროსს გიორგი ქელბაქიანს, რომელიც იმხილება 2,5 მილიონი ლარის "ატკატის" სახით მითვისებაში და კანონი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გულმოწყალე იყო მოსამართლე გიორგი არევაძე თბილისის მერის, გიგი უგულავას მიმართაც, რომელსაც კანონით ასევე 12 წლამდე პატიმრობა შეიძლება შეფარდებოდა. არევაძემ თბილისის მერი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და პროკურატურის სხვა მოთხოვნებიც უგულებელყო.

მოსამართლე გიორგი არევაძეს მსგავსი "ჰუმანურობის" გამოჩენა 2012 წლის ოქტომბრამდე ფიქრადაც არ მოსვლია. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ განჩინებებს წინა ხელისუფლების დროს.

არჩილ ებრალიძეს, კერძო არბიტრს, სამი მცირეწლოვანი შვილის მამას არევაძემ პატიმრობა შეუფარდა მხოლოდ იმის გამო, რომ დოკუმენტაცია არ შეამოწმა. ხოლო მამუკა მაისურაძესა და ლევან იაკობაშვილს საგარანტიო ფურცელზე კომპიუტერის მონაცემების შეცვლისთვის (გამოშვების თარიღის გაყალბებისთვის) ასევე პატიმრობა შეუფარდა, მაშინ როცა კანონი  ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს.

კიდევ უფრო შორს წავიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ნატო ხუჯაძე. მან მხოლოდ გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე. ეს სწორედ ის მიქაძეა, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ძირითად მტკიცებულებათა ფალსიფიკატორად არის მიჩნეული.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ახლა ვნახოთ, იყო თუ არა ასეთივე ლოიალური ნატო ხუჯაძე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე.

ლევან ხმიადაშვილი და საბა კვანტალიანი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მათ სამართალდამცავებს მეზობლის მანქანის საბურავის მოპარვის ფაქტი არ შეატყობინეს. საბა კვანტალიანი და ლევან ხმიადაშვილი სტუდენტები იყვნენ და წარსული არაფრით ჰქონდათ შებღალული. თუმცა პატიმრობა მაინც შეეუფარდეს. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს აშკარა შერჩევით სამართალთან, რასაც წერტილი უნდა დაესვას".

თამარ როსტიაშვილი