"საქართველოში წელიწადში 700 პატიმარი იღუპებოდა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში წელიწადში 700 პატიმარი იღუპებოდა"

"თუ ეს მონაცემები რეალურია, შესაძლოა მსოფლიო სკანდალად იქცეს"

"უკვე შაშკინიც ჩამოვიდა საქართველოში, რადგან სასამართლოსგან გარანტიები მიიღო"

"წელიწადში 700 პატიმარი მხოლოდ სისასტიკით ცნობილ გულაგებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში კვდებოდა"

რის საფუძველზე ვარაუდობენ ქართველი უფლებადამცველები, რომ საქართველოში წელიწადში საშუალოდ 700 პატიმარი იღუპებოდა? "კვირის პალიტრას" ამ თემაზე უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ესაუბრა.

- საქართველო პატიმართა სიკვდილიანობით მსოფლიოში მოწინავე ადგილზე იყო. მაგრამ ის სურათი, რომელიც ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების მონათხრობის მიხედვით დაიხატა, ნამდვილად შემზარავია. გამოდის, საქართველოში საშუალოდ წელიწადში 700 პატიმარი კვდებოდა. ყოველი ყოფილი პატიმრის მონათხრობი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. მათი გადმოცემით, ციხიდან ყოველდღე 2 ან მეტი პატიმრის გვამი გაჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საშუალოდ 700 პატიმარი გვეღუპებოდა. ჩვენ მხოლოდ ყოფილი პატიმრების მონათხრობს ვეყრდნობით. ამის დამტკიცება კი ძალიან ძნელია, ძნელია გარდაცვლილი პატიმრების ოჯახების მოძებნა. ჩვენმა ორგანიზაციამ - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" მოუწოდა პატიმრების ოჯახებს მოგვაწოდონ ინფორმაცია. როგორც ჩანს, ამის შესახებ არ იციან, ან ჩვენთან მოსვლისთვის საკმარისი მოტივაცია არ გააჩნიათ.

- მეტი რაღა მოტივაციაა საჭირო? სიმართლის დადგენა არ უნდათ?

- საქმეც ის არის, რომ გარდაცვლილი პატიმრების ახლობლებს ვერ ვეუბნებით, რომ მკვლელი აუცილებლად დაისჯება. ხედავენ, რომ დღემდე ციხეში მომუშავე დამნაშავეები არათუ დასჯილი არიან, შესაძლოა, ჩვენმა უვარგისმა სასამართლომ თვით ბაჩო ახალაიაც გაათავისუფლოს. უკვე შაშკინიც ჩამოვიდა საქართველოში, რადგან სასამართლოსგან გარანტიები მიიღო. იცით, ერთ-ერთი რა იყო?

მან დაინახა, რომ გიგი უგულავას, რომელსაც მილიონების მითვისებას ედავებიან, სასამართლომ ასლარიანი გირაოც კი არ შეუფარდა და ეს შაშკინისთვის დაუსჯელობის გარანტიაა.

ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ვუთხრა პატიმართა ოჯახებს, სამართალი აღდგება და თქვენი შვილის, ძმის, მამის მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან-მეთქი?

-  ბაჩო ახალაიაც თუ გაათავისუფლეს, რა ღონისძიებას მიმართავთ?

- ვფიქრობ, ისევ საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი.

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს 700 პატიმრის გარდაცვალება წელიწადში მაშინ, როცა ოფიციალურად მხოლოდ 140-145 პატიმრის გარდაცვალება აღირიცხებოდა და ესეც საგანგაშო მონაცემად ითვლებოდა. ჩვენ პატიმართა სიკვდილიანობით (ოფიციალური მონაცემებით) მსოფლიოში მეორე-მესამე ადგილზე ვიყავით. მხოლოდ ამერიკა და რუსეთი გვისწრებდნენ, ბოლოს კი უკვე რუსეთსაც გავუსწარით.

- თუკი წელიწადში 700 პატიმარი კვდებოდა, მაშინ რა მდგომარეობა გვქონია სხვა ქვეყნებთან შედარებით?

- კატასტროფული. პატიმართა სიკვდილიანობა ასე განისაზღვრება: ითვლიან ყოველი ათი ათასი მსჯავრდადებულიდან რამდენი კვდება. ჩვენ 20-25 ათასი პატიმარი გვყავდა, ე. ი. 10-12 ათას პატიმარში 350 კვდებოდა. არათუ ცივილიზებულ ქვეყანაში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იყო ასეთი სიკვდილიანობა. პატიმართა რაოდენობის გათვალისწინებით 2-3%-იანი სიკვდილიანობაც შემაშფოთებელ სტატისტიკად ითვლება. წელიწადში 700 პატიმარი მხოლოდ სისასტიკით ცნობილ გულაგებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში კვდებოდა. ამის დადასტურება რეალური მონაცემებით მსოფლიოში კიდევ ერთი სკანდალის საფუძველი გახდება.

ვინ მალავდა გვამებს?

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პატიმართა სიკვდილიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით არასდროს აღშფოთებულა. ის დაჟინებით აცხადებდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ციხეებში სიკვდილიანობამ იკლო.

"სტატისტიკას მე ვერ შევცვლი, გვამს ვერ დავმალავ! ამ წუთამდე გარდაცვლილია 46 პირი. შარშან, სულ 94 კაცი გარდაიცვალა", - აცხადებდა შაშკინი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში (2009 წ. 20-26 ივლისი, #29). შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 6 თებერვლიდან 7 დეკემბრამდე დიმიტრი შაშკინი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი იყო. ასე რომ, 9 წლის განმავლობაში გარდაცვლილ პატიმართა ზუსტი აღრიცხვა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.