რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე - კვირის პალიტრა

რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე

პროფესიით  გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად, დირექტორად, იყო პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ახლა პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელია. რა გასაკვირია, რომ ელენე თევდორაძის დაუვიწყარი მოგონებების ნაწილი ციხეებში ნანახს უკავშირდება, თუმცა ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი წუთების გახსენება ბავშვობიდან დაიწყო.

ხუთი კარტოფილით ნაყიდი ლაკის ფეხსაცმელი

წლის და რვა თვის ვიყავი, როცა ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო. წარმოიდგინეთ, იმ დროს ლენინგრადში ჩასვლა რამდენად რთული იყო, მაგრამ ბაბუა ჩამოვიდა და ბლოკადიდან გამომიყვანა. მომკიდა ხელი და თბილისში წამომიყვანა. დედა ლენინგრადში დარჩა. მამა არ მახსოვს, ომში დაიღუპა. ის, რაც არასდროს დამავიწყდება, უცნობ დედასთან შეხვედრაა. 5 წლის ვიქნებოდი, როცა დედა ჩამოვიდა. მახსოვს, საწოლის ქვეშ შევძვერი და დავიმალე. მეხვეწებოდნენ, გამოდიო, მაგრამ უცხო ადამიანთან მისვლის მეშინოდა. სამალავიდან ვაკვირდებოდი ლამაზ, უცნობ ქალს. ომის შემდეგ საშინელი სიდუხჭირე იყო. დედას კი ძალიან უნდოდა ჩემთვის საჩუქარი ჩამოეტანა. მატარებელი როსტოვში გაჩერებულა, სადგურზე ოჯახიდან გამოტანილ ნივთებს ყიდდნენ. ქალს ბავშვის ლაკის ფეხსაცმელი ჰქონია გამოტანილი. დედას ფული არ ჰქონდა, მაგრამ იმ ქალმა ფეხსაცმელი ხუთ კარტოფილში გაუცვალა. მატარებელი რომ დაიძრა, დედამ გვიან აღმოაჩინა, რომ ორივე ფეხსაცმელი ერთი ფეხისა იყო.

საკლასო "ზოოპარკი"

უცხო ენების ინსტიტუტი რომ დავამთავრე, იმ წელსვე დავიწყე სკოლაში მუშაობა. მახსოვს პირველი დღე, როცა ჩემს სადამრიგებლო კლასში უნდა შევსულიყავი. მეექვსე კლასი იყო, განსაკუთრებულად მძიმე, რომელსაც ვერც ერთმა დამრიგებელმა ვერ გაუძლო. ახალგაზრდა ვიყავი და სკოლის დირექტორს იმედი ჰქონდა, რომ ამ ბავშვებთან საერთო ენას გამოვნახავდი. მახსოვს, საკლასო ოთახის კარი ვერ გავაღე, შიგნიდან ჰქონდათ ბავშვებს ჩაკეტილი. ამ დროს ზოგი კატასავით კნავის, ზოგი ძაღლივით ყეფს, ზოგიც ძროხასავით ზმუის. რა უნდა მექნა, კართან ახლოს მივედი და ვირივით ყროყინი დავიწყე. ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი გაოცებულმა ბავშვებმა კარი გააღეს. ასე შედგა ჩვენი მეგობრობა.

პოლიტიკური "ნათლობა"

არასდროს დამავიწყდება ჩემი პოლიტიკური "ნათლობა", რაც ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. ამ ყველაფერს კი ერთი საინტერესო ამბავი უძღოდა წინ. მოგეხსენებათ, როგორი ვითარება იყო თბილისში გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს - საღამოს ქუჩაში ვერ გამოხვიდოდი. მაშინ სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და განსაკუთრებით იმ ბავშვების ბედი მაწუხებდა, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობდნენ და შინ გვიან ბრუნდებოდნენ. ტელევიზიით მოვისმინე, რომ საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ ფილარმონიაში იკრიბებოდნენ და მეც წავედი. მაშინ თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი იყო, უშიშროების კი - იგორ გიორგაძე. მათ შორის სამხედრო შეტაკება მოხდა. დარბაზი ხალხით იყო სავსე, შევარდნაძეც და მთავრობის წევრებიც იქ იყვნენ. მართალია, სცენაზე არავის მივუწვევივარ, მაგრამ ავედი და ნახევრად ქართულად, უფრო მეტად კი რუსულად გავაკრიტიკე მაშინდელი მთავრობა: თუ არ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა, გადადექით-მეთქი. რა თქმა უნდა, ყარყარაშვილისა და გიორგაძის შეტაკებაც გავიხსენე, რომ ასეთი ფაქტის შემდეგ ორი მინისტრი, სულ მცირე, თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო. ჩემ შემდეგ სცენაზე გია ყარყარაშვილი ავიდა და განაცხადა, ვტოვებ პოსტსო. კარგად მახსოვს, რაც თქვა: არ ვიცი, ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ აბსოლუტურად მართალიაო. ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ დამირეკეს და ზურაბ ჟვანიასთან მისვლა მთხოვეს...

12 წლის გოგონა თავანში

ჯერ დეპუტატიც არ ვიყავი, როცა ზურაბ ჟვანიას დავალებით ციხეში შევედი. პენიტენციარული სისტემის რეფორმირება იგეგმებოდა და პატიმართა პრობლემები უნდა შეგვესწავლა. მაშინ იყო თუ იყო საპატიმროები გადაჭედილი, პატიმრებს დასაწოლი კი არა, დასაჯდომი არ ჰქონდათ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გივი ყვარელაშვილი ხელმძღვანელობდა, მან შემაცილა მეხუთე იზოლატორში. საკანში შევედი და კარი ჩავკეტე. პატიმრები დიდხანს მესაუბრებოდნენ. როცა გამოვედი, გივიმ გამაფრთხილა: მეორედ საკანში რომ შეხვალ, კარი არ დაკეტოო. ვთხოვე, მოპირდაპირე საკნის კარი გაეღოთ. იქ კი განსხვავებული ვითარება დამხვდა: ხალიჩები, მაცივრები, სრული კომფორტი. კეთილმოწყობილი საკნის პატიმრებმა უცნაურად შემომხედეს, როცა პრობლემებზე ვკითხე, ლობიო ხომ არ გნებავთო, შემომთავაზეს...

დღესაც ვერ გამოვედი იმ შთაბეჭდილებიდან, რომელიც ქსნის კოლონიაში  მივიღე. იქ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები იხდიდნენ სასჯელს და რატომღაც მათთან რამდენიმე ზვიადის მომხრე მოათავსეს. სწორედ ამ პატიმრების თხოვნით ჩავედი ქსანში. ერთი პატიმარი იყო, რუსული გვარი ჰქონდა, ბანქო ითამაშა სხვა პატიმრებთან და დიდი თანხა წააგო. თავანის სანაცვლოდ პატიმრებმა მისი 12 წლის გოგონას მიყვანა მოსთხოვეს. პატიმარმა დაურეკა მეუღლეს და ქალიშვილთან ერთად ციხეში პაემანზე მისვლა სთხოვა. გოგონა პატიმრებმა ჯგუფურად გააუპატიურეს. გავიდა დრო და იმ პატიმრის ცოლი ჩემთან მოვიდა, ქმრის შეწყალებას ითხოვდა...

დრო მოვა, იტყვიან...

არასდროს დამიმალავს, რომ ზოგიერთი პატიმრის ბედს პროკურატურა წყვეტდა. ალბათ, ადეიშვილის გარეშე ეს არ წყდებოდა. სანამ ადეიშვილი კადრულობდა და მიღებდა, შედეგის მიღწევას მაინც ვახერხებდი, შემდეგ კი სატელეფონო ზარზეც აღარ მპასუხობდა. 4-5 პატიმარი თუ რჩებოდა ჩვენი სიებიდან, ამითაც კმაყოფილი ვიყავით. იყო რამდენიმე ფაქტი, როცა მძიმე ავადმყოფებს მივეცით რეკომენდაცია, შემდეგ ვრეკავდით პროკურატურაში და ვთხოვდით: მოახსენეთ ადეიშვილს, ნუ ამოიღებთ სიიდან, მომაკვდავი პატიმარია-მეთქი. მაინც იღებდნენ. სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტში გაუგონარ რამეს მეუბნებოდნენ: ნამდვილად გადასაყვანია პატიმარი საავადმყოფოში, მაგრამ ამის უფლება უშიშროებამ უნდა დაგვრთოსო. ერთ პატიმარზე პირადად ვთხოვე ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი ვერ გადარჩება-მეთქი. არაფერი მიპასუხა, ის პატიმარი ციხეში გარდაიცვალა.

არასდროს დამავიწყდება შეხვედრა გირგვლიანის საქმეზე დაპატიმრებულ პირებთან. ავჭალის კოლონიაში ვიყავი, წამოსვლას ვაპირებდი, რომ კართან დამხვდნენ. ჩემთან საუბარი უნდოდათ. არ მაქვს უფლება გითხრათ ის, რაც მათგან მოვისმინე, მაგრამ შესაძლოა დადგეს დრო, როცა ისინი იტყვიან იმას, რაც მე მითხრეს. ეს კი რადიკალურად შეცვლის საქმის ვითარებას. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რაც მათ ვუთხარი, რომ თუ თავის თავზე აიღეს  ეს დანაშაული, ნუ ელოდებიან, რომ შეწყალების კომისია მათ დადებით რეკომენდაციას მისცემთ. იქიდან წამოსულმა ბაჩო ახალაიას დავურეკე: ბევრი რამ მოვისმინე მათგან და თქვენს სინდისზეა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან-მეთქი - პატიმრები მათ მიმართ ძალიან აგრესიული იყვნენ. შიშობდნენ, არ ვიცით, ცოცხალი გავალთ თუ არაო.

- ახალაიას არ მოინახულებთ ციხეში?

- არ მიშვებენ. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გარეშე მასთან შესვლის უფლება არა მაქვს.