"ღმერთმა ნუ დაგანახოთ თქვენი შვილი ცხვირპირდანგრეული"
18-03-2013
"ღმერთმა ნუ დაგანახოთ თქვენი შვილი ცხვირპირდანგრეული"
რატომ დააკავეს ხათუნა ხოფერიას ვაჟი?

"ჩემს შვილს სცემეს მას შემდეგ, რაც ხელზე ბორკილები დაადეს და პატრულის მანქანაში ჩასვეს"


გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელის, ხათუნა ხოფერიას შვილი ბექა ხოფერია, გასულ კვირას სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით: "თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პირმა პოლიციელების მიმართ აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პირმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და
თავდასხმის მოგერიების მიზნით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა. დაკავებულებს ბრალი 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

ზოგმა ეს ამბავი ხათუნა ხოფერიასთვის ანგარიშის გასწორების სურვილს დაუკავშირა - ხოფერია ბოლო დროს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მწვავე
განცხადებებს აკეთებდა და ივანიშვილის აქტიურ მხარდამჭერად გვევლინებოდა. რა მოხდა სინამდვილეში? "კვირის პალიტრა" შეეცადა, ორივე მხარის არგუმენტები მოესმინა.

ხათუნა ხოფერიამ ტელეეთერში განაცხადა: "სამოქალაქოსამოსიან ორ პოლიციელს ჩხუბი მოუვიდა, რასაც ბექა და მისი მეგობრები შეესწრნენ. შუაში ჩადგნენ და ამ დროს პოლიციელებმა ოთხჯერ გაისროლეს. ბიჭები, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდნენ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ... ბექა საშინლად ნაცემია, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, რაც ბუტა რობაქიძის შემთხვევაში მოხდა. საბედნიეროდ, ჩემს შვილს ჰაერში გასროლილი ტყვია არ მოხვდა. ის ტყვია რომ მოხვედროდა, გარწმუნებთ, მერე დაყრიდნენ ავტომატებსაც, ყუმბარებსაც და ყველაფერს, რაც "საჭირო" იქნებოდა. ვაპირებ, ვიბრძოლო სამართლიანობის აღსადგენად".

ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი გვარამაძემ კი ოდნავ განსხვავებულად აღწერა ინციდენტი: "14 მარტს, სუპერმარკეტ "ორი ნაბიჯიდან" გამოსულმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციის ორმა თანამშრომელმა ახალგაზრდებს შეაგინა, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტის დროს პოლიციელებმა ჰაერში ორჯერ გაისროლეს".

ბექა ხოფერიას ძმა, რეზო ხოფერია  მოითხოვს, შეისწავლონ იმ ორი პოლიციელის საქმიანობა, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. მისი ინფორმაციით, დაკავებულები - ბექა ხოფერია და დავით ეჯიბია სასტიკად არიან ნაცემი. 

შსს კი ჯერჯერობით არ ასახელებს იმ სამართალდამცველთა ვინაობას, რომლებთანაც ბექა ხოფერიასა და მის მეგობრებს კონფლიქტი მოუვიდათ. თუმცა, "კვირის პალიტრას" ამ პოლიციელებთან დაახლოებულმა პირებმა ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს: "ბიჭებმა პოლიციელები რომ დაინახეს, ძაღლებოო, დაუძახეს. ამას მოჰყვა შეკამათება და ლანძღვა-გინება. ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციელს აშკარად გამომწვევად ესაუბრებოდა. ამ უკანასკნელს უთქვამს, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უნდა წაგიყვანოთო. "სადაც გინდათ, წამიყვანეთ, მაინც ვერაფერს დამიმტკიცებთ, "ბიოპლანი" მაქვს მოწეული, რომელიც კვალს არ ტოვებსო, - ყვიროდა ახალგაზრდა. ამის შემდეგ შეკამათება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. უბნის ათამდე ახალგაზრდამ მოიყარა შემთხვევის ადგილას თავი, რომლებმაც ჩხუბში ჩართვა სცადეს. სწორედ მათი მოგერიების მიზნით გაისროლეს პოლიციელებმა. რატომ აძლევენ ამ ინციდენტს პოლიტიკურ მნიშვნელობას ან ბუტა რობაქიძის შემთხვევასა და ამ შემთხვევას შორის პარალელი რა მოსატანია? 4 დაკავებულიდან სამი ადრეც ნასამართლევია, მათ შორის ბექა ხოფერიაც. 2008 წელს ბექა ხოფერია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს. მაშინ ადმინისტრაციული ჯარიმით გათავისუფლდა. 2010 წელს კი იმავე მიზეზით დააკავეს.

დავით ეჯიბია სამჯერ არის ნასამართლევი. 2007 წელს - ნარკოტიკის უკანონო შეძენის ბრალდებით გაასამართლეს, 2008 წელს კი იარაღის უკანონო ტარების გამო, ხოლო 2009 წელს ძარცვის ბრალდებით.
მიშა იობაშვილი 2009 წელს დანის უკანონო ტარების გამო დააკავეს. მეოთხე დაკავებული, ერასტი საბანაძე კი ნასამართლევი არ ყოფილა".

ჩვენ ბექა ხოფერიას დედას, ხათუნა ხოფერიას დავუკავშირდით: - ჩემი შვილი ნაცემია. მე ვნახე ბექა - სისხლში გათხვრილი იყო, სახე, თვალი, ცხვირი დაზიანებული ჰქონდა. არადა, სანამ საქმის ვითარებას გაარკვევდნენ, ნაცემი არ იყო. მას შემდეგ სცემეს, რაც ბორკილები დაადეს და პატრულის მანქანაში ჩასვეს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყვანამდე სცემეს:

- 2008 და 2010 წლებშიც იყო ბექა დაკავებული პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო?
- არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი რამ.

- მაშინ სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა.
- მაშინ მანქანის გამო მოუვიდა შელაპარაკება.

- თქვენ ბექასა და ბუტა რობაქიძეს შორის გაავლეთ პარალელი.
- ნუთუ არ გესმით, რომ დედა ვარ. ღმერთმა ნუ დაგანახოთ თქვენი შვილი ცხვირპირდანგრეული. როცა პოლიციელებმა 4 ტყვია გაისროლეს, ეს ასოციაცია და შეგრძნება დამებადა - ჩემი შვილი ბუტას მდგომარეობაში წარმოვიდგინე. მადლობა ღმერთს, მას ტყვია არ მოხვედრია.
"კვირის პალიტრა" შსს-ს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ბექა ხოფერიას ცემის ფაქტი არ დაადასტურეს.
tami
29 მარტი 2013 19:19
...და ტუ იმსახურებს ცჰემ ცხვირპირდანგრეულ სჰვილს მე კიდევ უფრო ლამაზად დავუნგრევდი ცხვირ-პირს.
tami
29 მარტი 2013 19:16
ქალბატონო ხატუნა,სჯობს ტქვენი სჰვილი ტქვენ ტვიტონ დასაჯოტ,გაუწკრეტ გააფრტხილოტ რომ ტქვენი იმედი არ ექნეს ასეტ სიტუაციებსჰი.დაგმეტ ტუ გინდატ სახალხოდაც,სჰეარცხვინეტ ასწავლეტ კაცობა და ვაჯკაცობა,რომ პოლიციელის სჰეურაცხოფა და გინება კაცად ვერ ცჰამოაკალიბებს.ნახავტ სჰედეგს აუცილებლად მიაგწევტ.
ნანი
23 მარტი 2013 11:08
ჩემი ყოფილი ქმარი იყო კანონიერი ქურდის შვილი,ნარკომანი და უამრავჯერ ნასამართლები,,,,,და დედამისი დღემდე იმას ამბობს მე რომ შვილი მყავს ასეთი ვის ჰყავსო???აი იმ დედამისს ძალიან ჰგავს თქვენი დედიკონეობა ქბ.ხათუნა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები