4 შვილის დედის სასტიკი მკვლელობის დეტალები
01-04-2013
4 შვილის დედის სასტიკი მკვლელობის დეტალები
"მკვლელობის ცხელ კვალზე"

"ჩემი ცხოვრების სიყვარული მოვკალი, სხვა სათქმელი არაფერი მაქვს"


ორხევის ხიდთან დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. რამდენიმე დღის წინ 17-წლიანი ქორწინება სისხლის ღვრით დასრულდა - 35 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით საძილე არტერია გადაუჭრა, სახე დაუსახიჩრა და ცხედარი მანქანით ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. "ჩემი ცხოვრების სიყვარული მოვკალი, სხვა სათქმელი არაფერი მაქვს", - უთქვამს პოლიციაში მისულ გიორგი ტყავაძეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მკვლელობის მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება.

გიორგი (გოგიტა) ტყავაძემ
და თეა მეტრეველმა ერთმანეთი სამედიცინო კოლეჯში გაიცნეს. ოთხი შვილი ჰყავთ, - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. უმცროსი ბიჭი ამ დღეებში 3 წლის გახდება. ტყავაძეები წლების მანძილზე ვერაზე ცხოვრობდნენ, რამდენიმე თვის წინ კი მოსკოვის გამზირზე გადავიდნენ. როგორც გიორგის დედა, ლია ტყავაძე ამბობს, ცოლ-ქმარს ერთმანეთი ძალიან უყვარდა:
"თეა ძალიან თბილი გოგონა იყო. შვილივით ვანებივრებდით. ორივემ საბავშვო ბაღში 4 წელი ვიმუშავეთ. ერთად გავდიოდით სახლიდან და საღამოსაც ერთად ვბრუნდებოდით. ყველა შემოგვნატროდა... ჩემი ვაჟი ძალიან მოსიყვარულე ქმარი იყო. სტომატოლოგიური დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა და ოჯახი რომ ერჩინა, ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ღამით გადიოდა სამუშაოდ... რამდენიმე თვის წინ თეა ცოტა შეიცვალა, მიზეზს ვერ ვხვდებოდი".
ცოლ-ქმრის ჩხუბის მიზეზი თეას ტელეფონში ნანახი მესიჯი გახდა.

"გიორგის საძინებელში მძინარე ცოლი დახვედრია, მისი ჩანთა გახსნილი ყოფილა, ტელეფონი ზემოდან იდო... გიორგიმ მოგვიანებით  მითხრა, დედა, მესიჯი რომ წავიკითხე, თავზარი დამეცა:
ბექა, მიყვარხარ, ჩემი უძილობა ხარ. ყველაზე დიდი იდიოტი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარო, - სწერდა ვიღაცას. მესიჯების წაკითხვის შემდეგ გიორგის ცოლი გაუღვიძებია, სამზარეულოში გაუყვანია და უკითხავს, ამას ვის სწერდიო. ხმამაღალი ლაპარაკი არ გამიგია. 7 საათი იყო, რომ ავდექი. ამ დროს გამოვიდა ორივე სამზარეულოდან, ჩემი რძალი საძინებელში შევიდა და დაწვა. ვუთხარი, აღარ დაიძინო, ბარემ ბავშვებს ჩავაცვათ და ბაღში წავიდეთ-მეთქი. იმ დღესაც გიორგიმ წაგვიყვანა სამსახურში. გზად არაფერი შემინიშნავს. სამსახურში ჩემი ბიჭიც შემოვიდა. ვიფიქრე, ალბათ, რაღაცის კითხვა უნდა ცოლისთვის-მეთქი... მერე მთელი ორი საათი იყვნენ გასული... დღის 1-ლი საათისთვის კიდევ გაიხმო ჩემმა შვილმა.

თეამ მესიჯების გაგზავნა თურმე მეზობლის 15 წლის გოგოს დააბრალა. უთქვამს, მარიმ ტელეფონი მთხოვა და მესიჯი გაგზავნაო. ჩემმა შვილმა ეს არ დაიჯერა, რადგან მესიჯი ღამის 3 საათზე იყო გაგზავნილი. კამათის შემდეგ თეა აყვირებულა, ნუთუ ეს ტელეფონი გახდა ჩხუბის მიზეზიო, ტელეფონი გაუტეხია და მანქანიდან გადაუგდია. ჩემს შვილს უთქვამს, ახლა სოფელში საქმეზე მივდივარ და რომ დავბრუნდები, შენი სიმართლე უნდა დაამტკიცოო. ამ ამბის შემდეგ თეა ჩვენგან წავიდა... ძმისთვის შეუჩივლია, ქმარი რაღაცას მაბრალებსო. ცოლისძმას გიორგისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყველაფერი აუხსნა. ისიც გაღიზიანდა და დაამტკიცეს, რომ მესიჯი თეას გაგზავნილი იყო", - ამბობს ბრალდებულის დედა და ირწმუნება, ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა თეა სახლიდან წავიდაო. 

განსხვავებულია თეას ოჯახის პოზიცია. მიიჩნევენ, რომ ამ ტრაგედიაში უდიდესი წვლილი თეას დედამთილს მიუძღვის. მოკლულის მშობლები ვარკეთილში ცხოვრობენ. მეტრეველებთან მისულს ბინის კარი თეას მამამ, მევლუდ მეტრეველმა გამიღო. ინტერვიუზე კატეგორიული უარი მითხრა, თუმცა დასძინა: "არც ერთ ჟურნალისტთან არ გვისაუბრია, ვიცი, სასამართლო ჩემი შვილის მკვლელს იმას მიუსჯის, რაც ეკუთვნის. ჩემი ქალიშვილი მოატყუა, შეჰპირდა, ბავშვებს განახებო და ამის ნაცვლად შვილი სადისტურად მომიკლა".

თეას დედა, ქალბატონი ნანა მეტრეველი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მის ქალიშვილს ქმართან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია: "ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. მთვრალი ცოლს სცემდა ხოლმე. უფროსი ბიჭი 4 წლის იყო, იმ სახლიდან პირველად რომ წამოვიყვანეთ, თუმცა მალე შერიგდნენ. მას მერე სულ წამებაში იყო. ბევრჯერ მინახავს ნამტირალევი, მაგრამ ჩემს მეუღლესა და ვაჟს ვუმალავდი. ბევრჯერ ბავშვები მშიერი ჰყოლიათ, მე რომ არ მიმეტანა საჭმელი, შეიძლება უვახშმოდაც დარჩენილიყვნენ, ამას მეზობლებიც დაგიდასტურებენ... შემდეგ 10 წელი აქ, ვარკეთილში ჩემს სახლში ცხოვრობდა მთელი ოჯახი. მაშინ უსიამოვნება სიძეს დედამისთან ჰქონდა, მან გამოუცხადა, თქვენი რჩენის თავი არა მაქვსო. ქირის ფული არ ჰქონდათ და ამიტომ ჩემთან ცხოვრობდნენ. სიძეც უმუშევარი იყო.

10 წელი არაფერს ვაკლებდი. არასდროს დამიმადლებია, რადგან ჩემს შვილსა და შვილიშვილებს ვეხმარებოდი. მის დედამთილს არც ერთი შვილიშვილის გაჩენა არ უნდოდა. მესამე ბავშვზე რომ მშობიარობდა, მესმოდა, როგორ ამბობდა, ახლა იტირე, რად გინდოდა კიდევ შვილს რომ აჩენდი, ორი გყავდა და გაგეზარდაო.

იმ ქალს თამაში შეუძლია. სხვების დასანახავად თვალთმაქცობს, შეიძლება თავი მოგაჩვენოთ, რომ კარგი დედამთილი იყო, მაგრამ ღმერთმა იცის სიმართლე, ჩემს შვილს სიცოცხლე გაუმწარა.
2 ბეჭედი აჩუქა რძალს, ისიც წაართვა და გაუყიდა. უფროსი ბიჭი და გოგონა ჩემი გაზრდილია. ბაღშიც და სკოლაშიც აქ დადიოდნენ. 10 წლის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ, რადგან ჩემს ვაჟს ცოლი უნდა შეერთო, რძალს აქ ჩემი ოჯახით არ დავხვდებიო, - თეამ და ქმარს მოსთხოვა პრობლემის მოგვარება. მეხუთე წელია, რაც იქ ცხოვრობდნენ. საშინელი სიმთვრალე  ჰქონდა.
ერთხანს ავტობუსების დისპეტჩერად მუშაობდა, მაგრამ ისიც მიატოვა. ერთხელ ცოლს 1.000 ლარი მოჰპარა და ტოტალიზატორში წააგო.

ეს ნათესავებს რომ უთხრა თეამ, ამის გამო ჩემ თვალწინ სცემა და აგინა. მაშინ ყელში ვწვდი და ვახრჩობდი. თეას ვუთხარი, შვილო, ასე რომ იტანჯები, გასცილდი-მეთქი, მეუბნებოდა, არა, დაღვინდება და გამოიცვლებაო".

მართალია, გიორგის დედა ირწმუნება, რძლის სახლიდან წასვლის შემდეგ გავიგე მათი კამათის მიზეზიო, მაგრამ თეას დედა ამბობს, რომ ქმარმა იმ ღამით ცოლს სასტიკად სცემა, გაშველება ოჯახის სხვა წევრებს არც კი უცდიათ. "რაღაც მესიჯზე ედავებოდა თურმე. მაინტერესებს, რატომ არ სცადეს მათი გაშველება? ერთი კედელი ყოფდა მათ საძინებელს. მეორე დღეს
თეამ მიამბო ყველაფერი. მითხრა, მესიჯი მომივიდა, ეს გოგიტამ წაიკითხა, რაღაც სისულელეებს მაბრალებს, ეჭვიანობს და მეუბნება, მე რომ ღამე სახლში არა ვარ, შენ მასთან დროს ატარებო.
არადა, დილით ქმარს მიჰყავდა სამსახურში და საღამოს მოჰყავდა დედამისთან ერთად. მერე სახლში იყო სულ და მათ ემსახურებოდა. თეას ამ დღეებში საჩივარი უნდა შეეტანა ქმარზე პოლიციაში. ამბობდა, ჩემი პატიოსნება უნდა დავამტკიცოო. ამდენი წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ ხელი მოწერილი არ ჰქონიათ. ბოლოს მითხრა თეამ, დედა, რახან თავი დავაღწიე ამ ჯოჯოხეთს, იქ დამბრუნებელი არა ვარ. თქვენ არ დაგაწვებით კისერზე, ბინას ვიქირავებ და შვილებს მე თვითონ მოვუვლიო. ახალ წელს მისი მამამთილი სტუმრად მოვიდა ჩვენთან და სულ ჩემი შვილის ქებაში იყო. თეა რომ არ მყავდეს, ჩემი ოჯახი დაღუპულიაო! ახლა იქცა საშინელებად? მხოლოდ მის მამამთილზე ვერ ვიტყვი ავს, სხვებმაც სიცოცხლე გაუმწარეს".

ტყავაძეების თქმით, თეამ ბავშვები მამასთან დატოვა და რამდენიმე დღე დაკარგული იყო. "მისმა ძმამ და მამამ უარი თქვეს თეას მიღებაზე და არ ვიცოდით, სად ან ვისთან იყო. ექვს თუ შვიდ დღეში გამოჩნდა, გიორგის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ეს ამბავი ძალიან არ მესიამოვნა. დამამშვიდა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, უბრალოდ, ჩემი შვილების დედაა და არ მინდა ქუჩაში აღმოჩნდესო. ჩემს შვილს უნდოდა პატარები დედასთან გაზრდილიყვნენ, არ უნდოდა ბავშვებს დედის სითბო მოჰკლებოდათ", - ამბობს ლია ტყავაძე.
მოკლულის მშობლები ამბობენ, რომ შვილის ადგილსამყოფელი იცოდნენ. "მისმა ქმარმა შეიტანა პოლიციაში საჩივარი, თეა დაკარგულიაო. თეა ჩემი დისშვილის ბინაში იყო. სახლში ვერ მოდიოდა, რადგან სიძემ ისე გააგიჟა ჩემი ბიჭი, მანაც დაიჯერა ის სისულელე. რომ ჩაგძახონ სულ, შენი და ცუდიაო, შეიძლება დაიჯერო. სასამართლოზე წარვდგებით ორივე მხარე და იქ ბევრ რამეს გაიგებთ", - ამბობს ნანა მეტრეველი.

ოჯახების ინფორმაციით, წყვილი მკვლელობის წინადღესაც შეხვდა ერთმანეთს.
"სულ ვეუბნებოდი ჩემს შვილს, ნუ შეხვდები და ტელეფონზეც ნუ დაელაპარაკები, ისეთი არაფერი გითხრას, არ გაგაბოროტოს-მეთქი. ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ არაფერი იყო ისეთი... თეას ჩემი თანამშრომლისთვის უთქვამს, გიორგი ისე თბილად მელაპარაკა, ხელებიც კი დამიკოცნაო. ვნახოთ, იქნებ შევრიგდეთო... თეას კიდევ დაურეკავს გიორგისთვის. შეხვედრა უთხოვია, უთქვამს, ისეთ ადგილზე წავიდეთ, სადაც ხალხი არ იქნებაო. წასულან ლილოსკენ... ჩემმა შვილმა მითხრა, თეას რომ ვკითხე, ბავშვებზე რას ფიქრობო, მითხრა, მე აქ აღარ დამედგომება და თურქეთში წავიდეთ საცხოვრებლად, ბავშვები აქ დავტოვოთ, გაიზრდებიანო. ამ დროს მიმტყუნა ნერვებმაო. მე კი ვფიქრობ, გიორგიმ აღიარებინა იმ ბიჭის ვინაობა. ალბათ, შეჰპირდა, გაპატიებ, ოღონდ მითხარიო. მე ვუთხარი გიორგის, დედობა ჩამოვართვათ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, დედობას რომ ქალს ჩამოართმევ, იმის სიცოცხლეს მერე რა აზრი აქვსო, - ამბობს გიორგის დედა, - ჩვენ თეას ოჯახს თანავუგრძნობთ. მათ მხოლოდ თეა დაკარგეს, ჩვენ კი ორივე. გიორგის დროდადრო ტვინი ეთიშება. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვარს თავისი ცოლი. ადვოკატს ეხვეწებოდა თურმე, იქნებ მიცვალებული ერთხელ მაინც მანახოთო. თეას დღემდე თავისი სიცოცხლის სიყვარულს ეძახის. გამომძიებელმა მითხრა, ახლა ისეთ დღეშია, რომ გავუშვათ, დარწმუნებული ვარ, საფლავზე მივა და თავს მოიკლავსო".

მოკლულის დედის თქმით: "შეხვედრისას გოგიტა თურმე თეას სულ ხელებზე ეფერებოდა, კოცნიდა, ჩემი შვილი კი გაქვავებული იჯდა მანქანაში, ამდენი უძილო ღამე ჰქონდა გადატანილი, ამდენი ნერვიულობა, შვილების მონატრება, შეურაცხყოფა... რაც შენ გადაიტანე ჩემს ხელში, ასეთი რამ ბევრ ქალს არ გადაუტანია და ამ ერთხელაც მომისმინეო. ისაუბრეს და დაშორდნენ. გიორგის ისიც კი უთქვამს, ბინას დაგაქირავებინებო. მკვლელობის დღესაც გიორგის 20-ჯერ დაურეკავს და შეხვედრას სთხოვდა. თეამ მითხრა, დედა, არ მასვენებს და უნდა შევხვდე, თან ბავშვებს მანახებსო. ასე გაიტყუა. შეხვდა, ჩააგდო მანქანაში... ორხევის ხიდთან ხეზე მიაბა ჩემი შვილი და ასე სადისტურად მოკლა. სახეზე სულ სისხლჩაქცევები ჰქონდა, ნიკაპი მოგლეჯილი, ტუჩები სულ დაკბენილი, ეტყობა, სიმწრით დაიკბინა, კისერზე უკნიდან სასიკვდილო ჭრილობაც მიუყენებია. სავარაუდოდ, დანით გადაუჭრა საძილე არტერია, მერე კი ნიკაპი მოათალა. 5 საათამდე ვურეკავდი ორივეს. მერე გაითიშა ტელეფონები. ეტყობა, მაშინ ჩაბარდა პოლიციას", - გვითხრა თეას დედამ.
ამოღებულია მკვლელობის იარაღი, დანა, ასევე მოკლულისა და ბრალდებულის ტელეფონებიც. ოჯახის ინფორმაციით, უკვე დაჰკითხეს ის ახალგაზრდაც, ვის ნომერზეც გაიგზავნა მესიჯი. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
mako
13 აპრილი 2013 10:04
david67 მე და ჩემს ოჯახს ნუ გვეხები!!! შენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს და შენ არ მოგმართავ!!!
david67
12 აპრილი 2013 16:22
mako. კაი ერთი. წინა კომენტარებიდან გეტყობა რა მოსიყვარულე ოჯახი გყავს!! თქვენ უნდა დაგაბან კაცებოო და ისე სადისტურად მოგკლანო და მერე ისწავლით ჭკუასო. შენი კომენტარი არაა? კი მაგრამ თუ მოკალი მერე როგორღა ისწავლის ჭკუას?
shorena
11 აპრილი 2013 09:50
ეს მესიჯი რა დაიჩემეს ვერ გავიგე.რომ შეესწრო ვინმესთან მაშინაც არ ქონდა მოკვლის უფლება.გაყრა არ შეიძლება თუ რა ხდება?! ციციკორეების დრო არ გავიდა!ქალიშვილიც მყავს და ვაჟიც.ყველამ თავის ოჯახზე წარმოიდგინოს.სამწუხაროა სიკვდილით დასჯა რომ არ არსებობს.სამუდამო პატიმრობა დიდი შეღავათია

რედაქტორის რჩევით