მერსედესი ვისია? - კვირის პალიტრა

მერსედესი ვისია?

საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენელ კომპანია "აკაში" წილებისათვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. სპორტისა და ტურიზმის ყოფილი მინისტრის, აწ გარდაცვლილი კახი ასათიანის ოჯახს კიდევ ერთი მომჩივანი ადანაშაულებს წილის მისაკუთრებაში. ზვიად გამსახურდიას დროინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბორის კალანდიამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, კომპანიის ამჟამინდელმა, 80%-ის მფლობელმა, ასათიანების ოჯახმა დაუბრუნოს უკანონოდ მიტაცებული 20% და ფული, რომელიც დივიდენდების სახით წლების განმავლობაში უნდა მიეღო.

ბოროს კალანდიას განცხადებით, 1992 წლის აპრილში, მან კახი ასათიანთან ერთად დააფუძნა კომპანია "აკა" , რომლის 66.67 %-ს სახელმწიფო განაგებდა, დანარჩენს კი თანაბრად ინაწილებდნენ ბორის კალანდია, ნუგზარ ძოწენიძე, კახი ასათიანის უფროსი ქალიშვილი სალომე და ასათიანის ახლობელი კიდევ ორი პიროვნება. კახი ასათიანს იმდროინდელი ხელისუფლებისგან დაევალა, სახელმწიფო წილის მართვა. როდესაც სახელმწიფო გავიდოდა ამ ჯგუფიდან, მისი კუთვნილი წილი, თითოეულზე 20% თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. კალანდიას მტკიცებით, ასათიანმა მისი სახელი ფარულად ამორიცხა "აკას" დამფუძნებლებიდან, სახელმწიფოს წილი კი მთლიანად მიისაკუთრა. ბორის კალანდიას თქმით, წლების განმავლობაში პოლიტიკურ დევნილობაში ყოფნის გამო, ეს ამბები მან დაზუსტებით 2008 წელს შეიტყო. მანამდე კი, როდესაც დივიდენდებს ითხოვდა, ასათიანების ოჯახი პასუხობდა, რომ "აკას" მოგება არ ჰქონდა და შესაბამისად, მოწილეებიც ვერაფერს მიიღებდნენ.

"აკას" ამჟამინდელი მაკონტროლებელი მაკა და სალომე ასათიანების დედა და ასევე წილის მფლობელი ლუიზა თავართქილაძე აცხადებს, რომ ბორის კალანდიას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

ლუიზა თავართქილაძე

- კალანდიამ წააგო სასამართლო. სააკაშვილის მთავრობაშიც კი ჩვენს საწინააღმდეგოდ მტკიცებულება ვერ ნახეს და კალანდიას გასაგებად უთხრეს, წარმოუდგენელია ამ თემაზე ლაპარაკიო. ის აცხადებს, რომ 20 წლის წინ კახი დაჰპირდა, მოგცემ რაღაცა პროცენტსო. ამ შეთანახმების შესახებ არაფერი ვიცოდი. შეთანხმების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს.

- ანუ კალანდია ერთ-ერთი დამფუძნებელი არასდროს ყოფილა?

- დამფუძნებელმა ხომ ფული უნდა ჩადოს საქმეში და სხვებთან ერთად იმუშაოს? ამ საქმეში მისი მონაწილეობა ოფიციალურად არ დასტურდება. ამიტომაც მან სასამართლოზე ვერაფერი ვერ წარადგინა.

- საქმის მოკვლევის მასალებში დევს დავით ძოწენიძის, ""აკას"" კიდევ ერთი, 20%-იანი მოწილის ჩვენება, სადაც ნათქვამია, რომ ბორის კალანდია ნამდვილად იყო "აკას" ერთ-ერთი დამფუძნებელი. როგორც ცნობილია წილისა და მოგების მიღების მოთხოვნით ძოწენიძემაც მიმართა სასამართლოს და მოიგო კიდეც.

- დავით ძოწენიძეს მოაგებინა სააკაშვილის დროინდელმა სასამართლომ. ხელისუფლებას აღიზიანებდა ტელეკომპანია "მაესტროში" მაკას წილი და სთავაზობდნენ, თუ მას დათმობდა, "მერსედესში" პრობლემები არ გექნებაო. ძოწენიძე წინა ხელისუფლებამ ისე გამოჩხრიკა ჩვენს წინააღმდეგ, როგორც პატარკაციშვილებთან გამოჩხრიკეს ჯოზეფ კეი. თავის დროზე ეგ კაცი კახის მიერ გამოცხადებულ თანამშრომლების "კასტინგზე" მოვიდა და როგორც გერმანული ენის მცოდნე დანიშნა დირექტორად. ასევე კახიმ უთხრა, ამ საქმისთვის არ მცალია და შენ რომ უკეთ მუშაობის მოტივაცია გქონდეს, 20 % -ს გჩუქნი "აკაშიო". ძოწენიძემ კი მადლიერების ნაცვლად, გერმანიაში თურმე ცალკე ანგარიში გახსნა და დიდი რაოდენობით არა, მაგრამ "აკას" შემოსავლების ნაწილს იმ ანგარიშზე გზავნიდა. როდესაც ეს ამბავი გამოაშკარავდა, ის სიმამრთან ერთად მოვიდა ჩვენთან სახლში და მუხლზე დაჩოქილი ევედრებოდა კახის, პროკურატურაში არ შეიტანო საქმე და წილზეც უარს ვამბობ და დირექტორობიდანაც გამათავისუფლეო. მას სწორედ იმ მოსამართლის ხელით გაამარჯვებინეს, რომელზეც დიდი ამბები ატყდა ცოტა ხნის წინ, როგორც უდიპლომოზე, მოსამართლე ალავიძეს ვგულისხმობ. შვებულებაში იყო, ამ საქმისთვის რომ დააბრუნეს სამსახურში. ძოწენიძე მალე ნახავს როგორ აღსრულდება სამართალი.

კალანდიაზე კი საერთოდ ლაპარაკი არ არის. ვიმეორებ, რომ მიკვირს სასამართლომ წარმოებაში რომ მიიღო საქმე. ძოწენიძეს კი ჩემი ჩივილიც არ სჭირდება, ის თვითონ დაუსვამს წერტილს თავის უმსგავსობას. .

"კვირის პალიტრა" "აკას" 20%-ის მფლობელს დავით ძოწენიძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან საუბარზე უარი განაცხადა. "ხომ გესმით, ეს ბიზნესია და ახლა დავებზე საუბარი არ მინდაო?!"

ბორის კალანდიას თქმით, ასათიანის ქვრივი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ "აკაში" ბორის კალანდიას კანონიერი უფლებების შესახებ არაფერი იცის. ლუიზა თავართქილაძის პოზიცია ასევე აკვირვებს "აკას" დაფუძნების და გერმანულ მხარესთან შეთანხმების პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს, გამსახურდიას ხელისუფლების კიდევ ერთ მაღალჩინოსანს გურამ აბსანძეს, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მას სკაიპით ვესაუბრეთ.

გურამ აბსანძე

- ბორის კალანდია გერმანიაში სწავლობდა და შესაბამისად მას კარგი ურთიერთობები და მეგობრობა აკავშირებდა ამ ქვეყანასთან. 1991 წელს, აღარ მახსოვს რომელი თვე იყო, შემომთავაზა თავისი კავშირების გამოყენება და ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენლობის დაფუძნება. მოვუწონე იდეა. მან მუშაობა დაიწყო და როდესაც უკვე ხელშეკრულების გაფორმებაზე მიდგა საქმე, ერთად წავედით გერმანიაში, მე, ბორისი და კახი, რომელსაც თან ახლდა ქალბატონი ლუიზაც.

- კახი ასათიანი მონაწილეობდა მოლაპარაკების პროცესში?

- კახი გერმანელებთან მოლაპარაკების პროცესში არ მონაწილეობდა. საქმე იმაში იყო, რომ გერმანელებმა ბიზნესის დაზღვევის მიზნით მოითხოვეს, სახელმწიფოს ჰქონოდა მაკონტროლებელი პაკეტი "აკაში". სახელმწიფოს წილის გაძღოლა დაევალა კახის, როგორც სპორტის და ტურიზმის მინისტრს. გერმანელებთან შეთანხმების შემდეგ მეწილეების საკითხი რომ ირკვეოდა, ბორისმა და კახიმ შემომთავაზეს მეც ვყოფილიყავი მათ შორის, მაგრამ უარი ვუთხარი. როგორც მახსოვს, მაშინ კახიმ თავისი ერთ-ერთი ქალიშვილი ჩართო მეწილედ. რახან მე უარი ვთქვით, მაგრამ საქმე ერთობლივად ვაკეთეთ, კომპანიას სახელად დაერქვა "აკა," რაც ნიშნავს აბსანძე, კალანდია ასათიანის ერთობას. დამფუძნებლების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა კახისთან ოჯახში. მაშინ მე და ბორისი ერთად გახლდით ასათიანებთან, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ როდესაც სახელმწიფო დათმობდა წილს, დანარჩენი მოწილეების ხელში თანაბრად უნდა განაწილებულიყო სახელმწიფოს კუთვნილი პაკეტი. მერე ქვეყანა აირია, მე ციხეში მოვხვდი და ამ საქმეს ვეღარ მივადევნე თვალი. ორიოდე წლის წინ ბორისიგან გავიგე, რომ მისი სახელი უნებართვოდ ამოუღიათ დამფუძნებელთა სიიდან.

ბორის კალანდია

- 1992 წლის მიწურულს, პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა. 2004 წლამდე ვერ დავბრუნდი. ამ ხნის განმავლობაში, სანამ ცოცხალი იყო, კახი ასათიანთან მქონდა სატელეფონო კავშირი. ის მარწმუნებდა, რომ კომპანიას მოგება არ ჰქონდა და დივიდენდებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მეგობარი იყო კახი და მჯეროდა მისი. 2004 წელს, როგორც იქნა დავბრუნდი, დავაპირე ქალბატონი ლუიზას ნახვა და მისამძიმრება მინდოდა. ის საქართველოში არ იყო. შემხვდა მისი ძმა ალეკო, რომელსაც "აკასთან" წილობრივად არაფერი აკავშირებდა, მაგრამ კახის საქმეში ჩახედული ჰყავდა და გერმანიაშიც კი იყო ჩვენთან ერთად. ალეკოს ვკითხე, როგორ არის საქმე, დივიდენდები არ მეკუთვნის-მეთქი? აი ნახე რა დღეში ვართო. მაჩვენა დოკუმენტები, რომლის მიხედვით, მოგება ნამდვილად არ ფიქსირდებოდა, მაგრამ შეგახსენებთ, ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც შემოსავლები იმალებოდა. მოგვიანებით, კი, როდესაც ასათიანები მოგების დამალვას ვეღარ ახერხებდნენ, ასეთ ხერხს მიმართეს, მათ საკუთარ თავებს დაუნიშნეს უზარმაზარი ხელფასები, რომ მოგება, მთლიანად ხელფასში წასულიყო და დივიდენდებზე პრეტენზია არავის ჰქონოდა. თუმცა, ბოლო წლებში მოგება იმდენად დიდი იყო, რომ სახელფასო ფონდიც არ ჰყოფნიდათ მის "გასათეთრებლად". ხელფასების შესახებაც მოგვიანებით გავიგე, როდესაც უკვე საქმე სასამართლოს გადაეცა. რატომ უნდა გამჩენოდა ეჭვი ასათიანების მაქინაციების შესახებ ან როგორ უნდა მივხვედრილიყავი მათ მზაკვრულ სქემებს? აი, ნახეთ მათი სახელფასო ფონდი: 1996 წლიდან კომპანიის დამფუძნებლები არიან მხოლოდ ლუიზა თავართქილაძე, სალომე და მაკა ასათიანები. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მიღებული აქვთ შემდეგი რაოდენობის ხელფასი: 2011 წელი, ასათიანი სალომე- ხელფასი 89. 500 ლარი დივიდენდი 138.706 ლარი. თავართქილაძე ლუიზა - დივიდენდი 232 249 ლარი: ასათიანი მაკა - დივიდენდი 115 790 ლარი. ასე ხდებოდა წლების განმავლობაში.

- ლუიზა თავართქილაძე ამბობს, რომ თქვენ მტკიცებულებები არ გაქვთ, რითაც დაადასტურებთ, რომ ოფიციალურად იყავით დამფუძნებელთა შორის.

- საქმის მოკვლევის მასალებს გადახედოს, ვურჩევ ქალბატონ ლუიზას. ყველა დოკუმენტი იქ დევს, მათ შორის გერმანული მხარის მიერ დადასტურებულიც. სასამართლო მე არ მედავება იმაზე, ნამდვილად ვიყავი თუ არა დამფუძნებელი. სასამართლო მეკითხება სად იყავი აქამდეო? უფრო ადრე რატომ არ დაინტერესდი, რომ გატყუებდნენო. გერმანელებსაც მოვათხოვინე წერილობით პასუხი. ეს პასუხიც დევს საქმეში.

2008 წელს, როდესაც ძოწენიძის ამბავი გახმაურდა, ალეკო თავართქილაძემ უცებ გამომიცხადა, რომ შესაძლოა ნებაყოფლობით, შენი განცხადების საფუძველზე ხარ გასული დამფუძნებლებიდანო. ეს ხომ აბსურდი იყო დავიწყე კვლევა და ბოლოს მივმართე "მერსედეს ბენცის" კურატორს საქართველოში ჰერბერტ მიულერს, რომელიც კარგ ურთიერთობაში იყო ასათიანებთან, ვთხოვე, დაერწმუნებინა ისინი საკითხის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაში. შეხვდა კიდეც ფრანკფურტში ერთ-ერთს დებიდან. თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც იძულებული გავხდი სასამართლოსთვის მიმემართა.

- ლუიზა ასათიანი ამბობს, რომ თქვენ ფული არ ჩაგიდიათ "აკას" დაფუძნებაში და მონაწილეობა არ მიგიღიათ სამუშაო პროცესში.

- ეს სიცრუეა. აი, ინებეთ ხელშეკრულების ასლი, სადაც გარკვევით წერია დამფუძნებელთა ვინაობა და აქვე დევს ფულის გადახდის ქვითარი. შეგახსენებთ, ეს ის დრო იყო, როდესაც სასამართლოს წესით ხდებოდა შპს დაფუძნება. სადამფუძნებლო კაპიტალი ცალ-ცალკე კი არა, ერთად შეჰქონდათ მეწილეებს და ერთი გადახდის ქვითარი იდებოდა საქმეში. ძოწენიძემ ხომ აღიარა სასამართლოზე, რომ ფული ნამდვილად მან შეიტანა და მათ შორის ჩემი ფულიც რომ იყო? გიმეორებთ, სასამართლოს დავა არ აქვს ჩემთან, როგორც კანონიერ მოწილესთან.

თუ მართლები არიან, სატელეფონო ლაპარაკში ლუიზამ რატომ შემომთავაზა ფული გაჩერების სანაცვლოდ? ათიათას ლარს მოგცემ და შეეშვი სასამართლოსო. ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს ჩემი შვილის, გიორგი კალანდიას ხელით ებრძოდა ასათიანებს ხელისუფლება. ვინ არის ჩემი შვილი? ჟურნალისტი, მუზეუმის დირექტორი, რომელიც არაფრად მიაჩნდა წინა ხელისუფლებას. თუ ასე არ იყო და გიორგის ხელით ებრძოდნენ, მაშინ მე რატომ წავაგე სასამართლო პროცესი და ასათიანებს რატომ გაამარჯვებინეს? ასათიანებმა მხოლოდ მე კი არა, სახელმწიფოც გაძარცვეს, მისი წილი მიისაკუთრეს და დივიდენდი ბიუჯეტისთვისაც არ გადაუხდიათ...

მე ჩემი სიმართლის აღსრულებას ვითხოვ.

ეკა ლომიძე