დევნილებსა და გადასახადებს შორის "გაწეწილი" - კვირის პალიტრა

დევნილებსა და გადასახადებს შორის "გაწეწილი"

"ეს სანატორიუმი უნდა გადმოგვცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც იცით, რაც მოხდებაო"

უკვე ოცი წელია, სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელობის" კუთვნილ რამდენიმე სანატორიუმში აფხაზეთიდან დევნილი ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო მესაკუთრე სანატორიუმებს დანიშნულებისამებრ ვერ იყენებს, სახელმწიფო ყოველწლიურად მაინც არიცხავს მას მიწისა და ქონების გადასახადებს(!). სააქციო საზოგადოების არაერთი თხოვნის, წერილობითი მიმართვის მიუხედავად, არც წინა და ჯერჯერობით არც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა კერძო პირის, რომელსაც დევნილებისთვის თავშესაფრის მიცემის გარდა, დამატებით კიდევ გადასახადების გადახდას აიძულებს. ეს შემთხვევა შეიძლება შეფასდეს როგორც საკუთრების უფლების ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც დღესაც გრძელდება.

ემზარ გაგნიძე ("სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელობის" დირექტორი): "სააქციო საზოგადოება ფლობს სანატორიუმებს წყალტუბოში, ბორჯომში, თერჯოლაში, სიმონეთში, ჭკადუაშსა და ურეკში. საირმესა და სვანეთშიც გვქონდა სანატორიუმები, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წევრებმა წაგვართვეს... 1993 წელს ჩვენს სანატორიუმებში, რომლებიც მდებარეობს ურეკში, წყალტუბოში, ბორჯომში, სიმონეთში, თერჯოლასა და ჭკადუაშში, შემოგვისახლეს აფხაზეთიდან დევნილები. მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს ერთი თეთრიც არ გადაუხდია ჩვენთვის ქირის სახით, სამაგიეროდ, ამ ოცი წლის განმავლობაში გვაიძულებდა გადაგვეხადა აღნიშნული ობიექტებისთვის ქონების, მიწის, ამორტიზაციის გადასახადი იმ საბაბით, რომ თითქოს ჩვენ აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში სამეწარმეო საქმიანობას ვეწევით. ეს ხომ სრული აბსურდია. ყველა ეს სანატორიუმი გაძარცული და გაპარტახებულია და თან იქ დღემდე რჩებიან აფხაზეთიდან დევნილები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადი წელიწადში დაახლოებით 80-90 ათას ლარს შეადგენს. რით უნდა გადავიხადოთ ეს თანხა? ნაწილ-ნაწილ ვყიდით სააქციო საზოგადოების ქონებას და ამით რამდენიმე სანატორიუმს ვინარჩუნებთ. არ გადაიხდი გადასახადებს და საგადასახადო ინკასოს დაგადებს.

ერთია, რომ ჩვენი ნების წინააღმდეგ შემოგვისახლეს დევნილები, არ გვიხდიან ქირას და აქეთ კიდევ ჩვენგან მიაქვთ თანხა, რომლის გადახდაც არ გვეკუთვნის. ამას ემატება ზარალი შენობების არასწორი ექსპლუატაციის გამო. სანატორიუმები განადგურებულია, ქონება გაძარცულია. არაერთხელ მივმართეთ ყოფილ თუ მოქმედ ხელისუფლებას, წერილობით თუ ზეპირად: კი ბატონო, დევნილების ცხოვრების ქირას ნუ გადაგვიხდით, მაგრამ გადასახადებს მაინც ნუ გვარიცხავთ იმ ობიექტებისთვის, სადაც აგერ უკვე ოცი წელიწადია დამსვენებელი არ მიგვიღია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშიც ამ პრობლემაზე მივწერე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, რომელმაც თავის მხრივ ამ საკითხის შესწავლა და მოგვარება ფინანსთა მინისტრს სთხოვა. მანამდე ნოდარ ხადურს მეც მივწერე, მაგრამ ჩემს წერილს იგივე ბედი ეწია, რაც ყოფილი ფინანსთა მინისტრების დროს - საქმე შესასწავლად ერთ-ერთი დეპარტამენტის რიგით თანამშრომელს გადაეცა, რომელსაც, თავის მხრივ, არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველისგან მივიღე იმ წერილის ასლი, რომელიც ომბუდსმენმა ასევე ფინანსთა მინისტრს გაუგზავნა და ჩვენი პრობლემით დაინტერესება სთხოვა.

- საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ საირმესა და სვანეთში მდებარე სანატორიუმები წაგართვეს...

- წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით კურორტოლოგიის ინსტიტუტთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ერთხელ ნიკა სააკაშვილმა მითხრა: ემზარ, დამეხმარე და საერთაშორისო კონფერენცია მომაწყობინეო. შევთავაზე, რომ ეს ღონისძიება ცაგერის რაიონში, ლაშიჭალაში მდებარე ჩვენს ერთ-ერთ სანატორიუმში გაგვემართა. იუარა: შორს არის და მოდი, საირმეში, თქვენს სანატორიუმში ჩავატაროთო. ახლა მე დავდექი უარზე. როცა მიზეზი მკითხა, პირდაპირ ვუთხარი: მიშასი კი მჯერა, მაგრამ მეგობრები ჰყავს ისეთი, ვინმე თვალს დაადგამს კურორტს და მერე გვიან იქნება-მეთქი. გადაირია, რას მეუბნები, ვის გავაბედვინებ ამასო. შენც უკან მოგიტოვებენ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ იმდენი ქნა, რომ დამითანხმა. 2010 წლის ივლისში საირმეში, სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელობის" კუთვნილ სანატორიუმში მასშტაბური კონფერენცია გავმართეთ. კონფერენციის დასრულებიდან მალევე, საირმეში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმოსვლას მოუხშირეს.

ნიკას ვკითხე, რა ხდება-მეთქი და დამამშვიდა: შენ რა გენაღვლება, შენი სანატორიუმის ზემოთ რამდენიმე სამთავრობო კოტეჯია, მათ ცენტრალიზებას მოახდენენ, შენ ვინ მოგეკარებაო. შემდეგ ადგილობრივებისგან გავიგე, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, იქ ყოფილი დეპუტატისა და მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, თემურ კოხოძის ხალხი დადიოდა და სანატორიუმით ინტერესდებოდა. ისევ დავურეკე ნიკა სააკაშვილს და ისევ იუარა. შემდეგ ეკონომიკის სამინისტროდან დამირეკეს, დაინტერესდნენ, საიდან და როგორ ვფლობდით სანატორიუმს და საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მივაწოდე. მოგვიანებით კი ქუთაისის პროკურატურაში დამიბარეს, სადაც პირდაპირ მითხრეს: ეს სანატორიუმი უნდა გადმოგვცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც იცით, რაც მოხდებაო. მოკლედ, ისაჩუქრეს სანატორიუმი, რომელიც შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ მიზერულ ფასად თემურ კოხოძეს მიჰყიდა. სანატორიუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას.

სვანეთში, მესტიაში კი ჩვენი კუთვნილი სანატორიუმი ისე გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ, ჩვენთვის არაფერი უკითხავს. როცა დავაპირე გარკვევა, მითხრეს: ახალაიას ხალხია ამ საქმეში გარეული და "გაქექვას" არ გირჩევთო.

სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელობას" 360 აქციონერი ჰყავს. ამ ადამიანების კერძო საკუთრების ნაწილი წაგვართვეს, ნაწილში დევნილები შეგვისახლეს უვადოდ, ნაწილი კი გაიძარცვა და გაპარტახდა. შევარდნაძის დროინდელი მთავრობიდან მოყოლებული, აგერ უკვე მესამე ხელისუფლებას ვთხოვ ჩვენი პრობლემით დაინტერესებას და სამართლიანობის აღდგენას, თუმცა უშედეგოდ".