"აგენტი ვუგარ ალიევი მალე გავშიფრე"
22-04-2013
"აგენტი ვუგარ ალიევი მალე გავშიფრე"
პოლიციის პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი, როგორც ბევრი ყოფილი პოლიტპატიმარი, სამართლის აღდგენას ელის. შეგახსენებთ, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკის შენახვა-შეძენა-მოხმარების ბრალდებით გაასამართლეს. მას 8 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. გლდანის მერვე საპყრობილეში იგი სწორედ იმ აგენტთან ერთად იჯდა, რომელმაც ამ დღეებში სკანდალური განცხადება გააკეთა, მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თამაზ თამაზაშვილის ლიკვიდაცია დამავალაო. ცნობილია, რომ 66-ე საკანი, სადაც ცნობილი პირები იხდიდნენ სასჯელს, ფარული კამერით და მოსასმენი აპარატურით იყო აღჭურვილი.

თორნიკე
მოლაშვილი:
- თავიდან 6-კაციან საკანში 18 [პატიმარი ვიყავით, ცუდად რომ გავხდი, 2-კაციანში, პირველ კორპუსში გადამიყვანეს. იქ გული გამიჩერდა და ხმაური რომ არ აეტეხა პატიმარს, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ექიმს უთქვამს, უკვე გარდაცვლილია და ზეწარი გადააფარეთო... მერე ახალგაზრდა ექიმმა ირინამ ელექტროშოკით გამომიყვანა მდგომარეობიდან. ბოლოს 66-ე საკანში
ამიყვანეს, სადაც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ვუგარ ალიევი დამხვდა. დიდი ხანია ოპერატიულ სამსახურში ვმუშაობდი და მისი გაშიფვრა არ გამჭირვებია. მივხვდი, აგენტი იყო. თავიდან შევეცადე, მასთან კონტაქტში არ შევსულიყავი... ამაოდ ცდილობდა ალიევი ინფორმაციის მოპოვებას. შემდეგ საკანში თამაზ თამაზაშვილიც ამოიყვანეს და სამივე ერთად 5 თვე ვიყავით.

- თამაზაშვილს უთხარით, რომ ალიევი აგენტი იყო?

- ვუთხარი და ისიც ხვდებოდა. ხშირად ვუგარ ალიევი თავს მოიმძინარებდა, მე და თამაზი წერილობით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ალიევის ნდობის მოპოვება დავიწყეთ. ვამხნევებდით, ვაქებდით, ფაქტობრივად, მოვახერხეთ მისი გადმობირება. მერე გვითხრა, რას სთავაზობდნენ...

- ალიევი ამბობს, რომ ხათუნა კალმახელიძისგან დირექტივებს იღებდა.
- მან გვითხრა, რომ შეხვდა კალმახელიძეს. ჩვენს საკანში მოსასმენი აპარატურაც იყო და ფარული კამერაც. ეს რომ აღმოვაჩინე, სანთლით ამოვავსეთ ის ხვრელები. მოსასმენ აპარატურას ვერაფერი მოვუხერხეთ, ამიტომ უფრო მიმიკებით ვსაუბრობდით. ერთხელ, როცა ალიევი საკანში დაბრუნდა, გვითხრა, კალმახელიძეს შევხვდიო. დეტალურად აღგვიწერა, რომელ სართულზე აიყვანეს, საით გაუხვია და რომელ ოთახში შეიყვანეს. აღწერდა ოთახის განლაგებას, ნივთებს, კალმახელიძეს რა ფერის ტანსაცმელი ეცვა, ჩანთიდან რა ფერის ტელეფონი ამოიღო, როგორი ბეჭედი ეკეთა... ერთხელ ისიც გვითხრა, ახალაია ვნახეო. მას ენდობოდნენ, თორემ სხვა აგენტს შემოიყვანდნენ. ალიევს იმედი ჰქონდა, რომ ჩვენგან გატანილი ინფორმაციის სანაცვლოდ შეიწყალებდნენ...

შიმშილობის შემდეგ მე "მატროსოვში" გადამიყვანეს და თამაზაშვილთან ალიევი დარჩა. როცა სკანდალური ვიდეოფირის გავრცელება თამაზაშვილს დასდეს ბრალად, მე უკვე "მატროსოვში" ვიყავი.

- ალიევი ამბობს, რომ მას თამაზაშვილის მოწამვლა დაავალეს?
- ჩემი გათავისუფლების შემდეგ ნანა კაკაბაძისთვისაც უთქვამს, ბაჩო ახალაიამ და ხათუნა კალმახელიძემ მოლაშვილისა და თამაზაშვილის მოწამვლა დამავალეს, საჭმელში წამალი უნდა ჩამეყარა, მითხრეს, რამდენიმე დღეში გარდაიცვლებიანო. ისიც უთქვამს, ეს იმიტომ არ გავაკეთე, ვიცოდი, მერე მეც მომკლავდნენო.

ალიევი "ნაცმოძრაობის" მსხვერპლია. დაპატიმრების შემდეგ მას ოჯახი დაენგრა... ვფიქრობ, გამოძიება ალიევის მონათხრობს გადაამოწმებს. პირადად მე მის ნათქვამში ეჭვი არ მეპარება.

თეა ხურცილავა
luxo
10 თებერვალი 2017 09:27
”კაცობრიობა, როგორც ერთეული, კრებულია სულმდაბალ, ეგოიზმითა და ქვენა გრძნობებით აღსავსე არსებათა, რომელნიც ცხოველებისაგან მხოლოდ იმით განირჩევიან, რომ მათი ეგოიზმი უფრო მოფიქრებულია”
რენანი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები