"მერაბიშვილის მეუღლე სხვისთვის წართმეული მანქანიდან ჩამოვსვი და ეს არ მაპატიეს" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილის მეუღლე სხვისთვის წართმეული მანქანიდან ჩამოვსვი და ეს არ მაპატიეს"

"ადეიშვილის სიტყვიერი განკარგულებით დამაპატიმრეს"

"ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. 3-წლიანი სასჯელი არაფრის გამო მოვიხადე. გამომძიებელმა საქმიდან ჩემი დაკითხვის ოქმი მოიპარა. ისეთი დანაშაულისთვის მომისაჯეს 3 წელი, რაზეც დაკითხულიც არა ვარ", - ამბობს ადვოკატი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ალექსიძე:

-  1997 წელს საქართველოში პირველი კერძო არბიტრაჟი დავაფუძნე და "კრიშიან" არბიტრებს ვუწევდი კონკურენციას.

2007 წელს ვანო მერაბიშვილი იმით გავაღიზიანე, რომ მისი მეუღლე სხვისთვის წართმეული მანქანიდან ჩამოვსვი. აზერბაიჯანის მოქალაქეებს საქართველოში ნაყიდი მოვარდისფრო X5 შინ რომ მიჰყავდათ, მანქანა მაშინ დაუნახავს ქალბატონ თაკო სალაყაიას და მოსწონებია. სადახლოს გზაზე ეს მანქანა გააჩერეს და მფლობელები ჩამოსხეს, თქვენი მანქანა მოპარულიაო. ცოტა ხანში ქალაქში ამ მანქანით ვანო მერაბიშვილის მეუღლე გამოჩნდა. იმდენი ვიბრძოლე, სალაყაიას მანქანა ჩამოვართვი და მის მფლობელებს დავუბრუნე (ისინი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შვილები არიან. ერთი ბაქოს ერთ-ერთი რაიონის გაი-ს უფროსია, მეორე  - ბანკის მმართველი) და საზღვრამდე მივაცილე. ახლობლებმა გამაფრთხილეს, ეგ ამბავი წინ დაგხვდებაო და მართლაც...

რამდენიმე საქმეზე ადეიშვილსაც დავეჯახე. მას ახლობლები ჰყავდა, რომლებიც მევახშეებს მფარველობდნენ. საერთოდ, მევახშეებს, ყველას, დიდი მფარველი ჰყავთ მთავრობაში.

ერთ-ერთი კლიენტის, ანა სანდომისაშვილის ინტერესების დაცვის გამო ინტერესთა კონფლიქტი მქონდა ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის დედასთან, მადონა ჭეიშვილთან, რომელიც მევახშეებს მფარველობდა.

მევახშეებს ანა სანდომისაშვილისგან ერთხელ აღებული ფულის მეორედ ამოღება უნდოდათ და მე, როგორც არბიტრაჟის თავმჯდომარემ, ხელი შევუშალე. მევახშეები შეიკრიბნენ და ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს სთხოვეს დახმარება. ის რომ ვერ დაეხმარა, ზურაბ ადეიშვილთან მივიდნენ და გადაწყვეტილებაც მიიღეს, - დიმა ალექსიძე უნდა განეიტრალდეს, დაიჭირეთო. იუსტიციის მინისტრს 2009 წლის 18 ივნისს ამ პირთა თანდასწრებით გაუცია ეს განკარგულება და 22 ივნისს დამაპატიმრეს ბრალდებით, რომ თურმე მევახშეების უფლებები შევლახე. ბრალდებაში ჩამიწერეს, რომ დავარღვიე კანონი "კერძო არბიტრაჟის შესახებ", ავუკრძალე რა ერთ-ერთ მევახშეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება, რითაც მას დიდი ზარალი მიადგა. იმის გამო, რომ ვიღაც მევახშემ მიჩივლა, დამიჭირეს და საქმის შეკერვა დაიწყეს. 2-თვიანი პატიმრობა მომისაჯეს და თან მემუქრებოდნენ, გამომძიებელი მეუბნებოდა, შენს შვილს ნარკოტიკს ჩავუდებთ და დავიჭერთო. მერე ჩემს ძველ საქმეებში დაიწყეს ქექვა. გამომძიებელს ვკითხე, ჩემს თავს რა ხდება-მეთქი და ამიხსნა: შენით უნდა სინჯონ, როგორ მოახერხებენ არბიტრების ჭკუაზე მოყვანასო. გლდანის ციხეში ვიყავი და რომ გავეტეხე, მაყურებინებდნენ ფუქსებში ადამიანების წამებას. ფუქსები ზომით 2X2-ზეა. იქ ცოცხით წამება არ მინახავს, მაგრამ ხელ და ფეხშებორკილი ადამიანების ტანჯვა კი ვნახე. ამის დამნახავი ადამიანი ფსიქოლოგიურად ტყდება.

მომთხოვეს, ხელი დამედო ორი პროკურორისთვის, თითქოს მათთვის ფული მქონდა მიცემული და საქმე ამით მოვიგე. ვიუარე, - უდანაშაულო ადამიანებს ტყუილად ხელი როგორ დავადო-მეთქი. მაშინ იჯექი ციხეშიო. ბოლოს მოძებნეს ქალი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თითქოს მის ქმარს ყალბი საბუთი გავუკეთე 22 ათასი კვადრატული მეტრი მიწის მოსაპოვებლად. ამ ქალმა ამის გამო 1 წელი პირობითი დაიმსახურა, მე კი 3-წლიანი ციხე.

3 წელი ბოლომდე მოვიხადე. ადეიშვილის პირად პატიმარს ვადაზე ადრე შეწყალებით ვინ გამომიშვებდა? აი, ასეთი "სამართლიანობა" იყო ადეიშვილ-მერაბიშვილის დროს.

მარი ზანდუკელი