"იმ 50 ავტოგასამართ სადგურს, ჩემი საკუთრება რომ იყო, ახლა "გალფი" აწერია"
29-04-2013
"იმ 50 ავტოგასამართ სადგურს, ჩემი საკუთრება რომ იყო, ახლა "გალფი" აწერია"
"იმ 50 ავტოგასამართ სადგურს, ჩემი საკუთრება რომ იყო, ახლა "გალფი" აწერია"

2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის "ნაჩუქარი" ქონების საერთო ღირებულებამ 137 მილიონ 837 ათასი ლარი, 6 მილიონი დოლარი და 10.100 ევრო შეადგინა


ათასობით ადამიანი სამართლის აღდგენის მოლოდინშია და წართმეული ქონების დაბრუნებას ელის. მათ რიცხვში ბევრია ისეთი, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, თავიანთი ქონება აჩუქეს(!), რადგან როგორც ამბობენ, სასტიკ ზეწოლას ვერ გაუძლეს.

საყურადღებოა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი
ოთხი წლის მონაცემები, რომელთა მიხედვით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოქალაქე "ჩუქნიდა" სახელმწიფოს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებას, სამეწარმეო წილებს. 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 მილიონ 449.292 ლარი და 218.500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 9.990.898 ლარი, 5.616.800 დოლარი და 10.100
ევრო, ხოლო 2007 წელს 123.396.887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სულ 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 137 მილიონ 837 ათასი ლარი, 6 მილიონი დოლარი და 10.100 ევრო შეადგინა. არაოფიციალური ინფორმაციით, 9 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ქონება სახელმწიფომ ხალხისგან "საჩუქრად მიიღო".


ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:
- ამ მასალებში იკვეთება კონკრეტული პარლამენტარების ინტერესებიც, მაგალითად, დეპუტატ კოხოძისა და კანდიდ კვიციანის. ჩვენ ასევე ვმუშაობდით სიმბოლურ ფასად სახელმწიფოს მიერ ე. წ. ინვესტორისთვის გადაცემულ ქონებაზეც. ინვესტორი იღებდა ვალდებულებას, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამის მონიტორინგს სახელმწიფო არ ატარებდა. ქონება მიჰყიდო ინვესტორს და შემდეგ არ გააკონტროლო, ნიშნავს სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ბევრი ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა და ამ ფაქტებზე ეკონომიკის სამინისტროს რეაგირება არც მოუხდენია.

- კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ?
- საინტერესოა, კურორტ საირმის შემთხვევა. 8 კაცმა, რომელთაც მიწები მანამდე დარეგისტრირებული არ ჰქონია, რადგან ამის საშუალება სოფლებში ბევრს არა აქვს, ერთ დილას გაიღვიძა, გაიფორმა თავისი მიწები და მეორე დღესვე ყველამ სახელმწიფოს აჩუქა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლიანად გადასცეს სახელმწიფოს ქონება. ლოგიკას არ ექვემდებარება, კაცმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი და მიწა აჩუქოს სახელმწიფოს იმიტომ, რომ იმ ტერიტორიაზე ტურისტული კომპლექსი აშენდეს.  აქ დეპუტატ კოხოძისა და ადგილობრივი პროკურატურის თანამშრომლების ინტერესები იკვეთება.

საყურადღებოა "აირზენას" შემთხვევაც - მან სახელმწიფოს დაახლოებით 4 მილიონად ღირებული მანქანები უსასყიდლოდ გადასცა. შპს "კორპორაცია "ივერია პლუსმა"“ კი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 2.000.000 ლარად ღირებული არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს; იარაღის მაღაზია შპს "სნაიპერმა" 182.500 აშშ დოლარად ღირებული 500 ცალი პისტოლეტი„"იერიქო" აჩუქა; შპს "ოლიმპმა" უსასყიდლოდ გადასცა 217.000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებიანად. იკვეთება სხვა საკითხიც, - შეიძლება ქონების თავდაპირველი შეფასება არასწორად იყოს გაკეთებული, თუნდაც "ოლიმპის" მაგალითზე. ეს მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის გამზირზეა და მითითებული ფასი ნამდვილად შეუსაბამოა. ზემოჩამოთვლილი ქონება სახელმწიფოს ბალანსზე გადადიოდა და შემდეგ ისინი ყიდდნენ.

- შესაძლებელია ამ ხალხმა ე. წ. ნაჩუქარი ქონება უკან დაიბრუნოს?

- არიან კეთილსინდისიერი მყიდველებიც, მათ სახელმწიფოსგან შეისყიდეს ქონება და მათ წაართვა და ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნო, არ არის სწორი. ამიტომ სახელმწიფოს მოუწევს ამ საკითხზე დიდი მუშაობა. ხელისუფლება ლოიალური იყო იმ ბიზნესების მიმართ, რომელიც თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდა. ანაკლიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - მოქალაქეს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ჰქონდა დარეგისტრირებული  და ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ეს მონაცემები გაქრა რეესტრიდან. კარგია, რომ შინ ინახავდა ძველ ამონაწერს, რითაც დასტურდება, რომ მიწა მისი საკუთრება იყო. იმ ტერიტორიაზე პორტი უნდა აშენებულიყო და ეს ქონება სახელმწიფომ ინვესტორს მეპატრონის უნებართვოდ გადასცა. ამიტომ ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

პრობლემატური იყო ელექტრონული რუკების საკითხიც. ადრე ქაღალდზე დატანილი რუკები ტექბიუროებში ინახებოდა, შემდეგ ელექტრონული ვერსიები შეიქმნა, რამაც მაქინაციებს შეუწყო ხელი. რუკები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ამ მოტივით მესაკუთრეებს თავიანთი მიწების დარეგისტრირებაზე უარს ეუბნებოდნენ.    

ბევრი მოქალაქე ეძებს სამართალს. მათ შორის ლევან ცხოვრებაშვილიც. მართალია, მას სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ქონება არ უჩუქებია, მაგრამ იძულებული გახადეს მთელი ბიზნესი ციხეში ყოფნისას დაეთმო.

ლევან ცხოვრებაშვილი: "დავაფუძნე კომპანია "გეოგრანსი". პირველი დიდი შეკვეთა ეროვნული სტადიონის საფრის მოწყობა იყო. სტადიონის პროექტს ბევრი შეკვეთა მოჰყვა, მათ შორის დედაქალაქის გამწვანებაც. მიხვდნენ, კარგი ფული კეთდებოდა და ჩემი ჩაძირვა გადაწყვიტეს. კომპანიაში აგენტები ჩამისვეს. შეისწავლიდნენ ყველაფერს და მერე ქონებას გართმევდნენ. ჩემი დაკავების საფუძველი ფინანსურ პოლიციაში შეტანილი საჩივრები იყო. პირველად 2008 წელს 51.000 ლარით დამაჯარიმეს, შემდეგ 130 ათასით. ყველგან ვჩიოდი და არ მაპატიეს - შეთითხნილი ბრალდებით მაშინ დამაკავეს, როცა ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა ჩემს დაჯარიმებაზე და პროცესი მოვიგე. დოკუმენტების გაყალბება, გადასახადებისთვის თავის არიდება, თაღლითობა და სხვა უამრავი ბრალდება წამიყენეს. სასჯელები რომ შეეკრიბათ, 50 წლამდე პატიმრობა მელოდა.

ციხეში ფსიქოლოგიურად მამუშავებდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, გცემენ თუ გულს გაგიხეთქენ? მეუღლის დაჭერით მემუქრებოდნენ. პატარა შვილები მყავდა და ამას ვერ გადავიტანდი, ამიტომ მზად ვიყავი, ყველაფერზე უარი მეთქვა. 2 წელი მოვიხადე ისე, რომ არავის დავუკითხავვარ. 5 წელი პირობითი სასჯელიც გამომიტანეს. საბოლოოდ, 400.000 ლარის ქონება დაკავებიდან 4 თვის თავზე გადავუფორმე. მეუღლის გაუპატიურებითაც კი მემუქრებოდნენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სიჭინავას ახლაც აქვს ჩემი ვალი - 37 ათასი ლარი. დიღომში ნაკრების ბაზა გავაკეთე. ობიექტი ჩავაბარე და ამ დროს დამაკავეს. სასამართლოში მომიწევს ამის გარჩევა. ფაქტობრივად, სრულად გამანადგურეს. ახლა პირობითი სასჯელი მაქვს და ქვეყნიდან წასვლასაც ვერ ვახერხებ, რომ ბიზნესი ისევ დავიწყო. მოვითხოვ, ქონება დაუყადაღონ იმ პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებმაც უკანონოდ ჩამომართვეს ქონება, ასევე, ვითხოვ, რომ პირობითი სასჯელი მაინც მომიხსნან, რადგან გვიანდება ქვეყანაში სამართლის პოვნა და სპეციალური კომისიის შექმნა".   
ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის ამბავიც უჩვეულოა, ამბობს, რომ 80 მილიონად ღირებული ქონება წაართვეს. იგი ავტოგასამართი სადგურების ქსელისა და სხვა ბიზნესების მფლობელი იყო. სამწელიწად-ნახევარი საპყრობილეში გაატარა და პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა.

ჯემალ ლეონიძე: "ავტოგასამართი სადგურების ქსელ "მაგნატის" მფლობელი ვიყავი, 4 ნავთობტერმინალი მქონდა, ასევე მეფრინველეობის ფაბრიკა და სამი რესტორანი.Y ყველაფერი დღეს "ნაცბანდის" წევრების, შსს-სა და პროკურატურის მაღალჩინოსნების ხელშია. ისეა გაკეთებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რეალური მფლობელები არ ჩანან. რესტორანი "გვირილა" მუშთაიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მქონდა, ამ რესტორნის მეპატრონე რეესტრის ამონაწერით ვინმე თამარ მერაბიშვილია, რომლის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ახალციხე, მცხეთის ქუჩა #58. პირადობის დოკუმენტს, რითაც ნასყიდობა გაფორმდა, ვადა 2006 წელს გაუვიდა. ახალციხეში მცხეთის ქუჩა არ არსებობს, მხოლოდ მესხეთის ქუჩაა და #58 ნომერში ვანო მერაბიშვილის ოჯახი ცხოვრობს... იმ 50 ავტოგასამართ სადგურს კი, ჩემი საკუთრება რომ იყო, ახლა "გალფი" აწერია.

თაღლითობისა და დოკუმენტის გაყალბების მუხლით დამაკავეს და მალე ჩემი ყველა კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანეს. დღეს ჩემი მეფრინველეობის ფაბრიკა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. პატიმრობის დროს იძულებული გავხდი მიზერულ ფასად მიმეყიდა "გალფისთვის" ამხელა ბიზნესი. არადა, 90-იან წლებში ერთ-ერთმა პირველმა საწვავის იმპორტი მე გავაკეთე. საგადასახადო სამსახურმა 90 საჯარიმო აქტი გამომიწერა და წარმოიდგინეთ, 88 მოვიგე, უსაფუძვლოდ გადახდილი ჯარიმები უკან დავაბრუნებინე. ჩემს კომპანიას არ უნდა გასჭირვებოდა რეალურ კონკურენციაში ხარჯების დაფარვა და მოგებაზე გასვლა, მაგრამ მონოპოლიის პირობებში ეს შეუძლებელი იყო. 80 მილიონია იმ ქონების აქტივების ღირებულება, რომელიც წამართვეს".

ამ ფაქტების შეფასება ბატონ გოგი თოფაძეს ვთხოვეთ:

- იმის აღწერა შეუძლებელია, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. თუ ბიზნესმენი არ იყო მათი გუნდის წევრი და ხარკს არ უხდიდა, წარმოუდგენელი იყო საქმიანობა. ისეთი კანონი მიიღეს, რითაც ჯერ დააჯარიმებდნენ ბიზნესმენს და მერე უნდა ერბინა სასამართლოში და ემართლებინა თავი. სასამართლოში რა ხდებოდა, ყველამ ვიცით. იძულებული ხდებოდა კაცი, ქონება დაეთმო. მე მათ ხარკს არ ვუხდიდი და ამიტომ დავკარგე  ჩაის, საპნის, სიგარეტის, ყავის წარმოება. ყველაფერი სწორედ იმიტომ დაიხურა. შესანიშნავი ხეტყის გადასამუშავებელი კომბინატი ავაშენეთ მე და ჩემმა პარტნიორმა ლუკა რამაზაშვილმა, რომელიც ამის გამო 7 წელი ციხეში ამყოფეს.

ხალხს ბიზნესის დაწყების სურვილი დაუკარგეს, რადგან როგორც კი ბიზნესი მომგებიანი გახდებოდა, აუცილებლად ელოდებოდა ასეთი სასჯელი. იცით ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ასე ებრძოდეს ბიზნესმენებს? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ძველ მთავრობას სძულდა ხალხი და სამშობლო. ასე დაანგრიო ეკონომიკა და მოსპო, წარმოუდგენელია. გაგიგიათ სადმე, ცივილიზებულ სამყაროში ბიზნესმენები ქონებას და ბიზნესებს 1 ლარად ხელისუფლებას ჩუქნიდნენ?! ასეთ პრეცედენტს მსოფლიოში ვერ ნახავთ, ეს ისტორია გინესების რეკორდების წიგნში უნდა შევიდეს, როგორც უპრეცედენტო და ანომალიური, რომ მსგავსი რამ არც ერთმა ხელისუფალმა გულშიც აღარ გაივლოს. ამის ჩამდენი კი, ვინც ადამიანები მასობრივად აიძულა ქონება ციხეში გადაეფორმებინათ და სახლ-კარი "რატომღაც" სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის ეჩუქებინათ, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! ამათ ხალხისგან 2 მილიარდის ქონება იჩუქეს(!). ამ პერიოდში მხოლოდ ვაიბიზნესმენები წამოიჩიტნენ და დიდი ფული იშოვეს. რომელი ქვეყნის მთავრობა გაუბედავს თავის ხალხს იმას, რაც ამათ გაგვიბედეს? რომ არა ივანიშვილი, 5-7 წლის შემდეგ შეიძლებოდა საქართველოში კაცი არ დარჩენილიყო.

თეა ხურცილავა
gia
03 მაისი 2013 13:13
ეს ,,დაზარალებული''ჯემალ ლეონიდზე,როგოტც მახსოვს,მოსამართლე არ იყო?ეგეთი კიდევ რამდენი გამოჩნდება,რომელმაც 90-ინი წლებიდან მოყოლებული ძარცვა და გააღატაკა ხალხი და ქვეყანა,ხელში ჩაიგდეს მუქთად ქონება,მერე მათ ,,ნაცბანდამ"აახია და ახლა ისევ მოუნდათ უკან დაბრუნება საქართველოს ქონების?ბატონებო,თქვენ,,,ქონებაწართმეულებო'',დასააბუთეთ საიდან გქონდათ ის ქონება და მერე მოითხოვეთ.ამ სიტუაციაზეა ნათქვამი,,,ქურდის ქურდი ცხონდაო''
gaga
03 მაისი 2013 12:43
ბატონმა თოფაძემ ტელევიზიაში სახალხოდ აღიარა მთავარი ინჟინერი რომ ვიყავი კომუნისტების დროსო ვიპარავდიო! დღეს ეს კაცი კანონს წერს!
KAXAS
02 მაისი 2013 19:48
თუ ეგრე მივყვებიტ მაშინ ბოლშევიკების დროს წარტმეულ მიწებს ვინ დააბრუნებს და ფაბრიკა-ქარხნებს?მტავრობაში კაცი რომ მიდის გასაგებია რომ გასასუქებლად მიდის და ხალხის ხარჯზე ცხოვრებისატვის.რომელი მტავრობა ყოფილა ხალხისტვის სხვებს რომ ვტხოვტ პატიოსნებას?მე ამატ არ ვიცავ მატი დაცვა როგორ შეიძლება,ყველაზე მეტი ამატ ყავტ ხალხი ალბატ გაძარცვული.

რედაქტორის რჩევით