ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს (ექსკლუზივი)

"ასეთი განრისხებული კუბლაშვილი არ მინახავს"

"მე აქ მჭირდება გუნდი, თქვენ კი "დეტსკი სადი" გამიმართეთო"

"ძველი ხელისუფლების სტილი იყო - ჯერ სცემდნენ ადამიანს და მერე ყიდულობდნენ"

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი კოტე კუბლაშვილს ზეწოლაში ამხელს, - როგორ აიძულებდნენ მოსამართლეებს მორჩილებას, რას ითხოვდნენ თავმჯდომარეები, ვისგან იღებდნენ დირექტივებს, რა გაიდლაინებით სარგებლობდნენ და როგორ უსწორდებოდნენ "ურჩებს".

- ჩემი საქმე ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევაა მოსამართლეზე ზეწოლისა. როგორც "ურჩი", სამაგალითოდ დამსაჯეს და ამით სხვებს აჩვენეს, რა შედეგი მოჰყვებოდა დაკვეთის შეუსრულებლობას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ვმუშაობდი, როდესაც უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ადეიშვილის პროკურატურიდან წამოსული კადრი, მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. მისი ფუნქცია მოსამართლეებზე ზედამხედველობა იყო, კოლეგიის გადაწყვეტილებების მიღებაში უხეშად ერეოდა და ასე ამყარებდა "წესრიგს".

ჩინჩალაძე კონკრეტული საქმეებით, განსაკუთრებით სახელმწიფოს მონაწილეობით წარმოებული ქონებრივი დავებით იყო დაინტერესებული. ხელისუფლებას კერძო პირთათვის ამ ქონების ჩამორთმევა უნდოდა. მათ არაკანონიერ მოთხოვნას შევეწინააღმდეგე და ანგარიში გამისწორეს, - 2008 წლის ზაფხულში ჩინჩალაძის ინიციატივით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური დევნა აღმიძრეს. ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადების დარღვევას მედავებოდნენ.

- როგორ დაგსაჯეს?

- უკვე სამოქალაქო საქმეთა პალატაში ვმუშაობდი, როცა ადმინისტრაციულ პალატაში 3 წლის განმავლობაში განხილული ჩემი ყველა საქმე შეისწავლეს, მიკერძოებულად განიხილეს ვადების საკითხი და დისციპლინური სახდელი - შენიშვნა გამომიცხადეს.

- სამოქალაქო საქმეთა პალატაში თქვენი სურვილით გადახვედით?

- გადამიყვანეს, რადგან იქ პოლიტიკური ინტერესი ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს ამ სფეროსაც მისწვდნენ - შრომითი დავები მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, ხელისუფლება სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ჰქონოდა უფლება, გაეთავისუფლებინა დასაქმებული. არადა, კანონით, ეს მუხლი ამგვარ რამეს არ გულისხმობს, მაგრამ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ეს მცდარი პრაქტიკა დაინერგა. უზენაეს სასამართლოში მე და ჩემი კოლეგიის წევრმა ნუნუ კვანტალიანმა კანონის არასწორი განმარტება სააშკარაოზე გამოვიტანეთ და ერთი საქმე სააპელაციო სასამართლოში დავაბრუნეთ. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, რომ კონსტანტინე კუბლაშვილმა საგანგებოდ დაგვიბარა გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეები და მკაცრად მოგვთხოვა პასუხი, როგორ გაბედეთ დადგენილი პრაქტიკის შეცვლაო.

- ეს დიალოგი მის კაბინეტში შედგა?

- დიახ, ასეთი კატეგორიული ტონით მოლაპარაკე, განრისხებული კუბლაშვილი არ მინახავს. სურდა პოზიცია შეგვეცვალა და მსგავსი დავის განხილვისას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოგვეტანა, თითქოს ის ერთი შემთხვევით გაიპარა. კუბლაშვილმა მოითხოვა, გაგვეჩერებინა ჩვენს წარმოებაში არსებული ყველა შრომითი დავის განხილვა მანამ, სანამ სამოქალაქო პალატაში ახალი თავმჯდომარე არ დაინიშნებოდა, რომელთან ერთადაც უნდა გადაგვეწყვიტა დავების საკითხი. მე არ დავემორჩილე და განვიხილე მორიგი საქმე. ამან კუბლაშვილი ძალზე გააღიზიანა. მეორე, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის თემა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას შეეხებოდა, რაზეც ასევე უარყოფითი დასკვნა წარვადგინეთ. ეს ნიშნავდა, რომ პალატის თავმჯდომარე ვეღარ მართავდა სიტუაციას. ამიტომ გადაწყდა, სამოქალაქო საქმეთა პალატაც გაეკონტროლებინათ და ეს დაგვირგვინდა იმით, რომ პალატის თავმჯდომარედ ისევ და ისევ პროკურატურის კადრი - ვასილ როინიშვილი დანიშნეს. მას სამოქალაქო საქმეთა პალატაში ძალთა ისეთი ბალანსი დახვდა. რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას ვერ აგროვებდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, სულ ცოტა, ერთი მოსამართლის მოცილების საკითხი და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.

- როგორ გაიძულეს მოსამართლეობაზე უარი გეთქვათ?

- ვასილ როინიშვილმა ჩემთან "მოლაპარაკება" დაიწყო. დამიბარა, გამაცნო  ჩემ მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვადების გადაცილების სტატისტიკა და დისციპლინური დევნის აღძვრით დამემუქრა. ასევე  გამოითხოვა ჩემი განხილული საქმეები, დარღვევებს ეძებდა. რომ ვერ იპოვეს, პირდაპირ შემომთავაზა თანამდებობის დატოვება: "მე აქ მჭირდება გუნდი, თქვენ კი "დეტსკი სადი" გამიმართეთ", - მითხრა მან. 2010 წლის 11 ნოემბერს ისევ დამიბარა და მითხრა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაგიყვანთო. უარი ვუთხარი, რადგან მე სამოქალაქო სამართლისა და დამატებით ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი ვარ.

- იქ "ურჩი" მოსამართლე რაში სჭირდებოდათ?

- იცოდნენ, არ გადავიდოდი, თან ერთი მოსამართლის უარყოფითი აზრი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდა.

არც ის იყო გამორიცხული, თუ ძალიან შევეწინააღმდეგებოდი, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღეძრათ და სისტემიდან განვედევნე. ჩემი საკითხი 2010 წლის 12 ნოემბერს პლენუმის სხდომაზე გაიტანეს. კუბლაშვილმა პლენუმს წარდგინებით მიმართა და ჩემი სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანა მოითხოვა. ეს ასე დაასაბუთა,  ლაზარაშვილს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატებში მუშაობის დროს ჰქონდა ვადების დარღვევები და ამიტომ სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უნდა გადავიყვანოთო. უარი ვთქვი, მაგრამ პლენუმის 19 წევრიდან 17-მა (მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ოთხმა წევრმა) ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგი მხოლოდ  ნუნუ კვანტალიანი და თეიმურაზ თოდრია იყვნენ. თავადაც მიხვდებით, როგორი იყო სამოქალაქო პალატაში ძალთა ბალანსი, ანუ იქ სამი "ურჩი" მოსამართლე მაინც იყო.

- დარღვევების მოტივით მოსამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაყვანა ლოგიკურია?

- გაგიკვირდათ, არა? აი, ეს უპრეცედენტო დოკუმენტი და თავად გაეცანით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ იცოდა, როგორ დაესაბუთებინა არასწორი წარდგინება და თქვა ის, რაც თქვა. კუბლაშვილის წარდგინების მოტივაცია არაადეკვატური, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი იყო. იმავე დღესვე დავწერე განცხადება და უარი ვთქვი მოსამართლეობაზე. კუბლაშვილმა იმ დღესვე  კვლავ შემომთავაზა სხვა სამსახურში დასაქმება. ვუთხარი, ვალდებული არა ხართ, ჩემს დასაქმებაზე იზრუნოთ-მეთქი. ძველი ხელისუფლების სტილი იყო - ჯერ სცემდნენ ადამიანს და მერე ყიდულობდნენ. არ დავთანხმდი...  ამის შემდეგ სამივე პალატაში სასურველ ძალთა გადანაწილება შედგა. ერთი ან ორი "დაუმორჩილებელი" მოსამართლე თითოეულ პალატაში უკვე ვეღარ ქმნიდა ამინდს.

- მოსამართლეები გაიდლაინებით (დირექტივა, მიმართულება, საერთო კურსი) მართლა სარგებლობდით?

- არა ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ რამდენიმე საქმეზე აუცილებლობის გამო ვიყავი მიმაგრებული. განვიხილეთ ყაჩაღობის შემთხვევა. ერთ საქმეზე სამი პირი იყო ბრალდებული, ორზე - განაჩენი გამოტანილი, მესამე იძებნებოდა და მოგვიანებით დააკავეს. დავადგინე, რომ მას წელიწადითა და 7 თვით მეტი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, ვიდრე სხვა თანამონაწილეებს. ვიკითხე, ასე რატომ-მეთქი. მიპასუხეს, როცა ის ორი გასამართლდა, გაიდლაინები არ მოქმედებდა და ახლა ამ დანაშაულზე გაიდლაინით ამდენი ეკუთვნისო.  გაიდლაინში მითითებული იყო, კონკრეტულ მუხლზე კონკრეტულად რა სასჯელი მიესაჯათ. ამით დარღვეულ იქნა სასჯელის ინდივიდუალიზმის პრინციპი - პირს სასჯელი უნდა შეუფარდო ინდივიდუალურად...

მოსამართლეს ე.წ. გაიდლაინები რწმენას ართმევდა და მექანიკურ ფიგურად აქცევდა, მას მხოლოდ ბეჭედი უნდა დაერტყა გადაწყვეტილებისთვის. განსხვავებული აზრი დავწერე, მაგრამ ეს გადაწყვეტილებაზე არ ასახულა. ჩემი პრინციპულობის გამო ჩემი დაც გაათავისუფლეს იუსტიციის სამინისტროდან. მაშინ შემომთავაზეს, თუ  უხმაუროდ წახვალ, შენც და შენს დასაც დაგასაქმებთო. ადეიშვილიც იყო ჩართული ამ საქმეში, მან გაათავისუფლა ჩემი და.

კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ... ბევრს იბრძოდნენ მოსამართლეები, მაგრამ საბოლოოდ ემორჩილებოდნენ. ყველაზე დიდი წნეხი სისხლის სამართალის საქმეებზე იყო. პრინციპულ მოსამართლესთან გახმაურებული საქმეები არ ხვდებოდა, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც საქმეზე განსხვავებული აზრი დაწერეს.

P.S. ჩვენ ვცადეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გასაუბრება, მაგრამ მან, სამწუხაროდ, არ ისურვა.

თეა ხურცილავა