ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს (ექსკლუზივი)
29-04-2013
ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს (ექსკლუზივი)
"ასეთი განრისხებული კუბლაშვილი არ მინახავს"

"მე აქ მჭირდება გუნდი, თქვენ კი "დეტსკი სადი" გამიმართეთო"

"ძველი ხელისუფლების სტილი იყო - ჯერ სცემდნენ ადამიანს და მერე ყიდულობდნენ"


უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი კოტე კუბლაშვილს ზეწოლაში ამხელს, - როგორ აიძულებდნენ მოსამართლეებს მორჩილებას, რას ითხოვდნენ თავმჯდომარეები, ვისგან იღებდნენ დირექტივებს, რა გაიდლაინებით სარგებლობდნენ და როგორ უსწორდებოდნენ "ურჩებს".

- ჩემი საქმე ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევაა მოსამართლეზე ზეწოლისა. როგორც "ურჩი", სამაგალითოდ დამსაჯეს და ამით სხვებს აჩვენეს, რა
შედეგი მოჰყვებოდა დაკვეთის შეუსრულებლობას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ვმუშაობდი, როდესაც უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ადეიშვილის პროკურატურიდან წამოსული კადრი, მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. მისი ფუნქცია მოსამართლეებზე ზედამხედველობა იყო, კოლეგიის გადაწყვეტილებების მიღებაში უხეშად ერეოდა და ასე ამყარებდა "წესრიგს".

ჩინჩალაძე კონკრეტული საქმეებით, განსაკუთრებით სახელმწიფოს მონაწილეობით წარმოებული ქონებრივი დავებით
იყო დაინტერესებული. ხელისუფლებას კერძო პირთათვის ამ ქონების ჩამორთმევა უნდოდა. მათ არაკანონიერ მოთხოვნას შევეწინააღმდეგე და ანგარიში გამისწორეს, - 2008 წლის ზაფხულში ჩინჩალაძის ინიციატივით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური დევნა აღმიძრეს. ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადების დარღვევას მედავებოდნენ.

- როგორ დაგსაჯეს?
- უკვე სამოქალაქო საქმეთა პალატაში ვმუშაობდი, როცა ადმინისტრაციულ პალატაში 3 წლის განმავლობაში განხილული ჩემი ყველა საქმე შეისწავლეს, მიკერძოებულად განიხილეს ვადების საკითხი და დისციპლინური სახდელი - შენიშვნა გამომიცხადეს.

- სამოქალაქო საქმეთა პალატაში თქვენი სურვილით გადახვედით?

- გადამიყვანეს, რადგან იქ პოლიტიკური ინტერესი ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს ამ სფეროსაც მისწვდნენ - შრომითი დავები მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, ხელისუფლება სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ჰქონოდა უფლება, გაეთავისუფლებინა დასაქმებული. არადა, კანონით, ეს მუხლი ამგვარ რამეს არ გულისხმობს, მაგრამ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ეს მცდარი პრაქტიკა დაინერგა. უზენაეს სასამართლოში მე და ჩემი კოლეგიის წევრმა ნუნუ კვანტალიანმა კანონის არასწორი განმარტება სააშკარაოზე გამოვიტანეთ და ერთი საქმე სააპელაციო სასამართლოში დავაბრუნეთ. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, რომ კონსტანტინე კუბლაშვილმა საგანგებოდ დაგვიბარა გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეები და მკაცრად მოგვთხოვა პასუხი, როგორ გაბედეთ დადგენილი პრაქტიკის შეცვლაო.

- ეს დიალოგი მის კაბინეტში შედგა?
- დიახ, ასეთი კატეგორიული ტონით მოლაპარაკე, განრისხებული კუბლაშვილი არ მინახავს. სურდა პოზიცია შეგვეცვალა და მსგავსი დავის განხილვისას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოგვეტანა, თითქოს ის ერთი შემთხვევით გაიპარა. კუბლაშვილმა მოითხოვა, გაგვეჩერებინა ჩვენს წარმოებაში არსებული ყველა შრომითი დავის განხილვა მანამ, სანამ სამოქალაქო პალატაში ახალი თავმჯდომარე არ დაინიშნებოდა, რომელთან ერთადაც უნდა გადაგვეწყვიტა დავების საკითხი. მე არ დავემორჩილე და განვიხილე მორიგი საქმე. ამან კუბლაშვილი ძალზე გააღიზიანა. მეორე, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის თემა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას შეეხებოდა, რაზეც ასევე უარყოფითი დასკვნა წარვადგინეთ. ეს ნიშნავდა, რომ პალატის თავმჯდომარე ვეღარ მართავდა სიტუაციას. ამიტომ გადაწყდა, სამოქალაქო საქმეთა პალატაც გაეკონტროლებინათ და ეს დაგვირგვინდა იმით, რომ პალატის თავმჯდომარედ ისევ და ისევ პროკურატურის კადრი - ვასილ როინიშვილი დანიშნეს. მას სამოქალაქო საქმეთა პალატაში ძალთა ისეთი ბალანსი დახვდა. რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას ვერ აგროვებდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, სულ ცოტა, ერთი მოსამართლის მოცილების საკითხი და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.

- როგორ გაიძულეს მოსამართლეობაზე უარი გეთქვათ?
- ვასილ როინიშვილმა ჩემთან "მოლაპარაკება" დაიწყო. დამიბარა, გამაცნო  ჩემ მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვადების გადაცილების სტატისტიკა და დისციპლინური დევნის აღძვრით დამემუქრა. ასევე  გამოითხოვა ჩემი განხილული საქმეები, დარღვევებს ეძებდა. რომ ვერ იპოვეს, პირდაპირ შემომთავაზა თანამდებობის დატოვება: "მე აქ მჭირდება გუნდი, თქვენ კი "დეტსკი სადი" გამიმართეთ", - მითხრა მან. 2010 წლის 11 ნოემბერს ისევ დამიბარა და მითხრა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაგიყვანთო. უარი ვუთხარი, რადგან მე სამოქალაქო სამართლისა და დამატებით ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი ვარ.

- იქ "ურჩი" მოსამართლე რაში სჭირდებოდათ?
- იცოდნენ, არ გადავიდოდი, თან ერთი მოსამართლის უარყოფითი აზრი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდა.

არც ის იყო გამორიცხული, თუ ძალიან შევეწინააღმდეგებოდი, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღეძრათ და სისტემიდან განვედევნე. ჩემი საკითხი 2010 წლის 12 ნოემბერს პლენუმის სხდომაზე გაიტანეს. კუბლაშვილმა პლენუმს წარდგინებით მიმართა და ჩემი სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანა მოითხოვა. ეს ასე დაასაბუთა,  ლაზარაშვილს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატებში მუშაობის დროს ჰქონდა ვადების დარღვევები და ამიტომ სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უნდა გადავიყვანოთო. უარი ვთქვი, მაგრამ პლენუმის 19 წევრიდან 17-მა (მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ოთხმა წევრმა) ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგი მხოლოდ  ნუნუ კვანტალიანი და თეიმურაზ თოდრია იყვნენ. თავადაც მიხვდებით, როგორი იყო სამოქალაქო პალატაში ძალთა ბალანსი, ანუ იქ სამი "ურჩი" მოსამართლე მაინც იყო.

- დარღვევების მოტივით მოსამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაყვანა ლოგიკურია?

- გაგიკვირდათ, არა? აი, ეს უპრეცედენტო დოკუმენტი და თავად გაეცანით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ იცოდა, როგორ დაესაბუთებინა არასწორი წარდგინება და თქვა ის, რაც თქვა. კუბლაშვილის წარდგინების მოტივაცია არაადეკვატური, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი იყო. იმავე დღესვე დავწერე განცხადება და უარი ვთქვი მოსამართლეობაზე. კუბლაშვილმა იმ დღესვე  კვლავ შემომთავაზა სხვა სამსახურში დასაქმება. ვუთხარი, ვალდებული არა ხართ, ჩემს დასაქმებაზე იზრუნოთ-მეთქი. ძველი ხელისუფლების სტილი იყო - ჯერ სცემდნენ ადამიანს და მერე ყიდულობდნენ. არ დავთანხმდი...  ამის შემდეგ სამივე პალატაში სასურველ ძალთა გადანაწილება შედგა. ერთი ან ორი "დაუმორჩილებელი" მოსამართლე თითოეულ პალატაში უკვე ვეღარ ქმნიდა ამინდს. 

- მოსამართლეები გაიდლაინებით (დირექტივა, მიმართულება, საერთო კურსი) მართლა სარგებლობდით?

- არა ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ რამდენიმე საქმეზე აუცილებლობის გამო ვიყავი მიმაგრებული. განვიხილეთ ყაჩაღობის შემთხვევა. ერთ საქმეზე სამი პირი იყო ბრალდებული, ორზე - განაჩენი გამოტანილი, მესამე იძებნებოდა და მოგვიანებით დააკავეს. დავადგინე, რომ მას წელიწადითა და 7 თვით მეტი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, ვიდრე სხვა თანამონაწილეებს. ვიკითხე, ასე რატომ-მეთქი. მიპასუხეს, როცა ის ორი გასამართლდა, გაიდლაინები არ მოქმედებდა და ახლა ამ დანაშაულზე გაიდლაინით ამდენი ეკუთვნისო.  გაიდლაინში მითითებული იყო, კონკრეტულ მუხლზე კონკრეტულად რა სასჯელი მიესაჯათ. ამით დარღვეულ იქნა სასჯელის ინდივიდუალიზმის პრინციპი - პირს სასჯელი უნდა შეუფარდო ინდივიდუალურად...

მოსამართლეს ე.წ. გაიდლაინები რწმენას ართმევდა და მექანიკურ ფიგურად აქცევდა, მას მხოლოდ ბეჭედი უნდა დაერტყა გადაწყვეტილებისთვის. განსხვავებული აზრი დავწერე, მაგრამ ეს გადაწყვეტილებაზე არ ასახულა. ჩემი პრინციპულობის გამო ჩემი დაც გაათავისუფლეს იუსტიციის სამინისტროდან. მაშინ შემომთავაზეს, თუ  უხმაუროდ წახვალ, შენც და შენს დასაც დაგასაქმებთო. ადეიშვილიც იყო ჩართული ამ საქმეში, მან გაათავისუფლა ჩემი და.

კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ... ბევრს იბრძოდნენ მოსამართლეები, მაგრამ საბოლოოდ ემორჩილებოდნენ. ყველაზე დიდი წნეხი სისხლის სამართალის საქმეებზე იყო. პრინციპულ მოსამართლესთან გახმაურებული საქმეები არ ხვდებოდა, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც საქმეზე განსხვავებული აზრი დაწერეს. 

P.S. ჩვენ ვცადეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გასაუბრება, მაგრამ მან, სამწუხაროდ, არ ისურვა.

თეა ხურცილავა
1991
11 დეკემბერი 2014 14:51
კორუფციული სასამათლოს წარმომადგენელი მერაბ ტურავა საკონსტიტუციოში... ეს კაცი კორუფციაში იყო მხილებული ..
მანანა მაზმიშვილი
19 ნოემბერი 2014 16:14
სხვები არ ვიცი მაგრამ ძალიან დიდ პატივს ცვემ ისეთ ობიექტურ და ძლიერ მოსამართლეებს როგორებიც არიან ასმათ კოხრეიძე, ნათია წკეპლაძე, ნათია ჯორბენაძე
1
08 მაისი 2013 13:54
უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე დღის წინ "გურიაNEWS"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია ჩინჩალაძის პროკურორობის პერიოდზე, ვიდრე ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდებოდა:

"როდესაც თქვენ უზენაესი სასამართლო დააკომპლექტეთ, რაც არა 2/3-იანი ქვორუმით, არამედ ჩვეულებრი უმრავლესობით მოხდა და აირჩიეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მოსამართლეები, მაშინ რა პრინციპით იხელმძღვანელეთ? მაგალითად, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პროკურატურიდან მისული კადრი მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა და სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობდა, მაშინ რით იხელმძღვანელეთ? იყო ის მაღალი რეპუტაციის ან სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი? რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეთ, როდესაც ლევან მურუსიძე პროკურატურიდან მიიყვანეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა. მაშინ ჰკითხეთ აზრი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს? სწორედ ასე დააკომპლექტეთ თქვენ უზენაესი სასამართლო და ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში სულ სხვაგვარად მსჯელობთ", - ასე მიმართა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

პირველი ვიცე-სპიკერის ამ განცხადებას, უზენაესი სასამართლოსგან პასუხი მყისიერად მოჰყვა.

"მანანა კობახიძე ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც აცხადებს, რომ მ.ჩინჩალაძეს და ლ.მურუსიძეს სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდათ მანამდე, სანამ გახდებოდნენ მოსამართლეები. ორივე მათგანი დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატში და შემდეგ უკვე ლ.მურუსიძემ 11 თვე, ხოლო მ. ჩინჩალაძემ, დაახლოებით, 3 წელი იმსახურეს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, რის შემდეგაც უკვე ჯერ ლ. მურუსიძე, შემდეგ კი მ. ჩინჩალაძე შეუდგნენ მოსამართლედ მუშაობას...

უზენაესი სასამართლო ასევე სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებას, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე მ. ჩინჩალაძემ ისარგებლა დუმილის უფლებით, რაც არის მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაცია. ამგვარ ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს მოსამართლის და შესაბამისად, პიროვნების პროფესიული ღირსების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რაც დასანანია ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად, როდესაც ასეთი განცხადების ავტორად გვევლინება მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ავრცელებს სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალბატონ ვიცე-სპიკერს, გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, რომ ამგვარი რამ მოხდა, ვთხოვთ დაასახელოს კონკრეტული საქმე, მისი განხილვის თარიღი და სასამართლო, სადაც ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასეთს, ცხადია, იგი ვერ დაასახელებს თუნდაც ელემენტარულად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროკურატურაში მუშაობისას, მაღალი რანგობრივი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მ. ჩინჩალაძეს არ უწევდა სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლო პროცესებზე გამოსვლა," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მანანა კობახიძის გამოსვლის პასუხად გაავრცელა.

მაშინდელი პროკურორის, მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე გამოყენებული დუმილის უფლება, რამდენიმე წლის წინ, ელვის სისწრაფით მოედო მთელს საზოგადოებას და მათ შორის მედიას. ამ თემაზე არაერთგზის ითქვა და დაიწერა. ხშირად საუბრობდა ამაზე ადვოკატთა კორპუსიც, როგორც უპრეცედენტო შემთხვევაზე.

თუმცა, მაშინ უზენაეს სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია და არც ჩინჩალაძის პროფესიული ღირსების შელახვაზე ჰქონია პრეტენზია.

ყოფილ მოსამართლეებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ჟურნალისტებს კი დღემდე კარგად ახსოვთ ეს ფაქტი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა მიხეილ ჩინჩალაძის პერსონას და ავტობიოგრაფიას.

უფრო მეტიც, "გურია ნიუსთან" საუბარში რამდენიმე მათგანს ისიც კარგად ახსოვს, რომ ჩინჩალაძის "დუმილის უფლებაზე" განცხადება ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

მერაბ ტურავა (უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე): "ჩინჩალაძის "დუმილის უფლების" ამბავი იმდენად გახმაურებული თემა იყო, რომ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ოპოზიციაში, თავისი პოზიცია გამოხატა. როგორც მახსოვს, მაშინ მან პარლამენტში განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში არის მოსამართლე, რომელმაც პროკურორობის დროს დუმილის უფლება აირჩიაო. ყოველთვის, როდესაც საუბარი ჩამოვარდება უზენაესი სასამართლოს პალატის თავმჯდომარეებზე, ყველას ჩინჩალაძის დუმილის უფლება ახსენდება და ამ თემაზე საუბრობენ.

მანანა კობახიძისგან გაიგო კუბლაშვილმა ეს პირველად?! იმ სასამართლო პროცესზე, სადაც ეს ჩინჩალაძემ ეს გააკეთა, მე ნამდვილად არ ვმჯდარვარ, მაგრამ ეს თემა ისეთი გახმაურებული იყო, რომ თვითონ მოსამართლეებიც არ მალავდნენ ამას. არც ის არის ვინმესთვის საიდუმლო, რომ ჩინჩალაძე იყო ადეიშვილის მარჯვენა ხელი სასამართლოში, რომელსაც გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა სასამართლოზე, ვიდრე კოტე კუბლაშვილს. ადეიშვილი, ჩინჩალაძის ხელით აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა ჩინჩალაძესთან შეთანხმებით, რომელსაც, თავის მხრივ, მითითებები ჰქონდა ადეიშვილისგან".

ბეჟან ხიმშიაშვილი (უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე): "მე როგორც ვიცი, ეს ფაქტი მოხდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ეს თემა მაშინ ისე გახმაურდა, რომ მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობდა. როდესაც სასამართლომ დაამთავრა გამოძიება და გადავიდა საპაექრო ეტაპზე, პროკურორს შესთავაზა საპაექრო სიტყვა. სწორედ მაშინ განაცხადა ჩინჩალაძემ, რომ ის დუმილის უფლებას იყენებდა. ამაზე მოსამართლე გადაირია, აფეთქდა და უთხრა, _ სასამართლოდან გაგაძევებ, პროკურორი როგორ უნდა იყენებდეს დუმილის უფლებასო.

ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ პროკურორი გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან, მოსამართლე გაუშვეს რაიონული სასამართლოდან. ეს ფაქტია და ამას თავად მოსამართლეც დაადასტურებს".

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს და მოსამართლეს, ვინაიდან ჯერ საბოლოოდ არ გვაქვს კონკრეტული მოსამართლის ვინაობა დადგენილი, ვერსიების დონეზე მისი დასახელებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა ამ თემაზე მუშაობას "გურია ნიუსი" აგრძელებს.

აღნიშნული ფაქტის უტყუარობას კი მცხეთის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც, ჯემალ ლეონიძეც ადასტურებს:

"მე როგორც ვიცი, როდესაც ჩინჩალაძე იყო შიდა ქართლის სამხარეო პროკურორი, სწორედ მაშინ მოხდა ეს ფაქტი. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა განცხადება, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

"პროკურორები, რომლებიც დუმილის უფლება იყენებენ, სისტემაში არ გვჭირდებაო", - ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ მაშინ გააჟღერა, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ეს ძველი ამბავია, მაგრამ ნამდვილი ფაქტია. ჩემს პროცესზე არ მომხდარა ეს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ არანაკლები მე პირადად მინახავს და მომისმენია. ეს კაცი, ანუ ჩინჩალაძე ცალკე საუბრის თემაა საერთოდ."

ინფორმაციის გადამოწმებას შევეცადეთ თავად ნინო ბურჯანაძესთანაც. როგორც მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ გაგვიცხადა, ამ ეტაპზე ნინო ბურჯანაძე საქართველოში არ იმყოფება. "გურია ნიუსი" მისი დაბრუნებისთანავე შეეცდება ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონი ნინოს კომენტარიც შემოგთავაზოთ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ ჩინჩალაძის დუმილის უფლება არა მხოლოდ მისთვის, არამედ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია:

ზაზა ხატიაშვილი: "რასაც მაშინ მოსამართლეები აკეთებდნენ, ამას ფაშისტურ გერმანიაში აკეთებდა მოსამართლეთა კორპუსი. რაც შეეხება ჩინჩალაძეს, მისი "დუმილის უფლება" ახლა გაიგო პირველად კუბლაშვილმა? ეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოხდა. მაშინ პროკურორი იყო ის მცხეთაში და გაგახსენებთ, რომ სწორედ ის პერიოდია, როცა მცხეთაში ხალხს მიწებს ართმევდნენ უმოწყალოდ. უფრო მეტსაც გეტყვით, ისიც კი გასარკვევია და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორ ჩააბარა ჩინჩალაძემ გამოცდები. ეფექტური გამოძიება რომ ჩატარდეს, ჩინჩალაძე ალბათ, პენსიას ციხეში შეხვდება. სამწუხაროდ, მთელი სასამართლო სისტემა ჩინჩალაძეებითაა სავსე და ამ ქვეყანაში სწორედ ამიტომ არის დიდი პრობლემა".

რაც შეეხება თავად უზენაესი სასამართლოს განცხადების ადრესატს, მანანა კობახიძეს, ის "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ მისი პასუხის ადრესატი ამ შემთხვევაში იყო არა იმდენად სასამართლო, არამედ ის გუნდი, რომელმაც შექმნა ასეთი სასამართლო ამ ქვეყანაში - "ნაციონალური მოძრაობა."

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩემი გამოსვლა მოჰყვა ჩიორა თაქთაქიშვილის და სხვათა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. თითქოს ჩვენ გვინდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და ეს რეფორმა, რასაც ვახორციელებთ, გვაშორებს ევროპისკენ ინტეგრაციას.

ამ უსაფუძვლო ბრალდებებზე, ცხადია, ჩვენც გვაქვს უფლება გავცეთ პასუხი. იმდენად უსაფუძვლო ბრალდებები წამოვიდა, რომ ლოგიკურია გამიჩნდა კითხვა, წინა მოწვევის და იმის წინა პარლამენტი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აკომპლექტებდა მოსამართლეებს, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ? ახლაც მაინტერესებს, რითი ხელმძღვანელობდა მაშინ პარლამენტი, როდესაც პირდაპირ პროკურატურიდან მოჰყავდათ კადრები და პირდაპირ ხდებოდა ისეთი პოლიტიკური საქმეების დაწერა მათზე, სადაც მაშინდელი ხელისუფლების ინტერესი იდო. რითი ხელმძღვანელობდნენ მაშინ, როდესაც ადამიანებს სასამართლოში დგომის გამოცდილებაც კი არ ჰქონდათ, ისეთებს პირდაპირ უზენაეს სასამართლოში ნიშნავდნენ?! ცხადია, გამიჩნდა ამაზე პროტესტი და დიახაც, ვთქვი! ხომ არავის ავიწყდება, რომ კონკრეტული მოსამართლეების საქმეები სტრასბურგშია გაგზავნილი და საკმაოდ დიდი ამბავია ატეხილი ამის გამო?

რაც შეეხება ჩინჩალაძის დუმილის უფლებას, ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც მე ადვოკატი ვიყავი, იმ პერიოდიდან ეს თემა იმდენად ყბადაღებული იყო, რომ ყველა ადვოკატი ამაზე საუბრობდა. ამას ნებისმიერი ადვოკატი დაგიდასტურებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს სხდომის ოქმში არ ჩაწერდნენ, მაგრამ თუ ვინმე ამ ამბავს ჩაეძიება, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული საქმის დადგენაც არ იქნება რთული.

ეს ფაქტი ნიშნის მოგებით არც მითქვამს, ვთქვი, როგორც სამწუხარო ფაქტი. სასამართლო რომ მიკერძოებული იყო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ამაზე უამრავი დასკვნა და ანგარიში არსებობს, რაც ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი," - განაცხადა მანანა კობახიძემ".

რედაქტორის რჩევით