"ამ ბიჭს "ფეისბუკში" დაუწერია: "ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაც"
06-05-2013
"ამ ბიჭს "ფეისბუკში" დაუწერია: "ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაც"
რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?

"იმ ბიჭმა გვანცას ქართლოს ნატროშვილთან ერთად გადაღებული სურათი ნახა და იეჭვიანა. არადა, ის ჩვენი ნათესავია"

"იმედია, აღდგომისმადლი შეგვეწევა და გადაგვარჩენს"

"გვანცა გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა"

"ახლა ჩემთვის მთავარი გვანცას სიცოცხლეა და არა ვინმეს დასჯა"


გასულ კვირას სტუდენტი გოგონას, გვანცა ადამიას ამბავმა სრულიად საქართველო ააფორიაქა. უიმედოდ შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გვანცა ადამია ხელში აიტაცა, 3-4-წამიანი შეყოვნების შემდეგ კი მესამე სართულიდან გადააგდო,
მერე გოგონას ჩანთას დასწვდა და ძირს დანარცხებულს ისიც ზედ მიაყოლა(!) (ეს ყველაფერი უნივერსიტეტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა). გვანცა სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ვანო ღონღაძე კი უნივერსიტეტის დაცვამ დააკავა და შსს-ს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩააბარა.

"ბიჭს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თვალში საცემი
იყო ის, რომ  სახეზე არაადეკვატური ღიმილი დასთამაშებდა" - უთხრეს "კვირის პალიტრას". გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და ღონღაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში გვითხრეს, გვანცა ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედოა. "კვირის პალიტრას" კი გვანცას დედა, შორენა თვალთვაძე ესაუბრა.



- როცა ვფიქრობ, რა მდგომარეობაშია ჩემი ერთადერთი შვილი, ლამის გავგიჟდე. გვანცას ფილტვები დაუზიანდა და ახლა მართვით სუნთქვაზეა, ნეკნები და მენჯის ძვლები ჩამტვრეული აქვს, ღვიძლი - გახეთქილი (ამის გამო ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა). ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გადარჩა. ისიც დიდი გამართლებაა, რომ თავი არ დაარტყა  ქვის იატაკს და ხერხემალი არ გადაუტყდა. ეს ნამდვილი სასწაულია. ღმერთმა არ გაგვწირა და ისევ მისი შემწეობის იმედი გვაქვს.

- მედპერსონალის თქმით, გვანცას შენარჩუნებული აქვს ცნობიერება, კონტაქტურია.
- კი, ყველას გვცნობს. ძირითადად, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არის, რომ ტკივილი დაუყუჩდეს, მაგრამ გამოფხიზლებისთანავე ტირის. მართვით სუნთქვაზე მყოფს აპარატი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს, არც ჩვენ ვეკითხებით არაფერს. 

გვანცა ძალიან წყნარი გოგოა. სენაკში დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო სამუსიკო სკოლა - ფრიადებზე, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის.  "საქართველოს ვარსკვლავშიც" მონაწილეობდა. ის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ვანო მისი თანაკურსელია. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ვანო საოცრად ნიჭიერი ბიჭია. მასაც ოქროს მედალზე აქვს სკოლა დამთავრებული. ერთმანეთს წიგნებსა და კონსპექტებს უცვლიდნენ და ამით დაახლოვდნენ. შეEმდეგ ვანოს გვანცა შეუყვარდა, ჩემს შვილს კი არასდროს ჰყვარებია. გვანცა ყველაფერს მიყვებოდა. ამბობდა, ძალიან მაღიზიანებს ამ ბიჭის დევნა და ყურადღებაო. მახსოვს, 19 აპრილს დაურეკა ვანომ და გვანცა ეჩხუბა, უთხრა, თავი დამანებე, ნუ დამდევ და ჩემი სახელი არ ახსენოო.

ძალიან შეწუხებული იყო, რომ ვერ იშორებდა. მითხრა, სახლიდან გავალ თუ არა, იქვე მხვდება, სადმე მივდივარ და უკან მომყვება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღედაღამ მითვალთვალებს. ბოლო დროს კი მისი თვალები არ მომწონს, რაღაცნაირი მზერა აქვს, მეშინიაო.

ჯერ ვიფიქრე, ნათესავ ბიჭებს ვეტყვი და იქნებ დაელაპარაკონ ვანოს-მეთქი. მერე შევშინდი, უფრო არ გაღიზიანებულიყო და გვანცასთვის რამე არ დაეშავებინა. მაგრამ ამას ვანოსგან ვერც კი წარმოვიდგენდი. უფრო მოტაცებაზე ან რამე ასეთზე ვფიქრობდი.

- ე. ი. გვანცა გრძნობდა, რომ ვანო რამეს დაუშავებდა?
- კი, გრძნობდა მოსალოდნელ საშიშროებას. ბოლოს გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი და ისიც კი მითხრა, დედა, უნივერსიტეტში გამყევი, ვანოც იქ იქნება და არ მინდა, დამელაპარაკოსო. მართლაც გავყევი. გამოცდაზე შევიდა თუ არა, ვანოც მალევე გამოჩნდა. მანამდე ნანახი არ მყავდა, "ფეისბუკზე" მისი გვერდი დავათვალიერე და მხოლოდ ერთადერთი სურათი იდო. ეს ცოტა უცნაურად კი მეჩვენა, რადგან მათ თანატოლებს ძალიან უყვართ ფოტოების ატვირთვა, მაგრამ ვანო სხვანაირი ბიჭია... სხვათა შორის, რიცხვების დამახსოვრების საოცარი უნარი აქვს, სულ ზეპირად იცის, რომელ გვერდზე რა ეწერა კონსპექტსა თუ სახელმძღვანელოში... მოკლედ, ვანო უნივერსიტეტში მოვიდა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. "მგონი, ჩვენ ერთ ადამიანს ველოდებით", - მითხრა მან. "რა გინდა, რატომ გადაეკიდე ჩემს შვილს, ხომ ხედავ, არ უყვარხარ, დაანებე თავი და ყურადღება რომ მოაკლდება, იქნებ შეუყვარდე კიდეც", - ვუთხარი მე. "თქვენ გვანცამ ჩემ გამო გთხოვათ, რომ უნივერსიტეტში გამოჰყოლოდით? დამშვიდდით, ჩემგან მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება!" - მომიჭრა ვანომ. მერე, როგორც ჩანს, ტვინი აერია და რამდენიმე დღეში ეს უბედურება დატრიალდა.

- როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ უბედურების მიზეზი?

- რა ვიცი, ასეთი ეჭვიანობა შეყვარებულზე ან ცოლზე უფრო გამიგია, მაგრამ ვანო გვანცასთვის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო. ჩემი ქალიშვილი ბევრს მოსწონდა. ვფიქრობ, ვანო ფსიქიკურად ჯანსაღი არ არის, თორემ ასეთ რამეს არ გააკეთებდა. ალბათ, ამას გვანცაც ამჩნევდა და იმიტომ ამბობდა, მისი თვალები არ მომწონსო. ერთხელ გვანცა თავისი დეიდაშვილის დაბადების დღეზე იყო, მიშას პაროდიის შემსრულებელ ქართლოს ნატროშვილთან ერთად გადაიღო სურათი და "ფეისბუკის" გვერდზე განათავსა. ვანომ ეს ნახა და იეჭვიანა. არადა, ქართლოსი ჩვენი ნათესავია. უფრო სწორად, გვანცას ბიძაშვილის დეიდაშვილი. ამაზეც მოუვიდათ კამათი. გვანცამ ვანოს უთხრა, ქართლოსი ჩემი ნათესავია, შენ მაინც არავინ გეკითხება, ვისთან გადავიღებ ფოტოს და ვისთან - არაო.

"ბიძაშვილის დეიდაშვილი სადაური ნათესავიაო!" - არ ცხრებოდა თურმე ვანო. უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე კი ამ ბიჭს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაუწერია: "ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაც". ეს სხვებმა მითხრეს, თავად არ მინახავს, თორემ იმ ავბედით დღესაც გავყვებოდი გვანცას უნივერსიტეტში. იქნებ ჩემი შვილი ამ ჯოჯოხეთური ტკივილისა და ტანჯვისგან მეხსნა.

- გამოძიებამ თუ ნახა "ფეისბუკზე" ვანო ღონღაძის ეს ავის მომასწავებელი სტატუსი?
- ალბათ, არა. იმიტომ, რომ შემთხვევა მოხდა თუ არა, ვანო ღონღაძის "ფეისბუკის" გვერდიც მალე გააუქმეს. ახლა თქვენ იქ ვეღარაფერს ნახავთ, ვერც მის ერთადერთ ფოტოს და ვერც სტატუსებს...   
ამ ბიჭს ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. დედამისი ტირილ-ტირილით მოვიდა საავადმყოფოში გვანცას სანახავად, მითხრა,  არაფერი ვიცოდი და ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდიო. თქვენ რა შუაში ხართ, თქვენი რა ბრალია-მეთქი, დავამშვიდე. არადა, მისმა შვილმა ჩემი ოჯახი დასაქცევად და ამოსაწყვეტად გაიმეტა. მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი გვანცას სიცოცხლეა, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და არა ვინმეს დასჯაზე.

- გვანცა "ფეისბუკზე" ხშირად აზიარებდა პატრიარქის ფოტოებს. მორწმუნეა?

- კი, ისეთივე მორწმუნეა, როგორიც ყველა ქართველი. სულ ვლოცულობ, რომ გვანცას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაურთულდეს... იმედია, აღდგომის მადლი შეგვეწევა და გადაგვარჩენს.
nan
14 მაისი 2013 01:24
უფალი გფარავდეს გვანცა
qqq
11 მაისი 2013 10:24
როგორაა ეს გოგონა?ყველაფერი ხომ რიგზე აქ?
roma
08 მაისი 2013 21:57
უკეთესად არის ღვთის მადლით, საბედნიეროდ თავი არ დაურტყამს და მადლობა ღმერთს რომ გადარჩა.

იმედი მაქვს ყველაზე ცუდი უკვე უკან დარჩა საბოლოოდაც მალე გამოჯანმრთელდება.

რედაქტორის რჩევით