"პროკურორების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შემოსულია საჩივარი"
06-05-2013
"პროკურორების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შემოსულია საჩივარი"
უკვე ათასზე მეტი საჩივარია შესული მთავარ პროკურატურაში მოქმედი პროკურორების წინააღმდეგ. სისტემაში მომუშავე 437 პროკურორიდან უმრავლესობის, 330-ზე მეტის დასჯას მოქალაქეები მოითხოვენ. მათ კონკრეტულ დანაშაულებში ამხელენ და ახალი ხელმძღვანელობისგან სამართლის აღდგენას ელიან. უამრავი საჩივრის მიუხედავად, ისინი საპროკურორო საქმიანობას ისევ განაგრძობენ, მეტიც, რამდენიმე, სისტემიდან წასული, ისევ უკან დააბრუნეს(!).

მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და იუსტიციის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი მადონა ღიბრაძე:


- საჩივრების რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. თითქმის ყველა საქმეში მოხსენიებულია, რომ
ზეწოლა მოახდინა პროკურორმა...

- რამდენი პროკურორის წინააღმდეგ აღიძრა საქმე?
- 18 საქმეზე გვაქვს გამოძიება დაწყებული უფლებამოსილების გადამეტების გამო, თუმცა ჯერ არც ერთი პროკურორის ს
ამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით პროკურორ ჯავახიშვილს. მას აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი ფორმა შეფარდებული არა აქვს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადავაყენეთ. ამ საქმეზე ვადის გაგრძელება მოვითხოვეთ, რადგან ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს ე.წ. ცოცხალ-მკვდარ პირს. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბახუტოვის საქმეზე გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორებთან შეთანხმებული იყო. დადგება თუ არა მათი პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილებას საქმის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ მივიღებთ.

- საჩივარი არ არის პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი?
- სამართლებრივი დევნა რომ დავიწყოთ, ან დისციპლინური სამართალწარმოება, გაცილებით მეტი მტკიცებულება უნდა გვქონდეს, თუმცა ყველა საჩივარზე მიმდინარეობს მუშაობა. განხილვა მალე დამთავრდება და გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა უნდა მიიღოს. ბევრი პროკურორი არ დაგვიკითხავს, როცა საქმე გამოძიებაში წავა, მაშინ დავკითხავთ.

- პროკურორების საჩივრებზე მოკვლევას 12-კაციანი ჯგუფი აწარმოებს. მაშინ ითქვა, რომ ეს კადრები სტაჟიორებიდან შეირჩნენ.
- ჯგუფის შექმნა საჩივრების რაოდენობამ განაპირობა. როგორც წესი, ამ კატეგორიის საჩივრებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია უნდა სწავლობდეს, მაგრამ მათ სამი გამომძიებელი ჰყავთ, ბევრი საქმე აქვთ და ბატონი არჩილის ინიციატივით ეს ჯგუფი ჩვენთან შეიქმნა. ჯგუფის წევრები, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალიან დაკვირვებულები და ენერგიულები არიან.

- "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ყოფილი პატიმარი თამარ ჩიკვაიძე პროკურორ მანუჩარ ქაჯაიას ამხელდა ზეწოლასა და მუქარაში. ქაჯაია ახლახან აღადგინეს სისტემაში. როგორც ვიცით, ჩვენს სტატიას რეაგირება მოჰყვა და მოკვლევა დაიწყეთ, რა სტადიაზეა ეს საქმე?
- ვერ გიპასუხებთ, ეს კადრების სამმართველოს პრეროგატივაა, მთავარი პროკურორი იღებს დანიშვნის გადაწყვეტილებას. ჩვენ გავესაუბრეთ თამარ ჩიკვაიძეს და მის განცხადებას განვიხილავთ. ეჭვი არ მეპარება ქალბატონი თამარის გულწრფელობაში, მაგრამ რომელს დავუჯერო, პროკურორს თუ ქალბატონ თამარს? ამ შემთხვევაში სხვა მტკიცებულებებით უნდა გავამყაროთ განცხადება, ამას კი დრო სჭირდება.  
- ამ მიდგომით ბევრს გაუჭირდება სიმართლის დამტკიცება. ბუნებრივია, როცა ადამიანი დაკავებული ჰყავდათ, ის პროკურორთან საუბარს ვერ ჩაიწერდა, როგორ უნდა დაამტკიცოს ეს?
- პროკურორების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შემოსულია საჩივარი, მაგრამ თუ არ გვექნა საფუძველი, ვერ გავათავისუფლებთ. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა შენს კოლეგას ბრალს უყენებ.

- თუ გაქვთ ისეთი განცხადება, სადაც აშკარად იკვეთება პროკურორების ბრალეულობა?
- არის რამდენიმე საქმე, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ეხება. გამოძიება თითქმის ამოწურულია. ყველას ვერ დავითხოვთ, არც იმის მჯერა, რომ 330-ვე პროკურორი, რომლებსაც უჩივიან, გარეული იყო კანონდარღვევაში. ამას შეფასება სჭირდება.  სამართლიანობა ერთ დღეში, ვერც ერთ წელიწადში ვერ აღდგება. ყველა განცხადებას პირადად ვკითხულობ. ყველას სატკივარი არის ჩემს გულში...

- ადრე მოსამართლე იყავით, მაგრამ ვადაზე ადრე შეგიწყვიტეს უფლებამოსილება. რა მიზეზით?
- 2009 წელს მეწურებოდა მოსამართლეობის ვადა, მაგრამ 2005 წელს რამდენიმე მოსამართლე გაგვიშვეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ლიკვიდაცია გამოცხადდა, არადა, მხოლოდ სახელი შეუცვალეს, სააპელაციო სასამართლო დაარქვეს...

- თქვენი გათავისუფლება რომელიმე საქმეს ხომ არ უკავშირდებოდა?
- არ ვიცი... როცა გამოცდები ჩავაბარე, იმდენად თვალში მოსახვედრი იყო ჩემი ქულები, სააკაშვილმა პიარისთვის გამოიყენა. მერე მიუღებელი გავხდი. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ჩემზე ზეწოლას ახდენდა იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე. საქმე ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ძმას ეხებოდა, არ მინდა ვინაობა დავასახელო, მაგრამ ვამბობ, ცერცვაძის ზეწოლის მიუხედავად, ობიექტური გადაწყვეტილება მივიღე და ამ ამბიდან ერთ თვეში აღმოვჩნდი რეზერვის მოსამართლეთა სიაში... გავასაჩივრე და დღესაც ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას.

თეა ხურცილავა
ლეილა
17 მაისი 2013 17:55
მოგესალმებით,სამი წელია უკვე ვდავობ ბებიაჩემის ნაკვეთზე,რომელიც ყალბი დოკუმენტებით იქნა გადაფორმებული სხვა პირზე და შემდეგ გასხვისებული.და ისე მოხდა, რომ მე 5 წლის შემდეგ გავიგე.განცხადებით მივმართე პროკურატურას,მაგრამ გამოძიება არაობიექტურად წარიმართა,რადგან მთავარი დამნაშავე არ დასაჯეს, ვინაიდან ის ხმებს უგროვებდა არჩევნებზე ნაციონალებს.მე არაერთი განცხადება შემოვიტანე ორივე ხელისუფლების დროს,მაგრამ რეაგირება არც ერთის დროს არ ყოფილა,უარესიც,ახალი ხელისუფლების დროსაც ისევ იმ პროკურორს გადაეგზავნა ჩემი განცხადება,ვისაც ვუჩიოდი,კერძოდ, მარნეულის პროკურორს გიორგი კაკულიას და მის თანაშემწეებს ლევან ლაზარაშვილს და სოსო სალთხუჩიშვილს.ჩემს საქმეს დიდი გამოძიება არ სჭირდება,ყალბი დოკუმენტებითაა საქმე სავსე.ახლა ბოლო განცხადება თქვენს სახელზე შემოვიტანე 2013 წლის 29 აპრილს,მაგრამ უკვე იმედი გამიცრუვდა. თქვენ არ გჯერათ,რომ 300-ზე მეტი პროკურორი გარეულია კანონდარღვევაში,მაშინ გამოდის,რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ტყუილად ადებს მათ ხელს და ცრუობს. ამის გჯერათ?
მე
08 მაისი 2013 22:05
მოგესალმებით ყველას !!! ვისაც თსუ-ში მისაღები გამოცდები ჩაგიბარებიათ 80-იან წლებში (ვგულისხმობ წერით გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში) იყო წერითი ნამუშევრების გასწორების წესი - დაშიფვრის მეთოდით - როდესაც გამსწორებელმა არ იცის ვისი ნაწერი დევს მის წინაშე (თუკი არ ჰქონდა რამე პაროლი) შესაფასებლად, ფასდებოდა ნამუშევარი და შემდეგ კი ცნობილი ხდებოდა მისი ავტორი! ამიტომ შემოსული საჩივრები განიხილეთ როგორჩ კაზუსები გვარების გარეშე და ეს იქნება ობიექტური გადაწყვეტილება იმ პროკურორისადმი ვისაც უჩივის ესა თუ ის უკმაყოფილო ადამიანი. ისე აქვე მინდა გითხრათ , რომ ყველა ერთი ადამიანის მითითებას ასრულებდა და ეს იყო პირველი ნიშანი არაპროფესიონალიზმისა!, და აქვე გირჩიოთ - რად გინდათ ასეთი რობოტი პროკურორები საერთოდ? მიიწვიეთ მღალი დონის ე.წ. ა ი ტ ი შ ნ ი კ ე ბ ი და თავბრუდამხვევი წარმატებები გექნებათ )))
ლია
07 მაისი 2013 20:57
ქალბატონო მადონა მოგესალმები. გაოცებული დავრჩი პასუხით,რომელსაც ამდენი ხანი ველოდებოდი დიდი იმედით,სამწუხაროდ ეს იმედი და ოცნება იმისა, რომ რაღაცა შეიცვლებოდა უსამართლობის და უკანონობის წინააღმდეგ დარჩა ოცნებად,ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი,კეთილსინდისიერ შემძენს,ჩემთვის უცნობი პიროვნების ინგა აღნიაშვილის განაჩენის საფუძველზე წამართვეს ნაყიდი საქონელი,როგორ წარმოგიდგენიათ ქონებას გართმევდნენ ისე რომ არანაირი სტატუსით არ დაგიბარონ არსად?არა არის ეს ყაჩაღობა? მეტი რა დანაშაული უნდა ჩაედინა ჯერანაშვილს,იარაღით თუ არ დამადგა უიარაღოდაც კარგად გამანადგურა არა მარტო მე ჩემი შვილებიც,ბავშვმა რომელმაც სკოლა დაამთავრა მედალზე,არის წარჩინებული სტუდენტი,იმის გამო რომ დღეს არა მაქვს მატერიალური საშუალება იძულებულია უამრავ შეთავაზებაზე თქვას უარი, კარგად მოგეხსენებათ ფინანსური დახმარებაც სჭირდებათ, იმდენად ვარ გამწარებული,მიუხედავად იმისა რომ ყველანაირი იმედი გადამეწურა,არ გავჩერდები სანამ არ დავადგენ ჩემს სიმართლეს თუ როგორ უკანონოდ წამართვეს ქონება,,გამოვიყენებ პროტესტის ყველა ფორმას, კანონის ფარგლებში. მე პირადად დიდ ბოდიშს გიხდით,ჩემი ემოციებისათვის.პატივისჩემით ლია გუჯეჯიანი.

რედაქტორის რჩევით