"მძღოლს ვაგინებდით და კაპოტზე ხელს ვურტყამდით" - კვირის პალიტრა

"მძღოლს ვაგინებდით და კაპოტზე ხელს ვურტყამდით"

"ვფიქრობ, არასწორად გაიგეს, რა სურდა შს მინისტრს"

"მძღოლს ვაგინებდით და კაპოტზე ხელს ვურტყამდით"

პირველი მაისის საპროტესტო აქციის დარბევას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ძირითადად კი მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილეებისა და პოლიციის დაპირისპირება იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების გავლენით მოაზროვნეთა ინერციული ქმედება - სტუდენტებს სძულდათ პოლიცია სააკაშვილის დროს, სამართალდამცველები კი დაგეშილი იყვნენ აქციის დასარბევად. როგორც ჩანს, ვერც ერთმა მხარემ თავი ვერ დააღწია ძველ ჩვეულებას და მსოფლიოს მშრომელთა სოლიდარობის გამოსახატავად გამართული მშვიდობიანი აქცია საპროტესტო მანიფესტაციად იქცა.

სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელი გიორგი გაბელაია: - არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ გვქონია მიზნად. საპროტესტო რა უნდა გვქონოდა, როდესაც პარლამენტში ახლა შედის შრომის კოდექსი განსახილველად? მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ მემარცხენეები ვართ, პარტიებთან და კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს და წარმოუდგენელია ვიფიქროთ, რომ ჩვენს ინიციატივას ბლოკავენ. პირიქით, რადგან ზემო ინსტანციებში აქტიურად განიხილავენ სოციალურ თემებს, ჩვენი მიზანი იყო, ასეთი საკითხები ქუჩაში, ხალხთან ერთადაც განხილულიყო. ჩვენი ჩანაფიქრი იყო სამოქალაქო ცნობიერების გააქტიურებისკენ მოწოდება. თუ საპროტესტო ქმედებად ვინმე იმას თვლის, რომ სტუდენტებმა ბანკებისა და რამდენიმე კომპანიის ოფისების კედლებზე წარწერები გააკეთეს, ეს ახალგაზრდული სითამამეა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კომპანიები, ბანკები და ფარმაცევტული ფირმები მართლაც ამძიმებენ მოსახლეობის სოციალურ ყოფას. თუ ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ?

- ალბათ სხვისი ქონება არ უნდა დაგეზიანებინათ და არაფერი მოხდებოდა. რა უნდა მოხდეს, რომ მომავალი წლის პირველ მაისს საპროტესტო აღარ გქონდეთ?

- ადამიანი 8 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, უნდა ჰქონდეს კარგი ხელფასი, კარგი პირობები, უფროსს არ უნდა შეეძლოს თანამშრომლების დათხოვნა გაუმართლებელი მიზეზით. გაუგებარია, როდესაც ჩვენ და ხელისუფლება ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, რას გვერჩის პოლიცია, რატომ დაგვიპირისპირდა?

- ვიდეომასალა ორივე მხარემ გაავრცელა, მაგრამ ამ კადრებით ძნელია დამნაშავის პოვნა. იქ პროვოკატორებიც ჩანან...

- კულუარული ინფორმაციით, აქციის დროს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ყოფილა ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც იმყოფებოდა შს მინისტრი და თითქოს მას არ სურდა მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარება ყოფილიყო.

ვფიქრობ, ვიღაცამ არასწორად გაიგო, რა სურდა მინისტრს. სამოქალაქოფორმიანი პოლიციელების უტაქტო შენიშვნებს ჩვენებმაც უპასუხეს და მერე ეს ხელჩართულ დაპირისპირებად იქცა.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პოლიციამ ბრძოლა გაგვიმართა, მოხდა გაუგებრობა.

- კადრებში ჩანს, რომ თქვენი წარმომადგენლები აგინებენ მძღოლებს, რომლებიც მანქანებს არ აჩერებენ...

- ერთი მანქანა გოგონას დაეჯახა და მას ფეხიდან სისხლი წამოუვიდა. ამან გამოიწვია ჩვენი პროტესტი, მძღოლს ვაგინებდით და კაპოტზე ხელს ვურტყამდით. პოლიციამ ამის აღკვეთა მოინდომა, მერე კი აგრესიის შეკავება შეუძლებელი გახდა.

- წინა ხელისუფლების დროინდელი ცნობიერებით ინერციული სვლა - ასე შეაფასა საზოგადოების  ნაწილმა მომხდარი. ანუ სტუდენტებს ძველი ხელისუფლების დროს დაგროვილი აგრესია ამოძრავებთ, პოლიციას კი საკუთარ ჩვეულებასთან გამკლავება უჭირს.

- სამწუხაროდ, პოლიციაში კიდევ არიან ადამიანები, ვინც ძველებურად აზროვნებენ, თორემ როგორც უკვე გითხარით, ჩვენ არ გვგონია, რომ მინისტრისგან ჰქონდათ დავალებული, ხალხს სადარბაზოებამდე მისდიეთ და თავში ურტყითო.

- ახლა რომ გამართოთ ასეთივე აქცია, რას გააკეთებდით სხვაგვარად?

- მედიას ვთხოვდით, რომ მნიშვნელოვანს გვერდზე ნუ დატოვებს და უმნიშვნელოს ნუ გახდის ყურადღების ღირსად, თუნდაც იმას, რა იყო წაწერილი ბანკებსა და სხვა შენობებზე. მთავარი იყო ბანერი, რომელიც უნივერსიტეტთან გამოვფინეთ: "თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!" იმ ალიაქოთში მთავარი თემა დაიკარგა. ჩვენი მიზანი არ იყო პოლიციასთან შეტაკება.

იმედი გვაქვს, შსს დაიწყებს ტრენინგებს პოლიციის მანერების დასახვეწად. ჩვენ კიდევ მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა და ალბათ, პოლიციელებთან ურთიერთობაც... თავის დროზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაო. ჩვენც აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს და საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მით უფრო - პოლიციას.

მომხდართან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სტუდენტების დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია ქაოსურ აქციად იქცა. "საქართველოს მთავრობა სტუდენტების აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მიესალმება, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონის დაცვის ვალდებულება აკისრია. პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქციის მონაწილე რამდენიმე პირი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ჩვენ გვაქვს კადრები, რომ შემხვედრ მძღოლს სრულიად უმიზეზოდ ავტომანქანა დაუზიანეს, რამდენიმე პირის დესტრუქციული ქმედება კი მოგვიანებით მთელ მასას გადაედო. ყველას უნდა ახსოვდეს თავისი ვალდებულება, დაიცვას კანონი"," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.