"სექსუალური შანტაჟი" ჟურნალისტის "დასავერბოვკებლად" - კვირის პალიტრა

"სექსუალური შანტაჟი" ჟურნალისტის "დასავერბოვკებლად"

თედო ჯორბენაძე: "მიმანიშნეს, რომ ფოტოზე, შიშველ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი მე ვიყავი..."(!)

"მე ვარ "ბათუმელები", - ასეთი შეფასებები ინტერნეტქსელში ამ დღეებში გამოჩნდა. ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გაზეთ "ბათუმელებს" და ასე მიანიშნეს, თუკი დამოუკიდებელ მედიას ებრძვით, მაშინ ჩვენი დაშინებაც მოგიწევთო.

აჭარაში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთი "ბათუმელები" შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომელთაგან დაშინების, შანტაჟის მცდელობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს აპროტესტებს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიმართავს მხარდაჭერისთვის.

ცოტა ხნით ადრე კი გაზეთში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც არაერთი საყურადღებო სტატია შესთავაზა მკითხველებს. საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ამავე გაზეთის რედაქტორის მოადგილე  თედო ჯორბენაძეა...

"ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ თედო ჯორბენაძეს რედაქციის შენობასთან მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს:

- მითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და განყოფილებაში გაყოლა მთხოვეს. მანქანაში ძალით მიპირებდნენ ჩასმას, მაგრამ ავუხსენი, რომ საქმიანი შეხვედრა მქონდა და 10 წუთში თავად მივიდოდი, - იხსენებს თედო ჯორბენაძე, რომელიც მოგვიანებით გრიბოედოვის ქუჩაზე, ყოფილი უშიშროების შენობაში გაზეთის ხელმძღვანელებთან ერთად მივიდა. მანამდე ჯორბენაძეს სოდელმა, ვინმე დავითმა დაურეკა და შეხვედრის დაპირება შეახსენა (ეს ტელეფონი მას შემდეგ გამორთულია. - ავტ.).

თედო ჯორბენაძეს უშიშროების ყოფილ შენობაში ხელმძღვანელებთან ერთად შესვლის ნება არ მისცეს.

თედო ჯორბენაძე: - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ვინმე "ბატონმა დავითმა" ამიხსნა, რომ გაზეთ "ბათუმელებით" დაინტერესებული არიან რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურები, ამიტომ შენი თანამშრომლობა გვჭირდება. თუ არ  დაგვთანხმდები, გვაქვს ფოტოები, რომლის ხილვაც არ მოგეწონება. ამ ფოტოებს ინტერნეტშიც ჩავტვირთავთ, შენი ოჯახის წევრებსაც გავუგზავნით და რედაქციის თანამშრომლებსაცო.

- რა ფოტოები იყო?

- პრინტერზე ამობეჭდილ შავ-თეთრ ფოტოებზე შიშველი მამაკაცები იყვნენ გამოსახული. მიმანიშნეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავი(!). ავუხსენი, ასეთი ფოტოების მონტაჟს რამდენიმე წუთი თუ დასჭირდება-მეთქი და რომ ამით ჩვენს დაშანტაჟებას ვერ შეძლებდნენ.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები გაზეთის მთავარ რედაქტორ ეთერ თურაძესა და გაზეთის გამომცემელ მზია ამაღლობელსაც შეხვდნენ. რედაქტორებს "აუხსნეს", რომ "უნამუსო" თანამშრომელი ჰყავთ რედაქციაში, რაზეც გაზეთის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ არავის მისცემს თავისი თანამშრომლის შეურაცხყოფის უფლებას. ეთერ თურაძემ სპეცსამსახურის იმ თანამშრომელს, რომელმაც ვინაობა არ გაუმხილა, ჰკითხა, იყო თუ არა აღძრული საქმე თედო ჯორბენაძის საქმეზე. პასუხი ასეთი იყო: - არა, საქმე აქ ღირსებას ეხება!

- ნებისმიერი ფოტო თუ ვიდეოკადრის მომზადებას რამდენიმე წუთი სჭირდება. ესეც რომ არ იყოს, საბედნიეროდ, ნებისმიერი მოქალაქის პირად ცხოვრებას კანონი იცავს. მეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ საბჭოთა კავშირი, როცა კა-გე-ბე სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებდა მოქალაქეების "დასავერბოვკებლად". "თუ ხალხს არ ექნება რეაქცია იმ ძალადობაზე, რაც ჩვენს ჟურნალისტებთან გამოიჩინეს, ადრე თუ გვიან, ის ყველას შეეხება", - განაცხადა გაზეთ "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ბათუმელების" ჟურნალისტთა დაშანტაჟება პირველად არ უცდიათ, მაგრამ სამართალდამცავებს დღემდე არც ერთი შემთხვევა არ გაუხმაურებიათ. მეტიც, ამავე გაზეთის ჟურნალისტ ნათია როყვას გატაცების ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა. გამოძიების დაწყების თხოვნით თედო ჯორბენაძემ მაინც მიმართა აჭარის პროკურორ გიზო უგლავას. საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა. რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური  დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ინტერვიუში განაცხადა:

- შანტაჟის ნიშნები აშკარაა. ვინც ეს ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება. ამ საქმეზე მუშაობენ, თანამშრომლობენ გაზეთის ხელმძღვანელობასთან. იმედია, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ იყვნენ ის პირები და რა ინტერესი ჰქონდათ. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

"ბათუმელებს" იმედი არ დაუკარგავთ, რომ იქნებ ახლა მაინც დაადგეს გამოძიება სწორ გზას და გაირკვეს, რატომ დასჭირდათ გაზეთის თანამშრომლის ბინძური და აბსურდული ბრალდებით დაშანტაჟება.