"ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა" - კვირის პალიტრა

"ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა"

რატომ გაიყო ვანო მერაბიშვილის და ბიზნესმენ გელა ბარკალაიას გზები?

"ეს მთავრობა რომ არ მოსულიყო, მთელი ქვეყანა განწირული იყო"

"2009 წელს საგადასახადო ისე შეამოვიდა, თითქოს ბინ ლადენთან ვყოფილიყავით შეკრულები"

"გიგი უგულავამ ის მიწაც წამართვა, სადაც ჩემი ფირმის ოფისი მდებარეობს"

"მათე მოტორსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გელა ბარკალაია იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. ისიც ამაყობდა ნაციონალებთან მეგობრობით, მარშალ გელოვანის გამზირზე, საკუთარ ოფისთან, ყვავილებით ხუთიანიც კი ამოატვიფვრინა. ერთ დღეს მისი და ძველი მეგობრების გზები გაიყარა. ბარკალაია დააკავეს და სოლიდური თანხა გადაახდევინეს.

გელა ბარკალაია: - უცხოეთიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ავტომობილები შემოგვყავდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვქონდა ფილიალები და ბიზნესი გამართული იყო. სახელმწიფო მანქანების 99%-ის შეკეთებაც ჩემს ფირმაში ხდებოდა.  არც ვანო მერაბიშვილსა და არც ერთ პოლიციელს არასოდეს უთქვამს, საბურავს უფასოდ წავიღებ, ან მანქანა უფასოდ გამირეცხეო. 5 000-მდე მანქანას ვემსახურებოდი, აქედან 50% "პიკაპის" ტიპის მანქანები იყო, რითაც სპეცრაზმი გადაადგილდებოდა.

6 წელი გრძელდებოდა ასე. 2009 წელს კი საგადასახადო ისე შემოვიდა, თითქოს ბინ ლადენთან ვყოფილიყავით შეკრულები.

- არ წახვედით მეგობარ მინისტრთან სიტუაციის გასარკვევად?

- ვანოს მოადგილესთან, შალვა ჯანაშვილთან მივედი და ვუთხარი, გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. დამპირდა, გავარკვევო. მესამე შეხვედრაზე გამომიცხადა, ჩემთან არ მოხვიდეო. ამ დავაში 500 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მერე კიდევ დაამატეს და 800 000-მდე ავიდა. სიტუაციის გასარკვევად ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან მივედი, მითხრა, წესიერად გემუშავაო. Aარადა, ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე  მითხრა, შენნაირი გადამხდელი არ მყავსო. ამ საუბარს მოჰყვა მასთან დაპირისპირება და თანხაც მილიონამდე ავიდა. არ გადავიხადე. ბაინდურაშვილის ხალხი მეუბნებოდა, ხმაური არ ატეხო და ისე მოგიგვარებთ ყველაფერს, ოღონდ ვანომ და ადეიშვილმა არ გაიგონო. მეხუთე დღეს მოვიდა მათი წარმომადგენელი და მითხრა, ყველაფერი მოგვარებულია და სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ცალი "ნისან კაშკაი" საჩუქრად გადაეციო (60 000 ლარის ღირებულების). ჩემი წარმომადგენელი გავუშვი რუსთავში მანქანის გადასაფორმებლად, თურმე მთელი გენინსპექცია იქ დახვდა. უთხრეს, ამ დოკუმენტს მოაწერე ხელიო, ისიც ადგა და მოაწერა, ბეჭედიც დაარტყა. მოკლედ, მოტყუებით მოაწერინეს ხელი. აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტით მანქანა კერძო პირს, ფინანსურის ერთ-ერთ თანამშრომელს ვითომ აჩუქა.

- ანუ ქრთამის მიცემაში გადანაშაულებდნენ?

- მივხვდი, დაჭერას მიპირებდნენ და საავადმყოფოში დავწექი. 15 დღე ვიწექი ჩაფიძის კლინიკაში. იქიდან გამოსული სამსახურში რომ მივედი, იქაურობა გავსებული დამხვდა ძალოვანებით. დამაკავეს ქრთამის მიცემის ბრალდებით.

მოდულის შენობაში რომ გადამიყვანეს, ხელბორკილები არ დაუდიათ. ნორმალურ საკანში შემიყვანეს, ექიმი რომ დამჭირდა, მომიყვანეს. ჭამა ვის უნდოდა, თორემ ყველაფერი შემოატანინეს. ორმა ახალგაზრდამ აღმკვეთის შესაფარდებლად მანქანით სასამართლოში გადამიყვანა, გზად გადაუხვიეს, ხაჭაპური და "კოკა-კოლა" მიყიდეს, მამშვიდებდნენ, ახლა თქვენი შვილი სასამართლოში დაგხვდებათ, ხელბორკილით რომ გნახოთ, ინერვიულებს, ამიტომ ისე დაგადებთ, რომ არ დაგინახოსო. მოკლედ, პატიმრობა მომისაჯეს. ჩემი შვილიც შემახვედრეს, მაშინ მათე პატარა იყო. ჩემს ფირმას მისი სახელი ჰქვია.

- გლდანის ციხეში როგორ გექცეოდნენ?

- თავაზიანად. მე-8 საპყრობილის დირექტორმა მელაძემ მოადგილეს უთხრა, დიდი ხანი არ დარჩება ციხეში და გადაიყვანეთ იმ კამერაშიო, ანუ  განსაკუთრებულ საკანში, სადაც 5 კაცი დამხვდა: ჩაქვის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მაისური მაჩუქა, რუსთავის პოლიციის ყოფილმა უფროსმა წინდები, აეროპორტის მესაზღვრეების ყოფილმა უფროსმა - პირსახოცი. ყველაფერი ჰქონდათ - საჭმელი, საპონი, ქაღალდი. მეხუთე დღეს მოვიდა გამომძიებელი და მითხრა, გაუგებრობა მოხდა, აღიარე ქრთამის მიცემა და გაგიშვებთო. არ ვაღიარე, ვფიქრობდი, მორიგ პროვოკაციას მიწყობდნენ. წაყენებული მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. გამომძიებელი ყოველდღე შემოდიოდა და მეხვეწებოდა, ხელი მოაწერე, არც მერაბიშვილს უნდა შენი დაჭერა და არც ადეიშვილსო.

- როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილის ბრძანება იყო თქვენი დაკავება?

- ვფიქრობ, ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა. ერთ დღეს სანადიროდ ყოფილან. ვანო თურმე გაეხუმრა, ასე ახლოს რომ ხარ ბარკალაიასთან, წილში ხომ არ ჩაგსვაო. ჯანაშვილს ამ სიტყვების შეეშინდა, სამსახურში აგენტი ჩამისვა, რომ ინფორმაცია გაეტანა, მერე ვანოს ტყუილი უთხრა, თითქოს ნახმარი ზეთი ჩავასხი პოლიციის მანქანაში. დღესაც ვამბობ, მერაბიშვილი არ დამიჭერდა, ის შეცდომაში შეიყვანეს. მე მისთვის არასოდეს მიღალატია.

- საპროცესო რა თანხა დაგიჯდათ?

- "ტოიოტას" მარკის 10 პიკაპი მოგვთხოვეს, არ მყავდა და "ტოიოტას" ცენტრიდან იყიდეს ჩემებმა. თითო 27 000 დოლარი ღირდა. საპროცესოში 5 000 ლარი გადამახდევინეს.

ციხიდან რომ გამოვედი, საქართველოდან წასვლა დავაპირე.  ბიზნესის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ  ხუთი წელი პირობითი მომცეს და ქვეყნიდან ვერ გავიდოდი. მერე ეს სასჯელიც არჩევნებამდე თვითონ მომიხსნეს.  დაახლოებით 10 მილიონამდე ზარალი მივიღე და ფირმა დღეს მხოლოდ 1 პროცენტით მუშაობს.

ბოლოს მთელი სისტემა ვანოს წინააღმდეგ მუშაობდა. პრეზიდენტს ძმები ახალაიების აზრი უფრო აინტერესებდა და სწორედ ისინი ებრძოდნენ ვანოს. მეგის ქარდავამ ერთხელ მანქანის წართმევა დამიპირა, ვანოს შევატყობინე და პასუხი მოსთხოვა. მერე გიგი უგულავამ ის მიწაც წამართვა, სადაც ჩემი ფირმის ოფისი მდებარეობს. აქ ხიდი უნდა გავიდესო, ბევრი ვიდავე და საბოლოოდ "გუდვილთან" 800 000 დოლარის ღირებულების მიწა მიყიდეს.

საჩივარი შეტანილი მაქვს პროკურატურაში, თუ ქონებას არ დამიბრუნებენ, გავაკეთებ განცხადებას და წავალ საქართველოდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს სამართლიანობისთვის. ეს მთავრობა რომ არ მოსულიყო, მთელი ქვეყანა განწირული იყო.