"ჩვენი ღირსება და მომავალი ჩვენს ხელშია" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ღირსება და მომავალი ჩვენს ხელშია"

ისტორიული  ექსკურსი დემოკრატიულ ღირებულებათა დასაცავად

ელისუფლების მიერ წამოწყებული "დემოკრატიის ახალი ტალღის" კონტექსტში სასამართლო სისტემაში ახალი რეფორმატორული იდეების დამკვიდრებაც არის გაცხადებული. რას ველოდით და რა მივიღეთ კონსტიტუციური ნორმების, პრინციპების, ღირებულებათა შელახვით დაწყებული სასამართლო რეფორმის შედეგად. რას მოგვიტანს აღმასრულებელ და საკანონმდებლო დომინაციას დაქვემდებარებული, მორჩილი სასამართლო, - სწორედ ამ და სხვა მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ქალბატონი ევა გოცირიძე:

ამას წინათ ჩემს არქივში ერთ-ერთ  ძველ სტატიას წავაწყდი, რომლისთვისაც ასე დამირქმევია - "ღირებულებათა აღიარებიდან მათ რეალურ დამკვიდრებამდე". სტატია სასამართლო რეფორმის თემას შეეხებოდა - იმ რეფორმისა,  მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა ლიდერები (მ. სააკაშვილი და სხვ.) რომ  ხელმძღვანელობდნენ და დიდი ზარ-ზეიმით მიმდინარეობდა. სასამართლო რეფორმას მაშინ არც საშინაო თუ საგარეო მხარდაჭერა აკლდა, არც რეკლამა  და არც ჟურნალისტთა შეუნელებელი ყურადღება.  სწორედ მათ მიანიჭეს რეფორმის მაშინდელ ლიდერებს სასამართლო რეფორმის ახალგაზრდა მამების ერთობ საპატიო და საპასუხისმგებლო სტატუსი. მეც იმხანად (1998-2000 წწ.) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი გახლდით და ამდენად, კარგად ვიყავი გარკვეული სასამართლო რეფორმის პერიპეტიებში.

KvirisPalitra.Geსასამართლო რეფორმის მთავარი საზრუნავი მაშინ სასამართლოს  რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო, უფრო სწორად - უნდა ყოფილიყო, რადგან სასამართლოს რეფორმის კონცეფცია სწორედ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უმთავრეს იდეას ემყარებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვქონდა გაცხადებული და არც შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო ქვეყანაში, რომელიც ევროპაში ინტეგრაციისაკენ მიილტვოდა. ქაღალდზე ყველაფერს კარგად ვწერდით, რათა მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსება მოგვეპოვებინა, მაგრამ  ვიყავით კი რეალურად იმ ღირებულებათა აღმსარებლები, რომელთაც საქვეყნოდ ვაცხადებდით და თავს ვიწონებდით? ამაზე ახლა დავფიქრდი, თორემ მაშინ გაცილებით ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. მხოლოდ ის მადარდებდა, რომ ღირებულებათა აღიარებიდან მათ რეალურ დამკვიდრებამდე დიდი გზა გვქონდა გასავლელი. თურმე გაცილებით უარესად ყოფილა საქმე...

პირველი დიდი შოკი რეფორმის დაწყებიდან სულ მალე მივიღე. რეფორმის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო უვიცი და მექრთამე მოსამართლეები (ეს ეპითეტი მთელი სამოსამართლო კორპუსის მიმართ გამოიყენებოდა) სასწრაფოდ შეგვეცვალა გამოცდაგავლილი და, მაშასადამე, მცოდნე და პატიოსანი მოსამართლეებით. დრო არ ითმენდა; სასწრაფოდ უნდა გვეჩვენებინა დასავლეთისთვის, თუ რაოდენ შეუპოვარი და უკომპრომისოები ვიყავით სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რათა შეგვექმნა რეალურთან მიახლოებული, დამაჯერებელი  მითი, რომელსაც დროშასავით  ავაფრიალებდით ევროპის ტრიბუნებიდან. დიახ - მითი, იმიტომ, რომ რეფორმა სინამდვილეში,  დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას მიზნად არ ისახავდა. მოსამართლეთა  უფლებამოსილების  ვადამდე  შეწყვეტა (მათ დაახლოებით ერთი წელი ჰქონდათ დარჩენილი)  ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს პრინციპებს (1985 წ.), არღვევდა მოსამართლის უფლებამოსილების კონსტიტუციურ ვადას, რომელიც  უმნიშვნელოვანესი გარანტიაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და იმისა, რომ მოსამართლეები აღმასრულებლის ან კანონმდებლის ხუშტურების მიხედვით არ იცვლებოდნენ, რომ  განუწყვეტლივ არ ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში, რომ დღენიადაგ მმართველი პარტიის გულის მოგების საზრუნავით არ იყვნენ დაკავებული და ამით დაკნინებული....

ჯერ კიდევ მაშინ ვხვდებოდი, რომ შორეული პერსპექტივის გათვალისწინებით,  გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების ხელშეუხებლობა დაგვეცვა, ვიდრე ამ გარანტიების ფეხქვეშ გათელვით დაგვეწყო სასამართლო რეფორმა. ეს იყო პიარი  (ერთდროულად ქართველ საზოგადოებასა და უცხოეთზე გათვლილი) და მეტი არაფერი, ოღონდ, ძალიან მავნე პიარი, უმძიმესი  შორეული შედეგებით. ბოლოს და ბოლოს, არაფერი გვიშლიდა ხელს, მართლა მექრთამე ან უვიცი მოსამართლეები, ინდივიდუალური წესით - დამტკიცებული ფაქტების საფუძველზე, დისციპლინური თუ სისხლისსამართლებრივი პროცედურების მეშვეობით ჩამოგვეშორებინა მართლმსაჯულების პროცესისაგან. სამაგიეროდ, არ შეიქმნებოდა ძალზე საშიში პრეცედენტი სასამართლოს დამოუკიდებლობის  კონსტიტუციური გარანტიების ფეხქვეშ გათელვისა. ეს ზუსტად იმგვარი უბედურება თუ პოლიტიკური სიბეცე იყო, როგორიც, თავის დროზე, პრეზიდენტ გამსახურდიას ძალადობრივი ჩამოგდება, რომლის დამღუპველი ინერციაც დღემდე გრძელდება;  როგორც ჩანს, კონსტიტუციური ნორმების, პრინციპების, ღირებულებების დაცულობა არაფრად გვიღირს; საკითხავია, გვჭირდება კი საერთოდ კონსტიტუცია? ან როდის მივხვდებით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება?

მაგრამ, დავუბრუნდეთ ფაქტებს: მოხდა ისე (ასეთი რამ დღეს უკვე აღარ მოხდება), რომ ახლად შექმნილმა საკონსტიტუციო სასამართლომ  დააკმაყოფილა გაყრილ (თუ გასაყრელ)  მოსამართლეთა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას აკანონებდა. აი, მაშინ მოხდა თუ მოხდა..

პირადად ჩემთვის ეს ფაქტი მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, პრინციპულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი,–დაუშვებლად მიმაჩნდა იმწუთიერი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ისედაც დაკნინებულ სასამართლოს კიდევ უფრო ადვილად ხელწამოსაკრავად აქცევდა, დამოუკიდებლობის გრძნობის მაგივრად დამოკიდებულების გრძნობას გაუჩენდა და თავს დაბალ ღობედ აგრძნობინებდა. მეორე, - აღფრთოვანებული დავრჩი თავად იმ ფაქტით, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ  მეტად პრინციპულ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი პარტიის სურვილებს არ შეესაბამებოდა... მაშინ პირველად გამიჩნდა უჩვეულო გრძნობა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც სასამართლო (ისეთი ძლიერია, რომ) გაბედულად იღებს ხელისუფლების დანარჩენი ორი განშტოებისათვის მიუღებელ, მაგრამ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისაკენ მიმართულ გადაწყვეტილებას. იმასაც ვფიქრობდი, რომ ხელისუფლების განშტოებათა შორის პირველობისათვის ერთგვარი კონკურენციის პირობებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ისედაც შეეცდებოდა "ვერხი" აეღო ტრადიციულად სუსტ სასამართლოზე. ასეთ პირობებში, თავად სასამართლო ხელისუფლების  ძალისხმევა, რომ თავი არავისთვის დაეჩაგვრინებინა, უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კი ამ საქმეში - განსაკუთრებულად, რადგან საკონსტიტუციო კონტროლი, ეს ერთადერთი ბერკეტი სასამართლოს ხელში დანარჩენი ორი განშტოების ქმედებათა გაკონტროლებისა, ახალი შემოღებული იყო. საერთო-ეროვნულ ინტერესს წარმოადგენდა, რომ ეს როლი საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეულად შეესრულებინა, რაც შეუძლებელი იქნებოდა სუსტი, დაშინებული, საკუთარ თავში დაურწმუნებელი სასამართლოს ხელში. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს ერთგვარ დავაჟკაცებას, საკუთარ ძალებში დარწმუნებისა და, თუ გნებავთ - დანარჩენი განშტოებებისათვის ძალის დემონსტრირების მცდელობასაც ვხედავდი, რაც, სასარგებლო ტენდენციად მიმაჩნდა ძლიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი დომინაციის პირობებში...

ახლა ვფიქრობ, რომ მაშინდელ ჩემს შეხედულებებსა და წარმოდგენებს იმჟამინდელ საქართველოში (და, ვაითუ, ახლაც)“ღრუბლებში ფრენის”კვალიფიკაცია შეიძლებოდა მისცემოდა. ვის აინტერესებდა მაშინ სასამართლო ხელისუფლების  რეალურად გაძლიერება, მისი ნამდვილი დამოუკიდებლობა? ეს ისეთი იდეალიზმი”იყო, რომელიც დიდი რეფორმატორების კონკრეტულ და რეალისტურ პოლიტიკურ მიზნებში არ შედიოდა.

ეს ნათლად გამოჩნდა სულ მალე; მოკლედ, ჩემთვის აღსაფრთოვანებელმა ამ ფაქტმა (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ) რეფორმის ლიდერების  და აგრეთვე, მეტად გავლენიანი - თავისუფლების ინსტიტუტის”ისეთი აღშფოთება  გამოიწვია, რომ მტრისას! საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რეფორმის მტრებად, დამნაშავეებად, მოღალატეებად, კორუმპირებულებად  შერაცხეს; რა ლანძღეს და აგინეს, სულ ცოფები ყარეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ეს როგორ გაბედესო! არავის გახსენებია უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპი, რომ არავის  აქვს უფლება მოსამართლეს ანგარიში მოსთხოვოს თავისი სამართლებრივი შეხედულებების გამო (ეს აკრძალვა  უწინარესად, სწორედ ხელისუფლებას შეეხება).“თავისუფლების ინსტიტუტმა კი გამოხატვის თავისუფლების ისეთ შემზარავ ფორმას მიმართა, რომ  მხოლოდ მათი პროტესტის ადრესატებს  (საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს) კი არა, ამის შემხედვარე სხვა ადამიანებსაც გული ხელით ეჭირათ - სასამართლოს  შენობის წინ გლოვითა და მარშით შავი კუბო ჩამოატარეს, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულება იყო ჩასვენებული. არც ეს იკმარეს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამომტანი სამი მოსამართლის ფიტული საჯაროდ დაწვეს მათ თვალწინ. ისინი სასამართლოს შენობის ფანჯრებიდან უყურებდნენ ამას, და როგორც ამბობენ, გულის შეტევებიც კი დაემართათ მიღებული შოკისაგან.

დღეს ჩემთვის  კიდევ უფრო სიმბოლური დატვირთვა შეიძინა“კუბოს მეტაფორამ.  იგი ის სასიკვდილო განაჩენია, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას  გამოუტანეს მაშინ და რომლის აღსრულება დღესაც გრძელდება!  დიახ, ეს იყო პირველი დიდი ლახვარი სასამართლოსათვის ჩაცემული - დევიზით - "აღარ გაბედოთ!!! რა თავზარდამცემი  იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ცქერა, როდესაც ისინი შემდეგ გაუბედავად  თავს იმართლებდნენ თავიანთი გადაწყვეტილების გამო. ვისღა ახსოვდა სამართლებრივი არგუმენტები... შევეცადე  დამეცვა ისინი. სტატია გამოვაქვეყნე, საქართველოს პრეზიდენტსაც კი მივმართე საგანგებო წერილით, რომელშიც ყოველივე ამის საშინელ მავნებლობას ვხსნიდი და ვასაბუთებდი, მის მომაკვდინებელ შედეგებს აღვწერდი.  სამწუხაროდ, ძალზე ცოტანი იყვნენ თანამოაზრენი, ისეთები, რომლებიც  ყოველივე ამის  საჯარო კრიტიკას არ მოერიდებოდნენ.

ახლა, დღევანდელი გადასახედიდან, კიდევ უფრო ცხადია მაშინდელი შეცდომების მიუტევებლობა: მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლება ყველაზე მეტად სწორედ გაძლიერებას, დანარჩენ განშტოებათა მხრიდან პატივდებულ დამოკიდებულებას საჭიროებდა, მისდამი ამგვარი მოპყრობა, ახლად შექმნილი საკონსტიტუციო სასამართლოს  დისკრედიტაცია იყო ყველაზე არასასურველი  რამ, რაც კი  შეიძლებოდა სახელმწიფოში მოემოქმედათ, თანაც უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო გარდაქმნების  ეგიდით. მმართველმა პარტიამ თავისას მიაღწია - ჯერ ერთი, მაინც გაყარა მოსამართლეები ახალი კანონის მეშვეობით, რომელიც აღარავის უცნია არაკონსტიტუციურად; რაც მთავარია, მათ მიიღეს ის წინასწარ დაგეგმილი სასურველი შედეგი, რომელიც პირობითად ასე შეიძლება აღვწეროთ - ოღონდ გვაპატიეთ და აღარასოდეს გავბედავთ! ეს იყო რეფორმატორთა მხრიდან ჩადენილი ისეთი შეცდომა, რომლის უმძიმეს შედეგებს ახლა ვიმკით. სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულმა ამ ცინიზმმა და ტერორმა დიდი ხნით დააზრო და გაყინა ის ნაყოფი, რომელიც უნდა აღმოცენებულიყო -დამოუკიდებლობის შეგრძნება, ურომლისოდაც ვერაფრით იარსებებს«პასუხისმგებლობის გრძნობაც და ყველა სხვა სიკეთე, რომელიც დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი სასამართლოს პირობებშია მხოლოდ შესაძლებელი.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მრავალი რეფორმა განხორციელდა,  მრავალი გამოცდაგავლილი მოსამართლედ დაინიშნა და მოსამართლეობიდან გათავისუფლდა (ისევ - უფლებამოსილების ვადის გასვლამდე), სასამართლოს არაერთი შენობა გარემონტდა, მოსამართლის არაერთი მანტია შეიკერა, არაერთი საკანონმდებლო  ცვლილება განხორციელდა,  მაგრამ სასამართლოს ვერც ერთი რეფორმა (რატომღაც)  წარმატებულად მაინც ვერ შეფასდა - უსამართლობის განცდა  უკურნებელი სენივით მოედო საზოგადოებას.

დღესაც ახალი რეფორმაა დღის წესრიგში. წინასწარ ვიცი - ისიც წარუმატებელი იქნება, რადგან ჯერჯერობით არავინ ზრუნავს უმთავრესისთვის - სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. როგორც ჩანს, ეს არ არის ჩვენი იდეალი, და, მაშასადამე, ჩვენი საზრუნავი, და როგორც გაირკვა, არც არასოდეს ყოფილა. ის არაფერში გვჭირდება. პირიქით, ხელს გვიშლის და გვეშინია მისი. დამოუკიდებელი სასამართლო ხომ ვერ იქნება მართვადი. რაც ჩვენ ნამდვილად  გვჭირდება, ეს არის აღმასრულებელ  და საკანონმდებლო ხელისუფლებას დაქვემდებარებული მორჩილი სასამართლო, კარგი შემსრულებელი, რომელიც არასოდეს შეუქმნის პრობლემას მმართველ პარტიასა და მის პოლიტიკას; რომელიც არასოდეს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც  ხელისუფლებას არ მოეწონება,. საქმე უკვე ისეა აწყობილი, რომ სისტემა თვითონ მოქმედებს. მოსამართლესთან ზემოდან დარეკვა და მინიშნება საჭირო აღარ არის.  მოსამართლემ თვითონ იცის, როგორ იმოქმედოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას თავის სამსახურებრივ მდგომარეობას და, ზოგჯერ უსაფრთხოებასაც კი. იცის, თუ რამე "შეეშალა", გაცილებით დახვეწილი მეთოდებით მოიშორებენ თავიდან და თანაც ისე, რომ ვერც ვერაფერს დაამტკიცებს. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროებს სასამართლო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას. ძლიერი, კომპეტენტური და ნდობით აღჭურვილი სასამართლო ხომ უწინარესად სწორედ მას ესაჭიროება.

ამ ფონზე ღიმილისმომგვრელია  დემოკრატიის ახალი ტალღის” კონტექსტში მორიგი პიარული აქცია -  შემოღებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისათვის. აქამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არსებობდა და თურმე (ამაყად გამოაცხადეს) უკვე არაერთი კერძო პირი, პროცესის მონაწილე მხარე თუ ადვოკატი ყოფილა დაჯარიმებული სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისათვის (თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან - არავინ).

ამჯერად უკვე რეალისტობას ვამჯობინებ. ვერაფრით წარმოვიდგენ, რომელიმე მოსამართლემ საჯაროდ განაცხადოს, ესა და ეს მაღალჩინოსანი ჩემზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს და მავალებს, მთხოვს, მემუქრება ან მიმანიშნებს რაიმეზეო. ეგზომ დემოკრატიული კანონი”კი იარსებებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ზრუნვის  უტყუარი დასტურის პრეტენზიით. და იმოქმედებს კიდევაც, თუმცა, არასოდეს  მოხდება, ამ კანონმა თავისი დანიშნულება განახორციელოს და მის საფუძველზე  ვინმე მაღალჩინოსანი  დაისაჯოს სასამართლოზე ზეწოლისათვის.

ალბათ უკვე მიმიხვდით, რატომ მიიპყრო ჩემი ყურადღება ძველი სტატიის სათაურმა - "ღირებულებათა აღიარებიდან მათ რეალურ დამკვიდრებამდე". საქმე ძალიან ცუდადაა, ძვირფასო თანამემამულენო. როგორც ჩანს, გაცილებით შორიდაNნ,«ღირე-ბულებათა აღიარებიდან»უნდა დავიწყოთ. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების აღიარება საქართველოში ჯერჯერობით  დოკუმენტების სფეროს არ გასცდენია. ღირებულებათა აღიარება კონსტიტუციებსა და კანონებში გაცხადება,  საერთაშორისო ორგანიზაციების, დამფინანსებელი ბანკებისა და ორგანიზაციებისათვის წარსადგენ დოკუმენტებსა და სხვადასხვა პროექტში მათი ოდენ საჩვენებელი დეკლარირება არ არის! ღირებულებების აღმსარებლობა მათდამი ერთგულებას, მათი ხელყოფისადმი შეუგუებლობას, ზოგჯერ ნამდვილ თავგანწირვასაც გულისხმობს. ამიტომ, სანამ მათ შეურაცხყოფას, დაკნინებას და აბუჩად აგდებას ვეგუებით,  ვერც ამ ღირებულებათა აღმსარებლებად ჩავითვლებით, არც უკეთესი ხელისუფლება გვეყოლება და არც უკეთესი - თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.  ღირებულებათა აღიარება იმის ცოცხალი განცდაა, რომ ამიერიდან მათ გარეშე ცხოვრებას ვეღარ შევძლებთ, უბრალოდ ვეღარ ვიარსებებთ... აი, მაშინ, დამერწმუნეთ, რომ მართლა აღარავის მივცემთ უფლებას დაგვცინოს და წაგვართვას, ფეხქვეშ გათელოს ეს ღირებულებები და, მათთან ერთად, ჩვენი ღირსება, როგორც სასიცოცხლო აუცილებლობა.

ჩვენი ღირსება და მომავალი ჩვენს ხელშია.

ამიტომ,  ხანდახან  ჩვენს იდეალებთან ერთად“ღრუბლებშიც უნდა ვიფრინოთ, რათა დიდი სიმაღლიდან დავინახოთ საკუთარი თავიც და საკუთარი ქვეყანაც, ჩვენი აწმყო და მომავალი...