სენაკს ცრემლებისა არ სჯერა... რუსული "რეკორდი" სამეგრელოს ცაზე თუ კორუფცია?! - კვირის პალიტრა

სენაკს ცრემლებისა არ სჯერა... რუსული "რეკორდი" სამეგრელოს ცაზე თუ კორუფცია?!

სენაკს ახლა აღარც რუსული ბომბდამშენების ეშინია და აღარც ცრემლებისა სჯერა! 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციოდ 400.000 ლარი დაიხარჯა, 1772-მა ოჯახმა კი საკომპენსაციოდ 350.000 ლარი მიიღო. დასახმარებელთა სიაში რაიონში კარგად ცნობილი გავლენიანი პირებიც მოხვდნენ, მათ უმეტესობას უმნიშვნელო ზარალიც აუნაზღაურდათ, არაერთი დაზარალებული კი დღემდე უშედეგოდ ელოდება დახმარებას.

შარშან, აგვისტოში, მტრის ჭურვები აეროპორტთან ახლოს, სამხედრო ბაზის  ტერიტორიაზე, ასევე შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო აგრარული ინსტიტუტის სენაკის  ფილიალის ეზოში ჩამოვარდა,  დაიბომბა ქალაქის ცენტრიც (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია). თუმცა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, საკომპენსაციო თანხები იმ ქუჩის მცხოვრებლებზეც არის გაცემული, რომელთაც ომის შედეგად არაფერი დაზიანებიათ. სენაკის გამგეობის წარმომადგენლები კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ რუსული ბომბდამშენების გადაფრენამ ქალაქიდან 5-6 კილომეტრის მოშორებითაც კი გამოიწვია საცხოვრებელი სახლების ფანჯრის მინების მსხვრევა და სახურავების დასკდომა(?!). "კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, გაიცემოდა თუ არა მიზნობრივად თანხები ომისგან დაზარალებულ პირთათვის.

"პრივილეგირებულთა" ფენა…

ინგა ქარდავა (მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" სენაკის ორგანიზაციის წარმომადგენელი): "სენაკში დახმარებები გაიცა ისეთ ოჯახებზე, რომელთაც ბომბის ხმა არც გაუგიათ. დახმარებები მიიღეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა, მათმა  ნათესავებმა. ზოგ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სენაკის მკვიდრთ ურიგდებიან და დასახმარებელთა სიაში თანხის გაყოფის სანაცვლოდ სვამენ. დანარჩენებისთვის, არავინ არაფერს იმეტებს. მაგალითად, აგრარული სასწავლებლის ეზოში  ჭურვის  ნამსხვრევი ჩამოვარდა და შენობა დააზიანა, მისი რეაბილიტაციისთვის კი ერთი თეთრიც არ გაღებულა. ალბათ იმიტომ, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი ოპოზიციონერია. დოკუმენტების მიხედვით, დახმარება გაიცა ნოსირის მკვიდრ რომან არზიანზე, რომელიც ყოფილი პარლამენტარის, კახა რუსიას სიმამრია. რუსია კი სენაკის გამგებლის, კობა კილასონიას მეგობარია. იქ, ქუჩის ბოლოს, ერთ-ერთი სახლის ეზოში მართლაც ჩავარდა ჭურვის ნამსხვრევი, მაგრამ რომან არზიანის სახლს არაფერი დაშავებია. მას კი 4.354 ლარი მისცეს.

ჯიხას ქუჩის მცხოვრებ მზია ჩემიას დახმარების სახით 1.258 ლარი გადაეცა. ეს ქუჩა შხეფის დასახლებაშია, ქალაქიდან 5-6 კილომეტრში. მზია ჩემია ხელისუფლებისთვის მარჯვენა ხელს წარმოადგენს. არც მისი სახლი დაზიანებულა.

სენაკის გამგეობის მთავარი სპეციალისტი სოსო ლათათია და მისი მეუღლეც დასახმარებელთა სიაში აღმოჩნდნენ (ერთ ოჯახზე დახმარება ორჯერ გაიცა!). სენაკის მუნიციპალიტეტის სიაში მსგავს დარღვევას ბევრს აღმოაჩენთ. მაგალითად, დახმარებები გაიცა რუსთაველის მეორე ჩიხის #5-ში მცხოვრებ დოდო გოგინავას და დოდოჩი გოგინავას სახელზე. რა თქმა უნდა, დოდო და დოდოჩი ერთი და იგივე პირია.

დოკუმენტებით ისიც ირკვევა, რომ კომპენსაცია ისეთ პირსაც აქვს მიღებული, რომელიც დიდი ხანია უკვე საზღვარგარეთ იმყოფება.  გამოგიტყდებით და ჩემმა ნაცნობებმაც მიიღეს დახმარებები. მაგალითად, ასეთი იყო გოჩა გუგუნავა, რომელმაც 421 ლარი ისე აიღო, მის სახლს არაფერი შეხებია. ჩემს მეზობლად, გუბაზ მეფის ქუჩაზეც გაიცა ერთ-ერთ პირზე დახმარება, მაშინ როცა დაბომბვა საერთოდ არავის შეგვხებია... თეკლათის საჯარო სკოლისთვის კი არის გამოყოფილი თანხები, მაშინ როცა ის ომმა კი არა, გრიგალმა დააზიანა. ომის შედეგად დაზიანებულ ნაგებობათა სიაში კი იმიტომ მოხვდა, რომ  მისი დირექტორი გამგებლის ძმის ძმაკაცია.

საკომპენსაციო თანხა გაიცა #1 ბაგა-ბაღის აღსადგენად 1.832 ლარის ოდენობით, რადგან მისი გამგე თამარ გერგედავა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი იყო და არჩევნებიც ამ ბაგა-ბაღში  ჩატარდა".

მამუკა ბაბილუა ("კონსერვატორული პარტიის" აღმასრულებელი მდივანი): "ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გამგეობის წევრები ლოცულობენ, რუსულმა ბომბდამშენებმა სენაკის ცას ერთხელ კიდევ გადაუარონ და თანხებს ხელი გამოვკრათო.…

გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან გარიგებებს აწარმოებდნენ და ხშირ შემთხვევაში თანხები სრულყოფილად გაცემული კი არა, მხოლოდ გაწერილია".

სენაკის გამგეობის დოკუმენტებს თავადაც  გადავხედეთ და  შემდეგ ის ადგილები მოვიარეთ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს დაიბომბა.

ყველაზე მეტად ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურის ახლომდებარე შენობა-ნაგებობები დაზიანებულა. ომის შემდეგ  სავალალო მდგომარეობაში იყო სასტუმრო "ეგრისი", რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.   შენობის რეაბილიტაცია დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. დაბომბვისას სასტუმროში შესახლებული სამი კაცი დაიღუპა. ერთ-ერთს ჭურვის ნამსხვრევმა თავი წააცალა. მისი დაღუპვიდან მეორმოცე დღეს ოჯახმა გამგეობისგან დახმარების სახით 1.000 ლარი მიიღო. ზოგიერთი გავლენიანი პირის მხოლოდ სახლის ფანჯრების მინების აღსადგენად გაღებული თანხა კი გაცილებით მეტია!

დაბომბვის შედეგად სასტუმრო "ეგრისის" გვერდით ყოფილი ჰიგიენის სახლიც დაზარალდა.

ქეთევან ბერუაშვილი (ყოფილი ჰიგიენის სახლის მესაკუთრე): "ეს შენობა მე და ნანი გრიგოლიამ შევიძინეთ. დაბომბვისას ცალი მხარე მთლიანად ჩამოინგრა. მაშინვე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ცივად გამოგვისტუმრეს. დასახმარებელთა სიაში ჩვენს ჩაწერას არავინ აპირებდა, რომ არა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა. ბოლოს, როგორც იქნა, კომისიის წარმომადგენელმა ჩვენამდეც მოაღწია, ყველაფერი აღწერეს და... ნანი გრიგოლიასთვის 160 ლარი გამოწერეს, ჩემთვის - 300. არადა, ამ ნაგებობის რეაბილიტაციას 10 ათას ლარამდე მაინც სჭირდებოდა. ზემოთ აღნიშნული თანხებიც მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირდა, თორემ,  დღემდე არ მიგვიღია. კომისიის გადაწყვეტილება ხუთჯერ გავაპროტესტეთ, რის შედეგადაც ხელახლა მოვიდნენ კომისიის წევრები, კვლავაც  ყველაფერი აღწერეს და ზარალი უკვე  2.200 ლარად შეაფასეს. არც აღნიშნული თანხა გვაღირსეს. წელს კი, 30 აპრილს, გამთენიისას 45 წუთი იწვოდა ჰიგიენის ყოფილი სახლი. მიზეზი  უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს. ვეჭვობ, ჩვენი საკუთრება შეგნებულად დაწვეს, რათა ომის კვალი დაეფარათ. შემოგვრჩა ფოტოები, რომელიც სახლის მდგომარეობას დაწვამდე ასახავს. გარედან კედელს ისევ ემჩნევა ჭურვის ნაკვალევი. მისი ნამსხვრევი კი "რელიკვიასავით" გვაქვს შემონახული.

გამგეობას ისევ ვთხოვეთ დახმარება. მისი წარმომადგენლები კი ჩვენთან ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. სენაკის გამგეობის წარმომადგენელმა როლანდ ცხაკაიამ, რომელიც კომისიის წევრიც გახლდათ, ფიზიკური შეურაცხყოფაც  მომაყენა, მლანძღა და მაგინა. ცუდად გავხდი და გამგეობის თანამშრომლებმა  სასწრაფო დახმარება გამოიძახეს".

ბომბდამშენების გადაფრენამ სახლის სახურავები დახეთქა?!

"კვირის პალიტრას" სენაკის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, გოჩა ჭანტურია ესაუბრა: - იმ ქუჩებზეც, რომლებიც არ დაუბომბავთ, სახლები მაინც დაზიანდა ბომბდამშენების გადაფრენის შედეგად. ძირითადად, ფანჯრის მინები დაიმსხვრა, დაიხეთქა სახურავები. შხეფის დასახლება დაბომბვის ადგილიდან საკმაოდ მოშორებულია, მაგრამ ბომბდამშენის გადაფრენისას სახლებს სახურავები დაუზიანდა.

- დარწმუნებული ხართ, ბომბდამშენის გადაფრენამ სახლების სახურავის დაზიანება შეძლო?

- ამას ჩვენი არქიტექტორი ზურაბ პატარაიაც დაგიდასტურებთ, რომელიც დაზიანებულ შენობა-ნაგებობებს ამოწმებდა.

ზურაბ პატარაია: - სახლებს ბომბდამშენმა გადაუფრინა, ჰაერის წნევამ ფინური შენობის სახურავი გაბზარა. შემდეგ ბზარი გადიდდა და გასკდა. წვიმის წყალი საცხოვრებელ სახლებში ჩაედინებოდა. შესაძლოა, ბევრმა არ იცის  და წნევას სახურავის შერყევაც შეუძლია.…

"კვირის პალიტრამ" გოჩა ჭანტურიას სთხოვა, განემარტა, - რატომ გაიცა დახმარებები გავლენიან პირებზე  და არა, ვთქვათ,  ყოფილი ჰიგიენის სახლის მესაკუთრეზე, აგრარული სასწავლებლის რეაბილიტაციისთვის და სხვ.

გოჩა ჭანტურია: - მაგალითად, სოსო ლათათია იყო გამგეობის თანამშრომელი, მაგრამ ომისგან დაზარალებულიც გახლდათ. რიგ შემთხვევაში თანხები ერთსა და იმავე გვარებსა და ოჯახებზე ორჯერ იმიტომ არის გაცემული, რომ განნაღმვითი სამუშაოების დროს ხელახლა დაზარალდა საცხოვრებელი სახლები. ყველას და  ყველაფერს ჩვენთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი არ ეყო, ამიტომ 170.000 ლარი დამატებით მოვითხოვეთ. ამ თანხიდან დახმარებები რამდენიმე მესაკუთრისა და ძირითადად, დაზარალებული ოჯახებისთვის გაიცემა. მოსახლეობას ომის დროს პირუტყვიც დაეხოცა, ზოგს ავტომობილი დაუზიანდა და ამ ზარალის ანაზღაურებაც მოხდება.

- როგორ დაადგენთ, ვის რამდენი პირუტყვი დაეხოცა?

- ამის თაობაზე პროკურატურამ უკვე ჩაატარა საგამოძიებო სამუშაოები და დაზარალებულ პირთა სიას გადმოგვცემს.

"ნგრევის დეტონაცია..."

დაბოლოს, ვიდრე თავად სენაკის გამგებელს, კობა კილასონიას გავესაუბრებოდი, არჩაიას ქუჩაზე გავიარე. ერთად შეკრებილ რამდენიმე კაცს ვკითხე, - 2008 წლის აგვისტოში სენაკის დაბომბილ ქუჩებს ხომ ვერ მიმასწავლით-მეთქი? ერთდროულად გაიშვირეს ხელი ქალაქის ცენტრისკენ და რკინიგზის სადგურთან მისვლა მირჩიეს.

- ამ ქუჩაზე არაფერი დაზიანებულა? - ვიკითხე.

- არა, აგვისტოს ომის დროს არაფერი! აი, 1992-93 წლებში კი იყო აქ დანგრეული და გადამწვარი სახლები...

- ბომბდამშენების გადაფრენას ფანჯრის მინებიც არ ჩაუმსხვრევია? - აღარ მოვეშვი.

- არა, აქ არსად არაფერი ჩამსხვრეულა!

- ამ ქუჩის მცხოვრებლებს არც ფულადი დახმარებები მიუღიათ?

- ვერ გეტყვით, არ ვიცით, ბიძიკო! - ახლა კი გამოიცნეს მათ ქუჩაზე ჩემი მისვლის ნამდვილი მიზეზი...

არადა, პასუხი აღარც იყო საჭირო, ზუსტად არჩაიას #17-ში მდებარე სახლის წინ ვიდექი, რომლის ბინადარსაც დახმარება მიღებული ჰქონდა.  …

კობა კილასონია (სენაკის გამგებელი): - რაღაც არ მახსენდება არჩაიას ქუჩის მცხოვრებლებისთვის გაცემული დახმარებები. თუმცა, კომისიის წევრები ამოწმებდნენ ქუჩებს ექსპერტებთან ერთად.

- დარწმუნებული ხართ მათ კეთილსინდისიერებაში?

- საჯარო მოხელეები არიან და ესმით, რომ მათ ყოველგვარ ქმედებას შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ. მიმაჩნია, რომ დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საკითხი განხილულია ობიექტურად. თანამედროვე ათასკილოგრამიანი ჭურვი როცა ეცემა მშვიდობიან ქალაქს, ბუნებრივია, იგი ნგრევის დეტონაციას სხვა ადგილებშიც იწვევს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ცენტრიდან მოშორებით მდებარე უბნებიც დაზარალდნენ.

- სენაკში საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ახლახან თქვენ მიერ მოთხოვნილი 170.000 ლარი წინასაარჩევნოდ დაიხარჯება.

- ეს თანხა დაზარალებული ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული. მათ შორის იმათთვისაც, ვისაც ომის დროს პირუტყვი დაეხოცა ან ავტომობილი დაუზიანდა.

რეკორდი სამეგრელოს ცაზე…

რამდენად შესაძლებელია ბომბდამშენის გადაფრენამ სახლების სახურავები დააზიანოს, დაბზაროს და დახეთქოს, ფანჯრის მინები დაამსხვრიოს, ამის გასარკვევად  თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სამსახურის ყოფილ უფროსს, აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.

- ეს სადავო საკითხია. საერთოდ, ბომბდამშენები ასე დაბლა არ დაფრინავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აეროდრომზე თვითმფრინავის სამართავი პუნქტი სადაც არის, იქ მინები რატომ არ უსკდებათ? თუნდაც  საკუთარი უსაფრთხოების გამო ბომბდამშენი ისე დაბლა ვერ იფრენდა, ფანჯრები დაეხეთქა. ასეთ დროს ის უფრო ადვილად ჩამოსაგდებია.

ირაკლი ალადაშვილი (სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორი): - საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში მონაწილეობდნენ რუსული ზებგერითი, СУ-24 М ტიპის ბომბდამშენები, რომლებმაც სენაკის დაბომბვაშიც მიიღო მონაწილეობა. ჩემი ინფორმაციით, მათ არ განუვითარებიათ ზებგერითი სიჩქარე დაბალ სიმაღლეზე, რომლის დროსაც შეიძლება დაზიანებულიყო სახლები და დაბომბვის გარეშე ჩამსხვრეულიყო ფანჯრის მინები.

P.S. სენაკის გამგეობის წარმომადგენლებმა ერთი ქართული  იგავის სიბრძნე გაგვახსენეს - "ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს". ჩვენ ომის შემდეგ სენაკის რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხების რაოდენობა გვაკვირვებს. გამოდის, რუსულმა ბომბდამშენებმა სენაკის სახლებს ზოგ ადგილებში ისე გადაუფრინა, რომ დაბომბვის გარეშე დააზარალა და ამით "მსოფლიო რეკორდი" დაამყარა?!