რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"
20-05-2013
რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"
7 წლის წინ ჩაფარცხული საქმის მიჩქმალული დეტალები

გლდანი, ქერჩის ქუჩა, დაწესებულება, რომელსაც წლებია უკვე "როენას საუნად" იცნობენ... 2006 წლის 12 თებერვალს ორი ახალგაზრდა - თამაზ ლუცუფიძე და ლევან ყარყარაშვილი - "როენას საუნას" ერთად ტოვებენ, ტაქსიში სხდებიან, რის შემდეგაც თამაზის კვალი ქრება...

უკვე რვა წელია, თამაზ ლუცუფიძის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. საქმე გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ აღძრა, იყვნენ ეჭვმიტანილებიც, დაჰკითხეს მოწმეებიც, თუმცა სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. სად გაქრა 29 წლის ახალგაზრდა და
რატომ არავინ ინტერესდება მისი გაუჩინარებით? რატომ ცვლიდნენ გამომძიებლებს კვირაში ერთხელ და ვინ მფარველობს საუნას? - ეს კითხვები დღესაც პასუხგაუცემელია.

ნათელა ლუცუფიძე, თამაზ ლუცუფიძის დედა: - იმ დღეს,  12 თებერვალს, ჩემი რძლის დაბადების დღე იყო. მოკრძალებულად აღვნიშნეთ. საღამოს თამაზი სახლიდან გავიდა: სიგარეტს ვიყიდიო და მას შემდეგ
აღარ გვინახავს. იმ ღამეს შინ რომ არ მოვიდა, ავნერვიულდი, მაგრამ ჩემს მეუღლეს მაინც არ გავაგებინე. ჩემს შვილს სიმამრი ჰყავდა ცუდად და ვიფიქრე, შეიძლება მის სანახავად წავიდა და იქ დარჩა-მეთქი. მეორე დღეს შევიტყვე, რომ თამაზს მისი მეგობარი თემურიც ეძებდა. ის და თემური განუყრელი მეგობრები იყვნენ და იმანაც რომ არ იცოდა ჩემი შვილის ასავალ-დასავალი, ამან საგონებელში ჩამაგდო. მაშინვე ჩემს მეუღლეს დავურეკე და თამაზის გაუჩინარების ამბავი გავაგებინე. დამამშვიდა: რა მოხდა, კაცია, მოვა, სად წავაო.

საღამოსაც რომ არ გამოჩნდა, მეზობლებთან ერთად ძებნა დავიწყეთ. კითხვა-კითხვით გავიგეთ, რომ იმ საღამოს თამაზი "როენას საუნად" ცნობილ საროსკიპოში მისულა. ჩემს შვილს შელაპარაკება მოსვლია ვინმე ლევან ყარყარაშვილთან. მას შემდეგ ჩემი შვილის კვალი იკარგება.

მიხეილ ლუცუფიძე, თამაზ ლუცუფიძის მამა: "როგორც შემდეგ გავიგეთ, ლევან ყარყარაშვილი სუტენიორი ყოფილა. იქვე "როენას საუნასთან" ახლოს, ქალთან ერთად ცხოვრობდა ქირით. ეს ქალი საუნაში მიჰყავდა, ამუშავებდა და ამით ირჩენდა თავს. იმ საღამოსაც იქ ყოფილან ორივენი. როცა ლევანს ამ ქალის საუნიდან წაყვანა დაუპირებია, ჩემს შვილს მისი დატოვება უთხოვია. როგორც გავარკვიეთ, ამ ქალს ჩემი შვილი სხვა საროსკიპოდან იცნობდა. ყარყარაშვილმა კი ქალი მაინც წაიყვანა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საუნიდან ნაქირავებ ბინაში ყარყარაშვილი და ის ქალი ტაქსით წავიდნენ. ეს ტაქსის მძღოლი თურმე ხშირად ემსახურებოდა საუნის თანამშრომლებს. ყარყარაშვილმა ის ქალი სახლში ჩაკეტა და ისევ საუნაში დაბრუნდა. როგორც მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, ყარყარაშვილი რომ დაბრუნდა საუნაში, ჩემი შვილი იქაურ თანამშრომლებთან ერთად შამპანურს სვამდა. სწორედ ამ დროს სახლში ჩაკეტილმა ქალმა მობილური ტელეფონით მესიჯი გაუგზავნა მეგობარ ქალს, რომელიც ასევე საუნაში მუშაობდა: ლევანი გაბრაზებული გამოვიდა, ჩამკეტა, მიდი ტაქსის მძღოლთან და გამიგე, ხომ მშვიდობააო. როგორც გაირკვა, ყარყარაშვილს ორი ბოთლი ლუდი უყიდია და ჩემს შვილთან ერთად საუნა დაუტოვებია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი ტაქსიში ჩასხდნენ. მას შემდეგ არაფერი ვიცით".

ნათელა ლუცუფიძე: "თამაზის გაუჩინარებიდან მესამე დღეს განვაცხადეთ გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში. მაგრამ, რომ გვეგონა, მაშინვე დაიწყებდნენ ძებნას, ფეხი აითრიეს, ფაქტობრივად, ვაიძულეთ სამართალდამცავები, "როენას საუნაში" მისულიყვნენ... პოლიციამდე ჯერ იმ ტაქსის მძღოლთან მივედით, რომლის ავტომობილშიც ჩემი შვილი და ყარყარაშვილი ჩასხდნენ. მის ავტომობილში სავარძლები და შალითები ამოღებული იყო და გარეცხილი. რომ ვკითხეთ მძღოლს ამის მიზეზი, გვითხრა, რემონტს ვაკეთებდიო, ახლა მოგინდა-მეთქი? სულ გაურეცხავს ყველაფერი. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებს ვეუბნებოდით, მანქანა დაშლილია, ექსპერტიზა ჩაუტარეთ-მეთქი, მაგრამ მხოლოდ წელიწადისა და რვა თვის შემდეგ ჩაუტარეს. საქმის გამოძიების ნაცვლად პოლიციელებმა გზა-კვალი აგვირიეს, ჩვენი ჩვენებებიც კი შეცვალეს, ჩემი ხელმოწერა გააყალბეს. თითქოს ვწერდი, რომ ჩემი შვილი ორცოლგანაშვები იყო, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა და სხვ. ეს რომ ვნახე, გამოვტაცე გამომძიებელს საბუთები და გავიქეცი. დამედევნენ წასართმევად, მაგრამ ვერ დამეწივნენ.

თამაზი რომ დაიკარგა, ძალიან ცუდად ვიყავი და ჩემი და მივლიდა. ვიღაცები გვირეკავდნენ და გვაღიზიანებდნენ, ტელევიზორი ჩართეთ, თქვენი შვილის გვამი იპოვესო. პოლიციას ვთხოვდით, დაეფიქსირებინათ ის ნომრები, საიდანაც ზარები შემოდიოდა და არც ეს გააკეთეს".

მიხეილ ლუცუფიძე: "წლებია, სამართალს ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ. პრეზიდენტით დაწყებული, ყოფილი თუ ახლანდელი იუსტიციის და შს მინისტრებითა თუ მთავარი პროკურორით დამთავრებული. ვის არ მივწერე, მაგრამ არანაირი რეაგირება. არ ვიცი, ახლა რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინდელი გლდანი-ნაძალადევის პოლიცია "როენას საუნას" მფარველობდა. ყარყარაშვილიც მათი კაცი ყოფილა, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლადაც იყო ცნობილი.

ფაქტია, რომ საქმეში უამრავი საეჭვო გარემოების მიუხედავად, ყარყარაშვილი არ დაუკავებიათ და დღემდე თავისუფლად დადის. მეტიც, ის ქალი, ვის გამოც ეს ამბავი მოხდა, ცოლად მოიყვანა და შვილიც ჰყავთ... როგორც კი ძიებაში რამე კვალი გამოიკვეთებოდა, გამომძიებლებს დაახლოებით კვირაში ერთხელ ცვლიდნენ, მანამ, სანამ საქმის შესწავლას მოასწრებდნენ. ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელს კი პოლიციამ დააფარა ხელი.
ყველამ იცის, რომ საღამოობით "როენას საუნა" გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ბუნაგი იყო. მოსახლეობა გამოჰკითხონ და დაადასტურებენ, რომ ხშირად საუნიდან სროლაც ისმოდა. ერთ-ერთ სახლში ბრმა ტყვიაც შევარდნილა და კინაღამ ბავშვი მოუკლავს.

იმ პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, დახურეს საუნა, ალბათ, ჩვენი თვალის ასახვევად, ახლა კი ისევ მუშაობს. როენა ხუცურაულსაც შევხვდი, საუნის მეპატრონეს, მითხრა, ეგ ამბავი რომ მოხდა, აქ არ ვიყავი, მაგრამ ყარყარაშვილი ფეხებით უნდა დაკიდოთო. სხვათა შორის, როენამ ჩემი შვილის გაუჩინარების შემდეგ საუნიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის ყარყარაშვილი და ის ქალიც...

ახლა ხომ სხვა მთავრობა მოვიდა, სხვა რეალობაა. ჩემი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინონ. ვიცოდე, რომ მოკვდა და საფლავი მაინც მქონდეს. ეგ ერთადერთი შვილი მყავდა, ორი შვილიშვილი დამიტოვა და ისინი მაცოცხლებენ. მიცვალებულის პატრონს შევნატრი, რომ იცის მისი საფლავი. სიზმრებით დავდევ ჩემი შვილის კვალს".

P. S. დაწესებულებას, რომელსაც "როენას საუნას" უწოდებენ, ოფიციალურად ღამის ბარი "ჩილიმი" ჰქვია, პოლიციის შენობასთან ახლოს მდებარეობს. მოსახლეობა ჩივის, რომ მამაკაცების სტუმრობა აქ დაღამებისთანავე იწყება, როენა კი დაცვის თანხლებით "რენჯროვერით" დადის, რომელსაც სერია "მამიდა" აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, პოლიციისა და სხვა საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებების "კეთილმეზობლური ურთიერთობის" შესახებ დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

იხილეთ ვიდეო: "მამიდას" სასტუმროდან გამქრალი მამაკაცი - პროსტიტუციას "კრიშავენ"?
mze77
24 აგვისტო 2013 20:25
ყველამ დავიცვათ ოჯახის სიწმინდე და ღირსება.იქნებ ამით ავირიდოთ განსაცდელი.ჯობია არავინ განვიკითხოთ. იმ ცხონებულის საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ სიკვდილისთვის ყველა ადამიანი ცოდოა.
ზოია
20 აგვისტო 2013 10:04
ცოლის დაბადების დღეზე სად მიწანწალებდა ეგ მამა ცხონებული და ეკიდებოდა ვიღაც ბოზს. თან როგორც ტექსტიდან ირკვევა, მაგ საუნის ხშირი სტუმარი იყო. თანაც გადაყოლილა, კარგად უქნია, თუ მოაშთო. მთავარია შვილები არ დაემგვანონ.
qutaturu
04 აგვისტო 2013 17:25
ძველ რომში სახელმწიფოს მოქალაქეების ზნეობაზე მეთვალყურ
ეები ჰყავდა... მესმის მიშას პოლიციის თავინთი ბელადისთვის
აც არ იყო ქალები უცხო ხილი ''როენა მამიდას''რას დააკლებდ
ნენ. ისე რას ერჩით ამ უძველესი პროფესიის ქალბატონ ''მამა
შას'' პატიოსნად გაუყრია ორივენი, მე ახალი მთავრობის გამკვი
რებია ან ოფიციალურად გახსენით ეგ ბორდერები,ფული შევა ბიუ
ჯეტში,რა საბერძნეთი ჩვენზე ნაკლები მართლმადიდებელი ქვეყა
ნაა დაშვებული რომ არის ბორდერები7 ან გააუქმე ისინი!პარლა
მენტში პრეზერვატივებზე მერე იმსჯელეთ...ჭეშმარიტად მეცო
დება ლუცუბიძეები! არავის საქმე არ არის თამაზი სად წავიდა ყველამ მის სარეცელს მიხედოს! კაცი მოკლეს და გააქრეს,ეს სამართალდამცავების სირცხვილია! მეტიც სახელმწიფოს სირცხვილი,მით უმეტეს სამხილი წინ ედოთ!

რედაქტორის რჩევით