ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან? - კვირის პალიტრა

ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

"რატომ რჩებიან დღემდე დამნაშავე პროკურორები სამსახურებში?"

"ვკითხე, ვინ არიან თქვენები-მეთქი, მითხრა, სათვალიანი რომ არის, ის და კიდევ ჩხატარაშვილიო"

ყოფილი პატიმრის, თამარ ჩიკვაიძის ინტერვიუს, რომელიც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი პროკურორ მანუჩარ ქაჯაიას ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაში ამხელს. ამ ფაქტით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა და ჩიკვაიძე უკვე დაჰკითხეს, საქმეზე მოკვლევა დაიწყო, მაგრამ მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, მანუჩარ ქაჯაია ისევ პროკურორად მუშაობს(?!). კოლეგებს არც კი დაუკითხავთ, რადგან მის წინააღმდეგ საქმე ჯერ აღძრული არ არის. "თუ მტკიცებულებები გამოჩნდა, დავკითხავთ", - გვითხრა პროკურორმა მადონა ღიბრაძემ.

მანუჩარ ქაჯაიას ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხვიჩა ბენდელიანი ამხელს:

- 6 წელიწადი სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი.  2007 წელს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსის მოადგილე ავთანდილ კვარაცხელია დამიკავშირდა და მთხოვა, შესყიდვებზე მისთვის კონსულტაცია გამეწია. რამდენჯერმე კონსულტაცია გავუწიე, ამის მერე ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმება შემომთავაზა. საჯარო მოხელე ვიყავი, ამიტომ ხელშეკრულება ჩემი ქალიშვილის სახელზე გავაფორმე. მას იუსტიციის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული, შესყიდვების საკითხი კარგად ესმის. ჩემს შვილს ნამდვილად ვეხმარებოდი დოკუმენტების მომზადებაში და მას ხელფასად 600 ლარს უხდიდნენ. ასე გრძელდებოდა 2010 წლამდე.

- რა დოკუმენტებს ამზადებდით?

- მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ვეხმარებოდით... 2011 წლის დასაწყისში მე და ჩემი შვილი სამხედრო პოლიციაში დაგვიბარეს, სადაც გამომძიებელი მამუკა კვერნაძე, ოპერატიული სამსახურის უფროსი დავით კურტანიძე და ცნობილი "მასტერა", გია დგებუაძე დაგვხვდნენ\. ცალ-ცალკე ოთახში შეგვიყვანეს და დაიწყო დაკითხვა. მითხრეს, ფულს ათეთრებდითო. მეუბნებოდნენ, ავთანდილ კვარაცხელია ხელს გადებსო (ისიც დაპატიმრებული ჰყავდათ). თურმე, როცა შესამოწმებლად შევიდნენ, იკითხეს, ასე ვინ მოგიწესრიგათ საბუთებიო, უთქვამთ, ხვიჩა ბენდელიანმაო და რომ გაიგეს, რა თანამდებობა მქონდა, ხელი ჩამავლეს. ორჯერ ვიყავით დაკითხვაზე, 2011 წლის 29 მარტს კი თავს დამესხნენ და ისე დამაკავეს.

- სად დაგაკავეს?

- ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანისას გამიტაცეს. თავდაცვის სამინისტროში მიმიყვანეს, იქ დავით კურტანიძე ცდილობდა დავეშინებინე, ფსიქოლოგიურად გავეტეხე. მეუბნებოდნენ, ახლა შენი 22 წლის გოგო უნდა დავიჭიროთ, გვერდით მოგისვამთო... მერე პროკურატურაში გადამიყვანეს, იქ შევხვდი პირველად პროკურორ  ქაჯაიას.

- როგორ გექცეოდათ?

- პირველად ის მკითხა, წარმოშობით საიდან ხარო? ზუგდიდელი ვარ-მეთქი. რას ამბობ, მე დევნილი ვარ, ჩემებური ყოფილხარ, ყველანაირად დაგეხმარებიო. ისეთი საუბარი და ქცევა ჰქონდა, გავოცდი, ლამის ატირდა კაცი, უამრავი თბილი სიტყვა მითხრა.…ვიფიქრე, ალბათ, გულწრფელად თანამიგრძნობს, უკანონოდ რომ დამაკავეს-მეთქი. თურმე სად ხარ, ეს სპექტაკლია. მერე მეუბნება, ყველაფერი თქვი, მე აგერ ვარ და ეგრევე გაგიშვებენ, აინტერესებთ, ეკონომიკის სამინისტროს სამსახურში რა ხდებაო. ვუთხარი, შეგიძლიათ ყველა დოკუმენტი გადაამოწმოთ და ვერანაირ დარღვევას ვერ ნახავთ-მეთქი. მითხრა, ამ სამსახურში მილიონებია ნაშოვი, იქნებ დაასახელო გვარებიო. მილიონებს როგორ იშოვიდნენ, როცა მთლიანი ბიუჯეტი მილიონ-ნახევარია-მეთქი. გვატყუებო, მითხრა, ტონი შეიცვალა და დამემუქრა, გაითვალისწინე შენი შვილის მომავალიო. ვერა ქობალიას გარდა, სამინისტროში ნებისმიერ ყოფილ მინისტრს ან მოადგილეს დაადე ხელი, ან მოქმედს, თქვი, რომ კორუფციულ გარიგებაში იყო ვიღაცებთან და ახლავე აქედან გახვალო. თქვენ რას გაძლევთ, ვიღაც უდანაშაულოს ხელი რომ დავადო-მეთქი. მიპასუხა - შენ თანხას გადაგახდევინებთ საპროცესოში, ვისაც დაასახელებ, იმასაც გადავახდევინებთ, ის მერე სხვას დაადებს ხელს, ისიც გადაიხდის და ბიუჯეტი ასე ივსება, აბა, როგორ წარმოგიდგენიაო.

- რა უპასუხეთ?

- უკანონო არასოდეს არაფერი გამიკეთებია და ხელს სხვას ვერ დავადებ-მეთქი. მაშინ ასე დაგვიწერე, კორუფციულ გარიგებაში მე არა, მაგრამ ჩემი უფროსი იყო გარეული ამა და ამ ტენდერში ფულის გასაკეთებლადო. პირდაპირ ვუთხარი, ჩემს თავისუფლებას სხვისი გაუბედურების ხარჯზე ვერ ვიყიდი-მეთქი. ეტყობა, ოჯახი არ გიყვარს, 22 წლის გოგოს საციხოდ რომ ამზადებო - იმასაც რომ დავიჭერთ, უკვე ჯგუფურ დანაშაულში გაგიყვანთ, ეს 6-9 წლამდე პატიმრობაა და ისიც გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

ისევ შევეწინააღმდეგე, ჩემს შვილს ბრალი რაში უნდა წაუყენოთ-მეთქი. როგორც შენ ხარ აქ, ისიც ისე მოვაო. ჩვენებს ასე სჭირდებათ და ეს გაკეთდებაო. ვკითხე, ვინ არიან თქვენები-მეთქი, მითხრა, სათვალიანი რომ არის, ის და კიდევ ჩხატარაშვილიო.

- ადეიშვილზე მიგანიშნათ?

- დიახ. ვინმეს რომ "ჩაუშვებ", ამას აფასებენ ჩვენები და შენც შეღავათს გაგიკეთებენო. ბოლოს მითხრა, სახლსაც გაგიჩხრეკ, სამსახურსაც და საჩვენო ინფოს მაინც მოვნახავო. როცა ციხეში  გადამიყვანეს, ქაჯაია ისევ მოვიდა და მითხრა, მალადეც, ერთადერთი კაცი ხარ, რომელსაც ასეთი დალაგებული დოკუმენტაცია აქვსო. მაგრამ რად გინდა? 6 წელი მომისაჯეს. იცით, რა წესი ჰქონდათ? ციხეში სამუშაო საათების შემდეგ შემოდიოდნენ. ამ დროს რომ გაჰყავთ საკნიდან კაცი, ის ან უნდა სცემონ და აწამონ, ან აგენტია და "ჩასაშვებად" გაჰყავთ. ამით სხვების თვალში სახელს გიტეხენ...

- გაღიარებინეს ბრალი?

- შვილის დაჭერით მემუქრებოდნენ და მაიძულეს, ხელი მომეწერა საბრალდებო დასკვნაზე. მერე ჩემს შვილს დააწერინეს, რომ თურმე მის სახელს ვიყენებდი. ეს ჩვენება დევს საქმეში, თუმცა იქვე დევს მისი პირველი ჩვენება, სადაც დააწერინეს, ორივე ერთად ვმოქმედებდითო. როცა გეუბნებიან, შენი 22 წლის შვილს ქალთა კოლონიაში საშინელებას უზამენო, ამის მოსმენა მამისთვის ძნელია. ისეთ სიბინძურეს მეუბნებოდა, თქმაც კი მიჭირს. თქვენი რესპონდენტი ჩიკვაიძე რასაც ამბობს, ზღვაში წვეთია იმასთან, რასაც ქაჯაია კადრულობდა. როგორ დააბრუნეს პროკურატურაში? წელიწადი და 5 თვე გავატარე ციხეში.

- თქვენს დაკავებას რას უკავშირებთ?

- ორი დიდი კომპანია დავაჯარიმე ამ ფაქტამდე 3 თვით ადრე. მერე გავიგე, ერთის უკან ადეიშვილი იდგა, მეორის უკან - მერაბიშვილი. მომთხოვეს, არ დამეჯარიმებინა, მაგრამ კანონიერად დავაჯარიმე. არადა, წარმოიდგინეთ, დაკავებამდე 2 თვით ადრე ვერა ქობალიამ სამინისტროს საუკეთესო თანამშრომლის წოდება მომანიჭა. ჩემი დაკავება მაშინ მიჩქმალეს...

დღეს ნასამართლობის გამო მუშაობას ვერ ვიწყებ. ქაჯაია არჩევნების შემდეგ წავიდა სისტემიდან, მაგრამ კბილაშვილმა ისევ დააბრუნა. 2012 წლის ნოემბერში ვუჩივლე, მაგრამ საქმე დღემდე გამოუძიებელია. პროკურატურიდან არაადეკვატური პასუხი მივიღე, - საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ გადავხედავთ თქვენს განაჩენსო. განაჩენის გადახედვას კი არა, ჯერ დამნაშავე პროკურორის დასჯას მოვითხოვ.

მართალია, ამბობენ, ყველაფერს ადეიშვილი აკონტროლებდაო, მაგრამ მისი მოადგილე ჩხატარაშვილი იყო მთავარი ფიგურა. მისი "კეთილი ნების" გარეშე ვერავინ აღწევდა საპროცესო შეთანხმებას.

როგორც ვიცი, ახლა ის ზის და თანამშრომლობს პროკურატურასთან, არც ის დაუსჯია ვინმეს. მაინტერესებს, სამართალი როდის აღდგება? რატომ რჩებიან დღემდე დამნაშავე პროკურორები სამსახურებში? უკვე გვევსება მოთმინების ფიალა!

P.S.  ჩვენ ისევ ვცადეთ პროკურორ მანუჩარ ქაჯაიასთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თეა ხურცილავა