სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია..."(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია..."(ექსკლუზივი)

"ყოფილი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ქუჩაში არ გაესვლება... ქორწილებსა და ქელეხებზე აღარ ვლაპარაკობ"

"მერაბიშვილი რომ პატიმარი იქნებოდა, ეს ნათლად წარმომედგინა"

"რა ქნა ექვსმა ქართველმა ავსტრიის მაღალი უსაფრთხოების ციხეში?!"

"ქართველი საზოგადოება 9 წლის განმავლობაში შეკუმშული ზამბარის მდგომარეობაში იყო და ეს ზამბარა ახლა იშლება"

"მერაბიშვილის საკანი პატიმრის უსაფრთხოების მიზნით ვიდეოთვალით კონტროლდება", - განგვიცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მას (როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველს) უპირველესად 17 მაისს მომხდარის შეფასება ვთხოვეთ:

შარშან ლგბტ-ის აქციის მონაწილეებსა და მათი აქციის ჩაშლის მსურველებს შორის კონფლიქტი მოხდა, ბევრი ადამიანი დაშავდა და პოლიცია განზე იდგა. იმ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს, რომლებიც დღეს მთელი ხმით გაჰყვირიან, მაშინ ხმა არ ამოუღიათ. ამბობენ, 17 მაისს უფრო მეტი პოლიციელი რომ გამოსულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ამდენი კონტრაქციის მონაწილე მოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, ქვების სროლა და მანქანების დამტვრევა განზრახული არავის ჰქონია, მაგრამ ხალხი რომ შეიკრიბა, ვიღაცამ მწვავე განცხადება გააკეთა და ემოცია ადუღდა. როდესაც შეკუმშული ზამბარა იშლება, სანამ ბოლომდე არ გაიშლება, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.

ქართველი საზოგადოება შეკუმშული ზამბარის მდგომარეობაში იყო 9 წლის განმავლობაში და ეს ზამბარა ახლა იშლება. ამის გამოხატულებაა 17 მაისის აქციაც და ისიც, რომ ზესტაფონის ბაზრის თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ, "ფეროს" თანამშრომლები იფიცებიან, პატიმრები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებენ.

ახლა ემოციამ გასაქანი პოვა და ყველაფერმა ერთბაშად იფეთქა. ეს პროცესი  თანდათან ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. სახარება არ გვასწავლის ვინმეს დარბევას. სიყვარულის ნაკლებობა დასჯადი არ არის. დასჯადია უკანონო ქმედება. მღვდელი რომ სკამით დარბის, ეს ორგვარად შეიძლება გავიგოთ, ეს სკამი ვიღაცისთვის დასარტყამად უნდა ან ვიღაცას ხელიდან გამოჰგლიჯა, რომ სხვა არ დაეზიანებინა. ამ შემთხვევაში ემოციიდან კი არ უნდა გამოვიდეთ, არამედ  მტკიცებულებებიდან. არც ერთი პირი, რომელზეც მტკიცებულებები იქნება, რომ კანონი დაარღვია, დაუსჯელი არ დარჩება.

ხშირად ამბობენ, - ეკლესიას არა აქვს უფლება, სახელმწიფოს ცხოვრებაში ჩაერიოსო. ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეკლესია არ ახდენდეს გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე. ერის ზნეობაზე ზრუნვა ეკლესიის მოვალეობაა, მაგრამ როდესაც მღვდელმსახურთა ქმედებები ძალადობაში გადადის, ეს აღარ არის ქრისტეს სწავლება.

- წარმოიდგენდით, რომ მერაბიშვილი თქვენდამი დაქვემდებარებული უწყების პატიმარი იქნებოდა?

- მერაბიშვილი რომ პატიმარი იქნებოდა, ნათლად წარმომედგინა, ისევე როგორც კიდევ არაერთი, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავებული.

მერაბიშვილი "მატროსოვზე" ერთკაციან საკანშია. ის შს მინისტრი და პრემიერი იყო და ვერ შევიყვანდით იმ საკანში, სადაც მისი დაჭერილები სხედან, მაგრამ ისეთივე პირობებშია, როგორშიც სხვა პატიმრები.

- ამავე დაწესებულებაში იხდის სასჯელს ასევე შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც დაპირისპირებულია ვანო მერაბიშვილთან.

- ბაჩო ახალაიაც იმავე ფლიგელში და იმავე სართულზეა, თუმცა მათ ერთმანეთთან შეხება არა აქვთ.

- ითქვა, რომ მერაბიშვილის "მატროსოვზე" მიყვანას ხმაური და გადაძახილი მოჰყვა.

- არანაირი გადაძახილი არ ყოფილა. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი და ბაჩო ახალაია ერთ შენობაში გვყავდა, მათაც არ ჰქონიათ შეხება, მაგრამ დერეფანში გავლისას ოქრუაშვილმა ორჯერ რაღაც დაიყვირა და კაციშვილმა არ იცის, გაიგონა თუ არა მისი შეძახილი ბაჩომ. ამას ვერც საზოგადოება გაიგებდა, ერთ-ერთ მათგანს რომ არ ეტრაბახა, ვაგინეო. იმისათვის, რომ ერთმა პატიმარმა მეორეს არ დაუყვიროს ან არ შეაგინოს, ინდივიდუალურ ციხეს ვერ ავაშენებთ.

- რამდენად დაცულია ციხეში მერაბიშვილის უსაფრთხოება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თეა თუთბერიძე გამუდმებით ლაპარაკობს ბაჩო ახალაიასთვის მოსალოდნელ საფრთხეზე.

- დაცულები არიან. ვანოც დაცულია და ბაჩოც. "მატროსოვზე" რემონტი მიმდინარეობდა და  ბაჩო ახალაია მერვე საპყრობილეში დროებით გადავიყვანეთ... სამჯერ იყო შემთხვევა, რომ პატიმრებმა, რომლებიც მის ფანჯარასთან გაატარეს, რაღაც დაიყვირეს. ეს ბაჩოსა და მის მეგობრებს არ ესიამოვნათ, მაგრამ იმ პატიმრებსაც არ სიამოვნებდათ ის, რასაც ბაჩო და სხვა ბრალდებულები უკეთებდნენ, - აუპატიურებდნენ, სცემდნენ და ცოცხებით აწამებდნენ.  ყოფილი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ქუჩაში არ გაესვლება... ქორწილებსა და ქელეხებზე აღარ ვლაპარაკობ.

- არ აპირებთ მერაბიშვილის მონახულებას?

- თუ საჭიროდ ჩავთვლი ან მისი სურვილი იქნება, მოვინახულებ.

- როდესაც მერაბიშვილი დააპატიმრეს, პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სანდრო გირგვლიანის მამას "ფეისბუკზე" ასე შეეხმიანა: "გურამ, წუხელ ჩვენი შვილების სულები ზეცაში ხარობდნენ, ვანიუშა უკვე წასულია, ჩაილურის წყალი დალია". თუმცა მერაბიშვილს ბრალი ამ გახმაურებული მკვლელობების გამო კი არა, ბიუჯეტის თანხების არასწორად განკარგვისთვის წაუყენეს.

- ბიუჯეტის გაფლანგვა უბრალო დანაშაული არ არის. თანაც პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებული აქვს 26 მაისი და გირგვლიანის საქმე. ბევრი საქმე ისევ ძიებაშია და სად ვისი დანაშაული გამოიკვეთება, კაცმა არ იცის.

- ხომ არ მოხდება ისე, რომ მერაბიშვილს ნიკა გვარამიასავით რამდენიმე დღეში გაუშვებენ?

- ამის ალბათობა ნულია.  ბრალდებები იმდენად სერიოზულია და იმდენად მყარია მტკიცებულებები, რომ მისი გათავისუფლება ძალიან არასერიოზული იქნება.

- ბრალდებებში არ ფიგურირებს 7 ნოემბერი, რაზეც კობა დავითაშვილმა მიუთითა.

- 7 ნოემბერი მრავალპლანიანი საქმეა. ცალკეა ამ დღეს კობა დავითაშვილის მოტაცების საქმე, რომელიც გამოსაძიებელია, გამოსაძიებელია 4 ნოემბრის საქმეც. ამ დღეს შს სამინისტროში ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარდა თათბირი, სადაც ადამიანების ცემის, დაჭერების, ნარკოტიკების ჩადების და ა.შ. დავალებები გაიცა. მოვა დრო და პასუხისგებაში მისცემენ იმ პირებს, ვინც ამ თათბირს ესწრებოდა.

- ვინ ესწრებოდა?

- 16-მდე მაღალი თანამდებობის პირი. მათ შორის ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია. ესენიც დაისჯებიან.

- წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდით პატიმრების ციხეში გარდაცვალების გამო. რამდენიმე დღის წინ გეგუთის კოლონიაში პატიმარი ცემით გარდაიცვალა.

- ჩვენმა პრესსამსახურმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ეს პატიმარი კიბეზე დაგორდა. პრესცენტრის თანამშრომელი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის დაისჯება. გამოკვლეულია, რომ ეს პატიმარი ცემის დროს დაშავდა. დადგენილია იმ პატიმრის ვინაობა, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა. ზოგი სვამს კითხვას, რატომ გახდა შესაძლებელი, რომ ერთ პატიმარს მეორისთვის სასიკვდილოდ ეცემაო. გეგუთის დაწესებულებაში 2 ათასი პატიმარია 6 კორპუსში. ეზო კი რამდენიმე ჰექტარია. ყოველი მონაკვეთის ისეთი გაკონტროლება შეუძლებელია, რომ თუ პატიმრები შეკამათდებიან, ზედამხედველებმა მაშინვე მიუსწრონ.

თანავუგრძნობ პატიმრის ოჯახს და ვპირდები, ეს საქმე გამოძიებული იქნება, დაისჯებიან ადმინისტრაციის ის თანამშრომლებიც, ვინც ყურადღება ვერ მიაქციეს ამ ამბავს.

- ამბობენ, ციხეში ისევ არიან მაყურებლები და ისევ გროვდება "ობშჩიაკი".

- მაყურებლები იყვნენ ბაჩოს დროსაც და ახლაც არიან. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში ქსანში 5 თანამშრომელი გავათავისუფლეთ იმის გამო, რომ მაყურებლებთან იყვნენ შეკრული. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან მესამე დღეს რუსთავის ციხეში არეულობა პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ მაყურებლებს გამოვუცხადე ბრძოლა. იმ ეტაპზე ეს ბრძოლა წარმატებით ვერ დამთავრდა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მაყურებლების მხარე დაიკავა ისე, რომ არ იცოდა, მაყურებლების თამაშს რომ წამოეგო. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალდანიშნულმა ციხის უფროსმა აბურჯანიამ ორ მაყურებელს უთხრა, ბაჩოს დრო მოგენატრებათო.

საზოგადოებამ ამაზე ხმაური ატეხა, ციხის უფროსმა როგორ გაბედა ამის თქმაო. დღეს იგივე საზოგადოება ყვირის, ციხეში მაყურებლები ისევ არიანო...

ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში იყვნენ იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ქალაქ გრადში არის მაღალი უსაფრთხოების ციხე, სადაც 300-მდე კაცია და მათში 6 ქართველია. იცით, რა ქნეს ქართველებმა? მაყურებლებად დასხდნენ და "ობშჩიაკს" კრეფენ. რამდენიმე რუსი ე. წ. "პეხოტად" ჰყავთ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ. ციხის უფროსი გადარეულია, ამათ ვერაფერი მოვუხერხეო. ეს ხდება მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც მხოლოდ სამასი პატიმარია და მე როგორ უნდა გავაკეთო ეს უცბად ჩვენს ციხეებში? არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ. ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა, რადგან ვიცი, დანაშაულს დანაშაულით ვერ შეებრძოლები. როდესაც დამთავრდება ციხის მშენებლობა ლაითურში, ბევრად გამართული ვიქნებით წელში.

- პრემიერმა პრეზიდენტის ბრალეულობაც ახსენა გირგვლიანის საქმეზე. გამორიცხავთ, რომ თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებაში მოუწიოს გარკვეული დროის გატარებამ მიხეილ სააკაშვილს?

- არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედია, მე აღარ ვიქნები ამ უწყების ხელმძღვანელი.

- სამინისტროდან წასვლას აპირებთ?

- სამი რამ დამრჩა გასაკეთებელი, თუ გავაკეთებ, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია ამოვწურე -  ჩ-ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, ნარკოპოლიტიკის შეცვლა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და პატიმრების გაყოფა ისე, რომ კრიმინალური მენტალიტეტის პატიმრებს სხვა ტიპის მსჯავრდადებულებთან შეხება არ ჰქონდეთ.