"...მერე მამამ ესროლა..." - რა გახდა ჩქარეულების ოჯახური ტრაგედიის მიზეზი?
03-06-2013
"...მერე მამამ ესროლა..." -  რა გახდა ჩქარეულების ოჯახური ტრაგედიის მიზეზი?
რა გახდა ჩქარეულების ოჯახური ტრაგედიის მიზეზი?

"ყველამ დავინახეთ, როგორ გაიყვანა პოლიციამ ეზოდან ვოვა, მას თავი არ აუწევია..."

"ეს პრობლემა ახლა არ დაწყებულა. თენგოს გარდატეხის ასაკიდან მოდის"

"ჩვენს ოჯახზე რომ მოგიყვე, ისეთი რაღაცები უნდა გითხრა, არ ვიცი, ეს საშინელება გაზეთში როგორ უნდა დაიწეროს"

"პოლიციაა? მოდით, შვილი მოვკალი, წამიყვანეთ!"


- პოლიციაა? დგებუაძის პირველ ნომერში მოდით, შვილი მოვკალი და წამიყვანეთ! - ასეთი სატელეფონო ზარი გაისმა 29 მაისის ღამით 022-ზე. პოლიცია ოპერატიულად მივიდა და
შემზარავი სურათი დახვდა - ახალგაზრდა მამაკაცი იატაკზე ეგდო, ირგვლივ სისხლის გუბე იდგა... ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო, მას ერთი ჭრილობა ჰქონდა. მამას ბორკილები დაადეს და  წაიყვანეს. მას შვილის განზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.
ვლადიმერ (ვოვა) და თენგო ჩქარეულები იმ დღეს შინ მარტო იყვნენ. ტრაგედიის დროს ორივე მთვრალი
იყო. მეზობლები ამბობენ, მკვლელობა მამამ, სავარაუდოდ, აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინაო. 58 წლის ვლადიმერ ჩქარეულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება... თენგო 31 წლის იყო. იმ დღეს დედა მანგლისში, ქალიშვილს სტუმრობდა. ეს ამბავიც იქ შეიტყო...

ჩქარეულების სახლში 30 მაისს, დღის 4 საათზე მივედი. გამწარებული დედის სულისშემძვრელი ხმა სადარბაზოში ისმოდა.

- ჩემი ბიჭი ჯერ კიდევ არ მოუყვანიათ, რამდენი ხანია ჩემს ლამაზ შვილს ველოდები, ულამაზესი ბიჭი მყავდა. მოუკვდა დედა, ამას რას მოვესწარი. დედასთან ხომ უნდა მოვიდეს, სულ დედა, დედას იძახდა. არასოდეს დამიძახებს... მეგონა, მამამისი მოუვლიდა, მასთან დავტოვე, მაგრამ კი არ მოუარა, მომიკლა. ის ყოფილა ჩემი შვილის ყველაზე დიდი მტერი, - მოთქვამდა შვილმკვდარი დედა. მერე ქალიშვილს მიუბრუნდა, - კიდევ დარეკე, გაიგე, როდის მომიყვანენ, რა ექსპერტიზა უნდა, ყველაფერი ისედაც ვიცი, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, - მწარედ აქვითინდა დედა.

მოკლულის დასთან ტრაგედიის  მიზეზის გარკვევა ვცადე, მაგრამ მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა: - ეს ხომ არ უკავშირდება პოლიტიკას, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს, რაში გაინტერესებთ ამის აფიშირება?! ეს არის ჩვენი ოჯახის ტრაგედია და არ მინდა მთელმა ქვეყანამ გაიგოს. ხომ მაქვს ამის უფლება? დედაჩემიც ვერ აიტანს გაზეთში შვილის სურათის ნახვას, - მითხრა გამწარებულმა დამ, თუმცა ცოტა რამ მაინც მიამბო:

- თენგო უბედური ბიჭი იყო. 10 წლის შვილი ჰყავს, მეუღლესთან გაცილებულია. კომპიუტერის შემკეთებლად მუშაობდა. დალევა უყვარდა და ეს იყო მისი პრობლემა. საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, თავს ვერ აკონტროლებდა. ძალიან არ მოსწონდა, ასე რომ ემართებოდა და ცდილობდა, არ დაელია. ბევრი იბრძოლა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო და სამი თვე მართლაც აღარ დაულევია. უხაროდა, მაგრამ ეს მოხდა...

- მამაც სვამდა?
- მამაც სულ სვამდა და ამიტომ იყო მათ შორის კონფლიქტი. ჩვენს ოჯახზე რომ მოგიყვე, ისეთი რაღაცები უნდა გითხრა, არ ვიცი, ეს საშინელება გაზეთში როგორ უნდა დაიწეროს. არა, დეტალებს ვერ გეტყვი, არ არის საჭირო. ეს არის ერთი ოჯახის ტრაგედია. ყველაფერი რომ გითხრათ, ამ უბედურებამდე მივალთ. საკუთარ ძმაზე ლაპარაკი მიჭირს. მისი დახასიათება უხერხულია... ისე, უკეთილშობილესი, ულამაზესი ბიჭი იყო. მამა-შვილს ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ეს პრობლემა ახლა არ დაწყებულა. თენგოს გარდატეხის ასაკიდან მოდის. ისინი ერთმანეთს ვერასოდეს უგებდნენ და ხედავთ, რითი დამთავრდა ყველაფერი?!

- რაზე წაკამათდნენ იმ დღეს, ხომ არ იცით?
- მარტო იყვნენ შინ... მამა გადაბმულად სვამდა ორი დღე, ძალიან მთვრალი ყოფილა. ჩემი ძმა შინ რომ მისულა, ფხიზელს ვერ აუტანია მთვრალი მამა და ერთად დაულევიათ... მერე დაიძინეს, თენგოს რომ გამოღვიძებია, რაღაცაზე შეკამათებულან... მერე მამამ ესროლა...

- მამათქვენს იარაღი ჰქონდა?
- შინ ორი იარაღი იყო. ბაბუაჩემი, შალიკო ჩქარეული, სამხედრო პირი იყო,  პოლკოვნიკი. მას ჰქონდა იარაღი წარწერით: "შალიკოს ღირსეული სამხედრო სამსახურისთვის". ეს იარაღი მამას აჩუქა. ეს თოფი და კიდევ პატარა იარაღი გვქონდა. რეგისტრირებული იყო, მაგრამ მამაჩემს თავის სახელზე გაფორმებული არ ჰქონდა. ყველამ ვიცოდით, რომ შინ ინახებოდა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ საქმე იქამდე მივიდოდა, მამა საკუთარ შვილს მოკლავდა...

ამ საუბრის დროს კორპუსთან ლურჯი სამარშრუტო ავტობუსი გამოჩნდა, თენგო შინ მოასვენეს...
...მაღაზიის გამყიდველმა მამაკაცმა მითხრა, იმ დილით თენგომ ჩემგან მარწყვი იყიდა და სახლში ავიდაო. ამბობს, რომ ძალიან მთვრალი არ ყოფილა. მეზობლებს კი ვოვა ჩქარეული იმ დღეს, დღის 4 საათზე გვერდით სადარბაზოში გარდაცვლილი მეზობლის სამძიმარზე უნახავთ. იქ ვოვა ფხიზელი ყოფილა... რამდენიმე საათის შემდეგ კი ეს ამბავი შეუტყვიათ. მეზობლებს მამა-შვილის ჩხუბი არ გაუგიათ, არ იციან, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. თუმცა მათ შორის კონფლიქტი რომ იყო, ყველა ადასტურებს.

- ხშირად კამათობდნენ, თენგოს დალევა უყვარდა და ამიტომ ჩხუბობდნენ. ერთხელ მეზობლებმა ძლივს გავაშველეთ - მთვრალი თენგო მამას მანქანის გასაღებს სთხოვდა, ის კი არ აძლევდა და კამათი საშინელ ჩხუბში გადაიზარდა... არ ვიცი, ახლა რატომ გადაუტრიალდა ტვინი ვოვას, წესიერი კაცი იყო... ნეტავ მეზობლებს გაგვეგო, იქნებ გადაგვერჩინა ეს ოჯახი... ყველამ დავინახეთ, როგორ გაიყვანა პოლიციამ ეზოდან ვოვა, თავი არ აუწევია, ჩაჯდა პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, - მითხრა მეზობელმა.

ერთმა მამაკაცმა კი ასეთი ამბავი მიამბო:
- სულ ჩხუბობდნენ. ბიჭი რომ დათვრებოდა, მამა ცდილობდა, დაეშოშმინებინა. ერთხელ თენგომ ისე სცემა მამას, ხელიც კი მოსტეხა და კარგა ხანს თაბაშირით დადიოდა. მეორედ, გავიგე, რომ ვოვას თავზე გიტარა გადაამტვრია. იმ დღეს რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. ამბობენ, ვოვაც მთვრალი იყოო.   

წინასწარი ინფორმაციით, ვოვა ჩქარეული დანაშაულის ჩადენისას მთვრალი იყო. მას განზრახ მკვლელობასთან ერთად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებაც წაუყენეს. ჯერჯერობით, უცნობია, რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა გამოძიებას...

P. S. გასულ კვირას რუსთავში ერთ დღეს დატრიალებულმა ორმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა.
ფსიქიკურად დაავადებულმა გივი ჩიქობავამ თვისა და 3 დღის ჩვილი მეორე სართულიდან გადააგდო, მერე ეზოში ჩაირბინა, მოკლული ჩვილი ხელში აიყვანა და ეზოში სირბილი დაიწყო. თან გაიძახოდა, - ღმერთს შევწირე, ღმერთს შევწირეო!

იმ დღეს რუსთავი კიდევ ერთმა უბედურებამ შეძრა - ბადრი მშვენიერაძემ მოხუც მშობლებს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მან მწოლიარე მშობლები წამებით მოკლა.... რა იყო მკვლელობის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.
მშვენიერაძეს არ უცდია გაქცევა, ვოვა ჩქარეულის მსგავსად, პოლიციამ ისიც ხელბორკილდადებული გაიყვანა სახლიდან. ისიც თავჩაქინდრული, უხმოდ მიჰყვებოდა მათ...

ძალოვანებს არც ფსიქიკურად შეურაცხადი გივი ჩიქობავას დაკავება გასჭირვებიათ. როცა მას მკვდარი ჩვილი ხელიდან გამოსტაცეს, მიწაზე დაეცა და არ განძრეულა მანამ, სანამ პოლიციამ არ წაიყვანა.

ყველა ამ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს. მალე სამივე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. თუმცა, ცხადია, მათთვის სასჯელსა და ციხეში გატარებულ წლებზე მძიმე შვილისა თუ მშობლის მკვლელის სახელით ცხოვრება იქნება.

თეა ხურცილავა
ნია
20 ივნისი 2013 11:51
მახო, ე.წ. "ჩარჩენილები" არ გინახავს? გინდა და მოწიე, მარა პროპაგანდას და ქებას შეეშვი!
ნია
20 ივნისი 2013 11:48
ალკოჰოლის აკრძალვა გგონიათ გამოსავალი ხო? მშრალი კანონიც რომ მივიღოთ, იგივე მოხდება, რაც თავის დროზე ა.შ.შ-ში მშრალი კანონის მოქმედების დროს. ამიტომ, სამსახური უნდა ჰქონდეს ხალხს - ბევრი უმუშევრობის ნიადაგზე სვამს. ასევე, ლოთებს უნდა მკურნალობდნენ უფასოდ, თან იძულებით და ბოლოს - ქალებს უნდა აუხსნან და დაეხმარონ რომ მთელი ცხოვრება ლოთ ქმრებთან არ გაატარონ. დედა რომ დროზე გასცილებოდა ლოთ და პათოლოგ ქმარს, დღეს შვილი ცოცხალი ეყოლებოდა. არა, ბავშვებს უმამოდ ვერ გაზრდიან, ხალხი რას იტყვის.. სოციალური აგენტები კბილის პასტას კი არ უნდა ეძებდეს ოჯახში, უნდა ამოწმებდეს, როგორ ექცევიან ბავშვებს მშობლები. ლოთ დედას ან მამას მშობლის უფლება უნდა ჩამოერთვას!!!!
david67-s
05 ივნისი 2013 14:56
ეს სიჩლუნგე არაა სპირტები რომ უნდა მოისპოს, რით ვერ გაგიგია რომ სამელს კარგი არაფერი მოაქვს? შენ რომ კარგი ხასიათი გაქვს, სხვა ათასს ცუდი ხასიათი აქვს, ასე მასიურად არ უნდა იყიდებოდეს სასმელი ყველა ფეხის ნაბიჯზე, თან კიდევ რა არის არავინ იცის, ხო ეს ვაი ბიზნესი გააძლიერონ, ასე სულ გადაგვაშენებენ, კეზერაშვილის მოთრეული ეთილის სპირტი კიდევ ექნებათ სარდაფებში შენახული და ასე წყვეტენ ხალხს ამითი, ესაა ქვეყანას რომ ისევ პატრონი არა ყავს, რას თათბირობენ, თავიანთი ხელფასები პირველი გადაწყვიტეს, ასეთი საჭირბოროტო საკითხები კი არავის ახსოვს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები