"მამაჩემის ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს"
03-06-2013
"მამაჩემის ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს"
"ყოველ ღამით კოშმარებს ვხედავდი. ვერ ვისვენებდი, თითქოს სულიკოს სული სამართალს ითხოვდა"

26 მაისს გარდაცვლილი სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. თავის დროზე, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ცხედრები თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის სახურავზე იპოვეს, გარდაცვალების მიზეზად კი გაწყვეტილ  ელექტროსადენთან შეხება დასახელდა.  მოგვიანებით, იმავე მაღაზიის მეპატრონემ, ოლეგ ჟვანიამ, საჯაროდ აღიარა, რომ პოლიციელები მას ცრუჩვენების მიცემას აიძულებდნენ:

"უნდა დამედასტურებინა, რომ 26 მაისს გაითიშა შუქი და დაზიანებული ელექტროსადენის აღდგენის მიზნით
"თელასს" მივმართე, თუმცა მისი წარმომადგენლები არ მოვიდნენ. არადა, 26 მაისს მაღაზიას შუქი არ გასთიშვია". ამჯერად რა დეტალების დადგენას ცდილობს გამოძიება და რა დაიწერა სულიკო ასათიანის ექსჰუმირებული ცხედრის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნაში? ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" სულიკო ასათიანის მეუღლეს, შორენა ადეიშვილსა და ვაჟს, პაატა ასათიანს ესაუბრა.

შორენა
ადეიშვილი:
- 21 მაისს "სახალხო კრების" ორგანიზებულ აქციაზე დასასწრებად სულიკო სამტრედიიდან თბილისში წამოვიდა. ელოდა, რომ პოლიცია მომიტინგეებს დაარბევდა - აქციის მონაწილეებისთვის უთქვამს, რამე უბედურება თუ დამატყდა თავს, ჩემს შვილს, პაატას მიმიხედეთო.

- ე.ი. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა?
- კი, ნამდვილად ჰქონდა. ამბობდა,  პოლიცია ხალხს არ დაინდობს და საშინელება მოხდებაო. აქციის მონაწილეებს 25 მაისს, ნაშუადღევამდე უნახავთ სულიკო, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

- ბოლოს ვინ ნახა?
- ნატო დვალიშვილმა, ვილჰელმ მახარაძემ და სხვებმა (ყველას გვარი არ მახსოვს). ერთ-ერთ მათგანს სულიკოსთვის უთქვამს, მგონი, ისე მიდის საქმე, დროშების ტარების თავდაცვისთვის გამოყენება დაგვჭირდებაო. სულიკოს უპასუხია, დროშის ტარი რად მინდა, თავდამსხმელს ისედაც მოვიგერიებ, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ქართველებს შორის დაპირისპირება იქნება. ოღონდ ეს არ მოხდეს და თუნდაც სიცოცხლეს გავწირავო. ასეთი სულისკვეთების და უშიშარი იყო ჩემი მეუღლე. დარწმუნებული ვარ, არეულობის დროს გაქცევას და დამალვას არ შეეცდებოდა.

- მისი გარდაცვალების ამბავი როდის შეიტყვეთ?
პაატა ასათიანი: - 27 მაისს, დილის 7 საათზე. იმ დღეს ჩვენთან სამტრედია-ვანი-ბაღდათის უშიშროების ყოფილი უფროსი, მალხაზ ვარდოსანიძე მოვიდა. "ხომ მშვიდობაა?" - ვკითხე მე. მიპასუხა, კი, უბრალოდ, შენთან გასაუბრება გვინდა და უნდა გამოგვყვეო. ვანიდან ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში წამიყვანეს, სადაც გამომიცხადეს, აქციაზე დაგაფიქსირეთ, მანქანას ხელკეტს ურტყამდი და აქ იმიტომაც მოგიყვანეთო. არადა, იმ დროს, როცა მათი თქმით, აქციაზე უნდა ვყოფილიყავი, ახლობლის დაკრძალვას ვესწრებოდი და სამასი კაცი მაინც იყო ამის მოწმე. ეს ვუთხარი კიდეც უშიშროების თანამშრომლებს, რომლებიც შემდეგ იმითაც დაინტერესდნენ, მქონდა თუ არა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა, რაზეც გავღიზიანდი. ბოლოს მითხრეს, თუ გყავს პოლიციაში ვინმე ნაცნობი ან ახლობელი, დაასახელე და შეგეშვებითო. ვანის რაიონის პოლიციის მაშინდელი უფროსი, ლევან ტყეშელაშვილი დავასახელე. სასწრაფოდ ისიც განყოფილებაში მოიყვანეს. სწორედ ლევანმა მითხრა, რომ მამა გარდაცვლილი იყო, - აქციის დროს დამალვას ცდილობდა, ღია ტრანსჯიხურში შევიდა და  ელექტროსადენებმა მიიკროო (მოგვიანებით კი, როგორც იცით, განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ ორი გვამი თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის შენობის სახურავზე იპოვეს). არ მჯერა ამ ვერსიის-მეთქი, რომ ვუთხარი, გამაფრთხილა, ჯობია, დაიჯერო და ენას კბილი დააჭირო, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. "ე.ი. მამა მაგრად დაწვით?!" - აღმომხდა სიმწრისგან. არაფერი მიპასუხეს.

- ცხედარი როდის ნახეთ?
- იმავე დღეს. 27 მაისს მამაჩემის  ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს ჩვენს ოჯახში. მას 20 შავი ჯიპი მოჰყვა. ცხედარი საშინელი სანახავი იყო და  გაგვაფრთხილეს, არ შეიძლება მისთვის ფოტოს ან ვიდეოს გადაღებაო. უფრო წელს ზემოთ ჰქონდა დაზიანებები: გულმკერდის არე მთლიანად გაშავებოდა მრავლობითი დაჟეჟილობის გამო, ხორხი ამოგლეჯილი ჰქონდა, სახე - დეფორმირებული, მარცხენა თვალის კაკალი ჩაგდებული. ხუთივე თითი წათლილი ჰქონდა, მაჯებზე კი ხელბორკილის კვალი ემჩნეოდა. ზურგზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ბრილიანტის მწვანით (ე.წ. "ზელიონკა") იყო დაფარული. მიცვალებული იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, იძულებული გავხდით, სპეციალისტი მოგვეყვანა და გრიმი გაგვეკეთებინა.

- როგორც ვიცი, დუმილის სანაცვლოდ  ფულიც შემოგთავაზეს.
- ეს მამას ორმოცის მერე იყო. ლევან ტყეშელაშვილი მოვიდა და მითხრა, მალხაზ ვარდოსანიძეს თქვენთვის ფულის გადმოცემა უნდაო. რასაკვირველია, უარი ვთქვი. მან კი მითხრა, სჯობია უშიშროების სამსახურის უფროსს თავად უთხრა უარიო. ის მართლაც შემხვდა. ვარდოსანიძე არა მხოლოდ ფულით დახმარებას, არამედ დასაქმებასაც დამპირდა. "მამაჩემის მკვლელებისგან არც სამსახური მინდა და არც ფული-მეთქი", ვუთხარი. მიხვდნენ, რომ ფულს არ გამოვართმევდი და გადაწყვიტეს, ეს თანხა დედაჩემისთვის მიეცათ, თუმცა დედამაც უარი უთხრა. ტყეშელაშვილმა უთხრა: "ფულზე უარის თქმა ნიშნავს, რომ დუმილს არ აპირებთ. ხომ იცით, პაატას პრობლემები შეექმნებაო!" დედა დაშინდა. მეორე დღეს კი ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა და მალხაზ ვარდოსანიძე ისევ მოვიდნენ და ქაღალდში გახვეული 14 ათასი ლარი ბუხრის თავზე დაუტოვეს დედაჩემს.

შორენა ადეიშვილი: - საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა, მაგრამ შიში ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ჩემი ვაჟის გამო ვდუმდი. მაგრამ ხმაც რომ ამომეღო, რას გავხდებოდი? ძალაუფლება მათ ხელში იყო.

- თუმცა არჩევნების წინ მაინც განაცხადეთ, რომ თქვენი მეუღლე ნაწამები იყო.
- თქვენ არ იცით, დუმილი რის ფასად დამიჯდა. ყოველ ღამით კოშმარებს ვხედავდი. ვერ ვისვენებდი, თითქოს სულიკოს სული სამართალს ითხოვდა. ერთხელაც სიზმრად ვნახე, რომ შვილები სარდაფში დავმალე, ამ დროს კი სულიკო გამომეცხადა და მითხრა: შორენა, ნუ გეშინია, შენ გვერდით ვარ, თქვი სიმართლე და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა.
როცა იმ საშინელ რეჟიმზე ხმა ამოვიღე, ვიგრძენი, გულზე მომეშვა. თითქოს უჰაერობით ვიხრჩობოდი და სული მოვითქვი.

ერთ დღესაც ივანიშვილი სტუმრობდა ჩვენს რაიონს და ჩვენს ოჯახსაც ეწვია. სამძიმარი გვითხრა, გვანუგეშა, სიმართლე აუცილებლად გაირკვევაო. დღემდე ამის იმედი მაქვს. ვფიქრობ, მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან.

- მერაბიშვილის დაკავებაზე რას იტყვით?

პაატა ასათიანი: - მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც მერაბიშვილი უდანაშაულო ჰგონიათ. თუ ასეა, მაშინ ვისი ბრძანებით დაარბიეს 26 მაისის აქცია? რა ვითარებაში მოკვდა სულიკო ასათიანი? ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი მერაბიშვილის ბრძანებით მოხდა. როგორ წარიმართა მამაჩემის საქმეზე გამოძიება, ვინ რა ზეწოლა მოახდინა მოწმეებზე და სხვ. პროკურატურის პრეროგატივაა და იმედია, ყველაფერს დაადგენენ.
karlo
19 ივნისი 2013 16:25
ასეთი საქმეების ჩამდენ ავკაცს (მერაბიშვილს და მისნაირებს)იცავენ "ევროპის სახალხო პარტია" და ვინიონი?

გაუგზავნეთ ელექტონული ფოსტით ასეთი მასალები.
და თუ ამიე შემდეგ მაინც არ მოიშლიან მკვლელი ვანოს დაცვას, ისინიც მისნაირი მკვლელები ყოფილან და ფარსად ნუ აქვთ მოსხმული სამართლაინი ჩინოვნიკების მანტია!
ma_vorda
05 ივნისი 2013 12:12
ჩემი აზრით ყვითელი სტატიაა. როგორც მინიმუმ, ჟურნალისტმა უნდა დასვას კითხვა ან თავად გვამცნოს მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, განახლდა თუ არა, მიმართა თუ არა დაზარალებულმა გამოძიებას. რატომ არ ითხოვენ გვამის ექსპერტიზას. თავის დროზე რატომ არ გადაუღეს თუნდაც მობილური ტელეფონით სურათი. რა უქნეს იმ 14 000 ლარს, შეინახეს თუ არა და წარუდგინეს თუ არა ნივთმკიცების სახით გამოძიებას. მაგ თანხის მოხმარებაც ხომ გარკვეულწილად არაეთიკურია და ა.შ.
გიორგი
05 ივნისი 2013 02:46
დევიჯერე კაცო დევიჯერე. სგ სგ. კიდე დადეთ ხოლმე ესეთები.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები