თემის გახმაურების შემდეგ "როენა მამიდას" "საუნას" სამართალმაც მიაკითხა?! - კვირის პალიტრა

თემის გახმაურების შემდეგ "როენა მამიდას" "საუნას" სამართალმაც მიაკითხა?!

"რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში?" - სტატია ამ სათაურით "კვირის პალიტრის" 20 მაისის ნომერში დაიბეჭდა. 7 წლის წინ როენა ხუცურაულის კუთვნილი საუნიდან გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, საეჭვო რეპუტაციის ამ დაწესებულებიდან გამოსული სტუმრების კვალი სხვა დროსაც დაკარგულა.

2006 წლის 12 თებერვალს 29 წლის თამაზ ლუცუფიძე მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ნასვამი სიგარეტის საყიდლად გავიდა... მას შემდეგ ის ოჯახს აღარ უნახავს. თვითმხილველების თქმით, თამაზი ბოლოს ქერჩის ქუჩაზე მდებარე "მამიდას" სასტუმროში მივიდა, სადაც ვინმე ლევან ყარყარაშვილთან უთანხმოება მოუვიდა ქალის გამო. ოჯახი ეჭვმიტანილებზე, დანაშაულის მფარველებსა და მკვლელობის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. "ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელს კი პოლიციამ დააფარა ხელი. ყველამ იცის, რომ საღამოობით "როენას საუნა" გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ბუნაგი იყო. იმ პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, დახურეს საუნა, ალბათ, ჩვენი თვალის ასახვევად, ახლა ისევ მუშაობს. როენა ხუცურაულსაც შევხვდი, მითხრა, ეგ ამბავი რომ მოხდა, აქ არ ვიყავი, მაგრამ ყარყარაშვილი ფეხებით უნდა დაკიდოთო. სხვათა შორის, როენამ ჩემი შვილის გაუჩინარების შემდეგ საუნიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა", - ამბობს გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის მამა, მიხეილ ლუცუფიძე.

საქმეში არსებული უამრავი საეჭვო გარემოებისა და ეჭვმიტანილების არსებობის მიუხედავად, საქმე დღემდე გაუხსნელია.

დაწესებულებას, რომელსაც ქალაქში "როენას საუნად" იცნობენ, ოფიციალურად ღამის ბარი "ჩილიმი" ჰქვია. ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ახლოს არის. მოსახლეობა ჩივის, რომ მამაკაცების სტუმრობა აქ დაღამებისთანავე იწყება, რაც "პალიტრა TV"-ის ვიდეოკამერამაც აღბეჭდა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე). მიუხედავად ამისა, საეჭვო რეპუტაციის დაწესებულების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ აქ მხოლოდ სასტუმრო და ბარი მუშაობს, მაგრამ ჟურნალისტების შეშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

შვიდი წლის წინ ამ დაწესებულებაში გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის ცოლისძმა, გრიგოლ რეხვიაშვილი  მუშაობდა. "ამ საუნაში ქალები ჰყავთ, ნებისმიერ კაცს შეუძლია მივიდეს, გადაიხადოს ფული და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება", - ამბობს რეხვიაშვილი.

საინტერესო კი ის არის, რომ სწორედ ამ თემის გახმაურების შემდეგ გაირკვა, რომ შს სამინისტროში გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ჯერ კიდევ 2012 წლის 4 ოქტომბერს დაწყებულა და სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით სასტუმრო "შემოიხედეს" მეპატრონე როენა ხუცურაულს ბრალი წარდგენია. გაგიკვირდებათ და, ამ სასტუმროს მისამართიც ქერჩის ქუჩა #6-ია, სადაც ახლა უკვე ე.წ. ღამის ბარი "ჩილიმი" მდებარეობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

თემის გააქტიურებას ასევე დაემთხვა რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა, სადაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე როენა ხუცურაულს 40.000-ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი, ორწლიანი გამოსაცდელი ვადა  შეეფარდა. საპროცესო შეთანხმება პროკურატურას, მსჯავრდადებულ როენა ხუცურაულსა და მის ადვოკატ გელა კობახიძეს შორის გაფორმდა.

როენა ხუცურაული ანალოგიური ბრალდებით 2007 წელსაც დააპატიმრეს, მან საპატიმრო 2010 წელს დატოვა.

რა დანიშნულებით განაგრძობს ღამის ბარი მუშაობას, ამას, ალბათ, ყველაზე უკეთ ახლომცხოვრები მოსახლეობა შეაფასებს. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ შესაბამისი უწყებები იმ სისხლის სამართლის საქმეებითაც დაინტერესდნენ, რომელიც "როენას საუნას" უკავშირდება და წლების განმავლობაში რატომღაც თაროზე იყო შემოდებული.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემდეგ, 7 წლის წინ დაკარგული თამაზ ლუცუფიძის ოჯახს იმედი მიეცა, რომ ოდესმე შვილის დატირებას მის საფლავზე შეძლებს. "მინდა ამ მთავრობამ მხოლოდ იმიტომ გამოიძიოს ეს საქმე, რომ სხვებსაც არ შეემთხვეთ ასეთი დიდი უბედურება", - ამბობს თამაზ ლუცუფიძის დედა.