"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია" - კვირის პალიტრა

"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

"ბუთლიაშვილი იყო ყველაზე სასტიკი ჯალათი"

ციხის სკანდალური კადრების საქმეზე ბრალდებული 16 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. დაზარალებულთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით, სხდომები დახურული იყო. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა. ბრალდებულების: მამუკა ჩხიტუნიძის, მანუჩარ ლომთაძის, კობა ჩიკვატიას, გურამ ცომაიას, ლევან ფხალაძის, ბორის ფარულავას, ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილის მიმართ სხვადასხვა პირობით, საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, ხოლო გაგა მკურნალიძის, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, მათე ელბაქიძის, თემურ ჭაჭიას მიმართ საქმე არსებითი განხილვით დასრულდა...

გასამართლებულთა შორის არ აღმოჩნდა გლდანის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი გოგა ბუთლიაშვილი, არადა, მას არაერთი პატიმარი ამხელს განსაკუთრებულ სისასტიკეში. ე.წ. ციხის სკანდალურ საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვათა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, თუმცა, მათ შორის იქნება თუ არა ბუთლიაშვილი, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

გოგა ბუთლიაშვილის მიმართ პატიმრებს მაშინაც ჰქონდათ პრეტენზიები, როცა ის ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორი იყო. უშუალოდ მას ამხელდნენ ცემა-წამებაში. კონკრეტული ფაქტები მაშინ უცხოელმა დამკვირვებლებმაც შეისწავლეს და დასკვნაც გამოაქვეყნეს. ამის გამო სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იძულებული გახდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ბუთლიაშვილი. თუმცა მოგვიანებით გლდანის მე-8 საპყრობილეში სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს(?!). შემდეგ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ციხის სკანდალურ კადრებში ბუთლიაშვილი ამოიცნეს და მისი დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა ლაგოდეხში. საბოლოოდ, ის თანამდებობიდან გადადგა. ციხის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის მტკიცებით, ის ამჟამად თბილისის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელია(?!). სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დავაზუსტეთ, კერძოდ Uრომელ სასწავლებელში მუშაობს გოგა ბუთლიაშვილი. მას წლების წინ, პატიმრობისას ცოტნე გამსახურდიაც ამხელდა და სასამართლო პროცესებზე დაწვრილებით ჰყვებოდა მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

ცოტნე გამსახურდია: - როდესაც ციხის საავადმყოფოში მიმიყვანეს, გოგა ბუთლიაშვილი იქ დირექტორი იყო. მახსოვს, ახალი ნაოპერაციევი პატიმარი წერეთელი წამალს ითხოვდა, რისთვისაც ცხვედიანმა და ბუთლიაშვილმა სასტიკად სცემეს...

ვაცხადებ, პირადად ბუთლიაშვილი ღამით სასტიკად გაუსწორდა სულით ავადმყოფ ტარიელ საყვარელიძეს წამლის მოთხოვნის გამო. გოგა ბუთლიაშვილი პირადად მონაწილეობდა პატიმრების მორგში ჩაყვანაში, ჩაკეტვასა და წამებაში...

მაშინ სწორედ ამ ფაქტების გამო დავიწყე შიმშილობა. ბუთლიაშვილი თანამდებობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გლდანში სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს. სამკურნალო დაწესებულების უფროსად კი არანაკლები ჯალათი ვაჟა ცხვედიანი მოიყვანეს. ცხვედიანი დღეს დაკავებულია, ბუთლიაშვილი - თავისუფალი. მერწმუნეთ, ცხვედიანზე უარესს სჩადიოდა ბუთლიაშვილი. ის იყო ყველაზე სასტიკი ჯალათი. გაუგებარია, რატომ არის დღეს დაუსჯელი. ის იყო პირწავარდნილი გარეწარი, კბილაშვილი კი ამბობს, - პატიმრის მონათხრობი არ დაიჯერება, მეტი მტკიცებულება გვჭირდებაო... რა მტკიცებულება სჭირდება, როცა ამდენი პატიმარი ჰყვება, რა საშინელებასაც აკეთებდა? პატიმარს წამებისას როგორ უნდა გადაეღო კადრები?

ყოფილი პატიმარი არმაზ ხარძიანი: - 2011 წლის აპრილი იყო. გამომიყვანეს საკნიდან და შემიყვანეს ბუთლიაშვილის კაბინეტში. მომესალმა და მკითხა, - ეტაპით ზონაში გადასვლა ხომ არ გინდაო. ეს ყველა პატიმრის ოცნება იყო, რადგან იქ რეჟიმი უკეთესია და ჰაერზე გასვლა შეგიძლია. მინდა-მეთქი. მაშინ ხელი უნდა დაადო რომელიმე ოფიცერს და თქვა, რომ ზონაში გადაყვანის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდიო. ეს როგორ ვქნა, როცა მსგავსი რამ არ მომხდარა-მეთქი. შენ ხელი დაადე და დანარჩენს ჩვენ მივხედავთო. სხვამ რომ მითხრას, თქვენ დაგადოთ ხელი, რას იტყვით-მეთქი, ჩემ გარდა ნებისმიერს დაადე ხელი, თუ არადა, დაილეწებიო. ტყუილად ხელს ვერ დავადებ-მეთქი. ოფიცერს დაუძახა, - კარანტინში წაიყვანეო. პირველ დაშლაზე არ ამიყვანეს,

საკანში 200 კაცამდე იყო დაშლის დროს, აქედან მინიუმ 150-ის ცემას პირადად ვუყურე. დავთვალე ისეთებიც, რომლებიც არ უცემიათ - მათ ახლობელს ჰქონდა დარეკილი და იმიტომ. ერთმა თქვა, ჩემ გამო დავით დარჩიაშვილმა დარეკაო. ერთი პატიმარი, 18 წლის ბიჭი, ისეთ დღეში ჩავარდა, შიშით ჩაისველა.

150-ლარიანი ნივთის ქურდობას ედავებოდნენ და 5.000 ლარს სთხოვდნენ საპროცესოში. იქვე იდგა მუხაძე. მეორე პატიმარმა უთხრა, - პატიმარმა ჩაიფსაო.

მუხაძე მოგვიბრუნდა და - ვინც ჩაიფსამთ, იმათ არ გცემთო. ის ბიჭი არ უცემიათ, ისე გაიყვანეს. ამის შემხედვარე ერთ-ერთმა 50-ოდე წლის პატიმარმა მათ შეაგინა და არაადამიანები უწოდა. ის კაცი სასტიკად სცემეს. მოტრიალდა ბუთლიაშვილი და ამ ნაწამებ კაცს ფეხები გადაალაჯა და ზემოდან დააფსა. მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ.

პატიმარ ირაკლი ხარებავასგანაც ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. ყაჩაღობას აბრალებდნენ. მანამ სცემეს, სანამ არ აღიარებინეს. იარაღიც ჰქონდა ჩადებული... როგორც გაირკვა, იმ იარაღით ადამიანი იყო მოკლული, მან არ აღიარა და ამიტომ გაუსწორდნენ. ხარებავა რომ გაიყვანეს, ქვევიდან ამოარტყა მუხაძემ, ხარებავა სიმწრისგან ძირს დაეცა და ბუთლიაშვილი, რომელიც 140 კილომდე იქნებოდა, ნეკნებზე დაახტა წაქცეულს. ბუთლიაშვილი ამაყად ამბობდა, - ეს მეთოდი ჩემი მოგონილიაო. როცა პატიმრებს ახტებოდა, მათ ან ნეკნები ემტვრეოდათ, ან ებზარებოდათ, ის კი ამით კმაყოფილი რჩებოდა. ხარებავასაც ნეკნები გაბზარულ-ჩალეწილი ჰქონდა. მაშინ ვუთხარი, ჟურნალისტებისთვის მიემართა, მაგრამ შეაშინეს, - იჩივლებ და მოკვდებიო.

- ამბობენ, ხშირად თვრებოდნენ და სცემდნენ პატიმრებსო.

- მახსოვს, ბარბარობა იყო. ციხის ერთი თანამშრომელი, გია, მოვიდა ჩვენს საკანში და გაგვაფრთხილა, - ჩუმად იყავით, რეჟიმი თვრება და მიზეზს ნუ მისცემთო. ციხის თანამშრომლებს შორისაც იყო რამდენიმე კარგი ადამიანი. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, დღის სამი საათი იქნებოდა. გადავწყვიტეთ, დავწოლილიყავით. 5 საათზე გაიღო საკნის კარი და დაახლობით 18 კაცი შემოვიდა, წინ გოგა ბუთლიაშვილი მოუძღოდათ. დაინახეს - ყველანი ვიწექით. რა ხდებაო, - გაუკვირდათ. შარი რომ ვერ მოგვდეს, გვერდით საკანში გავიდნენ... იქიდან ისეთი ხმები გამოდიოდა და ისე სცემეს პატიმრებს, რომ სიცოცხლე აღარ გვინდოდა. იმ დღეს 22 საკანს გაუსწორდნენ. ბუთლიაშვილი პატიმარს ყელში ხელს წაუჭერდა, სულშეხუთული იძულებული იყო, პირი გაეღო და ამ დროს პირში აფურთხებდა, მერე ხარხარებდა. ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელი დადის. გამაგებინეთ, რატომ?!

ეს ანიჭებდა სიამოვნებას, ამ საშინელებით ერთობოდა. ე.წ. კარანტინის დაშლას არასდროს აკლდებოდა, სპეციალურად რჩებოდა, რომ სისხლით გამძღარიყო. შემიძლია ყველგან დავადასტურო ფაქტები, რომელიც პირადად მაქვს ნანახი...

ყოფილი პატიმრის მონათხრობი ციხის ყოფილ თანამშრომელთან, ლადო ბედუკაძესთან გადავამოწმე. მან ბუთლიაშვილი სწორედ ასეთად დაახასიათა. ისიც მითხრა, ახლაც იხდიან სასჯელს მის მიერ დასახიჩრებული პატიმრები. რუსთავის დაწესებულებაში ზურაბ ხაინდრავა მართლაც იხდის  სასჯელს. როგორც შევიტყვე, სწორედ ბუთლიაშვილის ცემამ დაუზიანა ხერხემალი. "ხაინდრავა ხერხემალში მან გადატეხა და დააინვალიდა", - დამიდასტურა ბედუკაძემ. ბუთლიაშვილის მსხვერპლი აღმოჩნდა ასევე პატიმარი ლევან ცეცხლაძე. მისი ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ის მზად არის, დეტალებზე პრესასთან ისაუბროს.

ჩვენ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. კიდევ ერთი პატიმარი, რომელმაც მის წამებაში ბუთლიაშვილიც ამხილა, ირაკლი მარაქველიძეა. ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა პატიმრის წერილიც გაახმაურა, სადაც წერია: "2009 წლის 3 ივლისს "რეზბალნიცაზე" 1 თვის მანძილზე არაადამიანურად მაწამებდნენ... შიშები დამჩემდა, ამდენი ცემისგან ეპილეფსიაც ჩამომიყალიბდა. მტოვებდნენ მორგში, პირველ სართულზე. მჭირდება მკურნალობა, მაგრამ შიშით ვერ მივდივარ. როდემდე უნდა მირტყან მაგათმა? უკვე აღარ მაქვს წამლების ყიდვის საშუალება. თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, მე დაგისახელებთ მათ სახელებსა და გვარებს, ესენი არიან: გოგა ბუთლიაშვილი, ნიკო ხატიაშვილი, ავთო პაპაშვილი. გთხოვთ მოხვიდეთ, მნახოთ. პატივისცემით - ირაკლი მარაქველიძე". არაადამიანური მოპყრობის გამო მარაქველიძემ არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. ნინო ანდრიაშვილის თქმით, ორივე მკლავზე ვენები გადაიჭრა, გადაისერა კისერიც. ჩაჰყავდათ მორგში და მიცვალებულებთან საათობით კეტავდნენ, შიშველს ათავსებდნენ კარცერში...

ციხის ყოფილი თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ ბუთლიაშვილს სისასტიკით ბადალი არ ჰყავდა. წაქცეულ პატიმრებს ხომ აშარდავდა, უნიტაზში არჭობდა ცოცხს და შემდეგ შიშველ პატიმრებს იმით უსწორდებოდაო... მის წინააღმდეგ საჩივარი არაერთ პატიმარს აქვს შეტანილი პროკურატურაში და დაველოდოთ გამოძიებას, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენ ბუთლიაშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით...

თეა ხურცილავა