ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!
17-06-2013
ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!
ყოფილი "ჯაშუში" სამართალს ითხოვს

"ურემი ისევ იქ დგას" - უსამართლობის აღმოფხვრის პროცესი ფერხდება"


სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშად შერაცხილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მთავარი მრჩეველი, პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სიმონ კილაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ დამნაშავე პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს და სხვებს, როგორც "სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ", დანაშაული უნდა ეპატიოთ.

- უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან და შეცდომები ვაპატიოთო. ვერ იქნებოდნენ სისტემის მსხვერპლნი, რადგან სწორედ ქვედა რგოლში "იკერებოდა" საქმეები გამომძიებელ-პროკურორთა ხელით;
ისინი შეგნებულად სჩადიოდნენ დანაშაულს და მორჩილად ასრულებდნენ ხელმძღვანელთა ზეპირ უკანონო მითითებებს; მათ შეეძლოთ თანამდებობიდან გადადგომა, რათა თავი აერიდებინათ უკანონობის შესრულებისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ? ვერ თქვეს უარი კარგ ხელფასზე, პრემიებზე, შეღავათებზე...  როცა ასეთ გამომძიებელ
-პროკურორ-მოსამართლეს კვლავ თანამდებობაზე ვხედავ, თანაც ისევ ისე უტიფრად იქცევა, ეჭვი მიპყრობს - იმსახურებენ კი ისინი პატიებას?

ვინაა სისტემის მსხვერპლი - მე თუ ისინი, რომელთა გამო უდიდესი სულიერი ტრავმა მივიღე, მატერიალურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვა?

ამას წინათ წავიკითხე, რომ "ნაციონალთა" მმართველობის დროს ლაფანყურის ოპერაციის დამგეგმავი, მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ვინმე ვალერი ზუმბაძე დღეს იმავე ოპერაციისას დაშვებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ხელმძღვანელობსო... მინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვო: თუ ეს მართლაც ასეა, გააძევეთ ვალერი ზუმბაძეები სამინისტროდან! ნუ იცავთ მათი მუნდირის ყალბ ღირსებას! როცა ასეთ ამბებს ვისმენ, არც ის გამიკვირდება, რომ ჩემს წინააღმდეგ 2006 წელს ცრუბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელმაც იმ დანაშაულის აღიარება მაიძულა, რომელიც არ ჩამიდენია, აღიარების ტექსტი დამიწერა და ვიდეოკამერის წინ წამაკითხა, დღეს დაწინაურებული იყოს და კვლავ "ქვეყნის ჯაშუშების" დაჭერის გეგმებს ადგენდეს. ამას ვუწოდებთ სამართლიანობის აღდგენას?  ჯერჯერობით თანამდებობებზე ისეთი მოსამართლეები მუშაობენ, ბევრი უსამართლო განაჩენი რომ გამოიტანეს. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე. ნასამართლობის მოხსნის თხოვნით მივმართე და უარი მივიღე - მისი აზრით, არაკეთილსაიმედო პიროვნება ვარ და კვლავ შემიძლია, თურმე, დანაშაულის ჩადენა. სამართლის დაგვიანება ხალხის ოცნებასა და იმედს მოკლავს.

- თქვენს ყოფილ ბრალმდებელ პროკურორთან დაკავშირება თუ სცადეთ?
- მითხრეს, რომ დიდი ხანია, პროკურატურაში აღარ მუშაობს. ამას წინათ "ფეისბუკში" ვიპოვე და საუბარი ვთხოვე, ჩემი საქმის დეტალები მაინტერესებდა, რადგან საქმე წაკითხული არ მაქვს - ხელი მომაწერინეს და გრიფი "სრულიად საიდუმლო" დაადეს. როცა მასთან დაკავშირებას შევეცადე, "ფეისბუკიდან" საერთოდ გაქრა.

- ახალმა ხელისუფლებამ მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რის საფუძველზეც ათასობით მსჯავრდადებული, უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული გათავისუფლდა. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა?
- ეს არ არის საკმარისი. ამნისტირებული პირების სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსი გაურკვეველია, ჯერჯერობით ჰაერში არიან გამოკიდებულნი. უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, დაიწყოს გახმაურებული საქმეების ხელახალი გამოძიება, მოიხსნას ცრუბრალდებები და დასკვნები სასამართლოებს გადაეცეს. ბოლოს კი მოხდეს პოლიტიკურ-იურიდიული რეაბილიტაცია სახელმწიფოს სახელით. დღეს, როცა ხელისუფლების შეცვლიდან უკვე ნახევარ წელზე მეტია გასული, "ურემი ისევ იქ დგას" - უსამართლობის აღმოფხვრის პროცესი ფერხდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იურიდიული ნორმის ცვლილებაში პარლამენტს ქვედა დინებები და უხილავი ბარიერები უშლიან ხელს. გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება განგებ აყოვნებს "ნაციონალური" მართლმსაჯულების მიერ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას.

- რას გულისხმობთ?
- თუ საქმის გადახედვის შემდეგ რეპრესირებულთა უდანაშაულობა დადგინდება, ბევრ დღევანდელ სამართალდამცველს პასუხისგება მოუწევს - ეს ეხება როგორც სასამართლო სისტემაში მომუშავეთ, ასევე შს სამინისტროს, განსაკუთრებით - ყოფილი სოდ-ის, კუდ-ის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მუშაკებს. ის გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები პოლიტპატიმრების ამნისტიის შემდეგ საჯაროდ უნდა გამოსულიყვნენ და ან თავიანთი შეკერილ-შეთითხნილი ბრალდებები დაეცვათ და დაესაბუთებინათ, ანდა მოენანიებინათ შეცდომები და თანამდებობიდან გადამდგარიყვნენ.

- ამ შემთხვევაში შეიძლება რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება?
- ავტორიტარულ-ტოტალიტარული რეჟიმების დამხობის შემდეგ სამართლიანობის აღდგენამ მოუწია გერმანიასა და იტალიას (ფაშიზმი), ესპანეთს (ფალანგიზმ-ფრანკიზმი), საბერძნეთს ("შავი პოლკოვნიკების" სამხედრო დიქტატურა), ჩილეს (პინოჩეტის სამხედრო ხუნტა), პორტუგალიას (სალაზარის პროფაშისტური რეჟიმი), აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებს. გერმანიაში, იტალიასა და ავსტრიაში ანტიდემოკრატიული პოლიტიკური პარტიები აიკრძალა და მკაცრი პოლიტიკური წმენდა განხორციელდა, სამართალდამცველი და მართლმსაჯულების ორგანოთა რეორგანიზაცია მოხდა. ჩეხეთში, ლუსტრაციის კანონით, თუ ადამიანის უფლებათა დამრღვევი ჩადენილ შეცდომას საჯაროდ მოინანიებდა, მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდა, თუმცა ყველას არა: მნიშვნელობა ჰქონდა შეცდომის სიმძიმეს და იმას, იჩივლებდა თუ არა რეპრესირებული მოქალაქე. თითქმის იმავე მეთოდით აღდგა სამართლიანობა პოლონეთში.

ესპანეთში ეროვნული შერიგება, შეცდომათა მიტევება მოხდა. ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ ხელი მოეწერა "მონკლოას პაქტს", მიიღეს კანონები "ხსოვნისა და  ამნისტიის შესახებ", გააუქმეს წინა ხელისუფლების გამოტანილი სასამართლო განაჩენები. რასაკვირველია, ზოგიერთი ოდიოზური ბობოლა ფრანკისტი დააპატიმრეს, მაგრამ ბევრი სახელმწიფო მოხელე,  საჯარო მონანიების შემდეგ სამუშაო ადგილებზე დატოვეს...

- როგორ ექცეოდნენ პოლიტიკური რეჟიმისა და სასამართლო შეცდომის  მსხვერპლთ, მათ ოჯახებსა და შთამომავლებს?
- სახელმწიფო იწყებდა ფართო რეაბილიტაციის პროცესს. გადაიხედა საქმეები, შემოწმდა სამხილების ნამდვილობა, ჩატარდა ექსპერტიზა, ბოლოს კი სასამართლომ სახელი და ღირსება აღუდგინა ყველას და საკმაოდ დიდი ფულადი კომპენსაცია გადასცა. ჩვენთან კი მხოლოდ ქაღალდზე გაჩნდა უდანაშაულოს, პოლიტპატიმრის, რეპრესირებულის სტატუსი და ჩვენს უბედურებაში დამნაშავეები არ დასჯილან.
Shoda
06 ივლისი 2013 17:57
ძირს ნაც-სიბილწე! ნაცხროვა სახეა იმ ბოროტებისა, რასაც დღეს აქვს ადგილი მსოფლიოში! იმ ბოროტებას ნაცების სახით ნიღაბი ჩამოეხსნა!
ტატიანა
25 ივნისი 2013 18:23
გეთანხმებით, ძველი კადრებიდან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც ათასი სტრესის და ბრძოლის ფასად ინარჩუნებდნენ ადამიანურ ღირსებას და არ ასრულებდნენ ნაციონალების ბინძურ დავალებებს,მაგრამ ვინც ასრულებდა ბინძურ შეკვეთას და ისევ დაუსჯელია?
მაშ რისი იმედი უნდა გვქონდეს?
თითქმის 7 თვე გავიდა, როგორ უნდა გააკარო იგივე სტრუქტურას ის გამომძიებელი, ის პროკურორი, ის მოსამართლე, რომელიც აგერ გუშინ ბინძური მეთოდებით უმკლავდებოდა ხალხს. დღეს იმთი საქმე ისევ მათ ხელშია

არის ეს სამათალი? თუ უკანონოდ მისჯილია, თუ პოლიტპატიმარია, როგორ არ უნდა დაისაჯონ ვინ ასეთ დღეში ჩააგდო?

ან რეპორტიორების საქმე
კაცი იმ ზომამდე მიიყვანეს თავის მოკვლა უნდოდა ციხეში,
უდანაშაულოდ დაიჭირეს, ბრალი დასდეს, აშანტაჟეს, აიძულეს, ბრალი აღიარებინეს...... ამ საზიზღრობების მერე
სიტუაცია შეიცვალა, ხალხს იმედი მოეცა
და რა?

იგივე სამართალ დამცავი, იგივე პროკურორი იგივე მოსამართლე ისევ თავის ადგილასაა;
კარგი ხელფასი, პრემია, სამსახურეობრივი მანქანა



აბა რა შეიცვალა? ან როდის????? როდემდე????????

ის თურმე კბილაშვილის კურსელია, ის იმის კლასელია
მაშინ როცა ამ საქმეში მონაწილეობდნენ რატომ არ ახსოვდათ არც კურსელობა, არც კლასელობა?
როგორ შეიძლება სისტემას დავაბრალოტ ყველაფერი. იმ სისტემაში ვცხოვრობდით ჩვენც და რომ არ დავექმედებარეთ იმიტომ გვაშანტაჟებდნენ ოჯახებით, შვილებიტ, სამსახურიტ და ა.შ.
ესენი კი შეუცვლელად, თურმე კადრები არ ჰყოლიათ, რამდენმა სტუდენტმა დაამთავრა მაგისტრატურა, რამდენი პატიოსანი თავისი საქმის მცოდნე დადის უმუშევარი ზუსტად იმიტომ რომ ნაცების დაკვეთა არ შეასრულა.
შეცვალეთ ძველი სისხლისმწოველი, დამნაშავე პროკურორები,აბა ამათზე მეტი დანაშაული არც მისჯილებს არ ჩაუდენიათ და ისინი სასჯელს იხდიან.
ბატონ ირაკლის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მისი ჭკვიანური მიდგომა დაეტყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ კბილაშვილი მოიკოჭლებს და შეიძლება ამან ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს.


გიორგი
19 ივნისი 2013 10:39
მართლაც ფაქტია რომ რეჟიმის თითქმის მთელი შემადგენლობა ადგილზეა. თუ პოლიტიკური სიტუაცია არ იძლევა სამართლის აღდგენის საშუალებას და დასავლეთიც ძალიან გვაწვება, თქვით როგორია არსებული რეალობა და აღარ შეგაწუხებთ მაინცაა. თქვენ არ ამბობთ, ფარული არაფერი გვექნება და სიმართლეს გეტყვით, როგორი მწარეც არ უნდა იყოსო? მალე ერთი წელი შერულდება ჩვენი არჩევნებიდან!

რედაქტორის რჩევით