"ძლიერ ნასვამმა, 60 წელს გადაცილებულმა გოგიამ როგორ მოკლა მეგობარი და მისი მეუღლე?" - კვირის პალიტრა

"ძლიერ ნასვამმა, 60 წელს გადაცილებულმა გოგიამ როგორ მოკლა მეგობარი და მისი მეუღლე?"

უშიშროების ყოფილი მინისტრის, 66 წლის თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. დაიწყო მსჯელობა, ექსპერტებმა მკვლელობა პოლიტიკური მოტივით ახსნეს. ბევრმა ამაში სპეცსამსახურების ხელი დაინახა, მაგრამ სამართალდამცველებმა საზოგადოებას განსჯისა და ფიქრის საშუალება არ მისცეს, ისე გახსნეს ცხელ კვალზე საქმე. მკვლელობაში ბრალდებული კი ნინუას ოჯახის უახლოესი მეგობარი,  60 წელს გადაცილებული თამაზ გოგია აღმოჩნდა. გოგია ჯერ ბრალდებულადაც არ იყო ცნობილი, რომ ტელევიზიებმა  საზოგადოებას აუწყეს, ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობა გახსნილიაო და მიზეზად არა პოლიტიკური მოტივი, არამედ ბიზნესპარტნიორებს შორის 600-ათასდოლარიანი ვალის გამო კონფლიქტი დაასახელეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მთავარი სამხილი, რომელიც ნინუას მკვლელობაში გოგიას დასადანაშაულებლად გახდა საკმარისი, გოგიას ხელზე აღმოჩენილი დენთის კვალია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იდენტურია მკვლელობის ადგილზე ამოღებული ტყვიის გულის დენთის კვალისა. წესით, საბრალდებო დასკვნაში ასეთი მყარი არგუმენტის წაკითხვის შემდეგ ეჭვი და კითხვები სამართალდამცველებთან აღარ უნდა გქონდეს კაცს, მაგრამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ზოგიერთ დეტალზე ყურადღების გამახვილება მაინც გადავწყვიტეთ და სენსაციური შედეგიც მივიღეთ.

დავით აბესაძე, თამაზ გოგიას ადვოკატი: - ერთადერთი მტკიცებულება, რაც ამჟამად საქმეში მოიპოვება, გოგიას ხელიდან აღებული დენთის კვალია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იდენტურია ტყვიის გულიდან ამოღებული დენთისა. დადგენილია მასრის მარკა და მოდელი, მაგრამ არ არის დადგენილი, რომელი იარაღი გაისროლეს. ეს ტყვია სპეცსამსახურების ტყვიაა, უნიკალურია და საქართველოში რომ ეძებო, ვერ იპოვი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ იმ ღამეს ზომაზე მეტად ნასვამი გოგია მეგობარმა ღამის 11 საათზე მიიყვანა შინ. იმ დღეს გოგიამ რამდენიმე მეგობართან ერთად რესტორანში იქეიფა. იქიდან წამოსულმა მეგობარი წერეთლის გამზირზე მიიყვანა, მაგრამ რაკი ძალზე მთვრალი იყო, ვეღარ შეძლო მართვა და ავტომანქანა წერეთელზე დატოვა. მეგობარმა 5 ლარიც კი მისცა, სახლამდე ტაქსით რომ მისულიყო. ამასობაში გოგიას მანქანით მისმა მეგობარმა, ნოდარ აკობიამ გამოუარა, რომელმაც მიიყვანა კიდეც შინ. ნოდარ აკობიამ გამოძიებას მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ სწორედ ასე იყო.

- აკობია გოგიას მეგობარია და იქნებ ტყუის მეგობრის გადასარჩენად?

- საქმე ის არის, რომ იმ ღამეს გოგიას მიმოსვლის მარშრუტი გამოძიებამ დაადგინა. იმ დღეს იმდენად ნასვამი იყო, რომ არც ის ახსოვდა, ვინ მიიყვანა და ეგონა, სახლში ტაქსით მივედიო. ამიტომ ვეძებდით ტაქსის მძღოლს, მაგრამ თვითგამოძიებამ დაადგინა, რომ ძლიერ ნასვამი გოგია შინ თურმე ნოდარ აკობიას მიუყვანია. ახლა ის არის საკითხავი, ასე ნასვამმა, 60 წელს გადაცილებულმა გოგიამ, რომელსაც კავშირი არასოდეს ჰქონია სპეცსამსახურებსა და პოლიციასთან, უცნობი იარაღით, სპეცსამსახურების ტყვიით როგორ მოკლა თავისი უახლოესი მეგობარი და მისი მეუღლე?

- გამოძიებამ მოტივიც დაადგინა. როგორც საბრალდებო დასკვნაშია მითითებული, მკვლელობა ანგარების მიზნით ჩაიდინა. მას თურმე ობიექტი ჰქონია გასაყიდი და თანხის ნინუასთვის გაყოფა არ უნდოდა.

- დასკვნაში ისიც წერია, რომ თურმე ამ ორგანიზაციის არაოფიციალურ 50-პროცენტიან წილში ყოფილა ნინუა. სინამდვილეში კი ასე არ არის. ამას არც ერთი მოწმე არ ადასტურებს. ასეც რომ იყოს, სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. გოგიამ მუხიანის გადასახვევთან, სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, ააშენა კომპლექსი, რომელიც 900 ათას დოლარად იყიდებოდა. ეს იყო ყოფილი პარლამენტარის, ვოვა ქარსელაძის ფულით აშენებული კომპლექსი. მან ამ საქმეში 600 ათასი დოლარი დააბანდა, მაგრამ არ ეყო, ომმა და კრიზისმა მოუსწრო. რაკი ქარსელაძემ ვერ იშოვა მეტი ფული, გოგიამ ობიექტის დასასრულებლად საჭირო თანხა ბანკიდან ისესხა. ქარსელაძეს კი მოურიგდა, რომ როცა შენობას გაყიდდა, ვალს დაუბრუნებდა. ასე რომ, არის 900-ათასდოლარიანი შენობა, ქარსელაძის ვალი - 600 ათასი, ბანკის ვალი - 206 ათასი და ამ ობიექტის გაყიდვით საგადასახადო ვალდებულება 127 ათასი დოლარი. შენობა 900 ათას დოლარად იყიდებოდა,  გასასტუმრებელი კი 933 ათასი დოლარი იყო. საინტერესოა, რა მოტივი უნდა ჰქონოდა გოგიას ნინუას მკვლელობის, რომ მეტი გადასახდელი თვითონ დარჩენოდა? ეს ჩვენთვის არის აბსურდი, ვინც რეალობა იცის, თორემ გამოძიებამ ისე მიიტანა ამ ვალის საკითხი საზოგადოებამდე, რომ გეგონება,  გოგიასა და ნინუას 600 ათასი ჰქონდათ ერთმანეთში გასაყოფი. გოგია გაოგნებულია, ჯერ მკვლელობის დაბრალება რაა და როცა კაცს ორი უახლოესი ადამიანის მკვლელობას აბრალებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნება?

- ნინუას ოჯახს პრესასთან კონტაქტი არ სურს, იზიარებს გამოძიების ამ ვერსიას?

- არა მარტო ნინუას ოჯახი, არავინ იზიარებს. საქმე ის არის, რომ  ნინუას ოჯახში გოგია მაშინ მიდიოდა, როცა უნდოდა. იმ დღეს კი ნინუასთან მათი შვილიშვილი უნდა მისულიყო და ბებია-ბაბუასთან დარჩენილიყო. ნინუამ შვილიშვილს დაურეკა და უთხრა, შეხვედრა მაქვს და არ მოხვიდეო. ბუნებრივია, გოგიას მისვლის გამო ამას შვილიშვილს ნამდვილად არ ეტყოდა.

სხვათა შორის, როგორც აცხადებდნენ, გოგია ვითომ 27 ნოემბერს დააკავეს, სინამდვილეში კი 8 დღით ადრე დააპატიმრეს. ვითომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, პოლიციას აგინებდა. სწორედ ამ ბრალდებით დაიჭირეს და 30-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს. ამ ხნის კაცი რომ ქუჩაში არ დადგებოდა და გინებას არ მოჰყვებოდა, ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი: როგორც კი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გოგია ნინუას მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს, ზემოხსენებულ ობიექტში შემოსავლების სამსახური შევიდა: დალუქეს ობიექტი, წაიღეს დოკუმენტაცია და ახლა გოგიას ხუთ ეპიზოდში, თაღლითობაშიც ადანაშაულებენ(?!).

- კიდევ რას სდებენ ბრალად?

- სხვადასხვა საქონელია ნისიად შესყიდული, ზოგის ვალი ჰქონდა გოგიას, ზოგს, პირიქით, მისი ვალი, ეს ჩვეულებრივი მუშაპროცესია, გამოძიება კი ეუბნება, თაღლითი ხარ, ალბათ, არ აპირებდი ვალების გასტუმრებასო. სამშენებლო მასალისა და ბანკის ვალი თუ აქვს, სამაგიეროდ ჩადებულია ქონება, რომელიც ბევრად მეტი ღირებულებისაა, ვიდრე ვალი და როგორ არის თაღლითი? ვერ გავიგე, რაში სჭირდება ეს ფოკუსი გამოძიებას, მაგრამ რაღაცაში რომ სჭირდება, ამას ვხვდები.

მთავარი აბსურდის შესახებ ჯერ არ გვითქვამს. დასაწყისში ვახსენეთ, რომ გოგიას ხელზე დენთის კვალი აღმოუჩინეს. დადგენილია, რომ ნინუა და მისი მეუღლე სპეცტყვიით - СП-4-ით არიან მოკლული. ჩვენ ინტერნეტიდან ამოვიღეთ ამ ტყვიის პარამეტრები და თავისებურებანი. ინფორმაციაში მითითებულია, რომ ეს ვაზნა სპეციალური ПСС ტიპის უხმაურო პისტოლეტისთვის არის განკუთვნილი. მისი კონსტრუქციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ დენთის აირების წაკვეთა მასრის შიგნით ხდება. ანუ აირის ჰილზიდან გამოტყორცნა არ ხდება, გასროლის შემდეგ მასრა ფეთქებადსაშიში ხდება, რადგან სადენთე აირები მასრაშივე რჩება მაღალი წნევის ქვეშ. საინტერესოა, თუკი დენთის აირები ამ სპეცვაზნიდან გარეთ არ გამოდის, მაშ რა დენთის კვალი აღმოუჩინა გამოძიებამ გოგიას ხელზე?