"დათა ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა" - ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დათა ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა" - ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები (ექსკლუზივი)

"ჩემი უდანაშაულო შვილი უმოწყალოდ ჩაცხრილეს და ეს იყო ყველაზე სკანდალური და სისხლიანი სპეცოპერაცია"ვარდების რევოლუციის" შემდეგ"

ძმები ახალაიების სახელი, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, სხვა სახელი ნაკლებად გახმაურებულ მკვლელობებთანაც ასოცირდება. ერთ-ერთია 2006 წლის 12 იანვარს დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც უმოწყალოდ ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა: 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე (ამ ამბიდან ძალიან მალე, 28 იანვარს, მოკლეს სანდრო გირგვლიანიც).

უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის #1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-იდან მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა, - ეს არის სკანდალური ვიდეომასალა, სადაც სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ორივეს სახეზე ღიმილი დასთამაშებს. ახალაია ხსნის ავტომატს და დაბლა (სავარაუდოდ, მიწაზე გართხმულ ახალგაზრდას) უშვერს, დონაძე გვერდზე ხტება, რომ შემთხვევით ტყვია არ მოხვდეს.

21 წლის რომან სურმანიძის ოჯახის წევრებმა ამ საქმის საინტერესო დეტალები გვიამბეს.

შოთა სურმანიძე, რომან სურმანიძის ბიძა: - ვიდეომასალაში არ ჩანს, ვის უმიზნებს ახალაია, მაგრამ მითხრეს, რომ მან კმაყოფილი სახით პირდაპირ თავში დაუმიზნა ჩემს ძმისშვილს... მართლა ტერორისტი რომ ყოფილიყო რომანი, განა დამნაშავის დასჯისთვის სხვა მეთოდები არ არსებობდა?! არადა, მთელ ციხისძირში იციან, თუ როგორი წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო. რატომღაც გამოძიება არ დაინტერესდა მასზე ინფორმაციის მოძიებით. მეტსაც გეტყვით, ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა და, ალბათ, ამას მისთვის მნიშვნელობაც არ ჰქონდა.

- როგორ გაიგეთ ამ უბედურების ამბავი?

- ტელევიზიით გამოაცხადეს, სამი ახალგაზრდა რუსთავის სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაზე იერიშს გეგმავდა და სამივე ლიკვიდირებულიაო. ამ სამიდან მხოლოდ რომანის გვარი გამოაცხადეს, რადგან მას ჯიბეში პირადობის მოწმობა ედო. დანარჩენი ორის ვინაობა დაუზუსტებელი იყო. ვიფიქრეთ, იქნებ სახელი და გვარი ემთხვევა, სად ჩვენი რომანი და სად სპეცოპერაცია-მეთქი. ამ დროს ეზოს რომანის ატირებული ბაბუა მოადგა, ჩვენი რომანი მოკლესო...

ოთარ სურმანიძე, რომან სურმანიძის მამა: - ეგ ამბავი რომ მოხდა, ბათუმში ვიყავი, ჩემმა დამ დამირეკა, სასწრაფოდ თბილისში ხარ წასასვლელი, შენმა შვილმა და მისმა მეგობრებმა იჩხუბეს და ახლა პოლიციაში არიანო. სასწრაფოდ წავედით დედაქალაქში. მეგონა, ჩემს სიძეს ავტომობილით პოლიციაში მივყავდი და უცბად მორგში აღმოვჩნდი. თავდაპირველად, ჩემი შვილის ცხედარს გადახადეს სუდარა...  მითხრეს, ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ამიტომ გახდა საჭირო მათი ლიკვიდაციაო. ვერ დავიჯერე. ჯერ ერთი, ბიჭებს ტყავის მოკლე ქურთუკები ეცვათ, იმხელა ავტომატებს, რასაც გამოძიება მიუთითებდა, ვერაფრით დამალავდნენ,…მეორე, რა ესაქმებოდათ ავტომატებით ნავთლუღის ავტოსადგურში, თუკი რუსთავის ციხეზე თავდასხმას გეგმავდნენ? თუკი მართლაც ტერორისტი იყო ჩემი შვილი, როგორ მოხდა, რომ არავინ გადაამოწმა, ჩემთან იმალებოდა თუ არა იარაღი?! თუ ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ნუთუ არავინ დაზარალდა?! იქვე ვთქვი, თუკი ვინმეა ჩემი შვილის ნასროლი ტყვიით დაჭრილი, მანახეთ, მოვუვლი-მეთქი, მაგრამ იქ დაზარალებული მხოლოდ ჩაცხრილულთა ოჯახის წევრები ვიყავით. გადმოვაბრუნე ჩემი ბიჭის ცხედარი და რომანის ხელებს რომ დავხედე, ავტირდი, თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, თავი რომ ერჩინა, ჩაის კრეფდა. ოფიციალური ვერსიით კი ეს სამი ბიჭი ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეს ემსახურებოდა, სადაც თურმე შეისწავლეს სიტუაცია და რუსთავის #1 დაწესებულებაზე თავდასხმა დაგეგმეს, არადა, ჩემი შვილი 20 დეკემბრამდე თურქეთში იყო, ამას ადასტურებს საბაჟოს გადმოკვეთისას მის პასპორტში ჩარტყმული ბეჭედიც.

- მერე ეს არ თქვით?

- როგორ არა, მაგრამ ვის უნდოდა ამ ყველაფრის გაგება? პასპორტი საერთოდ გააქრეს. სპეცოპერაცია ხალხმრავალ ადგილას ჩატარდა და არსებობენ თვითმხილველებიც - იქვე ავტოგასამართი სადგურია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ღამის მორიგესაც ველაპარაკე და სხვებსაც, მაგრამ შეეშინდათ სიმართლის თქმის. პირად საუბარში კი მითხრეს, რომ სამივე დაჩოქილი, ხელებაწეული ევედრებოდა სპეცრაზმელებს, არ მოგვკლათო. მათ კი უმოწყალოდ ჩაცხრილეს. შემდეგ გაპრიალებული იარაღი დაუყარეს გვერდით. კადრშიც ჩანს, სისხლიანი და მტვრით სავსე ცხედრების გვერდით ის გაპრიალებული იარაღები.…

- ბიჭები შოთა გორგაძის პატიმარი ძმის სანახავად იყვნენ ციხეში?

- არა, პურის საჭმელად იყვნენ წასული. მოგეხსენებათ, 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ყველა ქეიფობს. ბიჭებმა ჯერ ჩემს ოჯახში მოილხინეს, მერე გორგაძესთან უნდა წასულიყვნენ, რომელიც ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, 14-ში კი ართმელიძის ოჯახში უნდა აღენიშნათ ძველით ახალი წელი. გორგაძემ თქვა, თბილისში წავიდეთ ახლობლის ოჯახში და დრო იქ გავატაროთო. დანარჩენ ორს დედაქალაქი არ ენახა და დათანხმდნენ. ძველით ახალი წლისთვის აჭარაში დაბრუნებას და ართმელიძის ოჯახში მოლხენას აპირებდნენ, მაგრამ არ დასცალდათ, სპეცოპერაცია 12 იანვარს ჩატარდა. ამ ტრაგედიამდე დიდად მეც არ ვიცნობდი თბილისს, რადგან აჭარელი კაცი ვარ, ჩემი ცხოვრება უფრო ბათუმსა და ქობულეთთან არის დაკავშირებული.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა მოხდა იმ დღეს?

- შესაძლოა ეს შემთხვევითობა იყო. როგორ გადაეყარნენ ბიჭები სპეცრაზმელებს, არ ვიცი. ფაქტია, მათი სიცოცხლე ახალაიებმა საკუთარ კარიერას შესწირეს. ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო მათი დაწინაურება. მკაცრი ხელი დაეტყო ციხეს, პატიმრებს ამ ამბიდან ერთ კვირაში ტელეფონები ჩამოართვეს და მათზე ზეწოლა დაიწყეს. ასეთი სპეცოპერაცია მაშინდელი მაღალჩინოსნებისთვის საამაყო იყო, რომელთაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად.

ანიკო სურმანიძე, რომანის დედა: "ოთხი შვილი მყავს, რომანი მეორე იყო. 29 იანვარს 21 წელი უნდა შესრულებოდა... მინდა ყველას მივმართო, ხალხს, შესაბამის უწყებებს: ეს არ არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე ნაკლებად რეზონანსული ამბავი. უბრალოდ, მე ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მასავით მომკლავდნენ.…არ შემეძლო დამეტოვებინა სოფელი და ოჯახი (სამი შვილი მისახედი მყავს), რკინის ქალამნები ჩამეცვა და სამართლის საპოვნელად ქვეყნის დასალიერის იქით მევლო. ახლა უკვე "კვირის პალიტრის" მეშვეობით ვაცხადებ, - უსამართლობაა თუნდაც ამ თვეების განმავლობაში დათა ახალაიას თავისუფლად ყოფნა. ვფიქრობ, ამ საქმის გამოძიება მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, აღარ უნდა ყოფილიყო პრობლემა. რატომ პროკურატურიდან არავინ შეგვეხმიანა?! ჩემი უდანაშაულო შვილი უმოწყალოდ ჩაცხრილეს და ეს იყო ყველაზე სკანდალური და სისხლიანი სპეცოპერაცია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში.

P.  S. ჩვენ დავუკავშირდით დაღუპული 17 წლის შოთა გორგაძის ოჯახსაც, რადგან გვსურდა შოთას ძმასთან, გია გორგაძესთან გასაუბრება. ის უკვე გათავისუფლებულია პატიმრობიდან და შეუძლია, გამოძიებას საინტერესო ჩვენება მისცეს. სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან როგორც გავარკვიეთ, ის ამჟამად თურქეთშია სამუშაოდ.