გოგა ბუთლიაშვილი: "კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით" - კვირის პალიტრა

გოგა ბუთლიაშვილი: "კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით"

რას პასუხობს პატიმრების მიერ ციხის ჯალათად შერაცხილი გოგა ბუთლიაშვილი ბრალდებებს

"სტატიაში მოყვანილი ფაქტები ამაზრზენია და ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამის გამო ჩემს ოჯახს საფრთხე ემუქრება. ვაპირებდი სარჩელის შეტანას, მაგრამ გადავიფიქრე..."

"რა, გჯერათ, რომ პატიმარს ყურს მოვაჭრიდი?"

"არავინ  წელში არ გადამიტეხავს"

"ყველაფერი ზღაპარია, რასაც ჩემზე ამბობენ"

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს გოგა ბუთლიაშვილს რამდენიმე პატიმარი წამებაში ადანაშაულებს. "კვირის პალიტრის" გასულ ნომრებში დაბეჭდილ სტატიებს ამჯერად თავად გოგა ბუთლიაშვილი გამოეხმაურა.

- ბატონო გოგა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვისი რეკომენდაციით დაიწყეთ მუშაობა?

- დეტალურად არ მახსოვს. 2006 წლის ივნისში მივედი, უკვე ციხის ბუნტი მომხდარი იყო. ციხის საავადმყოფოში უსაფრთხოების კუთხით ვმუშაობდი, დირექტორი ალეკო მუხაძე გახლდათ, მერე მისი მოადგილე ვიყავი. 2008 წელს დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი, მერე დაწესებულება გლდანში გადავიდა და იქაც დირექტორის მოადგილედ დამნიშნეს. 2010 წელს 7 თვე დირექტორად ვიმუშავე, მერე გამათავისუფლეს, 6 თვეში ისევ აღმადგინეს და გლდანის მე-8 დაწესებულებაში სოციალური სამსახურის უფროსი გავხდი.

- გათავისუფლების მიზეზი რა იყო?

- 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა დათო ჭაკუამ დამიბარა და მითხრა, საერთო გადაწყვეტილებით სამსახურიდან უნდა წახვიდეო...

- ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესებზე იმ პატიმრების გვარებს ასახელებდა, რომელთაც ციხის საავადმყოფოში სასტიკად ეპყრობოდნენ, კონკრეტულად თქვენ და ციხის რამდენიმე თანამშრომელს გამხელდათ. პატიმრების ცემა-წამების შეწყვეტის მოთხოვნით ის დიდხანს შიმშილობდა. თქვენი გათავისუფლების მიზეზი მაშინ ეს ხომ არ გახდა?

- ცოტნეს შიმშილობას ჩემი გათავისუფლება არაფრით უკავშირდება. ცოტნე იმიტომ შიმშილობდა, მიაჩნდა, უკანონოდ დამიჭირესო. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ თავისებური აზრები ჰქონდა. ჩემი დირექტორობის დროს კონფლიქტი არ გვქონია.

- არც ის შეგიტყვიათ, რომ გამსახურდია პროცესებზე წამებაში გამხელდათ და თქვენს დასჯას მოითხოვდა?

- არა, არ ვიცოდი.

- სწორედ მან გაახმაურა ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის, საყვარელიძის წამების ფაქტი.

- საყვარელიძეზე შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს. ის ჩვენთან თვითდაზიანებით მოიყვანეს. ფსიქიკურად დაავადებული იყო და თვითდაზიანებებს იყენებდა. ეტყობა, ეს გაიგო ცოტნემ, თავისებურად გადახარშა ან რაღაცას ყური მოჰკრა, ან ხმაური გაიგო. საყვარელიძე გიჟი იყო, გამუდმებით ყვიროდა. სრული აბსურდია იმის თქმა, რომ აწამებდნენ.

- საყვარელიძეს სხვა დაზიანებებთან ერთად ყურიც ჰქონდა მოჭრილი. იქნებ ის მაინც მითხრათ, ვინ მიაყენა ეს დაზიანებები?

- რა, გჯერათ, რომ პატიმარს მე ყურს მოვაჭრიდი? უამრავი დაზიანება ჰქონდა, თვითდაზიანებები.

- მაშინ რას აკეთებდა ციხის ადმინისტრაცია?

- ციხის ადმინისტრაცია რეჟიმის ფარგლებში მოქმედებდა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. კიდევ არ მოეჭრა ყური ან ხელი.

- ფსიქიკურად დაავადებულები რატომ გყავდათ ციხეში. რატომ არ იყვნენ ისინი მაგალითად, ფოთის ან ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში?

- მათი გადაყვანა ჩემი კომპეტენცია არ იყო. ამას ექსპერტიზა განსაზღვრავდა. პირიქით, ასეთი პრობლემური პატიმრები ციხეში არ გვჭირდებოდა, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია ამას ვერ წყვეტდა. ზედამხედველი პროკურატურა იყო.

- სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თალაკვაძე ამბობს, რომ უმძიმესი მდგომარეობა დახვდა ციხეში პატიმართა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. 90%-ზე მეტი ფსიქოტროპულ წამალზეა დამოკიდებული. რატომ აძლევდნენ ამ წამლებს პატიმრებს?

- ვერაფერს გეტყვით, შეიძლება ეს ვითარება დახვდა თალაკვაძეს, მაგრამ მე ჩემს პერიოდზე ვაგებ პასუხს, - მაშინ სისტემატურად არ აძლევდნენ ფსიქოტროპულ წამლებს პატიმრებს. ვერც იმას გეტყვით, რა ხდებოდა სხვა დაწესებულებებში. 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლამდე საერთოდ არ ვმუშაობდი სისტემაში. 6 თვის მერე დავბრუნდი გლდანში სოციალური სამსახურის უფროსად.

- ამბობენ, ხათუნა კალმახელიძემ დააბრუნაო.

- ტყუილია. კალმახელიძეს ერთადერთხელ შევხვდი, როცა ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი დაგვიბარა სამინისტროში. მას მერე, მგონი, ორჯერ კომისიასთან ერთად მოვიდა ჩვენს დაწესებულებაში. ეს იყო და ეს.

- სამსახურში აღდგენა ვინმეს სთხოვეთ?

- არავისთვის არაფერი მითხოვია, ეტყობა, დათო ჭაკუამ გაიგო, უსამსახუროდ რომ ვიყავი, დამიბარა და მითხრა, გლდანის მე-8 დაწესებულებაში სოციალური სამსახურის უფროსად დაგნიშნავო და დავეთანხმე.

- როგორც წესი, ხელმძღვანელად სანდო პირებს, ძალიან ახლობლებს ან დამსახურების მიხედვით ნიშნავენ. თქვენ რა ნიშნით შეგარჩიეს?

- მე არ ვყოფილვარ მათი კლანის წევრი. ეტყობა, თავიანთი კანდიდატურა არ ჰყავდათ და ამიტომ დამნიშნეს. ნახეს, როგორ ვასრულებდი ჩემს საქმეს.

- ანუ კარგი შემსრულებელი იყავით? დავალებებს დავით ჭაკუა გაძლევდათ?

- დავალება რას ჰქვია? მე ჩემს საქმეს ვასრულებდი.

- ალბათ, იცით, რა უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული დავით ჭაკუას და ის იძებნება. თქვენ არ გაძლევდათ დაკვეთებს?

- არა, რა სისულელეა. პირიქით, მეუბნებოდა, ავადმყოფ პატიმრებს მივხედოთო და ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით.

- ციხის საავადმყოფოს პირველ სართულზე, მორგში ჩავყავდით და გვაწამებდნენო, თქვენზე ამბობენ პატიმრები, ამაში ექიმებიც მონაწილეობდნენო. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

- სრული აბსურდია. ციხის საავადმყოფოში პატიმარს არავინ სცემდა. არც არავინ არასოდეს ჩაგვიყვანია მორგში. მე ვლაპარაკობ ჩემი მუშაობის პერიოდზე, სხვა დროს ვინ რას აკეთებდა და ვინ რას ამბობდა, არ ვიცი.

- რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ თქვენი პატიმრებს, თუნდაც ცოტნე გამსახურდიას, რატომ დაგასახელათ თქვენ და არა სხვა?

- ვერ ამიხსნია. მას შემდეგ, რაც ციხის ფირი გამოაშკარავდა, მეც შემომიტიეს. არადა, ეს ფირი რომ გადაიღეს, მაშინ გლდანის მე-8 საპყრობილეში არ ვმუშაობდი. იქ სულ 11 თვე ვიმუშავე. მერე მე-7 დაწესებულებაში - 8 თვე, შემდეგ კი ლაგოდეხის პოლიციის უფროსად დამნიშნეს და რა კავშირი უნდა მქონოდა ამასთან? ჩემს სახლთან აქცია არასწორად გაიმართა. გაჰყვიროდნენ, ლაგოდეხის პოლიციის უფროსი ფირში ამოვიცანითო. სრული აბსურდია, ასეთ კადრებს ვერ ნახავთ. ვსვამ კითხვას - იმ ფირში რომ ვყოფილიყავი, დღეს გარეთ ვიქნებოდი?

მე სოციალური სამსახურის უფროსი ვიყავი და მსგავსი ფაქტები ჩემი კომპეტენცია არ იყო.

- ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბუთლიაშვილი სოციალური სამსახურის უფროსი იყო და მის ფუნქციაში არ შედიოდა რეჟიმის დაცვა, მაინც გვაწამებდაო.

- შოკში ვარ. რასაც ჩემზე ამბობენ, სრული აბსურდია. შეგიძლიათ ცნობილ ნასამართლევ ადამიანებს ჰკითხოთ ჩემზე. შეგიძლიათ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ.

- უკვე ვატარებთ, ციხის სკანდალური კადრების გავრცელების დროს რაციაში ისმის სიტყვები, ბატონი გოგა ბუთლიაშვილი შემოვიდა და ამის მერე ჩნდება პატიმრის წამების მორიგი სცენა. ამაზე რას იტყვით?

- რაციაში სამხედრო მოსამსახურის ხმა ისმის და ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, ამიგორეს ეს ბინძური ჭორები. იმ ფრაზას მარტივი ახსნა აქვს - სანამ დაწესებულების ეზოში შეხვალ, ორი შლაგბაუმია გასავლელი. შესვლის დროს ჯარისკაცი რაციით გადასცემს, შენობაში შემოდის ესა და ეს პირიო. უბრალოდ, ეს დამთხვევა იყო.

- ე..ი. თქვენ ამ კადრების გადაღების დროს იქ მუშაობდით...

- ეს უბრალო დამთხვევა იყო. შენობაში შევდივარ და ამას წამების კადრებია მიბმული.

- პროკურატურას არც დაუკითხავხართ?

- დამკითხა. არანაირი პრობლემა არ შემქმნია. კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით.

- მართალია ყველაფერს უარყოფთ, მაგრამ იქნებ მაინც გვითხრათ, რა ხდებოდა თქვენი მუშაობის დროს ციხეებში?

- ვიმეორებ, ჩემი იქ ყოფნის დროს მსგავს ფაქტებს არ შევსწრებივარ. გამორიცხულია, ჩემი დირექტორობის დროს ვინმე ეწამებინათ.

- ისევ კონკრეტულ ფაქტებს მოგიყვანთ. ყოფილი პატიმარი არმაზ ხარძიანი პირადად თქვენ გამხელთ...

- არმაზ ხარძიანს არ ვიცნობ, არასოდეს მინახავს. წერს, თურმე კაბინეტში დავიბარე და ვითხოვდი, რომელიმე თანამშრომლისთვის ხელი დაედო, ვითომ მათ ფულს უხდიდა. ჩემს კაბინეტში არათუ ხარძიანი, არც ერთი პატიმარი ნამყოფი არ არის. სრული აბსურდია მისი ყველა ნათქვამი.

- მაშ, რაში დასჭირდა ხარძიანს მაინცდამაინც თქვენი დასახელება?

- არ ვიცი, ეს ვინმეს დავალებაა თუ რა უნდა. ვაცხადებ, ამ პირს არ ვიცნობ და არც არასოდეს შევხვედრივარ.

- როგორც ამბობენ, პატიმარი ზურაბ ხაინდრავა ისე გიცემიათ, ხერხემალში გადატეხილა და დღეს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული იხდის სასჯელს. ეს ინფორმაცია ციხის ყოფილმა თანამშრომელმაც დამიდასტურა. ვაპირებ პირადად შევხვდე ხაინდრავას, არც მას იცნობთ?

- ხაინდრავას არ ვიცნობ, არავინ წელში არ გადამიტეხავს, არავინ დამიინვალიდებია.

იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ადამიანი და რას დაწერს. ჯერ მოიკითხეთ, შეიძლება სანამ ჩემთან მოვიდოდა ეს პატიმარი, მანამდე იყო ინვალიდი, ჯერ გაარკვიეთ და მერე დაწერეთ.

- აუცილებლად მოვუსმენთ მას... პატიმარი ლევან ცეცხლაძეც გიყენებთ ბრალდებებს. ამბობს, რომ აყურებინეთ ორმოში ჩაგდებულ თვალახვეულ პატიმარს როგორ დააშარდეთ თავზე. ამ შემზარავ ბრალდებაზე რას იტყვით?

- გჯერათ, რომ ამას მე ვიზამდი?

- იმ შემზარავი ფირების შემდეგ, რაც საზოგადოებამ იხილა, ყველაფერი შეიძლება დაიჯერო. თქვენ რა არგუმენტი გაქვთ?

- სწორედ ამ სტატიის გამო მოვედი თქვენთან, აქ მოყვანილი ფაქტები ამაზრზენია და ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამის გამო ჩემს ოჯახს საფრთხე ემუქრება. ვაპირებდი სარჩელის შეტანას, მაგრამ გადავიფიქრე.

არასოდეს მინახავს ცეცხლაძე და ისეთ აბსურდულ რაღაცებს ამბობს, შეუძლებელია ვინმემ დაიჯეროს. ტყუილს ტყუილზე ამბობს, - თამაზ მელაძე რომ მოხსნეს, 10 დღეში ალექსანდრე მუხაძე - დირექტორად, ბუთლიაშვილი კი სოციალური სამსახურის უფროსად დაინიშნენო. ტყუილია! მაშინ თამაზ მელაძესთან ერთად მომხსნეს საავადმყოფოს დირექტორობიდან და 6 თვე უმუშევარი ვიყავი. როგორ ვაწამებდი ცეცხლაძეს, ან მუხაძესთან ერთად როგორ მივიდოდი იქ?

- ცეცხლაძე ამბობს, ბუთლიაშვილი ლევან ბეშქენაძესთან ერთად მაწამებდაო.

- ტყუილია. ყველაზე ძლიერი სცენარისტი რომ მოვიყვანოთ, ვერ შეთხზავს ასეთ რამეს, ვერც უნიჭიერესი რეჟისორი გადაიღებს. ეს სრული სიცრუეა. არანაირი შეხება მასთან არ მქონია. არც ლევან ბეშქენაძე ვიცი, რომ ვნახო, შეიძლება სახეზე ვიცნო. 400-ზე მეტი თანამშრომელი იყო და ყველა სახელითა და გვარით არ ვიცი. რატომ უნდა მეწამებინა ცეცხლაძე? რა ინტერესი უნდა მქონოდა? ყველაფერი ტყუილია.

- კარანტინის დაშლის სცენა ყველამ ვიხილეთ. ცეცხლაძე ამბობს, მაგიდაზე ჩამოჯდებოდა, ხელში პატიმრების სიას დაიჭერდა და ხალხი ცემის რიგში ედგაო. როგორ იშლებოდა კარანტინი? რა ხდებოდა პარასკეობით?

- ვიმეორებ, ის ფირი ჩემი მუშაობის დროს არ არის გადაღებული. კარანტინში სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. ჩემი კომპეტენცია ეს არ იყო. ან როგორ მნახავდა ცეცხლაძე? როცა მე მე-8 დაწესებულებაში დავიწყე მუშაობა, მისი მონათხრობიდან ირკვევა, რომ 7 თვის დაჭერილი იყო და კარანტინში რა უნდოდა? იქ პატიმარს მაქსიმუმ 20 დღე ამყოფებდნენ.

- ამბობს, დასჯის მიზნით გადამიყვანაო.

- რაღა კარანტინის დაშლის დროს გადაიყვანეს. ტყუის. ის ფირი ვნახე და შემზარა. დამნაშავეები დაკავებულები არიან და პასუხს აგებენ, ალბათ, ინანიებენ ჩადენილს.

- თქვენი დირექტორობის დროს როგორ ამყარებდნენ რეჟიმს ციხეში?

- ბაჩო ახალაია რომ დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად, მაშინ კახეთში ვმუშაობდი და ციხეში როგორ დაამყარა წესრიგი, არ ვიცი.

- თქვენ რა დამკვიდრებული პრაქტიკა დაგხვდათ?

- არავითარი. მე ავადმყოფ პატიმრებთან ვიყავი. იქ ღია სისტემა იყო და რეჟიმის დამყარება არ მჭირდებოდა.

- პატიმარი ამბობს, ბუთლიაშვილი პატიმარს ყელში უჭერდა, ახრჩობდა, პირს რომ გააღებდა, აფურთხებდაო. ამის გადამოწმება ვცადე ციხის თანამშრომელთან. მითხრა, ერთი კი არა, პატიმარზე დაშარდვისა და ჩაფურთხების ასობით შემთხვევა იყო, ეს ბუთლიაშვილის მეთოდი იყოო.

- და გჯერათ ეს? ასეთი რაღაცის დაწერა გადაუმოწმებლად არ შეიძლება. მსგავსი რამ მე კი არა, ვინმეს რომ ჩაედინა და ეს გამეგო, საშინელი რეაქცია მექნებოდა. იმ თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას მოვითხოვდი. როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო ასეთი სისაძაგლე?! ცეცხლაძე ტყუის. ტყუის, რომ მორგში წავიყვანე. ჯერ ერთი, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მორგი არ არის. ან როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ მორგში ჩამყავდა პატიმარი და იქ გარდაცვლილს სხეულის ნაწილს მოვაჭრიდი და ვანახებდი. ამისი გჯერათ? ან სად გაგიგიათ, რომ გარდაცვლილს სხეულის რომელიმე ნაწილი არ ჰქონოდა. ეს არის საშინელი ცილისწამება.

- სულხან მოლაშვილი ჯერ კიდევ როდის ამბობდა, რომ გარდაცვლილ პატიმრებს ფატრავდნენ და ორგანოების ნაცვლად გაზეთებს უტენიდნენ...

- მსგავსი არაფერი მსმენია. მოლაშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუ დაურეკავთ,  შეეკითხეთ, ვინ არის გოგა ბუთლიაშვილი.

- მართალია, მორგი მე-8 დაწესებულებაში არ არის, მაგრამ არის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ეს ორი დაწესებულება კი ერთ ეზოშია, რა პრობლემაა პატიმრის იქ გადაყვანა?

- პატიმარს იქ რა უნდოდა? ან იქ ჩვენ რა გვინდოდა? ექსპერტიზას ქალაქიდან მოყვანილი ექსპერტი ატარებდა. ექსპერტებს რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი, რა გული აქვთ-მეთქი.

- იცით, რომ ლევან ცეცხლაძე გიჩივით?

- არ ვიცი. გაზეთით გავიგე მისი არსებობა. ჩემთვის წარმოუდგენელი ბრალდებებია. შიდსიანის დანა დამისვაო. სისულელეა, სასაცილო, თქვენ რა, გგონიათ დაიჯერებენ ამას? მაშინ აქამდე სად იყო, რატომ არ იჩივლა? ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, დაკავების დროს შეიძლება ჰქონდა ეს დაზიანება და მე მაბრალებს ან თვითდაზიანება მიიყენა, ეს გადასამოწმებელია. ეტყობა, ვიღაცამ დაავალა ჩემი დისკრედიტირება, მაგრამ ვინ, ამაზე პასუხი არა მაქვს. პოლიციის უფროსობიდან იმ აქციის შემდეგ წამოვედი და ახლა ამ სიბინძურეებს ვისმენ. ამის მოთმენა შეუძლებელია. ან რა ორმოზე საუბრობს, ეს აბსურდია, ციხის ტერიტორიაზე ციხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორმოს რა უნდა.

- უცნაურია თქვენგან იმის მოსმენა, რომ არ იცოდით, რა ხდებოდა ციხეში.

- სიმართლეს გეუბნებით. შემიძლია დავიფიცო. ჩემს პერიოდში ასეთი რამ არ ხდებოდა. უამრავ სისულელეს ამბობენ. ვინ არის გარანტი, რომ ჩემს ოჯახს თავს არ დაესხმებიან? საშინელი კომენტარებია ინტერნეტში. ვიპოვოთ, სად ცხოვრობსო.  თუ ასეთ რამეს ამბობს პატიმარი, მან პროკურატურას უნდა მიმართოს.  სიმართლის მარცვალი არ არის ცეცხლაძის ნათქვამში, ყველაფერი შეთხზულია.

- რა უფლებით უნდა შევიტანოთ ეჭვი პატიმრის ნათქვამში? იმედია, სტატიებში მოყვანილ ფაქტებს პროკურატურა გამოიძიებს. თქვენ ხომ არ დაუბარებიხართ ამის გამო?

- ალბათ, მოჰყვება თქვენს სტატიას რეაგირება და დამკითხავენ. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. ვინც კარგად მიცნობს და საერთოდ ჭკუათამყოფელი ადამიანი იქ მოყვანილ ფაქტებს არასოდეს დაიჯერებს.

P.S. როგორც ხედავთ, ბატონი ბუთლიაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს, მაგრამ პატიმრები არ ცხრებიან და მის მხილებას მომავალშიც აპირებენ. რედაქციაში გამოგვეხმაუროს ყველა ის პატიმარი, რომელიც გოგა ბუთლიაშვილს ცემა-წამებაში ადანაშაულებს, რათა საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე...

(სიუჟეტი იხ. Palitratv.ge-ზე)

მცირე დოსიე:

გოგა ბუთლიაშვილი - ვიცე-პოლკოვნიკი. შს ორგანოებში, დაზვერვის მთავარ სამმართველოში, 1999 წელს დაიწყო მუშაობა. მერე იყო სხვადასხვა თანამდებობაზე. "ვარდების რევოლუციის" წლისთავზე სამსახურიდან სისტემის რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს, მაგრამ მალე უკან დაბრუნება მოახერხა. მოგვიანებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადავიდა. წლების მანძილზე იყო ციხის საავადმყოფოს უფროსის მოადგილე, მერე უფროსი.... ციხის სკანდალური კადრების გავრცელების დროს კი ლაგოდეხის პოლიციის უფროსად მუშაობდა. მაშინ მის სახლთან ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ბუთლიაშვილის, როგორც მწამებლის, დასჯა მოითხოვეს. მან განცხადება დაწერა და სისტემიდან წავიდა.

* * *

ლადო ბედუკაძე: "რაც თქვენ ბუთლიაშვილზე გეწერათ, ყველაფერი სიმართლეა და იმაზე ცოტაა, რაც მასზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს"

გოგა ბუთლიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული  ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ იმ პირებთან გასაუბრება, რომლებიც მას პატიმრების წამებაში ამხელენ.

ყოფილი პოლიტპატიმარი არმაზ ხარძიანი.

- ბუთლიაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შავი პიარი ვიღაცის დაკვეთით აგორდა, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საერთოდ არ გიცნობთ.

- მე ფაქტებით გელაპარაკებით. 2011 წლის 11 აპრილს, საღამოს 10 საათიდან 11-ის ნახევრამდე, გოგა ბუთლიაშვილმა "ა" კორპუსის პირველი კამერიდან გამიყვანა და ოფიცრების ოთახში შემიყვანა, სადაც 2 ოფიცერი - რამაზი და დათო დამხვდნენ, მათი გვარები არ ვიცი, მაგრამ ამ ფაქტს დაადასტურებს ჩემს საკანში მყოფი 9 პატიმარი. ჩვენს შორის გაიმართა ის საუბარი, რაზეც ინტერვიუში უკვე გითხარით (იხ. "კვირის პალიტრა" # 22). იმავე დღეს, 11 აპრილს, მან გამამწესა კარანტინში, ესეც შეუძლიათ გადაამოწმონ ჟურნალში. იმ დღეს მორიგე ლადო ბედუკაძე იყო... ამის შემდეგ, 14 აპრილს ეტაპში შემთხვევით მოვხვდი და უნდა გადავეყვანეთ ზონაში. ბუთლიაშვილმა ეტაპის მანქანიდან ჩამომიყვანა, ვერსად წახვალ, თანამშრომელს პირზე უნდა დაადგეო. იმავე წლის 24 აპრილს ბუთლიაშვილმა კარანტინის დაშლაზე ნეკნები ჩაუმტვრია პატიმარ ირაკლი ხარებავას.

ამასაც დაადასტურებენ სხვები...

- ამბობს, რომ კარანტინის დაშლაში არასოდეს მიუღია მონაწილეობა, ეს არ იყო მისი ფუნქცია.

- სისხლზე გონება ებინდებოდა, მაგის გარეშე გამორიცხული იყო კარანტინის დაშლა. ამის უარყოფით, ის ცდილობს თავი იმართლოს. სხვა რა დარჩენია, რატომ არ ვამბობს სხვაზე და ვამბობ მაგაზე? ბარბარობას საკანში რომ შემოვიდა, სამხედრო ფორმა ეცვა. ვიცოდით, რომ სვამდნენ და ეს შემოუძღვებოდა. 22 კამერა დალეწეს. ეს რასაც აკეთებდა, საშინელება იყო, ასობით პატიმარი დაადგება პირზე. თუ ტყუილია, გვიჩივლოს ცრუ დასმენისთვის, მაგრამ ამას ვერ გაბედავს...

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პატიმარი: - ბუთლიაშვილი ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს: წერეთელს, საყვარელიძეს, ზედელაშვილს. გაითვალისწინეთ, მე სამარტოო საკანში ვიჯექი და ჩემი ხედვის არეალი შეზღუდული იყო. ამიტომ მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რასაც იმ პატარა კორიდორში ვხედავდი. მე ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა მორგში. ბევრი პატიმარი ერთსა და იმავე გარემოებაზე საუბრობს: ცხვედიანს, ავთო პოპიაშვილს, ბუთლიაშვილს და სხვებს ჩაჰყავდათ პატიმრები იქ და ხშირად პატიმრის სიკვდილითაც მთავრდებოდა...

სამარტოო საკანში გამოკეტილმა გამსახურდიამ 4-5 ფაქტი ნახა და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მთელ ტერიტორიაზე? შეგიძლიათ გამოითხოვოთ მონაცემები, რამდენი პატიმარი იღუპებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დამერწმუნეთ, ასეთი იყო ათეულობით პატიმარი. არჩევნების შემდეგ 6-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა ციხეში. ნანახი მაქვს ბუთლიაშვილი და მისი რამდენიმე თანამშრომელი, როგორ გაუსწორდნენ საყვარელიძეს. შემდეგ პროკურატურის თანამშრომელი მოვიდა და ყველა პატიმარს ჩამოართვა განმარტება, რომ მსგავს შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. ბუთლიაშვილი თავს იმართლებს, აბა რას იტყვის. ამდენი პატიმარი ადებს ხელს, მაგრამ მაინც თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია. წარმოგიდგენიათ ჯალათი, რომელიც აღიარებს დანაშაულს? ამაზე ლაპარაკი დღეს არ დამიწყია, თქვენ ესწრებოდით 4 წლის წინ ჩემს სასამართლო პროცესებს და ისმენდით ჩემს განცხადებებს ამ ფაქტებზე. არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს, უბრალოდ, დამნაშავე ჯალათები უნდა დაისაჯონ.

ლადო ბედუკაძე, ციხის ყოფილი თანამშრომელი: - სხვა რა უნდა თქვას? ის სისტემის პირველი დამრტყმელი ძალა იყო,  მუხაძის მარჯვენა ხელი. ორი ფაქტი უკვე გითხარით... შეგიძლიათ ხაინდრავაც მოინახულოთ და დარწმუნდებით, რომ ხერხემალი დაუზიანა. სანამ ციხის კადრები გამოჩნდებოდა, ყველა ჰყვებოდა იქ არსებულ ვითარებაზე, მაგრამ სამხილი არ იყო და არავის სჯეროდა. სანამ არ გამოჩნდება მის წინააღმდეგ მტკიცებულება, იძულებულია, თავი იმართლოს. კიდევ 2-3 ციხის თანამშრომელი გამოჩნდება, რომლებიც ამას დაადასტურებენ. წავიკითხე სტატიები, რაც თქვენ ბუთლიაშვილზე გეწერათ, ყველაფერი სიმართლეა და იმაზე ცოტაა, რაც მასზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

მოამზადა თეა ხურცილავამ