"სააკაშვილის პოლიტიკა იყო - "ყველანი ციხეში"
08-07-2013
"სააკაშვილის პოლიტიკა იყო - "ყველანი ციხეში"
500 პატიმრის ღია წერილი ციხიდან

ქსნის #15 დაწესებულებიდან პატიმრების კოლექტიური წერილი მივიღეთ.  აცხადებენ, რომ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი არიან და ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე სახელმწიფოს რეაგირებას ითხოვენ. ღია წერილი, რომელიც იბეჭდება შემოკლებით, "ხელისუფლების დანაშაულთა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა დაცვის კავშირის" სახელით არის დაწერილი. ამ საინიციატივო ჯგუფის გამგეობის თავმჯდომარეა პატიმარი ზურაბ ინაშვილი და წერილს ხელს აწერს  500 პატიმარი.


"ამ წერილის ავტორები, ვართ არა უბრალოდ ციხეებში გამოკეტილი ჩვეულებრივი დამნაშავეები, არამედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული
პოლიტიკის მსხვერპლნი. მათი პოლიტიკა იყო - "ყველანი ციხეში". სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ათასგვარი ფიზიკური ძალადობა, დამცირება, ენით აუწერელი წამება. ამის დამადასტურებელი ფაქტები უხვად მოიპოვება როგორც პროკურატურაში, ისე შს სამინისტროში... ბოლო დროს  სააკაშვილის გუნდის წევრებიც აღიარებენ ამ ფაქტებს. ელენე თევდორაძემ პირდაპირ გაამხილა ყოფილი შს მინისტრის ვანო
მერაბიშვილის გეგმა, 200-მდე ახალგაზრდა უნდა ჩავხოცოთ, რომ სხვები დაშინდნენო, და გიგა ბოკერიას გეგმა, რომ ის ციხეებში პატიმრების რიცხვის 24 000-მდე გაზრდას აპირებდა, რათა მეტი დაფინანსება გამოეძალათ ევროკავშირისა და სხვა დონორებისთვის. ცალკე აღსანიშნავია ის 13 000-მდე ფაილი, რომელიც შსს-ში ინახება და კაცმა არ იცის, რა მაკომპრომეტირებელი ინფორმაციაა მასში.

რაც უნდა მართალი ყოფილიყო ადამიანი, შანსი არ ჰქონდა თავის მართლებას. დანერგილმა მახინჯმა ფორმამ გამოიწვია ის, რომ ხდებოდა იძულებით ადამიანების საპროცესო გარიგებაზე დათანხმება და ამაზე მუშაობდა მთელი სახელმწიფო მანქანა. ამ ფაქტორმა დაამკვიდრა წამება, დამცირება და მკვლელობებიც კი. ეს ყველაფერი მთელმა საქართველომ იხილა, მანამდე კი ჩვენი არავის სჯეროდა. საზოგადოებამ და დღევანდელმა ხელისუფლებამ გვინდა გაითვალისწინოს, რომ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გასამართლებულთა 75-80% ტყუილად იხდის სასჯელს, ხოლო დარჩენილ 20-25%-ს არაადეკვატური სასჯელი აქვს შეფარდებული შეკრებითობის ასევე მახინჯი პრინციპით. საპროცესო გარიგებების პრინციპი იყო - "მეტი წლები, მეტი ფული".

ახალი ხელისუფლების დაპირება იყო, ყველას მიეცემოდა ერთი შანსი. პირველი ნაბიჯი იყო ამნისტიის გამოცემა, მაგრამ ამ კანონში არსებული მცირე ხარვეზები ყოფილი ხელისუფლების მონა მოსამართლეებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენეს და არაერთი პატიმარი აბსურდული ბრალდებით ისევ ციხეში რჩება.

სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნული ყოფილი სახალხო დამცველისათვის  კარგად იყო ცნობილი სად-ში მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზები. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზა, ძირითადად, მიღებულია ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით. ამით რეგულირდება თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პირობები. სამწუხაროდ, ბატონი სოზარი, ძირითადად, ხათუნა კალმახელიძის მიერ გამოცემული აქტებით ხელმძღვანელობს, რის თანახმადაც შვილებსაც ვერ ვნახულობთ, გრძელვადიან პაემანზე კი ოჯახის ყველა წევრი რომ მოვინახულოთ, წლებია საჭირო. საჭიროება მოითხოვს, ხელისუფლებამ რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩვენი კანონიერი მოთხოვნები განიხილოს. გვესმის, რომ ჩვენი მოთხოვნები, ძირითადად, სასამართლო ხელისუფლებას ეხება, რომლის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია, მაგრამ ვთვლით, რომ გამოსავალი მაინც მმართველი გუნდის მოსაძებნია. არაადამიანური რეჟიმის მიერ გამოტანილი განაჩენების გადახედვისას ვითხოვთ მაქსიმალურად ჰუმანური და ლიბერალური იყოს მიდგომა; სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენმა კომისიამ; მთავარმა პროკურორმა ჩვენს საქმეებზე წინასწარი მოკვლევა განახორციელოს სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლთან მიმართებაში; განსაჯაროვდეს ყველა ვიდეო თუ აუდიოჩანაწერი, რომლებიც ხელისუფლებას მოეპოვება და ასახავს დაკავებულების წამებას. მოგვეცეს შესაძლებლობა, ეს მასალა პატიმრებმა გამოვიყენოთ მტკიცებულებებად ჩვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად;

ნარკოდანაშაულზე ყოფილი რეჟიმის მიერ დადგენილი არაადეკვატური სასჯელები მოვიდეს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში; გათვალისწინებული იქნეს მსჯავრდადებულის საქციელი, თუ როგორ იქცეოდა პატიმრობის ბოლო ერთი წლის მანძილზე და არა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე; მოწესრიგდეს სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებსა და საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ წესებთან; მთავარმა პროკურატურამ გამონახოს გზები, რათა გაითხოვოს დღემდე პატიმრობაში მყოფ პირთა ბრალდებები, რომლებსაც სასჯელი დაენიშნათ სააკაშვილის რეჟიმის პროკურორთა ბრალდების საფუძველზე და ბრალდების ახალი პრაქტიკის მიხედვით შუამდგომლობები თავიდან გადაიგზავნოს სასამართლოში... რამდენადაც ჩვენ ვართ ყოფილი რეჟიმის მიზნების მიღწევისთვის თავისუფლებააღკვეთილები, თავს ვთვლით არაადამიანური პოლიტიკის მსხვერპლად და თავს ვაცხადებთ პოლიტპატიმრებად, ვითხოვთ, გვაღიაროთ პოლიტპატიმრებად და მოგვანიჭოთ შესაბამისი სტატუსი".


თეა ხურცილავა
marina
08 ივლისი 2013 11:24
საქართველოში პარლამენტი ვერ ფუნქციონირებს , როგორც საჭიროა ისე და ამიტომ პატიმრებმა გადაწყვიტეს ხელში აიღონ ძალაუფლება. ქართველი ხალხი ამასაც აიტანს ალბათ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები