სოზარ სუბარი: "პატიმარს შაბათ-კვირას სახლში წასვლის საშუალება ექნება"
15-07-2013
სოზარ სუბარი: "პატიმარს შაბათ-კვირას სახლში წასვლის საშუალება ექნება"
"ჭაკუა კალმახელიძეს ციხეებში არც კი უშვებდა"



"სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვეულებრივი რამ იყო პატიმრების წამება, სისტემას მართლაც სჭირდებოდა უფლებადამცველის ხელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დასრულებულია პირველი ეტაპი - სისტემის გაადამიანურება. ახლა დადგა სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ცვლილებების პერიოდი. ამას მეტი დროს სჭირდება", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა:


- წინა ხელისუფლება ლამის ყოველ კვარტალში "ევროპული სტანდარტების" ციხეს ხსნიდა, თქვენ ამბობთ, დაქცეულია ყველაფერიო.

- ამდენი ფული დაიხარჯა ციხეებზე და სად წავიდა?! ასე განადგურებული
ინფრასტრუქტურა არც წარმომედგინა. პატიმრების კვებაზე დაახლოებით 30 მლნ ლარი იყო წელიწადში გამოყოფილი, დღეს იმავე ფასად სამჯერ უკეთესად იკვებებიან.

- როგორც ვიცი, კვებას მაინც უჩივიან პატიმრები.

- სასაცილო შენიშვნები შემოდის - წიწიბურაში შავი მარცვლები ურევიაო, ვიღაცას შეიძლება პური არ ეყოს, მაგრამ ზედმეტი ულუფაც საშიშია, შეიძლება პატიმარმა
მისგან ბრაგა მოხარშოს. არ არის გამორიცხული, ჩვენს ციხეში ბრაგა მოიხარშოს, მაშინ როცა მწერალმა მერაბ რატიშვილმა ყველაზე მკაცრ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე მკაცრ პერიოდში საკანში არაყი გამოხადა(?!).

...როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, ჩემმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშველი პატიმრები, რომლებიც კარცერში 15 დღის განმავლობაში ჰყავდათ. გამოძიება კი გვეუბნებოდა, ტყუილიაო. დღესაც არ გამოვრიცხავ, ვინმემ იძალადოს პატიმარზე, ან ექიმმა სათანადოდ არ უმკურნალოს, მაგრამ სისტემური დანაშაული აღმოფხვრილია.

სააკაშვილის ხელისუფლება ამბობდა, "კანონიერ ქურდებს" ვებრძვიო და ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ კვლავ "მაყურებლები" მართავდნენ ციხეს.
სპეცრაზმი, ძალადობა და "მაყურებლები" - ამ სამი რამით იმართებოდა ციხე.
ვიცოდით კორუფციის შესახებ ზედა დონეზე, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში ქვედა დონეზეც ყოფილა. პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში გადაყვანა ფული ღირდა და ეს ადმინისტრაციისგან დაშვებული იყო.

- ვიცი, რომ ციხეში თვითდაზიანების შემთხვევებია გახშირებული.

- ციხეში თვითდაზიანებები ყოველთვის ხდება. ეს ძირითადად ფსიქიკური პრობლემებით არის განპირობებული, მაგრამ ზოგჯერ ამის საფუძველი ქურდული მენტალიტეტია. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, თუ ქურდს შეხვდებიან და მისგან სიტყვას წამოიღებენ, ავტორიტეტი აუმაღლდებათ. ერთი თვის წინ სამმა ახალგაზრდამ რამდენჯერმე სხეული დაისერა და სხვადასხვა ნივთი გადაყლაპა. მერე კი იმდენად მძიმე თვითდაზიანებები მიიყენეს, გადარჩენა სათუო იყო. ისინი "რეზბალნიცაზე", "კანონიერ ქურდებთან" გადაყვანას ითხოვდნენ. ადამიანის უფლებების დამცველი ვარ, მაგრამ არც ერთ ასეთ მოთხოვნას არ შევასრულებ. ციხის საავადმყოფოს ნაცვლად ეს ახალგაზრდები ქალაქის საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

ნებისმიერი ქვეყნის ციხე მოულოდნელობითაა სავსე. 2013 წლის აპრილში აშშ-ში, ბალტიმორის ციხეში, სადაც "შავ პარტიზანთა" კლანის 36 წლის ლიდერი იხდიდა სასჯელს, ციხის 13 თანამშრომელი ქალი დააპატიმრეს ამ პატიმართან სექსუალური ურთიერთობის გამო. 13-დან 4 ქალი ამ პატიმრისგან ორსულად იყო. ყველას ბრალი დაედო ფულის გათეთრებაში, კორუფციაში, ციხეში ნარკოტიკების, იარაღისა და მობილურების შეტანაში... Bნიუ-ორლეანის ციხეში კი, რომელიც გაცილებით მკაცრია ბალტიმორის ციხესთან შედარებით, ადმინისტრაციამ გადაიღო, როგორ იკეთებდნენ პატიმრები ჰეროინს და ყნოსავდნენ კოკაინს, ფულზე თამაშობდნენ და იარაღიც ჰქონდათ.
ახლახან გავათავისუფლე თანამშრომელი, რომელსაც მინიმუმ სატელეფონო კავშირი ჰქონდა ერთ პატიმარ ქალთან.

- მსმენია, წინა ხელმძღვანელობის დროს პატიმარი დაფეხმძიმდა კოლონიის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამდებობის პირისგანო.
- მეც გამიგია, მაგრამ ამაზე საჩივარი არ ყოფილა... Mმალე შევქმნით ახალ, ღია ტიპის დაწესებულებებს, სადაც პატიმარს შაბათ-კვირას სახლში წასვლის საშუალება ექნება.
რუსთავში შემოდგომაზე გაიხსნება დაწესებულება, სადაც პატიმრებს ექნებათ დასაქმებისა და პროფესიის დაუფლების საშუალება. პროფსასწავლებელსაც ვხსნით. ვინც იმუშავებს, გამომუშავებაც ექნება. წლის ბოლომდე გაკეთდება ციხის ფსიქიატრიული დაწესებულება, სექტემბრის ბოლოს - ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო.

- ჩვენი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას კვირაში რამდენჯერმე "მნიშვნელოვანი პერსონები" სტუმრობენ...
- არალეგალური და ფარული შეხვედრები ახალაიასთან არ ხდება. როდესაც პროკურატურას ან ადვოკატს აქვს შესვლის სურვილი, ასეთი შეხვედრები ლეგალურია.

- "კვირის პალიტრა" წერდა ციხის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელზე, გოგა ბუთლიაშვილზე, რომელსაც პატიმრები სასტიკ წამებაში ამხელდნენ. თუ გსმენიათ მასზე? ის ახლა გამოჩნდა და ყველა ბრალდება უარყო.

- ათეულობით საჩივარია ბუთლიაშვილზე, როგორც ერთ-ერთ მწამებელზე. დაუსჯელი არც ერთი დამნაშავე არ დარჩება. ბუთლიაშვილზე ჩვენს გენინსპექციას გამოძიება არ ჩაუტარებია, რადგან რომ მოვედით, ის უკვე აღარ იყო სისტემის თანამშრომელი. როცა მტკიცებულებები დაგროვდება, ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს.

- რედაქციაში მოვიდა ქსნის დაწესებულების 500 პატიმრის ხელმოწერილი წერილი, რომლებიც გულისტკივილს გამოხატავენ იმის გამო, რომ თქვენ ისევ ხათუნა კალმახელიძის დროს გამოცემული ნორმატიული აქტებით ხელმძღვანელობთ.
- დღეს არსებული ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტი კალმახელიძის კი არა, საბჭოთა კავშირის დროინდელია. გამუდმებით ვასწორებთ და ახალ აქტებს გამოვცემთ. რადგან გრძელვადიან და მოკლევადიან პაემნებს (ეს არის თქვენ მიერ ნახსენები პატიმრების წუხილის მიზეზი) კანონი არეგულირებს, პარლამენტში გავგზავნეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ (და არა მარტო ამ) სფეროს მოწესრიგებას გულისხმობს. მალე გაიხსნება გრძელვადიანი პაემნების ოთახები ქუთაისის #2 დაწესებულებაში.

- ციხეში წამებასთან დაკავშირებით უმეტესად ბაჩო ახალაიას ახსენებენ და არა ხათუნა კალმახელიძეს, რომლის მინისტრობის დროსაც ჩაიწერა ის ცნობილი ვიდეოფირები.
- არ მჯერა, რომ კალმახელიძე ციხეში მიდიოდა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით აწამებდა პატიმრებს, მაგრამ მას მინიმუმ მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს. თუ ერთი მტკიცებულება მაინც გამოჩნდება, რომ იცოდა, რაც ხდებოდა და ფარავდა, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. თუმცა, როდესაც ციხეში არაადამიანური მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში კეთდებოდა, ის ამას ყურადღებას არ აქცევდა. კალმახელიძის მინისტრობის დროს 700-მა პატიმარმა მოაწერა ხელი წერილს, სადაც საუბარი იყო მათ წამებაზე, გაუპატიურებაზე და არც ამას მიაქცია ყურადღება. ჩემი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ჭაკუა კალმახელიძეს ციხეებში არ უშვებდა და ხომ შეეძლო მინისტრს ეს განეცხადებინა? თუ თვითონ ვერ შედიოდა ციხეში, რატომ არ ჰყავდა ნდობით აღჭურვილი პირები, ვინც შეამოწმებდა ციხეებში არსებულ მდგომარეობას?
naira
09 აგვისტო 2013 09:50
რომელ გაადამიანურებაზე ლაპარაკობთ როდესაც დაწესებულებიდან უმიზეზოდ 60 თანამშრომელი გამოაგდეს, სად იყო ადამიანობა? ამიტომ გვიხაროდა ტქვენი სათავეში მოსვლა? ამიტომ მოგეცით ხმა იმ დროს როცა შიშის ქვეშ ვიმყოფებოდიტ,რომ შემდეგ სამსახურიდან გაგეყარეთ? პატიმრების მშობლებს რომ სცემთ პასუხს ერთხელ ცჰვენც გვიპასუხეთ კითხვაზე თუ რატომ დაგვიტოვეთ ოჯახები შემოსავლის გარეშე?
nia
01 აგვისტო 2013 04:54
რამ გაგაცივატ ხალხნო რამ გადაგრიატ ,დაამტავრეტ შური ბოხმა ,აბა რა გინდატ მოკლან ციხეში პატიმრები ტუ პირიქიტ გამოვასწოროტ იქნებ ნანობენ რაც ჩაიდინეს შეუწკოტ ხელი გამოვასწოროტ ახალგაზრდები.
lena
28 ივლისი 2013 01:33

"რუსთავში შემოდგომაზე გაიხსნება დაწესებულება, სადაც პატიმრებს ექნებათ დასაქმებისა და პროფესიის დაუფლების საშუალება. პროფსასწავლებელსაც ვხსნით. ვინც იმუშავებს, გამომუშავებაც ექნება. წლის ბოლომდე გაკეთდება ციხის ფსიქიატრიული დაწესებულება, სექტემბრის ბოლოს - ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო."


ყოჩაღ, სოზარ!
ესაა ნამდვილი მუშაობა დაკისრებულ პოსტზე.

რაც შეეხება ღვარძლიან კომენტარებს შაბათ-კვირას "სახლში წასვლაზე", ითქვა, რომ ეს შეეხებათ ღია დაწესებულებაში მყოფებს, ანუ საზოგადოებისთვის არასაშიშ პატიმრებს.
რავა ისე უყურებთ ყველაფერს, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას? :))))



რედაქტორის რჩევით