"სოსო თვალებიდან ვერასოდეს მოიცილებს ჩემს შვილს" (სკანდალური ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"სოსო თვალებიდან ვერასოდეს მოიცილებს ჩემს შვილს" (სკანდალური ექსკლუზივი)

"მისი სიკვდილი რაში მაწყობდა, როცა ამდენი ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი, მე ავდექი და მოვკალი? რატომ? გეკითხებით, სად არის ლოგიკა?"

სოსო პავლიაშვილი: "ბიჭებმა იფიქრეს პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო...

"მკვლელობის მეორე დღეს, სოსოსთან შესახვედრად ერევანში უნდა ჩასულიყო ავთო... ამიტომ სასწრაფოდ მოკლეს"

"ძალიან იაფად მომიკლეს ავთო - 50.000 დოლარად"

"ნანა ადუაშვილი: "მაინტერესებს, სოსომ რომელიც დედას მეძახდა, ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკა?"

"ჩემი შვილის მკვლელმა ქელეხზე კოლიო მოიტანა"

"ჩხაპელიასთან" ნაკლები საქმე მაქვს, სოსოსგან ველოდები პასუხს - რატომ?!"

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები შემზარავი მკვლელობის საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ და 5 ბრალდებულს განაჩენს გამოუტანენ. მათ ბიზნესმენ ანტონ (ავთო) ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

მკვლელობა თბილისში 2012 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას მოხდა. იმ საბედისწერო დღეს ახალგაზრდა კაცი თავის ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, იყო საკონტროლო გასროლაც. შემთხვევის ადგილას სათვალთვალო კამერებმა ძალოვანებს საქმის გახსნა გაუადვილა, ცხელ კვალზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავეს. კიდევ რამდენიმე პირიც მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელია. მისი დაკავება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახისთვის, რადგან ახლობლად მიიჩნევდნენ. მეტიც, დაკრძალვის დღეებში ის ადუაშვილების სახლში ტრიალებდა. ჩხაპელიას დღეს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი. ყველაზე გამაოგნებელი კი მისი ჩვენება გახდა, სადაც მკვლელობის შემკვეთად მოკლულის უახლოესი მეგობარი, თავისი ცოლისძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა.

პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის. პროკურატურაში ამბობენ, რომ ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი პირისთვის ბრალის წასაყენებლად. ჩხაპელია ჩვენებაში დეტალურად აღწერდა, როგორ მოაკვლევინა 50.000 დოლარად ადუაშვილი.

ეს ჩვენება მოკლულის ოჯახისთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩხაპელიას ადვოკატი ლევან ჯავახაძე ამბობს, რომ მისი დასაცავი თავს დამნაშავედ არ ცნობს და სულ სხვა ჩვენებას მისცემს სასამართლოს.

ადვოკატი ლევან ჯავახაძე: - ჩხაპელიას ჩვენებაში არსად წერია, რომ პავლიაშვილმა შეუკვეთა მკვლელობა. ის ამბობს, სოსო საქმის კურსში იყოო. თუმცა ესეც უარყო ჩხაპელიამ და განმარტა, რომ ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება და სიმართლეს სასამართლოზე დაამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რადიკალურად განსხვავებული სურათი დაიხატება...

- თუ უდანაშაულოა, რატომ დააკავეს?

- მოვლენებს არ გავუსწრებ, თორემ რამდენიმე ვერსია გვაქვს... ყველაზე ლოგიკური, რაც შეიძლება იყოს, გადამოწმდა ბოლო დროს ადუაშვილთან კონფლიქტში მყოფი პირების სია. ჩხაპელიასაც ჰქონდა მასთან მცირე, პირადი პრობლემა, თუმცა ეს არ იყო იმ ხარისხის, რომ შურისძიებაზე ეფიქრა. მაგრამ ეს სოსოს არანაირად არ ეხება.

- მაშ, რატომ გაკეთდა აქცენტი ადუაშვილის უახლოეს მეგობარზე, სოსო პავლიაშვილზე?

- შეიძლება ამ საქმეში პავლიაშვილის მტრის ხელი ურევია. ფაქტია, ჩხაპელია ამბობს, ჯოჯოხეთი გამოვიარეო და ამის შემდეგ დააწერინეს ჩვენება. სიმართლე პროცესზე გაირკვევა.

თავად სოსო პავლიაშვილი მკვლელობასთან კავშირს აბსურდულს უწოდებს. "კვირის პალიტრის" #27-ში გამოქვეყნდა მისი საგაზეთო პუბლიკაცია, რასაც ადუაშვილის მეგობრების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი დარწმუნებული არიან, ჩხაპელიას ჩვენების ჭეშმარიტებაში და ბევრი კითხვა აქვთ სოსო პავლიაშვილთან.

ზურა გაჩეჩილაძე და ზურა ჯალალიშვილი ავთოს დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი პავლიაშვილთანაც მეგობრობდნენ.

"ჩხაპელიას ჩვენებასაც რომ თავი დავანებოთ, სოსოს საქციელი ბევრ შეკითხვას ბადებს. მისი ინტერვიუები, სადაც ის თავის და ავთოს მეგობრობაზე საუბრობს, ძალიან გამაღიზიანებელია. ავთოს დასაფლავებაზე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან და ერაყიდანაც კი ჩამოვიდნენ მისი მეგობრები. სოსო ამ დროს დისკის პრეზენტაციაზე სომხეთში 400 კილომეტრში იმყოფებოდა და უახლოესი მეგობრის სამძიმარზე არ ჩამოვიდა. მისმა სიძემ (ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფმა ჩხაპელიამ) მიზეზად მომღერლის მკაცრი კონტრაქტი დაასახელა. მაკა პავლიაშვილმა, სოსოს დამ, სულ სხვა ვერსია შემოგვთავაზა: სანამ "ნაციონალები" იქნებიან ხელისუფლებაში, სოსო აქ ჩამომსვლელი არ არისო.

გვაინტერესებს, რომელმა "ნაცმა" შეგაშინა ასე, სოსო, რომ არჩევნების შემდეგაც ვერ გაბედე შენს ქალაქში ჩამოსვლა?

არადა, სოსოს სახელი ისეთ ბინძურ კონტექსტში გაჟღერდა, შვილის ნათლიისა და უახლოესი მეგობრის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს, რომ მის ინტერესში შედიოდა აქ ჩამოსვლა და ყველაფრის გარკვევა. ამაზე უარესი რაღა უნდა დაგაბრალონ კაცს? ვერც მოიცალა პავლიაშვილმა, ერთხელ მაინც დაერეკა ავთოს მშობლებთან, რომელთა კალთაშიც გაიზარდა. სამაგიეროდ, ძვირფას დროს ხარჯავს ინტერვიუებში, სადაც თუთიყუშივით იმეორებს, რომ ეს არის ჭორი და აბსურდი, რომ მას მოუკლეს ბავშვობა, რომ ეს არის ჟურნალისტების პიარფანტაზია, რომ ამ ბინძურ ჭორს უვრცელებს ძველი ხელისუფლება შურისძიების მიზნით. ყველაზე ამაზრზენი "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემული ინტერვიუ იყო, სადაც ავთოსადმი ფინანსურ ვალდებულებებს ლამის ქველმოქმედებად აფასებს და ამბობს, ავთოს უამრავი მტერი ჰყავდა და მოსაკლავად დასდევდნენ, ბოლო ერთი წელი სახლში იარაღშემართული შედიოდა და ბალიშის ქვეშ იარაღით ეძინაო. პავლიაშვილი ამ საკენკს ვერავის დაუყრის, მას ამ სიცრუისთვის მოეთხოვება პასუხი. ავთოს ხელში იარაღი არ გვინახავს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მხიარული და უდარდელი იყო, სრულიად განსხვავებული იმ კაცისგან, როგორსაც ეს ვიგინდარა ხატავს.

ჩხაპელიას დაკავებისთანავე სოსომ თბილისიდან გახიზნა მშობლები და დღემდე მოსკოვში ჰყავს. ასევე სასწრაფო ევაკუაცია გაუკეთა დას. ისე, არც მის მშობლებს შეუწუხებიათ თავი ადუაშვილების მოკითხვით, ეტყობა, მათაც არ სცალიათ.

ვფიქრობთ, იმიტომ არ ჩამოვიდა დაკრძალვაზე, შეეშინდა მისი აქ ყოფნის დროს არ გახსნილიყო საქმე და არ დაეკავებინათ.

ახლა ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ ამ საქმეს. იმედია, პავლიაშვილი ჩამოვა და ჩვენთან ერთAად დაესწრება სასამართლო პროცესებს, სადაც მისი სიმართლე უნდა გამოჩნდეს, თუ იმის შიში არა აქვს, რომ მიუჯდება თავის სიძეს გვერდით. ჩამოვა და თვალებში ჩახედავს ავთოს მშობლებს და ეტყვის თავის სათქმელს, თუ სათქმელი აქვს და ბოლოს პირადად გადაუხდის მადლობას მთავარ პროკურორს, რომლის ობიექტურობაში ასეა დარწმუნებული. "კვირის პალიტრასთან" ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ დარწმუნებულია თავისი სიძის უდანაშაულობაში და იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე არ დაიკარგება. იოსიფ! დარწმუნებული ბრძანდებოდე, ჩხაპელია აუცილებლად და სრულად მიიღებს თავის სასჯელს, შენ სხვა იდარდე. "მაფიოზობანა" საშიში თამაშია და ხშირად გრანდიოზული პროცესებითა და პროცესიებით მთავრდება!

ამავე ინტერვიუში პავლიაშვილი სააკაშვილს თავის მოკვლას ან ბერად აღკვეცას სთავაზობს. საინტერესო რეცეპტები აქვს, ეტყობა, ბევრს ფიქრობს ამაზე. თავი მას აქვს მოსაკლავი. ამბობს, ეკლესიის აშენებას ვაპირებ ავთოს სახელზეო. ჯერ მის მშობლებს ჰკითხოს, როგორ ესიამოვნებათ, პავლიაშვილმა ავთოს სახელზე ეკლესია რომ ააშენოს. ადრე ერთ-ერთ გადაცემაში სოსოს ჰკითხეს, თუ შენზე ძლიერი ადამიანი შეგხვდა, როგორ მოერევიო. უპასუხა, თუ დღეს ჩემზე ძლიერი ხარ, ხვალ მე შენზე ძლიერს ვნახავ, 200 დოლარს გადავუხდი და ჩემს მაგივრად ცხვირ-პირს ის დაგინგრევსო. აი, აქ ჩანს მისი ნამდვილი სახე. ავთო მაგარი ვაჟკაცი იყო, სულ გვერდით ედგა, ყველა პრობლემას უგვარებდა. მოსკოვში "კანონიერ ქურდს", მირონ მამედოვს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან იყო, იმდენჯერ სთხოვა, რომ მან სოსოს საუკეთესო სტუდია აჩუქა. ავთომ სამშენებლო ბიზნესიც დაიწყო, სოსოსგან ფულს ელოდა. ვიცით, რომ ერთად ბიზნესები ჰქონდათ".

ჩვენ ადუაშვილის დედას, ქალბატონ ნანა ადუაშვილს ვესტუმრეთ:

- სოსო და ავთო ერთად გაიზარდნენ. არ მინდა დავიჯერო, რომ სოსო ურევია ჩემი შვილის სიკვდილში, ეს ჩემთვის მეორე სიკვდილის ტოლფასია. ჩხაპელიამ რომ აღიარა, ვკიოდი, იმდენად არ მინდოდა ამის დაჯერება. ჩვენმა ოჯახებმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ხუდადოვზე, იტალიურ ეზოში ერთად ვცხოვრობდით. სოსოს მამა, რამინი, არქიტექტორი იყო, დედა, აზა, ფაბრიკაში მუშაობდა. ჩემს ორ ბიჭს შორის ვსვამდი სოსოს და ისე ვასადილებდი, ერთად გაიზარდნენ... სოსო მუსიკალურში რომ სწავლობდა, ფული არ ჰქონდათ და გვერდით ვედექით. იურმალაში რომ წავიდა, ჩემი შვილების და მათი მეგობრების იქ ჩასვლა ჩემმა მეუღლემ დააფინანსა.  სოსოზე ახლო მეგობარი ჩემს შვილს არ ჰყოლია, რამ აფიქრებინა ეს, არ ვიცი... არ მინდა დავიჯერო, მაგრამ იმდენი კითხვა არსებობს, რომ უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩხაპელიაა დამნაშავე. მან აღიარა ყველაფერი. არადა, ბევრი სიკეთე აქვს მათთვის ჩემს შვილს გაკეთებული. ავთო თავისი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, მთელი ცხოვრება სხვისი პრობლემების მოგვარებაში იყო. ბევრი ფული არასოდეს გვქონია. ბიზნესები ჰქონდა, ცხოვრება აიწყო, სახლი აიშენა, მაგრამ მხოლოდ ორი თვე იცხოვრა ამ სახლში, არ დააცადეს ბედნიერი ცხოვრება.

- სოსო პავლიაშვილთან რაიმე უთანხმოება ჰქონდა?

- არ ვიცი და ეს მაინტერესებს სწორედ. მითხრას, რატომ მომიკლეს. ორწლინახევრით უფროსია სოსო ავთოზე, მაგრამ ჩემი შვილი პატრონობდა. სოსო რიგაში ჯარში რომ წაიყვანეს, ავთომ, 17 წლის ბიჭმა, იქ ჩააკითხა. პირდაპირ ნაწილის უფროსთან მისულა, ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერი მევიოლინეა, ანსამბლს ჩამოაყალიბებს და აქ კონცერტებს გამართავს. ნიჩაბს ხელში ნუ დააჭერინებთ, ხელები არ გაუფუჭდესო. მართლაც მისცეს ამის უფლება. მეორედაც წავიდა ჩემი შვილი დატვირთული, ვიოლინოც წაუღო... მერე მოსკოვში რომ წავიდა სოსო, იქაც პრობლემები შეექმნა ვიღაცებთან. ჩემი შვილი 5 წელი გვერდიდან არ მოშორებია. ყველა პრობლემა მოუგვარა. ბინაც საერთო ჰქონდათ, მერე ის ბინა სოსომ გაყიდა, მაგრამ ავთოსთვის თავისი წილი არ მიუცია... ნანა დეიდა, შენ გენაცვალოს შენი შვილი სოსო პავლიაშვილიო, ასე მესალმებოდა, ჩემი დედა ხარო. რომელი ერთი გავიხსენო. ავთო სოსოს მეჯვარე და ბავშვის, ლევანის ნათლია იყო. ხშირად ელაპარაკებოდა სოსოს, მაგრამ აღელვება არ შემინიშნავს.

- ამბობენ, რომ თქვენს შვილს მტრები ჰყავდა.

- ტყუილია. ბოლო სამი წელი განსაკუთრებით დამშვიდებული იყო. პრობლემა არ ჰქონია.

გიორგობას მომიკლეს. 3 საათი იყო, რომ ისადილა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ახლობლებს დაურეკა, საღამოს გიორგობა ჩვენს რესტორანში აღვნიშნოთო. მის ბიჭს გიორგი ჰქვია და უნდა აღენიშნა. მერე ისევ თავის ოთახში შევიდა. შინიდან როგორ გავიდა, არ მინახავს. ღვთისმშობლის ტაძარში სანთელი დაუნთია. მამამისიც უნახავს, ამბობს, საოცრად კარგ ხასიათზე იყოო. ზუსტად იმ დღეს მომიკლეს სადისტურად...

- ჩხაპელიასა და ავთოს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- სულ ჩვენთან იყო ჩხაპელია. ლტოლვილია, ეცოდებოდა და სამარშრუტო ტაქსის ხაზები გაუკეთა. მის ოჯახთანაც ვმეგობრობდით. მამამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, შეიძლება სასამართლო პროცესზე შუბლში ტყვია დაეხალა ვახოსთვის, იმდენად უყვარდა ჩემი შვილი. ვახტანგი მკვლელობამდე სამი დღით ადრე ავთოს ჩვენს რესტორანში მოუყვანია, ქაბაბი უჭამიათ ერთად. რას წარმოიდგენდა, ამას თუ გეგმავდა. უამრავი ადამიანი იყო ჩემი შვილის დაკრძალვაზე. ჩემი ძმისშვილი ამბობდა, მთელი თბილისი აქ არის და ავთოს მკვლელი ვინ უნდა იყოსო. თურმე მკვლელიც იქ იყო. ჩხაპელია ყველაზე მეტს აქტიურობდა. თავიდან, როცა ავთოს მკვლელობის ამბავი გავრცელდა, მთელი ხუდადოვი შეკრებილა. ჩხაპელია თურმე თავს ურტყამდა კედელზე, სხვების დასანახავად. დაკრძალვამდე სულ მოდიოდა, მაგრამ სულ მთვრალი იყო.

წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის ქელეხის სუფრაზე ხუდადოვიდან გამზადებული კოლიო მან ჩამოიტანა. რას ვიფიქრებდი, ჩემი ავთო მისი ხელით რომ იყო მკვდარი.

ერთი დღე დაიკარგა, ჩემს მეუღლეს დაურეკა, კიევში ვარო, თურმე გალში წასულა და მკვლელებს შეხვედრია... თქვეს, სოსო უნდა ჩამოვიდეს დაკრძალვაზეო, მაგრამ არ ჩამოვიდა. მკვლელობის მეორე დღეს ავთო ჩემს ძმისშვილთან ერთად ერევანში, სოსოსთან შესახვედრად მიდიოდა.

- ხომ არ იცით, რატომ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს?

- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, იქ არ უნდა ჩასულიყო ჩემი შვილი, ამიტომ სასწრაფოდ მოკლეს. მკვლელი ამბობს, 24-მდე უნდა მომხდარიყო მკვლელობაო. მეორე დღესვე ავთო მანქანით ისევ უკან, თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. 25-ში მე და ჩემს მეუღლეს ქორწინების 50 წლის იუბილე გვქონდა და ავთო ოქროს ქორწილს გვიხდიდა. სტუმრებიც დაპატიჟებული ჰყავდა. ქეიფზე დაპატიჟებული ხალხი სამძიმარზე მოდიოდა.

- პავლიაშვილი ამბობს, რომ თქვენს შვილს მისი დიდი ვალი ჰქონდა. ის სისტემატურად უგზავნიდა ფულს.

- სოსო ფულს უგზავნიდა, მაგრამ ეს ჩემს შვილს ეკუთვნოდა საქმიდან. არც კი რცხვენია, რომ ამბობს, ჩემი ვალი ჰქონდაო? ეს ტყუილია. ბავშვთა ცენტრს აშენებდნენ საბურთალოზე, სოსოც მონაწილეობდა რამდენიმე კაცთან ერთად. ავთო ამბობდა, სოსოს ბიჭი ლევანი სულ მოსკოვში ხომ არ იქნება, დედამისს მის მეტი არავინ ჰყავს (პავლიაშვილის შვილი პირველი ქორწინებიდან. - ავტ.), აქ რომ საარსებო წყარო გაუჩნდეს, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ეს ბიზნესიო. მეც ჩემს გიორგის მივცემ და ბავშვებს თავისი საარსებო ექნებათო. ახლა შენდება ეს ცენტრი. ჩემს შვილს რუსეთშიც ჰქონდა ბიზნესები. არ იყო ისეთი ადამიანი, წილებზე დედასთან ელაპარაკა, მაგრამ მისმა მეგობრებმა იციან ყველაფერი. მათი ბიზნესურთიერთობა წერილობით გაფორმებული არ ყოფილა, რას იფიქრებდა, სოსო ასე რომ მოიქცეოდა. ახლა ამბობს, ფულს ვჩუქნიდიო. ავთო ადუაშვილი ის კაცი არ იყო, რომ დაუმსახურებლად ვინმესგან ფული მიეღო. სხვისას ხელს არ მოჰკიდებდა. რატომ სხვას არ ჩუქნიდა სოსო ფულს? თუნდაც საკუთარ დას? მის სიძეს რემონტი რომ ჰქონდა, 3.000 დოლარი არ გამოუგზავნა და ჩემმა შვილმა მისცა ფული.

- ამბობს, რომ ავთოს გარდაცვალების შემდეგაც ივნისამდე ფინანსურად გეხმარებოდათ და თქვენს შვილიშვილს ბინაც უყიდა, ამით მეგობრისთვის მიცემული პირობა შეასრულა.

- ივნისის შემდეგ რატომ შეწყვიტა? არავის არაფერს ჩუქნიდა, ის ჩემი შვილის ნაშრომს გზავნიდა. კიდევ უნდა გამოუგზავნოს გიორგის მამამისის საქმიდან ფული, აბა, რა უნდა ქნას? სასაფლაოზე მისული სულ ამას ვეკითხები ავთოს, რატომ, შვილო? ეს გამაგებინონ. ან თუ მას ამხელა დანაშაულს აბრალებენ, რატომ არ ჩამოდის და არ ცდილობს გარკვევას, რატომ არ რეკავს? სხვა ვერსია დღეს არ არსებობს. ჩემი მეუღლე იქით ცდილობდა სოსოსთან დაკავშირებას, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. არც ავთოს მეგობრებს პასუხობს. გამაგებინოს, თვითონ რატომ არ რეკავს? ტელეფონით მაინც არ უნდა ეთქვა სამძიმარი? სიძის დაკავების შემდეგ არც მის მშობლებს უცდიათ ურთიერთობის გარკვევა ჩვენთან. მაშინვე გახიზნა ყველა. რატომ არ უშვებს მის მშობლებს საქართველოში? უნდა მოსულიყო ჩვენთან თუნდაც ჩხაპელიას დედა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა.  სოსომ გახიზნა თავისი და, მაკა პავლიაშვილიც. ავთოს მკვლელობის ღამეს დაიჭირეს ერთი დამნაშავე, მაშინვე თქვა, ჩხაპელიამ დამიკვეთაო. ჩხაპელია თავისი ჭკუით ამას ვერ გააკეთებდა და არც ამის ფული ექნებოდა. ძალიან იაფად მოკლეს ჩემი შვილი, 50.000 დოლარად.

- რას ეტყოდით სოსოს?

- გასცეს პასუხი, რატომ აბრალებენ, რა ხდება?.. სოსოს უფალი დასჯის. რომ დაიჭირონ, შეიძლება ცოდვები უფრო მოეხსნას. არ არსებობს, ის ავთოს თვალებიდან ვერ მოიცილებს. ადგება თუ დაწვება, გაიღვიძებს თუ დაიძინებს, იმღერებს თუ იცეკვებს, ავთოს ვერ დაივიწყებს. ჩემ გარდა ვერავინ წარმოიდგენს ამას. შეუძლებელია ავთოს ცოდვამ სოსო მოასვენოს. ჩხაპელიასთან ნაკლები საქმე მაქვს, სოსოსგან ველოდები პასუხს, რატომ?

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, სკანდალის მიზეზები სოსო პავლიაშვილთან მოსკოვში გაერკვია:

- ავთოს მეგობრები მკვლელობის დამკვეთად გასახელებენ...

- მეგობრობა მე სხვანაირად მესმის, არა ჭიქების მიჭახუნებით, არამედ საქმის კეთებით, რასაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებდი. დღეს რომ ასე "ბალელშჩიკობენ" გარდაცვლილს, ცოცხლისთვის მიეხედათ?! ჩემი უახლოესი მეგობარი მიწაში წევს და მე კი იმაზე მიწევს საუბარი, მისთვის კარგი ვიყავი თუ ცუდი. გეკითხებით, ეს ნორმალურია?! ერთადერთი ადამიანი, ვინც ავთოს მხარში ედგა, მე ვიყავი!

- მისი მეგობრები, პირიქით ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ავთო გედგათ მხარში, ფინანსურადაც და მორალურადაც, მეტიც, მოსკოვში ბინის ყიდვაშიც კი დაგეხმარათ, სტუდიაც მან გაგიკეთათ.

- რა ვალი მქონდა ავთოსი, მანახონ, რა ბიზნესები გვქონდა მე და ავთოს, მაჩვენონ. როგორ, ამხელა ბიზნესები გვქონია თურმე, ხორცის, ცემენტის, ნავთობის და ჯანდაბა, რა ვიცი, კიდევ რისი აღარ, ჰოდა, ჩემი და ავთოს გარდა კაცი არ გამოჩნდებოდა, ვინც ამ ფაქტს დაადასტურებდა? ან ამხელა ოლიგარქები ვყოფილვართ და ვინმეზე რაიმე საბუთი მაინც ხომ უნდა იყოს გაფორმებული?! 8 თვე გავიძახოდი, თუ ვინმეს რამე გაქვთ გასარკვევი, ჩამოდით, ხარჯები ჩემზე იყოს, თუ ერთ ფაქტს დამიდებენ, ყველა ბიზნესს გადავუფორმებ, თუ არა და თვითონ გადამიხადონ ავთოს ვალი-მეთქი! დამიმტკიცონ და იქიდან არც ერთ კაპიკს არ ავიღებ.

- არავინ შემოგეხმიანათ?

- კაციშვილი არ აღმოჩნდა ამაზე წამსვლელი, რადგან ყველა ნათქვამს, ყველა ჩვენებას დამტკიცება სჭირდება. თავშივე იცოდნენ, რომ ტყუილი იყო ყველაფერი და ამიტომაც არავინ შემხმიანებია.

- ბინაზე ან სტუდიაზე რას გვეტყვით?

- როცა ავთო ჩამოვიდა, ბინა უკვე მქონდა, პირიქით, ის ცხოვრობდა ჩემთან. მერე რაღაც ვალი დამედო, გამიჭირდა და სწორედ მაშინ გამომიგზავნეს ავთომაც და ჩხაპელიამაც 5-5 ათასი დოლარი, მხარში დამიდგნენ. ავთო ჩემი ძმა იყო და დარჩება ყოველთვის! მერე ბინა გავყიდე და ავთოს ვალი გავუსტუმრე. ვინც ეს ბინა იყიდა, ის ხალხი კი არ გარდაცვლილა, ცოცხლები არიან, ვის სახელზე იყო და ა.შ., ყველაფერს იტყვიან. მერე ავარიაში მოვყევი, 7 წელი ეპილეფსიით ვიყავი ავად, მკურნალობის გამო ბევრი ვალი დამედო და აქედანაც რის ვაი-ვაგლახით გამოვძვერი. სტუდიას რაც შეეხება, ჩემი კი არა, 15 წლის განმავლობაში პიონერთა სასახლის სხვენში იჯარით მქონდა აღებული, სადაც, შუქის გარდა, სხვა საყოფაცხოვრებო პირობები არ არსებობდა. თვიდან თვემდე ხან როგორ ვიხდიდი იჯარის ფულს, ხან როგორ. ჩემი და ავთოს მეგობრობა არავის საქმე და გასარჩევი არ არის. 10 ბინა რომც ეჩუქებინა, ვისი რა საქმე იყო? მაგრამ 25 წლის ბიჭი საიდან ან როგორ მაჩუქებდა?!

სამწუხაროდ, მიშამ ისე გადააგვარა 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი, ყველა ჭკუიდან არის გადასული. ხედავთ, რა დონემდე დაეშვნენ, რომ აღარც გარდაცვლილს სცემენ პატივს და აღარც ცოცხალს. არც დღეს მექნებოდა მაგათ ნაბოდვარზე რეაგირება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს სიბინძურე რაზეა გათვლილი.

- სწორედ ამას გეკითხებით, რა ხდება, რაზეა გათვლილი?

- წინ სასამართლო პროცესია, ზუსტად იციან, რომ ჩხაპელია უდანაშაულოა, ბიჭებმა ტყუილი და ცრუ ჩვენებები ერთიმეორის მიყოლებით რომ მისცეს გამოძიებას, ამის დამტკიცება მოუწევთ! იფიქრეს, პავლიაშვილს გავწეწავთ და ავშენდებითო... ადუაშვილის ბედით შეწუხებული ადამიანი ჩემგან დაიწყებდა სიმართლის გარკვევას. ახლა კი ნაფიც მსაჯულებზე უნდათ გავლენის მოხდენა, რადგან იციან, რომ ამ საქმეში გაიჭედნენ... საინტერესოა, სასამართლოს წინ რომ ატეხეს ყიჟინა, აქამდე რატომ დუმდნენ? კიდევ კარგი, ინტერვიუ მოგეცით, თორემ რა ეშველებოდათ?!

- როდესმე ფულს გძალავდნენ?

- ესენი რამდენად მძალავდნენ, არ ვიცი, მაგრამ ამ საქმისთვის რომ გამოიყენეს, ფაქტია. ვინც მომრიგებლის როლში იყო, დღესაც ჩრდილშია და ამ საცოდავებს იყენებენ. თუმცა ყველაფერი სასამართლოზე გაირკვევა. ყველა ფაქტი დაფიქსირებულია, ყველა ჩანაწერი და სმს შენახულია.

- ვინ გძალავდათ და რამდენს?

- ყველას სასამართლოზე დაასახელებენ. რომელი ოლიგარქი მე მნახეს? ჩემი შრომით და წვალებით მივაღწიე, რასაც მივაღწიე. ეს ჩამოთვლილი ბიზნესები რომ მქონოდა, ჰაერში გადაფრენ-გადმოფრენაში კი არ გავატარებდი ცხოვრებას, ხან სად მაქვს კონცერტი, ხან - სად, მე და ავთო ფეხს ფეხზე გადავიდებდით და ცხოვრებით დავტკბებოდით!

- ჩხაპელიამ თქვენს წინააღმდეგ ჩვენება მისცა...

- სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამკვიდრა საზარელი პრაქტიკა, რასაც საპროცესო შეთანხმება ჰქვია. ვახო რომ დაიჭირეს, 5 საათი ვეძებდით. გეკითხებით, ამ დროში გაუჭირდებოდათ მათთვის სასურველი ჩვენების მიღება მაშინ, როცა ხალხს რუსეთის ჯაშუშობას აღიარებინებდნენ და 12-წლიან "სროკზე" აწერინებდნენ ხელს. ამდენი ჯაშუში არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია და ჩხაპელიასგან "აღიარების" მიღება გაუჭირდებოდათ?!

- ეს ხომ მიშას დროს არ მომხდარა?

- მაგ დროს ჯერ კიდევ ისინი იყვნენ... ამ საქმეზე ერთი პროკურორი მოხსნეს და ამით არ მთავრდება, ყველაფერი წინ არის...

20 წელი ისე გავიდა, მე და ავთოს ურთიერთობაში არავინ ჩარეულა და დღეს გახდნენ მისი ჭირისუფლები?! ჰოდა, ოჯახს მიეხმარონ, ასეთი კარგები თუ არიან. მე ავთოსთვის მიცემული პირობა შევასრულე - დავპირდი, რომ მის შვილს ბინა ექნებოდა და აქვს კიდეც, რომელიც ავთოს გარდაცვალების შემდეგ გავაკეთე... ხომ შემეძლო, ხმა არ გამეღო? ასევე პირობა მივეცი, რომ კრედიტის გადახდაში მივეხმარებოდი და მივეხმარე კიდეც.

- რა კრედიტზე ან რა ბინაზე ლაპარაკობთ?

- 3 წლის წინ ავთო ჩამოვიდა და მითხრა, რომ კრედიტის აღებას აპირებდა და პროცენტების გადახდაში დახმარება მთხოვა, რომელსაც დამიბრუნებდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და 2009 წელს ჯამში 60.000 დოლარი მხოლოდ პროცენტის ფული გადავუგზავნე. მეორე წელსაც მოვიდა, მეორე კრედიტი ავიღე, ამაშიც მომეხმარე და ერთბაშად დავაბრუნებო. დავთანხმდი და მეორე წელს მხოლოდ პროცენტის ფული 80.000 ევრო გავუგზავნე. მესამე წელსაც იგივე მოხდა - კიდევ 80.000 ევრო გავუგზავნე, ესეც მხოლოდ პროცენტის თანხა იყო. ჯამში სამი წლის განმავლობაში 60.000 დოლარი და 160. 000 ევრო მაქვს მხოლოდ პროცენტების ფული გაგზავნილი. ამ ვალების გადახდას ავთო 2013 წლის ივნისიდან აპირებდა, მანამდე დაპირებისამებრ მე უნდა მეხადა. დღემდე არ ვიცი, კრედიტის თანხა რამდენი იყო, არც მიკითხავს, რადგან ავთოსი მჯეროდა და მჯერა. მე ის ვიცი, რომ პროცენტის სახით 7 ათას ევროს ყოველ თვე ვუგზავნიდი. ბოლოს ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, სადაც ჩემი ინტერესიც იყო და 200.000 დოლარი გავუგზავნე. ეს ვალად რაც ჰქონდა აღებული, თორემ იმის იქით რამდენი მაქვს მიცემული, აღარც ვამბობ. გეკითხებით, ვინმე ოლიგარქი დამისახელეთ, ვინც ამდენ ფულს მეგობარს კი არა, თავის ძმას თუ ასესხებდა, არათუ აჩუქებდა?! ეს ფული იყო სესხად მიცემული, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩუქებაზე არანაკლები დახმარებაა.

- ამ ფულის გამო ხომ არ დაგეძაბათ ურთიერთობა?

- არა, რატომ უნდა დაგვძაბვოდა, როცა ყველა პირობა ავთოსგან იყო შემოთავაზებული და მე დავთანხმდი.

- ავთოს ოჯახის წევრებმა იცოდნენ?

- რას ნიშნავს, იცოდნენ?! ბოლოს პროცენტის ფული 1-ელ მაისს გავგზავნე ოჯახში, ბანკში მაგათ შეჰქონდათ და რას ნიშნავს, არ იცოდნენ?! ადუაშვილის ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა რომ მქონოდა, ამ ფულს ხელს მოჰკიდებდნენ?!

- ადუაშვილის დედა ამბობს, რომ მკვლელობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს თქვენ და ავთო ერთმანეთს ერევანში უნდა შეხვედროდით. ეს შეხვედრა არ უნდა შემდგარიყო და სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან. 25-ში კი ადუაშვილის მშობლები ოქროს ქორწილს აღნიშნავდნენ.

- დიახ, ასე იყო. ავთო 24-ში უნდა ჩამოსულიყო ერევანში. მე იქ დისკის პრეზენტაცია მქონდა. ბილეთისა და გზის ფულს მე ვუხდიდი. ერთ კვირაში 7 ათასი ევრო უნდა გამეგზავნა კრედიტის პროცენტი და ვუთხარი, თუ მაინც ჩამოდიხარ, ბარემ აქ გადმოგცემ-მეთქი. მანამდე ჩხაპელიას ხელით 10 000 დოლარი გავუგზავნე მშობლების ოქროს ქორწილის ფული.

დღეს ხმაური იმიტომ ატეხეს, რომ ჯერ ერთი, ნაფიც მსაჯულებზე უნდათ გავლენის მოხდენა, მეორეც - კრედიტის გადასახადში გაიჭედნენ და მუქთა ფული შემოაკლდათ, 1-ელ ივნისამდე ხმას არავინ იღებდა. ახლა ფულს აGღარ ვგზავნი და ამან გაამწარა ყველა - ოჯახით დაწყებული, მისი ე.წ. მეგობრებით დამთავრებული.  ნანა დეიდას აბოლებენ და ათას სიბინძურეს ეუბნებიან ჩემზე.

ავთო ჩემი ძმა იყო, რომელიც ჩემ გამო ტყვიასაც გადაეფარებოდა! თქვენ ჩვენი ურთიერთობა არ იცით და იმ ნაძირალების ნაამბობს ხართ აყოლილი.

მე და ავთო წელიწადში ორჯერ ვხვდებოდით. მკვლელობამდე 1 თვით ადრე კიევში შევხვდით ერთმანეთს. ჩემი სიმამრიც იქ იყო. ავთომ სწორედ მაშინ მთხოვა გიორგის ბინა, - გახსოვს, რომ შემპირდი, გიორგის ბინა ექნება და არ ინერვიულოო? ჰოდა, ახლა კარგი ვარიანტი გამოჩნდა და იქნებ დამეხმაროო. ახალი წლისთვის კრწანისში მშენებლობას იწყებდნენ, სადაც ერთ ბინას თუ ავიღებდი, მეორეს უფასოდ მომცემდნენ. გამიხარდა, რა კარგია, ლევანს (სოსოს ვაჟს) და გიორგის გვერდიგვერდ ექნებათ ბინები-მეთქი. სამწუხაროდ, ავთო ამას ვერ მოესწრო, მაგრამ მე პირობა შევასრულე -  გიორგის დღეს საკუთარი ჭერი აქვს.

ამაზე საჯაროდ არასდროს ვილაპარაკებდი, მაგრამ იძულებული გამხადეს!

- შეიძლება ავთოს ვინმესთან მტრობა ჰქონოდა და მასზე შური ეძიათ?

- ვერ გეტყვით, თუმცა მისგან ვიცი, რომ ბევრი ემტერებოდა.

- რა ბიზნესი ჰქონდა ადუაშვილს?

- როგორც მითხრა, ნაძალადევში ერთი რესტორანი ჰქონდა და სულ ამბობდა, საქმე ისე არ მიმდის, როგორც მინდაო. მგონი, კრედიტიც მაშინ აიღო. ყოველთვის ხელს ვუწყობდი და ვცდილობდი, ფეხზე დამდგარიყო.

- ავთოს გარდაცვალების შემდეგ თქვენი ოჯახის წევრები რატომ გახიზნეთ მოსკოვში?

- რა სისულელეა, საახალწლოდ ისედაც აპირებდნენ წამოსვლას. ვიზები ჯერ კიდევ აგვისტოში მქონდა გაკეთებული. ავთოს პანაშვიდებსა და დასაფლავებაზე, რა თქმა უნდა, მივიდნენ.

- თქვენ რატომ არ ჩამოხვედით, არც კი დაგირეკავთ და მიგისამძიმრებიათ. მხოლოდ ჩხაპელიას ხელით 10.000 დოლარი გამოგზავნეთ და ამით დაამთავრეთ ურთიერთობა..

- დასაფლავებებზე არ დავდივარ, რაც ყველამ იცის და ამაში ახალი არაფერია. 2008 წელს უახლოესი მეგობარი მომიკვდა და არც მის დასაფლავებაზე ვყოფილვარ. რაც შეეხება დარეკვას, ამდენი პატივი მაქვს ნაცემი, მისი გარდაცვალების შემდეგაც პირობა შევასრულე - გიორგის ბინა გავუკეთე, ის ფულიც ვალად მე დამედო, რაზეც ხმა არ გამიღია და ჩემთვის მადლობაც კი არ გადაუხდიათ! მადლობას არ ვითხოვ, კაცო, თავი დამანებონ მაინც? მე მადლობა მხოლოდ ავთომ გადამიხადა და ჩემთვის წმინდაც და სპეტაკიც ეგ ურთიერთობაა...

მისი სიკვდილი რაში მაწყობდა, როცა ამდენი ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი, მე ავდექი და მოვკალი? რატომ? გეკითხებით, სად არის ლოგიკა?

თან ეს ვალი მე დამეწერა. ან რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ ავთო საკუთარი სიძის ხელით მოვკალი?! სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამაზრზენი. მეგობარი მომიკლეს, გესმით, მეგობარი, და დღეს ვიღაცის ნაბოდვარზე მიწევს პასუხის გაცემა, ამაზე დიდი შეურაცხყოფა კაცისთვის არაფერია. მტყუან-მართალი სასამართლოზე გაირკვევა. მე კაცი ვიყავი და კაცად დავრჩები ყოველთვის... მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, გიორგის აქამდეც ვპატრონობდი და მომავალშიც გავაგრძელებ. დღეს დადიან ობოლ ბავშვთან და იმის მაგივრად, რაღაცაში მაინც დაეხმარონ, სისულელეებით უჭედავენ ყურებს. სასამართლოზე გაირკვევა ყველაფერი და გიორგიც სიმართლეს გაარკვევს, რის შემდეგაც მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა ბევრს მოუწევს.

თეა ხურცილავა,

თეა ღვანია