"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება" - კვირის პალიტრა

"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"

"ჩვენი საქმის განხილვას ყოფილ პროკურორებს  და მოსამართლეებს ავალებენ და ხომ ხვდებით, ისინი რასაც იზამენ?"

"დავბრუნდი საქართველოში, მაგრამ ჩემს სახლში ვერა, რადგან 1 ლარად გაყიდულა"

"მათ მხოლოდ ქონება კი არ წაგვართვეს, ხელის ერთი მოსმით სიცოცხლე წაგვიშალეს"

როგორ აღმოჩნდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში ყოფილი ვიცე-პრემიერის (1993-1994 წწ.), ამირან ქადაგიშვილის ოჯახი ციხეში და მათი ქონება კი სახელმწიფოს ხელში, რის გამო გახდა ქადაგიშვილების ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლების სამიზნე და რისი იმედი აქვთ მათ ახალი ხელისუფლებისგან, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ყოფილი ვიცე-პრემიერის ვაჟი, "გამაბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და პოლიტდევნილი გიორგი ქადაგიშვილი ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ალბათ, არსებობდა სია იმ ობიექტებისა, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაერეკეტებინა. ჩვენ პირველი აღმოვჩნდით და სამაგალითოდ, ყველასთვის საჩვენებლად დავისაჯეთ. ჩემი ძმა, არჩილი, "გამაბანკის" საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. ჩვენი ფირმა, შპს "ასამი", "გამაბანკის" 33%-იანი წილის მფლობელი იყო, 51%-ის მფლობელები კი უცხოელები იყვნენ.

"გამაბანკის"გენერალურ დირექტორად ორი თვის დანიშნული ვიყავი, როცა ბანკში პროკურატურა შემოვიდა, 10 მილიარდი ევრო გაათეთრეთო. მაშინ საქართველოში 28 ბანკი იყო და ყველა რომ გაფიცულიყო, მთავრობაც მიხვდებოდა, რომ კერძო ბანკთან თავხედობა არ გაუვიდოდა. თავიდანვე გვითხრეს, გადაიხადეთ 20 მლნ დოლარი და საქმე დაიხურებაო, მაგრამ ამდენ ფულს საიდან გადავუხდიდით?

ახალი დაქორწინებული ვიყავი და  კოჯორში ვისვენებდით. თანამშრომელმა დამირეკა, ბანკსა და თანამშრომლების სახლებში პროკურორები შემოგვიცვივდნენო. მშობლებთან დავრეკე და დედის ნაცვლად პროკურორმა ქალმა მიპასუხა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავიო. მივხვდი, რომ მშობლების ბინა ალყაში იყო.

"გამაბანკს" იურიდიულ მომსახურებას ფირმა "პარტნიორი" (რომლის დამფიძნებელი დავით სააკაშვილია) უწევდა და იქ მივედი. "პარტნიორის" დირექტორმა ლევან პატეიშვილმა, რომელიც ჩემთან საუბრის პარალელურად პროკურორებს ეკონტაქტებოდა, მითხრა, მეუბნებიან, თუ ორივე ძმა არ ჩაგვბარდება, მშობლებს დავაკავებთო. ჩემი ძმა იმ პირობით ჩაბარდათ, რომ მშობლებს არ დაიჭერდნენ. ვფიქრობდი, რომ ეს აბსურდი მალე დასრულდებოდა. 11-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკს, რომ 10 მილიარდი ევროს (ერთ საბანკო დღეში) გათეთრებას დააბრალებ, ძალიან ალოგიკურია.

შინ დავრეკე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი სპეცრაზმელებით იყო სავსე, დედამ მოასწრო ტელეფონის აღება და მითხრა, მამაც დააკავეს და შენი ძმაცო. მივხვდი, რომ "პარტნიორი" ჩვენს საწინააღმდეგოდ პროკურატურასთან თანამშრომლობდა. ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ბანკის 7 თანამშრომელი დააკავეს. მათ აღიარეს ფულს ვათეთრებდითო.

- თქვენ როგორ გადაურჩით დაკავებას?

- როდესაც დედამ მითხრა, ძმაც და მამაც დააკავესო, მოვასწარი "პარტნიორის" ოფისიდან გაქცევა. თაფლობის თვეში ძებნილად ვიქეცი. ერთხანს საქართველოში ვიმალებოდი. პირველი სამი თვე შოკი და დეპრესია მქონდა. ისეთი განცდა მქონდა, გრიგალმა გადამიარა-მეთქი. ამასობაში გავიგე, რომ დედაც დააპატიმრეს. პროკურატურას შევუთვალე, ოღონდ დედა გამოუშვით და მე ჩაგბარდებით-მეთქი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

- დედა რა მოტივით დააკავეს?

- გამოძიებას ხელს უშლისო. 5 თვის მერე დარწმუნდნენ, რომ ის თანხები, რასაც ითხოვდნენ, არ გვქონდა. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოვიდნენ. გეხსომებათ, სპეციალური ანგარიში იყო გახსნილი, სადაც ბიზნესმენებს ფულს არიცხვინებდნენ. უცხოელები თანახმა იყვნენ,  3 მლნ დოლარი ჩაერიცხათ ამ ანგარიშზე. სამაგიეროდ, ბანკს დაუბრუნდებოდა ლიცენზია და ჩვენც გაგვათავისუფლებდნენ. პარალელურად, ჩვენთან მოლაპარაკებას მართავდნენ, რომ 33% დაგვეთმო უცხოელი პარტნიორებისთვის და ისინი 84%-ის მფლობელები გახდებოდნენ.

როგორც კი ბანკს ლიცენზია აღუდგებოდა, ჩვენს პარტნიორებს საწესდებო კაპიტალი - 11 მლნ დოლარი უნდა ჩაერიცხათ. ჩვენმა პატრნიორებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და 11 მლნ "გამაბანკის" საკორესპონდენტო ანგარიშზე რუსეთში ჩარიცხეს. ჩვენი პროკურატურიდან ინკასო გაგზავნეს, ანგარიშის გაყინვა და ფულის თბილისში გადარიცხვა მოითხოვეს. მაგრამ რუსეთიდან ამ თანხის წამოღება ვერ მოხერხდა. დაკარგეს 11 მლნ-იც და 3 მლნ-იც, რაზეც სულ გადაირივნენ. ჩვენმა პატრნიორებმა თქვეს, საქართველოს გაგონებაც არ გვინდაო და ქვეყნიდან წავიდნენ. დედა ციხიდნ 5 თვეში გამოუშვეს 85 ათასი ლარის გირაოთი. ამ თანხის შესაგროვებლად ყველაფერი გავყიდეთ. მამას 11 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 8 წელი და 4 თვე იჯდა, ჩემმა ძმამ 5 წელი მოიხადა, მე კი 8 წელი და 6 თვე ვიძებნებოდი. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებლად მომისაჯა 22 წელი.

მას შემდეგ დავბრუნდი, რაც პარლამენტმა პოლიტდევნილად მაღიარა. დავბრუნდი საქართველოში, მაგრამ ჩემს სახლში ვერა, რადგან 1 ლარად გაყიდულა.

რომ გაიგეს, ჩემი ოჯახი სტრასბურგში ჩიოდა "ნაციონალები" მიხვდნენ, რომ ამ საქმეს წააგებდნენ და ჩვენი ახლობლის საშუალებით შემოგვითვალეს, მოვრიგდეთო, მაგრამ დედამ უარი უთხრა. ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, ჩვენი ოჯახიდან ერთი წევრიც რომ არ დარჩენილიყო ცოცხალი, მათთან მაინც არ მოვრიგდებოდით.

- 22 წელი თქვენ რა დანაშაულისთვის მოგისაჯეს?

- ბრალი დამდეს 5 მუხლით, რაც გულისხმობდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ფულის გათეთრებასა და ჯგუფურ თაღლითობას. 8 წელია ველოდები ჩემს სასამართლო პროცესს მეორე ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ ამაოდ. დღეს სასამართლოს მოსამართლეა გიორგი სულაკაძე, ფირმა "პარტნიორის" ყოფილი იურისტი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა. ჩემი ოჯახის პროკურორი თამარ ალანია ჯერ მოსამართლედ გადავიდა, ახლა კი იუსტიციის საბჭოშია. ის ადამიანი კი, რომელსაც ჩემი ოჯახი სტრასბურგში უჩივის, დღეს დააწინაურეს.

ჩვენ დღეს მორიგება გვინდა სახელმწიფოსთან, მაგრამ გვითხრეს, 7 თვეში შეიქმნება კომისია, რომელიც თქვენს საქმეს განიხილავსო. ვითხოვთ სახელმწიფომ ის ქონება მაინც დაგვიბრუნოს, რაც 1 ლარად არ არის გაყიდული - აგარაკი მანგლისში, ბანკის ოფისი მეტრო "მარჯანიშვილთან", მაგრამ გვეუბნებიან, კომისიას უნდა დაელოდოთო.

კულუარულად ვიცით, რომ ეს კომისია ჯერ იმ საქმეებს განიხილავს, რაზეც კომპენსაციას არ ითხოვენ და მხოლოდ მერე დაიწყება ჩვენი საქმეების მსგავსი საქმეების განხილვა. სულ 30 ათას საქმეზეა ლაპარაკი და ამას, ალბათ, წლები დასჭირდება. ჩვენი საქმის განხილვას ყოფილ პროკურორებს და მოსამართლეებს ავალებენ და ხომ ხვდებით, ისინი რასაც იზამენ?

ბატონო ბიძინა, თქვენ ის კადრები გყავთ, რომელთაც მხოლოდ ქონება კი არ წაგვართვეს, ხელის ერთი მოსმით სიცოცხლე წაგვიშალეს. თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

(სპეციალურად საიტისთვის)