მარიამ კოჩალიძე მკვლელს იცნობდა?! - კვირის პალიტრა

მარიამ კოჩალიძე მკვლელს იცნობდა?!

რეპორტაჟი ბათუმიდან

"ამბობენ, მარიამის ბლოკნოტში ირანელი მკვლელი ტურისტის ცხოვრებაა აღწერილიო"

"ასეთი ადამიანი ცოცხლად უნდა დაწვა"

"იმიტომ დაადო მკვლელმა ლოდი, რომ მარიამს თავის გადარჩენა ვერ მოეხერხებინა"

"რად უნდოდა მკვლელს მარიამის ნათლობის ჯვარი"

26 ივლისს, 12 საათზე, ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სადისტურად მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი დაასვენეს. მისმა მკვლელობამ საქართველო შეძრა. ყველას ერთ კითხვაზე სურდა პასუხი: რატომ გამოსჭრა მკვლელმა ყელი გოგონას, რომელიც სანაპიროზე იჯდა და ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდა.

იმ საბედისწერო დღეს, 22 ივლისს, საღამოს 7 საათი ხდებოდა, როცა მარიამი  შინიდან თავისი ველოსიპედით გავიდა. გოგონა დილა-საღამოს სასეირნოდ ერთსა და იმავე გზას გადიოდა, ახალი ბულვარიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დიდ ლოდზე ჩამოჯდებოდა, ჩანაწერებს გააკეთებდა, მზის ჩასვლას დაელოდებოდა და შინ ბრუნდებოდა.

იმ საღამოს ნათლიამ, ნატო კვინტრაძემ, მარიამს მესიჯი გაუგზავნა, პასუხი რომ ვერ მიიღო, ძებნა დაიწყო. "9-ს 20 წუთი აკლდა, მესიჯი რომ მივწერე, არ მიპასუხა. ვიფიქრე, იქნება თანხა არ აქვს-მეთქი და დავურეკე, არც ზარებს უპასუხა, 22 ზარი გავუშვი. მარის ტელეფონი სულ გვერდით ჰქონდა, იცოდა, თუ არ მიპასუხებდა, ვინერვიულებდი. მშობლებს ვუთხარი, მარის დააგვიანდა და ბულვარში გავალ-მეთქი. ჩემი ბიძაშვილიც სეირნობს ველოსიპედით და მას ვკითხე, არ გინახავს-მეთქი? არაო. მეგობრებთანაც მოვიკითხე, დედამისს და ახლობლებსაც გავაგებინე, ყველანი ვეძებდით. მერე პოლიციაში მივედით... ბოლოს მარი საშინელ მდგომარეობაში ვნახეთ, მარი მომიკლეს", - მითხრა ნატო კვინტრაძემ. მარიამი მან შვილივით გაზარდა, ჩვილი იყო, თავისთან რომ წაიყვანა.

ნატო კვინტრაძე და მარიამის მშობლები ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ერთ კორპუსში, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. მარიამი ნაბოლარა იყო, ორი და ჰყავს. დედა მუშაობდა და მისი გაზრდა ნათლიამ იტვირთა.

ნატო კვინტრაძე: - მარიამი დაიბადა თუ არა, წამოვიყვანე და 16 წლამდე მე გავზარდე. 3 წლის იყო, რომ მოვნათლე. საოცრად ნიჭიერი იყო. რომელ ასაკში რა წიგნი წაეკითხა, რჩევებს ჩემგან და მამაჩემისგან იღებდა. წიგნი ძალიან შეიყვარა. წელს, ზაფხული რაც დაიწყო, უკვე 20 წიგნი წაიკითხა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა. 10 კლასი ისე დავამთავრეთ, ერთი ცხრიანიც არ გამოჰყოლია, ყველა საგანში 10-იანს უწერდნენ. სპორტულიც იყო. სამი წელი ფრენბურთზე იარა. თურქულსა და ინგლისურს ქართულივით ფლობდა. კარგად იცოდა რუსული. ახლა ფრანგულს სწავლობდა. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე იყო.

იმ პერიოდისთვის ბათუმში ერთ-ერთ წარმატებულ სკოლად ითვლებოდა თურქული სკოლა-ლიცეუმი და მესამე კლასში იქ წავიყვანე. წელიწადში 2.000 დოლარს მამამისი მეექვსე კლასამდე იხდიდა, მერე ტესტირება ჩატარდა და მაღალქულიანებს გადასახადი გაუნახევრდათ. შარშან მარის მამა გარდაიცვალა და ოჯახს გაუჭირდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საჯარო სკოლაში წაგვეყვანა, მაგრამ იმდენად ჭკვიანი ბავშვი იყო, დირექტორმა გვითხრა, ჩვენ დავაფინანსებთო... წელს მარის ჯგუფი დაიშალა და მისი დაჟინებული თხოვნით სასულიერო გიმნაზიაში შევიტანეთ საბუთები. გამოცდები ჩააბარა და სექტემბრიდან იქ უნდა წასულიყო.

- მარიამს მოძღვარი ჰყავდა?

- ერთი მოძღვარი გვყავდა, მამა ანდრია. მარი ძალიან მორცხვი იყო. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ყველაფერს მიყვებოდა, მაგრამ, ალბათ, ექნებოდა რაღაც ისეთი, რაზეც ჩემთან არ ილაპარაკებდა. ყველაზე ძალიან იმაზე ვნერვიულობდი, ვინმე არ შეჰყვარებოდა და სწავლაში ხელი არ შეშლოდა. შეყვარებული არ ყოფილა, არა მგონია, გამომპარვოდა... ორი თვეა, რაც ველოსიპედი ვუყიდე. ერთხელ მითხრა, ახალი ბულვარის ბოლოს ვიყავი, იქ სიმშვიდეა, ჩანახატებს ვაკეთებო. იმ დღეს სახლიდან მშვენიერ ხასიათზე გავიდა, თუმცა ბოლო დროს ცოტა გაჯიუტდა, ამას ასაკს ვაბრალებდი. ერთადერთი, რასაც ვუშლიდი, გვიანობამდე კომპიუტერთან ყოფნა იყო.

- ამბობენ, მარიამი მკვლელს იცნობდაო.

- ვერსიის დონეზეა, რომ იცნობდა. ინგლისური იცოდა და შეიძლება გამოელაპარაკა. ამ ბიჭზე ჩანახატებს აკეთებდაო, ჩვენც გვითხრეს. დეტალები არ ვიცი, დღიური პოლიციაშია. ისეთი ტრაგედია მოხდა, გაანალიზებას ვერ ვახერხებ.

- ჩანაწერებს არ გაკითხებდათ?

- არავის აკითხებდა. ვკითხე, რატომ არ მაკითხებ-მეთქი? რად გინდა, წიგნებიდან ციტატები რომ მომეწონება, იმას ვიწერო. გავა 5-6 წელი, ერთად წავიკითხავთ და ბევრს ვიცინებთო... არ ვიცი, შეიძლება რამე წინათგრძნობა ჰქონდა. ბოლო თვეები ადრინდელივით ბევრს აღარ ლაპარაკობდა. თავისი სამეგობრო ჰყავდა, აქტიური ბავშვი იყო. ოლიმპიადა არ ჩატარებულა თბილისში, რომ სიგელით არ დაბრუნებულიყო. რამდენიმე დაქალი ჰყავდა, სულ ერთად იყვნენ. მარიამს თავისი ლამაზი სამყარო ჰქონდა, ბავშვური, ემოციებით სავსე. ბევრი ლამაზი ოცნება აუსრულებელი დარჩა...

ჩვენს საუბარს ნატოს დედა ისმენდა, რომელსაც თვალზე ცრემლი არ შეშრობია.

"ნახეთ, როგორი ჩალაგებული ჰქონდა ყველაფერი, ასე დამიტოვა, მაგას შემოვევლე", - მითხრა თვალცრემლიანმა ნატომ და უჯრიდან სქელყდიანი საქაღალდე ამოიღო, სადაც მარის უამრავი სიგელი და ჯილდო ფაილებში იყო ჩალაგებული. 2012-13 წლის ნიშნების ფურცლისთვის პედაგოგს ასეთი წარწერა გაუკეთებია: "მარიამ, ვამაყობ შენით, წინსვლა და წარმატებები არ მოგკლებოდეს!" სამწუხაროდ, წარმატებული მარიამ კოჩალიძის ლამაზი სიცოცხლე მკვლელმა შეიწირა. 16 წლის გოგონა ყელგამოჭრილი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

"ყველგან ვეძებდით. სიბნელე იყო და ფარნებით დავდიოდით სასოწარკვეთილები. იმ ადგილისკენ რომ წავედით, მამაკაცი შევნიშნე, ძაღლს ასეირნებდა. ის კინოლოგი გოჩა მსხილაძე აღმოჩნდა. წითურ გოგონას ვეძებთ და ხომ არ შეგინიშნავთ-მეთქი. ასეთ გოგონას ერთი კვირაა ვხედავ, ლოდზე ზის და კითხულობს, მაგრამ დღეს არ მინახავსო. ვთხოვე, ის ლოდი ეჩვენებინა. რომ მიმიყვანა, დავიხარე და ბავშვი დავინახე. ხელით შევეხე... მარი იყო და ყვირილი ავტეხე. ვკიოდი, ხელით ვგრძნობდი, რომ უკვე ცივი იყო. თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი სურათი - მარიამი მოკუნტული იწვა და ზურგზე ლოდი ედო. ცალი ხელი ჭრილობაზე ჰქონდა მიდებული და სისხლში ცურავდა. ამის გადმოცემა შეუძლებელია. კისერი სულ დაჩეხილი ჰქონდა, დანით მიყენებულ ჭრილობას არ ჰგავდა. ხელიც დასერილი ჰქონდა, ეტყობა, მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა, მეორე ხელით ბავშვს იქვე ქვიშიანი მიწა სიმწრით მოუფხოჭნია... მთელი სიცოცხლე ეს ჩემი ტკივილი იქნება", - მითხრა თეა ცისკაძემ, რომელიც თბილისიდან მარის მეზობელთან სტუმრად იყო ჩასული.

...მალე გავრცელდა მკვლელის აღწერილობა. ეძებდნენ 40-45 წლის, 180-185 სმ სიმაღლის მამაკაცს, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმით, შავი, წვრილი თვალებით; მკვლელს მომრგვალებული, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი უნდა ჰქონოდა. დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა. ტანთ ეცვა შავი ფერის მაისური და სტაფილოსფერი საწვიმარი, ატარებს შავ სათვალეს, შავ ზურგჩანთასა და ყავისფერ ხელჩანთას. ამ აღწერილობის მამაკაცმა საქართველოს საზღვარი სწორედ მკვლელობის დღეს, 19 საათსა და 22 წუთზე გადაკვეთა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი ამჟამად იძებნება. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დადგინდა, რომ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და ერთი თვე ბათუმში გაატარა.

ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენაში ძალოვანებს კინოლოგი გოჩა მსხილაძე და ტაქსის მძღოლი დაეხმარნენ. გოჩა მსხილაძე იმ ტერიტორიაზე ხშირად ხედავდა უცხოელ მამაკაცს, რომელიც ღამეს ქუჩაში ათევდა.

"როცა ბავშვის ველოსიპედი ვერ ვიპოვეთ, გოჩამ თავში ხელი წაიშინა, ვაიმე, ის უცხოელი საღამოს დავინახე ველოსიპედით, გავეკიდე, საიდან გაქვს ეს ველოსიპედი-მეთქი. დამტვრეული ქართულით მითხრა, ბათუმში ვიქირავეო. ამის მერე თავი დავანებე. ესეც იმიტომ ვკითხე, ველოსიპედით არასოდეს დამინახავს, სულ ფეხით დადიოდა ზურგჩანთამოკიდებულიო... მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ნაბიჯზე კოცონის ნარჩენები, ბოთლები და რაღაც ნივთებიც ეყარა. ეტყობა, საღამოობით იქ ვიღაცები იკრიბებოდნენ... ლოდი რომ ავწიე, მარიამს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. იქვე იდო დღიური, რომელიც პოლიციამ წაიღო. ეტყობოდა, მკვლელობიდან ბევრი დრო იყო გასული. ალბათ, იმიტომ დაადო მკვლელმა ლოდი, რომ ბავშვს თავის გადარჩენა ვერ მოეხერხებინა. მარი ჩემი შვილის კლასელია, ერთად გალობდნენ ტაძარში. როგორც ჩანს, მკვლელმა მოახერხა მისი გაცნობა, მაგრამ ერთად მოსაუბრე არავის უნახავს", - მითხრა ლია მგელაძემ.

რა გახდა 16 წლის მარიამის მკვლელობის მიზეზი? თავდაპირველად, ძარცვას ვარაუდობდნენ, მაგრამ ეს ვერსია გამოირიცხა. უკვე ცნობილია, რომ მკვლელმა მარიამის ველოსიპედი მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ქუჩაში მიაგდო, შავი ტაქსი გააჩერა და სარფის საბაჟომდე იმგზავრა. ნაპოვნია ასევე მარიამის კუთვნილი "აიფონ 4". ახლობლები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მსხვერპლშეწირვას განიხილავენ. თვლიან, რომ მკვლელი სექტანტია და რიტუალი ჩაატარა. მან მარიამის ნათლობის ჯვარი და ბეჭედი წაიღო.

"მოვითხოვთ, არც ერთი ირანელი არ შემოვიდეს საქართველოში... მარიამი წმინდა ქრისტიანი იყო. ვფიქრობთ, მკვლელმა შეიწირა მსხვერპლად. იმ ტერიტორიაზე ბომჟები იკრიბებიან, მარიამს ეცოდებოდა და საჭმელი მიჰქონდა. შეიძლება მკვლელისთვისაც მიუტანია. ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვფიქრობთ, ბოთლის ნატეხით აქვს ბავშვს ყელი გამოჭრილი. პირდაპირ არტერია გადაუჭრა. სხვა ძალადობის კვალი სხეულზე არ ეტყობოდა, არც გაუპატიურებული იყო. ქათამივით გამოსჭრა ყელი და რომ არ ეფართხალა, ლოდი დაადო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტკივილს განიცდიდა ბავშვი, სიმწრისგან მიწა ხელით მოუფხოჭნია. ასეთი ადამიანი ცოცხლად უნდა დაწვა. სასწრაფოდ დააკავონ და  უმკაცრესად დასაჯონ, თუმცა რა ნუგეშია ჩვენთვის... მარი ჩანახატებს წერდა, პატარა ბლიც-ინტერვიუებს აკეთებდა, მათ შორის ბომჟებთანაც. პოლიციაში გვითხრეს, იმ მკვლელსაც იცნობდაო, ეტყობა, გამოელაპარაკა. ამბობენ, მარიამის ბლოკნოტში ირანელი მკვლელი ტურისტის ცხოვრებაა აღწერილიო. რად უნდოდა მარიამის ჯვარი? ესეც მიანიშნებს, რომ სექტანტია", - მითხრა მარიამის ბიცოლამ.

მარიამს უამრავი ცრემლი გაჰყვა, ყვავილების ზღვა იდგა. დღის 3 საათზე ტაძარში მწუხრის ზარები ჩამოჰკრეს და მარიამის ცხედარი გამოასვენეს. მისმა მოძღვარმა პანაშვიდი გადაუხადა. თვალცრემლიანმა ადამიანებმა იგი სასაფლაომდე მიაცილეს. მარიამი მამის, თემურ კოჩალიძის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის შემდეგ ფოტოების გადასაღებად მკვლელობის ადგილზე მივედი, იქ მარიამის ახლობლები სანთლებს ანთებდნენ.

იქნებ მარიამის დღიურმა გასცეს ბევრ კითხვას პასუხი. იმედია, ჩვენი სამართალდამცავები მოახერხებენ დამნაშავის ჯეროვნად დასჯას. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ირანშიც აქვს დანაშაული ჩადენილი. ჩვენ გულით ვუსამძიმრებთ დაღუპული გოგონას ოჯახს.

თეა ხურცილავა