რატომ შეუმსუბუქეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი - კვირის პალიტრა

რატომ შეუმსუბუქეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი

"თორმეტი მსაჯულიდან თორმეტივე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია"

"ეს ადამიანი საათ-ნახევარი შეიარაღებული უცდიდა მსხვერპლს და როგორ შეიძლება ეს უეცარ აღელვებად ჩათვალო?"

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ სასამართლოში ყველა კატეგორიის საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ და ეს სავალდებულო ყოფილიყო. ამ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ეს იყო ერთადერთი ვეტო, რომელიც პარლამენტმა არ დაძლია. ამდენად, არსებული კანონმდებლობით, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ბრალდებულის მოთხოვნით განიხილავენ მის საქმეს (განვმარტავთ: თუ პირი ბრალდებულია განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ან ჩადენილი აქვს სამოხელეო დანაშაული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს, რომ მისი ბრალდების საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა).

ნაფიცმა მსაჯულებმა ამ საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ვაჟა ახალკაციშვილი განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სრულად გაამართლეს. მათ მიიჩნიეს, რომ მკვლელობა ბრალდებულმა ძლიერი სულიერი აღელვებისას ჩაიდინა.

"ბრალდებულს წლების განმავლობაში ქონებრივი დავა ჰქონდა მეზობელთან, ელგუჯა ნიკოლიძესა და მის დასთან, ციალა ნიკოლიძესთან. 2005 წელს ვაჟა ახალკაციშვილმა შეიტყო, რომ მისი მეზობელი ელგუჯა სახლს ყიდდა, 11.000 დოლარი გადაიხადა, მაგრამ  ნაყიდ ბინას ვერ იფორმებდა, რადგან ელგუჯას გარდაცვლილი მამის სახელზე იყო გაფორმებული. დოკუმენტებში კი ტექნიკური უზუსტობა აღმოჩნდა, გვარი შეცდომით ეწერა - არა ნიკოლიძე, არამედ ნიკოლაძე. ელგუჯა აგრძელებდა გაყიდულ ბინაში დროებით ცხოვრებას. საბოლოოდ ეს ხარვეზი შეასწორებინა, მაგრამ ამ პერიოდში მოულოდნელად ბინის ფასები კატასტროფულად გაიზარდა, ნიკოლიძეებმა ხრიკს მიმართეს. მართალია, ელგუჯას მამა 1983 წელს გარდაიცვალა, მაგრამ სახლი არ გადაუფორმებიათ. მოულოდნელად, 25 წლის შემდეგ, როცა ბინა ფაქტობრივად უკვე გაყიდული იყო, დებმა ძმასთან მემკვიდრეობაზე დავა დაიწყეს და თავიანთი წილი მოითხოვეს. როცა ვაჟა ახალკაციშვილი ბინის გადასაფორმებლად ნოტარიუსში მივიდა, მაშინ აღმოაჩინა, რომ ბინა დაყადაღებული იყო ამ დავის გამო. სარჩელი სასამართლოში შევიდა, პროცესიც დაინიშნა, მაგრამ ელგუჯა ნიკოლიძემ საქმის განხილვაზე ერთი საათით სპეციალურად დააგვიანა, ამის გამო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისმა დებმა მემკვიდრეობა მიიღეს.  აშკარა იყო, და-ძმა თაღლითურად მოქმედებდა. ვაჟა ახალკაციშვილი ბინასაც კარგავდა და ფულსაც. ნერვიულობის გამო 4-ჯერ მიიღო ინფარქტი, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ბოლოს მეზობელს თაღლითობისთვის უჩივლა და სამართალდამცავებმა ელგუჯა ნიკოლიძე დააკავეს, ახალკაციშვილი კი დაზარალებულად ცნეს", - აცხადებს ბრალდებულ ახალკაციშვილის ადვოკატი გიორგი ონიანი.

ელგუჯა ნიკოლიძე ცოტა ხანი იჯდა ციხეში. 2012 წლის 25 დეკემბერს ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა 2.000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ელგუჯა მანქანით შინ დაბრუნდა, მას სხვა პირებთან ერთად თავისი და, ციალა ნიკოლიძეც ახლდა. სახლთან ვაჟა ახალკაციშვილი დახვდა, მოულოდნელად მან ნაგანით რამდენჯერმე ესროლა ჯერ ელგუჯას, მაგრამ მან ჭიშკარში შევარდნა მოასწრო, ხოლო შემდეგ ციალა ნიკოლიძეს გულმკერდის არეში ორი ტყვია დაახალა. ციალა ნიკოლიძე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ვაჟა ახალკაციშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ნიკოლიძე ისე გამოუშვეს, რომ ზარალიც არ აანაზღაურა... ის კაცი, რომელიც 8 წელი აწამებდა, არც ფულს აძლევდა და არც ბინას, ნახა, რომ შინ დაბრუნდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა. გადაწყვიტა, შეეშინებინა ნიკოლიძე. ამ გასროლის შემდეგ ელგუჯას და დაინახა, ვაჟა ახალკაციშვილი დარწმუნებული იყო, რომ ამ თაღლითობის ორგანიზატორი ციალა ნიკოლიძე იყო და მისმა იქ დანახვამ ისე გააღიზიანა, თავი ვეღარ შეიკავა და ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ პოლიციას ჩაჰბარდა", - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ონიანი.

ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით რვა სასამართლო სხდომა ჩატარდა. ბრალდებული ნაწილობრივ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - ფაქტობრივად, აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ არ ეთანხმებოდა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

"ვაჟას სახლს ვერ ვუფორმებდი, რადგან ჩემი დები წინააღმდეგი იყვნენ. ამიტომ თავიანთი წილი მოითხოვეს. მე ის არ მომიტყუებია, ყველანაირად ვცდილობდი მისთვის სახლის გაფორმებას, მაგრამ ვერ ვუფორმებდი. არაერთხელ შევთავაზე, დაგიბრუნებ შენს 11.000 დოლარს-მეთქი, მაგრამ უარი თქვა. დაჟინებით ითხოვდა სახლს. ციხიდან შინ რომ მივედი, მანქანიდან გადმოსულმა პირჯვარი გადავიწერე. ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ დავბრუნდი. ამ დროს ჩემი და ციალა და ჩემი დისშვილები და სიძეც მოვიდნენ. უცებ ვიღაცამ ჩემი ბავშვობის დროინდელი სახელი დამიძახა "კიკა", მივტრიალდი  და ჩემგან 6-7 მეტრის მოშორებით ვაჟა ახალკაციშვილი დავინახე. იარაღი მოშვერილი ჰქონდა და მაშინვე მესროლა. ინსტინქტურად ეზოში შევვარდი, მაგრამ წავიქეცი. სახლიდან სტუმრები გამოცვივდნენ, წაქცეული სახლში შემათრიეს, ამ დროს ისევ გავიგონე რამდენიმე გასროლის ხმა... მერე ჩემმა ბიძაშვილმა სახლის კიბეებთან დაცემული ჩემი და შემოათრია, უგონოდ იყო, სახიდან და პირიდან სისხლი სდიოდა... მან ჩემი და მოკლა", - ამბობდა  დაზარალებული ელგუჯა ნიკოლიძე. მოწმეებიც ადასტურებდნენ, რომ მოკლულს ბრალდებულმა ახლო მანძილიდან ესროლა.

სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით, ვაჟა ახალკაციშვილს თავისუფლება აღუკვეთა ორი წლისა და ექვსი თვის ვადით (მოუხსნა განზრახ მკვლელობის მუხლი).

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ონიანი კმაყოფილია ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით: - პროკურატურამ სასამართლო პროცესზე შოუ გამართა, შეეცადა, შეფუთულად მიეწოდებინა ინფორმაცია ნაფიცი მსაჯულებისთვის, მაგრამ მსაჯულებმა ეს ყველაფერი გაშიფრეს. აშკარა იყო ისიც, რომ მოწმეებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ, წინა დღეებში იბარებდნენ პროკურატურაში. პროცესზე თავის ქნევით, კარნახით, მიმანიშნებელი კითხვებით ცდილობდნენ პასუხების მიღებას. შეგვეძლო ეს პროცესი შეგვეჩერებინა, მაგრამ შეგნებულად არ გავაკეთეთ, გვინდოდა ნაფიც მსაჯულებს თავიანთი თვალით ენახათ, როგორ მოქმედებდა პროკურატურა და დასკვნა თავად გაეკეთებინათ.

- ამ შედეგს ელოდით?

- ბოლოს ეჭვი აღარ მეპარებოდა, რადგან ვხედავდი, პროკურორის დასკვნით სიტყვას აღარ უსმენდნენ მსაჯულები. თორმეტი მსაჯულიდან თორმეტივე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ელგუჯა ნიკოლიძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ Hჰქონია. რაც შეეხება ციალა ნიკოლიძის განზრახ მკვლელობას, აქ 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ იყო და ამიტომ აქაც გამამართლებელი ვერდიქტი დადგა. მართალია, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული სრულად გამართლდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის, ის პატიმრობაში რჩება. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და არა დამამძიმებელ გარემოებებში. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მსაჯულების ვერდიქტიდან გამომდინარე, განაჩენი მოსამართლემ გამოიტანა და მიმაჩნია, რომ მკაცრია, მას 2 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ის ძალიან მძიმე ავადმყოფია, შვიდი სტენტი აქვს ჩადგმული. შესაძლოა, ამ ნაწილში ეს განაჩენი სააპელაციო წესით გავასაჩივროთ.

პროკურატურა განაჩენს ვერ გაასაჩივრებს, რადგან კანონი კრძალავს ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის გასაჩივრებას.

ნინო აღლემაშვილი, პროკურორი: - ეს ადამიანი საათ-ნახევარი შეიარაღებული უცდიდა ელგუჯა ნიკოლიძეს და როგორ შეიძლება ეს უეცარ აღელვებად ჩათვალო? ნაფიცმა მსაჯულებმა უარგუმენტოდ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ თქვენ ვერ შეძელით მსაჯულების დარწმუნება.

- მოწმეების ჩვენებებს თავი რომ დავანებოთ, თავად ბრალდებულის ჩვენებაც ადასტურებდა, რომ მან განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, ორივე მსხვერპლს ორ-ორჯერ ესროლა. ცრუობდა ბრალდებული, როცა ამბობდა, აღარ მახსოვს, როგორ ჩავიდინე ქალის განზრახ მკვლელობა, რაც შეეხება ელგუჯას, პირდაპირ ვესროლე, მაგრამ დაინვალიდების მიზნითო. როცა ადამიანს ჩაუსაფრდები იარაღით და პირდაპირ ესვრი, ეს არის განზრახ მკვლელობა. რა არის აქ სადავო? ყველაფერი ხომ ცხადია.

- მაშინ რატომ ვერ შეძელით ამაში ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება?

- ჩვენი ყველა ბრალი მტკიცებულებებით იყო გამყარებული. ახსნას ვერ ვპოულობ, როგორ შეიძლებოდა გაემართლებინათ ორი კაცის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული. ჩემი აზრით, ერთადერთი საფუძველი, რის გამოც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ის ძალიან მძიმე ავადმყოფია. რეალურად ამ ადამიანს ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩა. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას. ისინი იურისტები რომ ყოფილიყვნენ, ვფიქრობ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებდნენ სამართლიან გადაწყვეტილებას.

მოკლული  ციალა ნიკოლიძის შვილი ამბობს, დედა მომიკლა, ახლა ეს კაცი მე რომ მოვკლა და შური ვიძიო, ვიქნები მართალიო? რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ, ამაზე პასუხი არა მაქვს. ფაქტია, რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

P. S. ჩვენი ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მალე დაიწყება კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვა. სოსო პავლიაშვილის სიძეს, ვახტანგ ჩხაპელიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებს ავთო ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში ამხელენ.

თეა ხურცილავა