პროექტი სახელად "მართალი ბაჩანა"?! - კვირის პალიტრა

პროექტი სახელად "მართალი ბაჩანა"?!

მწამებელი თუ წამებული?!

ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია

თუ რაიმე მომწონს ამერიკელების, პირველ რიგში ის, რომ იქ მოსამართლეს უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს და მხოლოდ პირდაპირ მოვალეობას კი არ ასრულებს, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მორალისა და ზნეობის დამცველია. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები კანონებთან ერთად, ამ ღირებულებებსაც ემყარება. ამერიკელები სიამაყით აცხადებენ, რომ მათი მამა, ბაბუა ან წინაპარი მოსამართლე იყო.

საინტერესოა, რას ეუბნებიან მოსამართლე გიორგი დარახველიძეს ახლობლები, რომელმაც გაამართლა ბაჩო ახალაია. ნუთუ ეუბნებიან, ყოჩაღ, რა სამართლიანი ხარო?

ნაპოლეონმა ერთ მოვლენაზე თქვა - ეს დანაშაული არ არის, უფრო მეტია - ეს შეცდომააო. ამ ფრთიან ფრაზაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც სახის შენარჩუნებას ცდილობენ და აცხადებენ - ბაჩო ახალაიას ორ ეპიზოდში გამართლება ადასტურებს, რომ სასამართლო პროკურორებისგან თავისუფალიაო.

კი მაგრამ, პროკურორების გავლენისგან სასამართლოს გათავისუფლება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ზოგადად, სასამართლო თავისუფალია და მოსამართლე დაკვეთილ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს? ამაზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლებოდა, თუ სასამართლო რეფორმა მართლაც განხორციელდებოდა და მანტიას ამოფარებული "მონებისა" და "კოლექტიური დარახველიძეებისგან" გაიწმინდებოდა სისტემა. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მართლაც დანაშაულზე მეტია - ვერ იმუშავა ჯეროვნად "საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე" და კუბლაშვილს მისცა საშუალება, ვითომ დემოკრატიული არჩევნების საფარქვეშ, გაემყარებინა თავისი (იგულისხმე "ნაციონალური მოძრაობა") გავლენა სასამართლოზე. ამ ფონზე ზოგიერთს თურმე უკვირს - ვაიმე, როგორ გაამართლა სასამართლომ ბაჩო ახალაიაო.

როდესაც კუბლაშვილმა პირველი რაუნდი მოიგო, დაიწყო მეორე, მთავარი რაუნდი - სწორედ ამიტომ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "ნაციონალებისთვის" სასამართლოზე კონტროლის შენარჩუნება.

კუბლაშვილის სასამართლომ დაიწყო "ლიფსიტების" გამართლებით. "პირველი მერცხალი" იყო ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის საქმე. მას ბრალად ედებოდა თავის თანამშრომლებთან ერთად სკამის ფეხით ადამიანის გაუპატიურება. საქმეს თან ერთვოდა დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები. ახალციხის მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა კი, აიღო და ხვედელიანი უდანაშაულოდ ცნო. თავად იუსტიციის საბჭოს წევრები ადასტურებენ, რომ ეს მოსამართლე ჯეირანაშვილის კარიერის მანძილზე პირველი გამამართლებელი განაჩენია.

როგორც იტყვიან, საკვირველია, მაგრამ ფაქტია.

რაც შეეხება ახალაიას საქმეს, ამაზეა ნათქვამი, ეშმაკი დეტალებში იმალებაო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კუბლაშვილის სასამართლო პროექტ "მართალი ბაჩოსთვის" გულდასმით მოემზადა და ძალები გადააჯგუფა... მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაია გაამართლა ჯარისკაცების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეებზე. დარახველიძე საპარლამენტო არჩევნების წინ სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე იყო და "ქართული ოცნების" აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის აპატიმრებდა. სამეგრელო რომ ახალაიების საკურატორო რეგიონი იყო, ამას თვითონაც არ უარყოფენ. არჩევნების შემდეგ დარახველიძე  რამდენიმე  თვით საჩხერის სასამართლოში გადაიყვანეს.

საქმეს, რომელიც ახალაიას შს მინისტრობის ეპიზოდს ეხება, მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს, რომელიც თბილისში გადმოსვლამდე გორის სასამართლოში მუშაობდა. წინასაარჩევნოდ გორის სასამართლო როგორ გადაწყვეტილებებს იღებდა ოპოზიციონერების მიმართ, ალბათ, თავადაც ხვდებით. თუმცა მგელიაშვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა "პოპულარული", რაც ორ ქალს 14 ლარის ღირებულების ჯართის მითვისებისთვის 4-4-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც, რამე თუ არ შეიცვალა, სექტემბერში ციხის ბუნტის საქმის განხილვას დაიწყებს, თბილისში გადმოსვლამდე რუსთავის სასამართლოში მუშაობდა. ეს სასამართლო იყო ერთ-ერთი, რომელიც 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ კონვეიერულ რეჟიმში მუშაობდა და რამდენიმეწლიან სასჯელებს კანფეტებივით არიგებდა.

თუმცა, ყურადღებით, მთავარი! - სამივე მოსამართლე, რომლებიც ახალაიას საქმეებს განიხილავენ, ანუ დარახველიძე საჩხერიდან, მგელიაშვილი გორიდან და ჩხიკვაძე რუსთავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მივლინებული არიან ერთ დღეს: 2013 წლის 6 თებერვალს! მეგობრებმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტები მოგვაწოდეს. ზემოხსენებული სამეული უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებად მოგვიანებით დაინიშნენ. შეგახსენებთ, რომ ახალაიას პირველი პროცესი 2013 წლის მარტში დაიწყო.

ამოცანა გვეკითხება - არის თუ არა ეს შემთხვევითი და რატომ გადააბარეს ბაჩო ახალაიას საქმე რაიონებიდან ჩამოყვანილ მოსამართლეებს? მგონი პასუხი ყველამ ვიცით.

შეგვიძლია მომავალშიც გავიხედოთ და პროგნოზი გავაკეთოთ. თქვენს მონა-მორჩილს რატომღაც ჰგონია, ბაჩო ახალაიას დარჩენილ ორ ეპიზოდშიც მოუხსნიან ბრალს და დიდი ოვაციებით, როგორც უსამართლოდ დაჩაგრულ გმირს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ. შემდეგ ალბათ, მერაბიშვილის ჯერიც დადგება - სულაც არ არის გამორიცხული კუბლაშვილის სასამართლოსგან, რომ მაგალითად, 26 მაისის დარბევა "ჰუმანურ აქტად" მონათლოს და ყოფილი პრემიერის კავშირი გირგვლიანის საქმესთან უარყოს.

კუბლაშვილის სასამართლოს რომ მანევრირება შეეზღუდოს, ამის ერთ-ერთი საშუალებაა, პროკურატურას თითოეულ საქმეზე ჰქონდეს მყარი მტკიცებულებები, რომელსაც წყალი არ გაუვა. ეს იმას ჰგავს, როდესაც საფეხბურთო მატჩისას მსაჯი მოწინააღმდეგეს ჰყავს მოსყიდული და შენ არ უნდა მისცე არბიტრს საბაბი, რომ ან პენალტი მოგიგონოს, ან გოლი არ ჩაგითვალოს.

თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალაიას საქმეზე პროკურორებს უჭირდათ ბრალდების არგუმენტების დაცვა და არაპროფესიულად მოქმედებდნენ. კბილაშვილის ადგილზე დავინტერესდებოდი, საბოტაჟთან ხომ არ აქვს საქმე, თუ მართლა უცოდინარი პროკურორების არმია გვყავს... წინააღმდეგ შემთხვევაში, თანდათან უფრო პოპულარული გახდება ვერსია, რომ ახალ ხელისუფლებასა და ახალაიებს შორის გარკვეული გარიგება მოხდა (თუ მართლაც ასეა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე) და "მართალი ბაჩო" სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

უფრო სერიოზულ საფრთხეზეც შეგვიძლია ვისაუბროთ - სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის დატერორებული, გაუპატიურებული თუ ნაწამები ადამიანის მოლოდინი, რომ ჯალათი ციხეში წავა. თუ ამ მოლოდინმა ჩაილურის წყალი დალია,

შესაძლოა, რომელიმე გამწარებულმა ადამიანმა აიღოს თავზე ხელი და თავის გამამწარებელზე ნადირობა დაიწყოს. ერთი ასეთი პრეცედენტი უზარმაზარი ტალღის აგორებას გამოიწვევს. მერე კი გვიან იქნება...