"ახალაიას საქმე იყო ყველაზე კარგად მომზადებული საქმე პროკურატურის მხრიდან"
05-08-2013
"ახალაიას საქმე იყო ყველაზე კარგად   მომზადებული საქმე პროკურატურის მხრიდან"
"პროკურატურაში, როგორც ხინკლის ქვაბში, ბევრი საქმე იხარშება და რომელი წამოვა ზემოთ, მეც არ ვიცი"

"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"

"ორხელისუფლებიანობისა და დანაღმული მედიასივრცის პირობებში ძნელია პროკურატურის გამართვა"

"მე და ლაშას გვაქვს ისეთი თვისებები, რომლებითაც ერთმანეთს ვავსებთ"

"ახალ მანქანაში ორხელისუფლებიანობის დასრულების შემდეგ გადავსხდებით"

"ფაქტია, რომ სასამართლო ძველი შემადგენლობისაა"


"ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალადობა პროკურატურის ხელით ხორციელდებოდა. ჩვენ ასეთი მემკვიდრეობა დაგვხვდა და პროკურატურა უცებ ვერ გარდაიქმნებოდა. ინვალიდის სავარძლიდან ამდგარს სპრინტერობას ვერ მოსთხოვ, ჯერ
სიარული უნდა ასწავლო. მთავარია, პროკურატურას გამოჯანსაღებისკენ აქვს ტენდენცია", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მას შემდგომ ჩავწერეთ, რაც ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმე გახსნილად გამოცხადდა:


- რადგან ლევან კორტავას მკვლელობის საქმის გახსნა სამ ეპიზოდში ბაჩანა ახალაიასთვის ბრალდების მოხსნას
მოჰყვა, გაჩნდა მოსაზრება, პროკურატურა ამით ეცადა, გადაეფარა ახალაიას სასამართლო პროცესზე განცდილი მარცხი.

- ლევან კორტავა მსჯავრდადებული იყო, როდესაც დაიღუპა და დასადგენი იყო მისი გარდაცვალების გარემოებები. კორტავა რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში განთავსებისას ლევან კორტავა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი შანშაშვილი წაკამათდნენ. შანშაშვილმა საქმის გასარჩევად საქმეში ჩართო სხვა მსჯავრდადებული და კორტავასა და ამ მსჯავრდადებულს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. დამხვედრ მსჯავრდადებულს მხარი დაუჭირეს კიდევ სხვა მსჯავრდადებულებმა. კორტავას ცემაში 6 კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ეს არ დამთავრებულა მძიმე შედეგით. ლევან კორტავას არც გონი დაუკარგავს და როგორც საქმეშია აღწერილი, ცხვირიდან წასკდა სისხლი. ამის შემდგომ ის სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც მის ცემაში მონაწილე პატიმრებმა და კიდევ სხვებმაც მიაკითხეს და ახლა გაცილებით მეტი პატიმარი გაუსწორდა. სცემდნენ ყველა საშუალებით, ხელებით, ფეხებით, ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალების გამოყენებით. კორტავამ გონი დაკარგა და 11 დღის შემდეგ გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი შანშაშვილი 2 აგვისტოს დააკავეს. ის პასუხისგებაში მხოლოდ იმის გამო არ მიუციათ, რომ კორტავასთან საქმის გარჩევა სხვა მსჯავრდადებულს დაავალა, არამედ იმის გამოც, რომ მას ევალებოდა კონფლიქტის აღკვეთა პატიმრებს შორის, ეს არ გააკეთა და პირიქით, წააქეზა ისინი.

საკმაოდ მძიმე მუხლი აქვს წაყენებული (რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) 7 მსჯავრდადებულს, რომლებიც კორტავას ცემაში მონაწილეობდნენ. ასევე სამსახურებრივი გულგრილობის გამო პასუხისგებაში მიეცა გეგუთის კოლონიის კიდევ 2 თანამშრომელი. ესაა კორტავას საქმის შინაარსი. რაც შეეხება ამ საქმის გახსნის ვადას, ცოტა ხნის წინ გადაცემა "რეზიუმეში" ვთქვი, რომ კორტავას საქმე თვის ბოლოს უნდა გახსნილიყო, მაგრამ რადგან ერთი კვირით ვიყავი აშშ-ში, ამიტომ გადაიწია ამის გამოცხადებამ. კორტავას მკვლელობის გახსნა არანაირ კავშირში არ არის ახალაიას სასამართლო პროცესთან.

- ჩემთან საუბარში ბრძანეთ, "მაკდონალდსის" კონვეიერივით ვერ გაიხსნება საქმეებიო, მაგრამ საზოგადოება ელოდება გახმაურებული საქმეების გახსნას. რომელი თაროზე შემოდებული რეზონანსული საქმე გაიხსნა თქვენი მთავარი პროკურორობის პერიოდში? ან რის გამო ჭიანურდება ეს პროცესი?
- რატომ ჭიანურდება? გირგვლიანის საქმეში მეხუთე მონაწილე დავასახელეთ და პასუხისგებაში მივეცით ვანო მერაბიშვილი. გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიების არასწორად წარმართვაში. ასევე პასუხისგებაში მიეცნენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი ჩხიტუნიძე. კიდევ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მთავარია, ამ დანაშაულის არსი გავხსენით. არ ვიტყვი, რომ გირგვლიანის საქმე სრულად გახსნილია, მაგრამ ამ საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესი არის. პროგრესია 26 მაისის საქმეშიც, რომელიც ასევე გახმაურებული თემა იყო და ამ საქმეშიც წარედგინა ბრალი ვანო მერაბიშვილს. ბუტა რობაქიძის საქმეზე პასუხისგებაში მივეცით ყველა ის პოლიციელი, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდა და საქმე სასამართლოშია. ეს არ არის შედეგი?

- დიდი მოლოდინია ჟვანიას საქმეზეც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაიხსნა.
- ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა, მაგრამ რაღაც დეტალებს გამოძიება სჭირდება. ამ საქმეს ძალიან კარგი გამომძიებელი ჰყავს, რომელიც აგროვებს ყველა დეტალს და ძალიან საინტერესო კონსტრუქციას ადგენს. კიდევ რაღაც ღონისძიებებია დაგეგმილი. მესმის, რომ საზოგადოებას მალე უნდა ამ საქმის გახსნა, მაგრამ ეს იმაზე სწრაფად ვერ იქნება, ვიდრე ამ საქმის გამოძიებას სჭირდება. მიჭირს თქმა, როდის დამთავრდება ჟვანიას საქმის გამოძიება, რომელიც 9 თვის წინ ნულიდან დაიწყო. შემიძლია ცალსახად ვთქვა, - ამ საქმეში არის პროგრესი და შედეგიც გვექნება.

ვაზაგაშვილის საქმეშიც არის პროგრესი და აქაც იქნება შედეგი. ეს დაწვრილებით გამოსაძიებელი საქმეა, რადგან სამართალდამცავებსაც შეეხება. გამოძიება ცდილობს ყველაფერი ზუსტად დაალაგოს.

- გავრცელებული ინფორმაციით, შტატებში ყოფნისას ჟვანიას საქმეზე იყო საუბარი.
- არც ერთი კონკრეტული საქმე არ ყოფილა განხილვის საგანი. შტატებში 25-მდე შეხვედრა მქონდა კონგრესმენებთან, სენატორებთან, "ფრიდომ ჰაუსისა" და სხვა ფონდების წარმომადგენლობასთან. შეხვედრები მქონდა იუსტიციის დეპარტამენტში, რომლის ნაწილია პროკურატურა. ამ შეხვედრების მიზანი იყო საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების შესახებ აზრთა გაცვლა. იუსტიციის დეპარტამენტმა ისედაც იცოდა, რა ვითარებაა აქ, რადგან აშშ-ის საელჩოში ჰყავთ წარმომადგენლები და ონლაინრეჟიმში ადევნებენ თვალყურს ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. პოლიტიკოსებს კი ავუხსენით, რა ვითარება იყო ჩვენამდე და სად ვართ ახლა.

- როდესაც მთავარ პროკურორად დაინიშნეთ, აღნიშნეთ, სულით ადვოკატი ვარო. ამ პოსტზე ყოფნის 9 თვის თავზე რას იტყვით, რთული აღმოჩნდა ადვოკატისთვის პროკურორობა?

- ბედუკაძის საქმის გამო როდესაც მაკრიტიკებდნენ, ითქვა, რომ ადვოკატის პოზიციიდან მივუდექი ამ საკითხს. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ამ პოსტზე შემარჩია, ალბათ, იფიქრა, რომ იმ ნიშნულში მყოფ პროკურატურას ისეთი ხელმძღვანელი სჭირდებოდა, რომელიც ადვოკატის თვალით დაინახავდა ამ სისტემას, რათა მეტი ფილტრები ყოფილიყო დაყენებული. მე ასე ვკითხულობ პრემიერის ჩანაფიქრს და
კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ დღემდე ადვოკატის თვისებებს ვინარჩუნებ.

- პროკურატურას ხშირად აკრიტიკებენ თქვენივე თანაგუნდელები, - პროკურორები უფრო მომზადებულები უნდა გამოდიოდნენ სასამართლოზეო.
- კრიტიკა ნორმალურია და მისთვის მზად უნდა იყო. ადამიანმა უნდა შეძლოს ყველა არასასურველ კითხვაზე რეაგირება. პროკურატურის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ პროკურატურის ამჟამინდელი მდგომარეობა კანონზომიერია. მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და როცა ეს ნელა მიმდინარეობს, ემოციას წარმოშობს. ზოგ შემთხვევაში კი სასამართლოს გადაწყვეტილებაა ისეთი, რაც მათ მოლოდინს არ შეესაბამება და ესეც ემოციას იწვევს. პროკურატურასთან ასევე აქვთ პრეტენზია, რატომ მუშაობენ ძველი პროკურორებიო. ყველა პრეტენზია სწორია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1-ელ ოქტომბრამდე სამართლის ნიშანწყალი არ იყო და ტოტალური ძალადობა სუფევდა, ყველაზე დიდი ძალადობა პროკურატურის ხელით ხდებოდა. რადგან ასეთი ნიშნულიდან დავიწყეთ განვითარება, სწორედ ამიტომ ვართ ასეთ ვითარებაში. ადამიანს, როცა წითელა აქვს, მის გამოჯანმრთელებას 21 დღე სჭირდება. ავადმყოფობის მეათე დღეს გამონაყარი ექნება და ლამაზი ვერ იქნება. არ ვამბობთ, რომ მოგვწონს გამონაყარი, მაგრამ ავადმყოფობის მეათე დღეს ეს კანონზომიერია. უცებ ვერ მოვრჩებით.

დღეს პროკურატურა გაცილებით ლიბერალურია. უფრო ნაკლები გირაოს თანხას ვითხოვთ, უფრო ნაკლები საპროცესო შეთანხმება ფორმდება, სასჯელებმაც დაიწია. ბრალდებულს არ განვიხილავთ როგორც ფულის წყაროს. ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ, რომ "თეთრი საყელოს", ანუ ინტელექტუალურ, კორუფციულ და არაძალადობრივ დანაშაულზე ხალხი არ უნდა დავიჭიროთ. ვიცი, სისტემის გაჯანსაღებამდე შეცდომებიც გვექნება და გაგვაკრიტიკებენ კიდეც. როდესაც ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა და მედიასივრცეც დანაღმული და გაუწმენდავია, ამაზე მეტი ნაბიჯების გადადგმა სისტემის გაჯანსაღებისთვის შესაძლოა მავნეც იყოს და ორგანიზმის გადარჩენა ვერ მოხერხდეს. მოგეხსენებათ, პრემიერის ადვოკატი ვიყავი არჩევნებამდე, როდესაც მას ბევრი უკეთური რამ მოუწყვეს. ამ ყველაფერს მან მოთმინებით უპასუხა. ერთხელ არ უთქვამს, ქუჩაში გავიდეთო და ამან მოიტანა შედეგი. ახლა, როცა ხელისუფლების ბერკეტები გვაქვს ხელში, დიდია ცდუნება, მოდი, სწრაფად მოვიშოროთ ეს პრობლემებიო, მაგრამ სწრაფად დანაშაული ხდება, მართლმსაჯულება კი სწრაფად ვერ განხორციელდება.

2003-2004 წლებში, როდესაც იმავე განწყობით მოვიდა ხელისუფლება და გაყარა პროკურორები და მოსამართლეები, საზოგადოების ნაწილის კმაყოფილებაც დაიმსახურა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ყველა ვაღიარებთ, რომ ეს უკანონობაა. AGროდესაც გამოვიდა განაჩენი ახალაიას საქმეზე, ემოციურად მეც ვფიქრობ, რომ ასეთი განაჩენი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ემოციის გამო ყველა მოსამართლე გავყაროთ?

- ახალაიას გამართლება სამ ეპიზოდში იმით ახსნეს, რომ ძალიან სუსტი იყო პროკურატურა.
- ეს იყო ყველაზე კარგად მომზადებული საქმე, სადაც იყო ათეულობით მოწმის ჩვენება. პროკურორების მომზადება იყო ძალიან მაღალი, როგორც ინტელექტუალური დონით, ისე საქმის ცოდნით, მაგრამ მაინც დადგა არაადეკვატური შედეგი.

- მოსამართლემ სააკაშვილის გუნდის დირექტივა შეასრულა?
- პოლიტიკურ შეფასებებს თავს ავარიდებ. ბრალდება იყო დასაბუთებული და სამართლიანი. ეს შემთხვევა ნამდვილად არ იყო პროკურატურის სისუსტის გამოვლინება. 2 კვირაში ვნახავ განაჩენის დასაბუთებას და აქედან გამომდინარე ვიტყვი, ის სამართლიანი იყო თუ უსამართლო. რადგან პროკურატურა მომზადებული იყო და მაინც ეს შედეგი დადგა, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ სასამართლო საბოტაჟს აწყობს. როდესაც სახელმწიფო იარაღი გაქვს ხელში, სწორედ მაშინ ჩნდება ცდუნება, მოდი, გავრეკოთ ეს მოსამართლეებიო, მაგრამ რადგან დემოკრატიის გზით სიარული ავირჩიეთ, ამ ცდუნებას უნდა მოვერიოთ.

სასამართლოს განაჩენი ჩემთვის მოსაწონი არ არის, მაგრამ დღევანდელი ვითარების კანონზომიერია.
353 პროკურორიდან 49 შევცვალეთ. შევცვალეთ ხელმძღვანელები. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ქვემოთაც ჩამოვიდეთ, რადგან მათ სწორედ ქვემდგომი პროკურორები ახსოვთ.

- მოქალაქეები ჩივიან, ისევ იმ პროკურორებთან გვიწევს ურთიერთობა, ვინც თავის დროზე უსამართლოდ მოგვექცაო.

- ესეც სიმართლეა. სწორია მოქალაქე, ვინც დაიჩაგრა, ვისაც წაართვეს საკუთრება ან ვისაც უკანონო განაჩენი გამოუტანეს.
ჩამორთმეულ ქონებას შერჩევით ვერ დავაბრუნებთ.

ექსპერტთა მოსაზრებით, ეს ქონება შეიძლება 3-4 მილიარდს შეადგენდეს. ეს საქმე რომ მხოლოდ სამართლებრივი იყოს, იოლია მისი გადაწყვეტა. ასზე მეტი საქმე გვაქვს გამზადებული საკუთრების ჩამორთმევაზე. ძალიან იოლია დასკვნის დაწერა, მაგრამ ეს საკუთრების ყოფილი პატრონი ამ დასკვნით სახელმწიფოსთან მივა, რომ წართმეული ფული უკან დაიბრუნოს. მითხრეს, რომ ჩვენ მიერ გამზადებული საქმეებით 30 მილიონზე მეტი უნდა დააბრუნოს სახელმწიფომ. საიდან მოიტანოს ეს ფული? აქ ჩნდება პრობლემა და ამ კონტექსტშია განსახილველი უკანონო განაჩენების თემა. ასეთ დროს უნდა თქვა, რომ პირი არასწორად იქნა ბრალდებული, გადაუხადო კომპენსაცია და უკან დაუბრუნო თანხა, რაც საპროცესოთი აქვს გადახდილი, მაგრამ სამართლიანობა უკავშირდება მეორე ნაწილს - ფულს, ამ საქმის მონაწილე პროკურორისა და მოსამართლის პასუხისმგებლობას და ესეც პრობლემაა. ამიტომაც არ გამოდის, რომ უცებ შეასკდე კედელს და თქვა, სამართალი უნდა აღვადგინოო.
ეს უკვე ავანტიურა იქნება.

ყველა პოლიციელსა და პროკურორს ვერ გავყრით. მთავარია, გენერატორები უკვე ჩამოცილებული არიან თანამდებობებს.

- ანუ შემსრულებლები სისტემის მსხვერპლად მიგაჩნიათ?
- გარკვეული თვალსაზრისით ეს ხალხი მსხვერპლია, მაგრამ სადაც ინდივიდუალური დანაშაულია ჩადენილი, შეეძლო ადამიანს დანაშაული არ ჩაედინა და მაინც ჩაიდინა, ის პასუხს აგებს.

- არის მოსაზრება, რომ ბაჩანა ახალაიას გამამართლებელ განაჩენს მალე პრეზიდენტის შეწყალებაც მოჰყვება. თან გუნავას მაგალითიც გვაქვს.
- პროკურორი რომ არ ვიყო, ამაზე თავისუფლად გავაკეთებდი შეფასებას. თუმცა გეტყვით, რომ ლოგიკა არის ამ მოსაზრებაში.

- ზოგი პროკურატურის მუშაობის ნელ ტემპს იმით ხსნის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ელოდებით. როდესაც სააკაშვილი წავა და მოსამართლეებზე კონტროლს დაკარგავს, მერე შევა მნიშვნელოვანი საქმეები სასამართლოშიო.

- მMიუხედავად იმისა, რომ ეს ლოგიკური კონსტრუქციაა, არ მინდა ამ კონსტრუქციის მხარდაჭEერა ან უარყოფა დავადასტურო. როდესაც საქმე მომზადებულია, მას სასამართლოში ვგზავნით და აქცენტს არ ვაკეთებთ არჩევნებზე. თუმცა ფაქტია, რომ სასამართლო ხელისუფლება ძველი შემადგენლობისაა.
- პროკურატურას იმის გამოც საყვედურობენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უგულავას დასაბუთებული ბრალდება ვერ წაუყენეთ.

- თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში ტარდება რევიზია და მათ შორის მერიაშიც. Pპრეტენზიის ავტორებს უნდათ, უგულავა მალე გასამართლდეს, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით კონვეიერულ სისტემაზე, როდესაც ერთ დღეს ბრალდებას უყენებდნენ პირს და მეორე დღეს განაჩენს გამოუტანდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უამრავ ისეთ მასალას სწავლობს, რომელიც სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას ეხება. მათ შორის არის უგულავას საქმეც.
საზოგადოებას მალე უნდა შედეგის დანახვა და ამიტომაც ამბობს, გადავაყენოთ მთავარი პროკურორი იმის გამო, რომ ახალაია გაამართლა სასამართლომო.

- 200-მდე პოლიტპატიმარი გათავისუფლდა პარლამენტის ამნისტიის აქტით. არ უნდა დაისაჯონ ის მოსამართლეები და პროკურორები, რომელთა გამოც ეს ადამიანები უკანონო პატიმრებად იქცნენ?

- რით განვასხვაოთ პოლიტპატიმრისთვის უკანონო განაჩენის გამომტანი მოსამართლე და სხვა უკანონო განაჩენის გამომტანი მოსამართლე ან პროკურორი? Yყველა უკანონობისადმი მიდგომა და სტანდარტი ერთნაირი უნდა იყოს. 

- საზოგადოების განსჯის საგანი გახდა პროკურატურაში არსებული ვითარება და თქვენი მოადგილეების ბრძოლა გავლენის სფეროებისათვის. ითქვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბევრის აღებას ცდილობს თავის თავზე. ასეთ ვითარებაში თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან ნორმალურად. ლაშას აქვს სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილება, რომელიც მე არ მქონდა. ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტისას მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ გვაქვს ისეთი თვისებები, რომლებითაც ერთმანეთს ვავსებთ.

- შეგიძლიათ მკითხველს უთხრათ, რომელიმე მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნება უახლოეს მომავალში?
- პროკურატურა ასეთ მოლოდინს ვერ გააჩენს. პროკურატურაში, როგორც ხინკლის ქვაბში, ბევრი საქმე იხარშება და რომელი წამოვა ზემოთ, მეც არ ვიცი.

- ლაფანყურის საქმეზე რა ხდება?
- აქ ორი საკითხია: სამართლებრივი და პოლიტიკური. როდესაც გამოძიება დასრულდება, ამ თემის გამოტანა მიზანშეწონილობის მიხედვით უნდა მოხდეს. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ინტერესები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საქმე არ უნდა გამოვიძიოთ ან დავხუროთ(?!).

- იტყვით სიმართლეს, თუ სიმართლე ის არის, რომ სააკაშვილის მთავრობა ამზადებდა ბოევიკებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადადიოდნენ?
- სიმართლე ისეთი რამაა, თუ არ იტყვი, სხვა იტყვის. არ გაგვაჩნია არანაირი ვალი წინა  ხელისუფლებისა, რომ ეს არ ვთქვათ. თუმცა გამოძიების დასრულების მერე ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შესაბამის დროსა და პირობებს მოითხოვს.

მინდა პროკურატურაში სისტემამ იმუშაოს და სხვადასხვა პირზე არ იყოს ყველაფერი დამოკიდებული. ჩემი უფლებამოსილება უნდა შემცირდეს და ინსტიტუტების როლი გაიზარდოს.
სისტემამ ავტოპილოტის რეჟიმში უნდა შეძლოს მუშაობა. ამ სისტემაზე გადასვლის პერიოდს ახლავს კრიტიკა, ნახე რა სუსტიაო, მაგრამ სინამდვილეში  სწორედ ისაა ძლიერება, რომ უარი თქვა მანქანაზე, რომელიც შენს ხელთაა. ეს აუცილებელია, რომ მერე ამ უსამართლო მანქანამ არ ჩაგითრიოს.
გადახედეთ ისტორიას. ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია. ორხელისუფლებიანობისა და დანაღმული მედიაველის პირობებში ძნელია პროკურატურის გამართვა, როდესაც ისევ ძველი მანქანის საჭესთან ვსხედვართ. იმედია, ახალ მანქანაში ორხელისუფლებიანობის დასრულების მერე გადავსხდებით. 
ჭიათურელი
14 აგვისტო 2013 00:26
როგორ დუბრუნოთ ხალხს წართმეული ქონება? ბევრი პრეცენდენტი არსებობს მსოფლიოში დიქტატორების მიერ მოპარული მილიარდების კვალის პოვნისა და ქვეყნისათვის დაბრუნებაზე, რაზედაც საკმაოდ კომპეტენტური სააგენტოები მუშაობენ.კოჰაბიტაციას თავი დაანებეთ და დააბრუნებინეთ ნაცბანდას მოპარული მილიარდები. ხალხიც იხეირებს და ბიუჯეტიც.
lela
07 აგვისტო 2013 08:34
არაა ეგ ის ადგილი რასაც იმსახურებ,დაანებე მაგ საქმეს თავი და წადი მშვიდობით,ვიდრე მთლად არ გადარიეთ ხალხი.
giorgi
06 აგვისტო 2013 17:14
მართლაც ამ ადამიანის პატიოსნებაში თვით ნაცებსაც ვერ შეაქვთ ეჭვი. ის კიარადა არც აკრიტიკებენ. როგორც პროკურორი დროის ამ მომენტისათვის სუსტია! ეხლა სასწრაფო და რადიკალური ქმედებებია საჭირო. თუნდაც ნახევარი პროკურატურა გასაყრელი იყვეს უნდა გაიწმინდოს.ის პროკურორი ადრე დანაშაულს რომ ჩადიოდა ეხლა გამოსწორდება?? არასოდეს!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები