"პროკურორები რა, წითელი კვერცხები არიან?!" - კვირის პალიტრა

"პროკურორები რა, წითელი კვერცხები არიან?!"

როგორ იშიფრება შავი ფონდი - ი. ჩ.

"ახალი ხელისუფლება ძველთან "კოაბიტაციით"  უკვე არა 850.000-ს, არამედ 3.000.000-ს "მახევს"

"მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილს ხელს აფარებს"

რედაქციაში ბიზნესმენი დავით ნადირაშვილი გვესტუმრა და ის დოკუმენტები გაგვაცნო, რომლითაც, მისი განცხადებით, ყოფილი იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. "ეს მასალები პროკურატურას ხელისგულზე დავუდე, მან კი რეაგირება არ მოახდინა!" - ამბობს ბიზნესმენი:

- შპს "არგო იმპექსი", რომლის ხელმძღვანელიც ვარ, ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც სიგნალიზაციების შემოტანითა და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვით იყო დაკავებული. 2004 წლიდან ხელისუფლებამ ჩემი შევიწროება დაიწყო. მე არ შემქონდა ფული "ნაცმოძრაობის" ყულაბაში ან გაურკვეველ ფონდებში. ამიტომ ფინანსურმა პოლიციამ საქმე შემითითხნა, თითქოს მატერიალური გამორჩენის მიზნით წარვადგინე 19 ცალი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც ერთ-ერთი ფირმისგან კომპიუტერული ტექნიკის, პოლიგრაფიული მასალისა და საკანცელარიო საქონლის ფიქციურ შეძენას ადასტურებდა. ცხადია, ეს ასე არ იყო, მაგრამ განა მაშინ ბიზნესმენს საკუთარი სიმართლე გასდიოდა?

იმ ფირმის ხელმძღვანელს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს და საქმეც შეიკერა. ამას ჩემი დაკავება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 დაწესებულებაში 5-ოდე თვით გამოკეტვა მოჰყვა, სადაც მაიძულებდნენ ჩაუდენელი დანაშაული მეღიარებინა. ვერ გავუძელი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ჯანმრთელობაც შემერყა, იძულებული გავხდი, ჩაუდენელი დანაშაული მეღიარებინა. ამის შემდეგ უკანონოდ დაკისრებული 850.000 ლარი მთავარი პროკურატურის ანგარიშზე გადავრიცხე. შევაწუხე მეგობრები, ნაცნობები, გავყიდე უძრავი ქონება და ასე შევაგროვე ფული. სანაცვლოდ შევინარჩუნე სიცოცხლე და მოვიპოვე თავისუფლება. მეგონა, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, თუმცა "სიურპრიზი" წინ მელოდა. ეს ყველაფერი 2006 წელს მოხდა... გავიდა ხანი, შეიცვალა ხელისუფლება, "ქართული ოცნების" გამარჯვებას დიდი იმედით შევხვდი. მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ახლა პირველად "კვირის პალიტრას" გიყვებით, თუ რა ხათაბალა დამატყდა თავს! 2013 წლის მაისში შემოსავლების სამსახურიდან წერილობით მაცნობეს, თქვენს სახელზე ირიცხება დავალიანება - 850.000 ლარი, რომლის გადაუხდელობის გამო დაგეკისრათ სანქციები და საურავები, ჯამში 3.211.000 ლარი უნდა გადაიხადოთო. ელდა მეცა! აქეთ ვეცი, იქით ვეცი, პირველად შემოსავლების სამსახურს მივმართე, წარვადგინე ქვითრები, რომელიც ადასტურებდა, რომ 850.000 ლარი მთავარი პროკურატურის ანგარიშზე ჯერ კიდევ 2006 წელს მქონდა გადარიცხული. შემოსავლების სამსახურში მითხრეს, ბიუჯეტში არ არის ასახული, ჩვენთან ჩანს, რომ ვალი გაქვთო. აშკარა გახდა, რომ გადარიცხული ფული ძველმა ჩინოვნიკებმა მიითვისეს. ეს კი ადეიშვილის თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა. მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე ამ საქმის ხელახალი გამოძიება. წერილს თან დავურთე 45-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებდა, მათ შორის იყო გადახდილი თანხის ქვითრებიც.

ახლახან პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა მომწერა, განაჩენის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ახალგამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიმართეო. მთავარ პროკურატურას ზურაბ ადეიშვილის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები ხელისგულზე დავუდე, მან კი რეაგირება არ მოახდინა, პირიქით, კუბლაშვილის სასამართლოში გამგზავნა.

ცხადია, მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას უნდა დაეწყო ამ საქმის მოკვლევა და გაერკვია, შპს "არგო იმპექსის" მიერ გენპროკურატურის ანგარიშზე გადარიცხული თანხა რატომ არ აისახა ბიუჯეტში, სად გაქრა ფული, ვინ ან როგორ მოხსნა... გამოძიება ადეიშვილის დანაშაულებრივი ქმედების გაშიფვრამდე მივიდოდა, მაგრამ ამჟამინდელ პროკურატურაში მოკალათებულმა ჩინოვნიკებმა ეს არ მოინდომეს, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა თავად მონაწილეობდა ასეთ ქმედებებში. წარმოიდგინეთ, ამ სიტუაციის ტრაგიკომიკურობა - ახალი ხელისუფლება ძველთან "კოაბიტაციით" უკვე არა 850.000-ს, არამედ 3.000.000-ს "მახევს". პროკურატურაში ძველი კადრები მუშაობენ და ჩადენილი დანაშაულისათვის საკუთარ თავს ხომ ვერ დასჯიან?! არაფერი შეცვლილა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ კბილაშვილი და ნაცვლიშვილი არიან "ახალი კადრები" და მათზეც უკვე კითხვები გაჩნდა.

- კბილაშვილის განცხადებით, ყველამ წართმეული ფულის უკან დაბრუნება რომ მოითხოვოს, ეს ბიუჯეტს სულ მცირე, 30 მილიონით გააღარიბებს.

- მთავარ პროკურორს ასეთი განცხადების არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არა აქვს. ჯერ ერთი, უკვე შექმნილია უკანონოდ წართმეული თანხის უკან დაბრუნების პრეცედენტი. პირველი, ვისაც 250 მილიონი დაუბრუნდა, პრემიერ-მინისტრი იყო. ამ ფაქტს კი საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება უძღოდა წინ. ასე რომ, ეს განცხადება არასამართლიანი და არაკეთილგონივრულია. შემიძლია სახელმწიფოს რამდენიმე ვარიანტი შევთავაზო, რომლის მიხედვითაც უმტკივნეულოდ მოხდება დაზარალებულთათვის თანხის ან ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნება. შესაძლებელია ამ ზარალის ანაზღაურება მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით ან სხვა, ალტერნატიული ქონების გადაცემით... უცხოელებს აძლევენ სიმბოლურ ფასად მიწას, ხომ შეიძლება ამის საშუალება ქართველ ბიზნესმენებსაც მიეცეს? ისინი ხომ ისევ ჩვენს მოქალაქეებს დაასაქმებენ და ბიუჯეტში თანხების შეტანაზეც იზრუნებენ?! ასევე, შესაძლებელია დაითვალონ წართმეული თანხის ოდენობა და თანდათან გამომიქვითონ იმ ფულიდან, რომელიც დღგ-ს თუ მოგების გადასახადის სახით უნდა გადავიხადო. თუ ობიექტურად წარიმართა ჩემი საქმის გამოძიება, პროკურატურის 10 ან 20 ჩინოვნიკს მაინც დააკავებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი 200-200 ათას ლარს უპრობლემოდ შეიტანენ ბიუჯეტში. მე თუ 850 ათასი გადავიხადე, ეს პროკურორები რა, წითელი კვერცხები არიან?!

- თქვენს მდგომარეობაში ბევრი სხვა ბიზნესმენიც არის?

- ბევრი უფრო რთულ მდგომარეობაშია. მე გენპროკურატურის ანგარიშზე შევიტანე ეს თანხა და ახლა სახელმწიფოსთან შესადავებელიც მაქვს, სხვებს კი ძალოვანი უწყებების გაურკვეველ ფონდებში შეჰქონდათ ფული. მაგალითად, ასეთი იყო მთავარი პროკურატურის ი. ჩ. ფონდის ანგარიში.

- ი. ჩ. რა არის?

- იყავი ჩუმად! თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილმა ამოიღო ხმა ასეთი შავი ფონდების არსებობაზე. ეს ფული ბიუჯეტში არ აისახებოდა. საეჭვოა, ამჟამინდელმა პროკურატურამ გამოიძიოს, სად წავიდა ამ გაურკვეველ ანგარიშზე გადარიცხული თანხები. ამაზე ოცნებაც ზედმეტია(!).

ამ საქმის გამოძიება ფერხდება, რადგან დანაშაულში მონაწილეები ისევ პროკურატურაში მუშაობენ.