მაფია, სახელად "სკაიპი"+ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება - კვირის პალიტრა

მაფია, სახელად "სკაიპი"+ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება

ფრთხილად, სახლი არ წაგართვან!

"ორგანიზებულ თაღლითურ ჯგუფში ნოტარიუსებიც იყვნენ ჩართული"

"მომცეს ფურცელზე დაწერილი მონაცემები. გამიკეთეს მაკიაჟი, შემომაცვეს მოსასხამი და  რამდენჯერმე გამამეორებინეს, რა უნდა მეთქვა  ნოტარიუსისთვის "სკაიპში"

ბოლო წლებში საქართველოში უამრავი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ამ ოჯახებმა ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან კრედიტები აიღეს და ვალი ვეღარ დააბრუნეს. ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებელი თავად გაეყიდა, ზოგიერთის ქონება იპოთეკარებმა პირდაპირ გადაიფორმეს, ნაწილს აუქციონზე გაუყიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ 161 000 იპოთეკარია რეგისტრირებული და მათი 70% კერძო მევახშეა. მაგრამ არსებობს თაღლითური სქემებიც, შეიძლება თაღლითებმა ისე გააყალბონ დოკუმენტები და თქვენი ქონება იპოთეკით დატვირთონ, რომ უცებ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ.

ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მცხოვრები ბარნაბიშვილების ოჯახი. მათი ბინა იპოთეკით ისე დაიტვირთა, თავად არაფერი იცოდნენ.

აი, რა გვიამბო დაზარალებულმა ალექსანდრე ბარნაბიშვილმა: - ბინის გაყიდვის შესახებ განცხადება გაზეთში  გამოვაქვეყნე. ბინის სანახავად მოსული ქალი მაკა მაჩაიძედ გაგვეცნო. სინამდვილეში მარინა ჩინჩალაძე ყოფილა. გვითხრა,  ბინას 120.000 დოლარად ვიყიდი, მაგრამ ჯერ ახლობლებს ვაჩვენებო. მეორე დღეს მოიყვანა ქალები (რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იპოთეკარები ყოფილან). კარგიაო, თქვეს და წავიდნენ. ჩინჩალაძემ ბე დატოვა. გვითხრა, უცხოეთიდან ფულს ველოდები და მალე გაგისტუმრებთო. ბინას მოშენებაც ჰქონდა, რომლის აზომვითი ნახაზი არ გვქონდა და ჩინჩალაძე სპეციალისტების გამოგზავნას დაგვპირდა. მართლაც ორ კვირაში ორი მამაკაცი მოვიდა, თან გაზისა და დენის ქვითრები მოითხოვეს. გაკვირვებულმა ვკითხე, რად გინდათ-მეთქი, მითხრეს, ახლანდელი კანონებით ასეა საჭიროო, არანაირი ნახაზი არ გაუკეთებიათ. ისევ მოვალთო, ქვითრები წაიღეს და წავიდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, იპოთეკარები ანდრო როსტევანიშვილი და ნიკოლოზ მაისურაძე ყოფილან... მაკა მაჩაიძე, იგივე ჩინჩალაძე, ხშირად მოდიოდა, სამსახურსაც დამპირდა. ერთ დღეს მამაკაცი გამაცნო, ვინმე დათო (სინამდვილეში გიორგი ფაილოძე), დამპირდა ენერგეტიკის სამინისტროში დაგაწყებინებ მუშაობასო, მინისტრ კახი კალაძის სახელზე განცხადებაც დამაწერინა და ვითომ კადრების განყოფილებაში მიიტანა. მითხრა, მორჩა, უკვე მუშაობო... მოულოდნელად ჩინჩალაძე დაიკარგა. ვერ ვპოულობდი, არადა, ბე აღებული გვქონდა და ბინას ვერ ვყიდდი.

2013 წლის 4 იანვარს საკუთრების მოწმობის აღება დამჭირდა საჯარო რეესტრში და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბინა იპოთეკით იყო დატვირთული. მაშინვე მივმართე პოლიციას. გაირკვა, რომ პოლიციას ანალოგიურ საქმეზე უკვე დაკავებული ჰყავდა მარინა ჩინჩალაძე.

- როგორ მოახერხეს უთქვენოდ ბინის იპოთეკით დატვირთვა?

- მარინა ჩინჩალაძეს ჰქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მითითებული იყო მეპატრონის ე.ი. ჩემი ვინაობა, პირადობის მონაცემები და ეს საკმარისი აღმოჩნდა დოკუმენტების გასაყალბებლად(!). მივიდნენ ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძესთან და უთხრეს, რომ სურდათ მეპატრონესთან სკაიპით დაემოწმებინათ მინდობილობა. თითქოს მე კიევში ვიყავი, იქიდან დავუკავშირდი ნოტარიუსს და თანახმა ვიყავი, ჩემი ბინა იპოთეკით დაეტვირთა ვინმე ფატიმა ფუხაშვილს, თითქოს ჩემს რძალს. დედისერთა ვარ, არც და მყავს, არც ძმა. ფატიმა ფუხაშვილი დასვეს ნოტარიუსის კაბინეტში, გვერდით მიუსვეს ორი ცრუ დამსწრე, ერთი ქუჩაში აიყვანეს, მეორე თავად ჩინჩალაძის შვილი იყო, სკაიპში გამოჩნდა ჯგუფის კიდევ ერთი თაღლითი წევრი, გიორგი ფაილოძე, თითქოს ის ალექსანდრე ბარნაბიშვილი, ანუ მე ვიყავი და ასე გააყალბეს მინდობილობა. არადა, ფაილოძე სულ არ მგავს, ის მელოტია და მსუქანი, ჩვენ შორის თვალში საცემი განსხვავებაა. ამ ყალბი მინდობილობით ჩემი ბინა ორჯერ დაიტვირთა იპოთეკით.  ჯერ 26.000 დოლარად ჩადეს სწორედ იმ იპოთეკარმა ქალებმა, რომლებიც ჩინჩალაძემ პირველად მოიყვანა ჩვენთან როგორც ახლობლები, ერთ კვირაში კი ახალი იპოთეკით დაიტვირთა, უკვე 52.000 დოლარად.  ამჯერად, იმ მამაკაცებზე, რომლებსაც ჩემს ბინაში თითქოს აზომვითი ნახაზები უნდა გაეკეთებინათ. მოკლედ, ისეთი მაქინაციები ჩაატარეს, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ კაცი.

ალექსანდრე ბარნაბიშვილი არ არის ამ თაღლითური ჯგუფის ერთადერთი დაზარალებული, მარინა ჩინჩალაძემ თავისი მოსახელე და მოგვარეც არ დაინდო.

გელა სამხარაძე, დაზარალებული მარინა ჩინჩალაძის შვილი: "ვარკეთილში ბინას ვყიდდით. დედაჩემის მოგვარემ და მოსახელემ, ვინმე მარინა ჩინჩალაძემ ბე დატოვა, მაგრამ მერე თანხა სრულად რომ არ მოიტანა, ვუთხარი, მეტს ვეღარ დავიცდი-მეთქი. ამის მერე დამიკავშირდა გიორგი ფაილოძე, ახლა მან დამიტოვა ბე...…ერთ დღეს მეზობელმა მითხრა, პოლიციაში გიბარებენო, თურმე ჩემი ბინა სააღსრულებო ბიუროში გადაუციათ და მართმევდნენ. ბინა იპოთეკით აღმოჩნდა დატვირთული.

2012 წლის 18 სექტემბერს ნოტარიუსმა ქეთევან ხოტივარმა სკაიპით შეადგინა მინდობილობა. თითქოს დედაჩემი, მარინე ჩინჩალაძე (დაზარალებული - ავტ.), გორში იყო და მის მოსახელე და მოგვარე (თაღლით - ავტ.) მარინე ჩინჩალაძეს, ვითომ ძმისშვილს, იპოთეკით ბინის დატვირთვის უფლებას აძლევდა. იმავე დღეს თაღლითმა ჩინჩალაძემ ბინა 20.000 დოლარად დატვირთა.

მარინა ჩინჩალაძე, ფატიმა ფუხაშვილი და გიორგი ფაილოძე დააკავეს. ფატიმა ფუხაშვილი გირაოს შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს, ის აღიარებს თაღლითობაში მონაწილეობას, მაგრამ ირწმუნება, რომ თავადაც იყო ჩინჩალაძის მსხვერპლი.

ფატიმა ფუხაშვილის ჩვენებიდან: "2011 წლის ზაფხულში მაღაზიაში ეთერ (თათია) გიგაური გავიცანი. მას შემდეგ მას საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი. მალე დედამისი, მარინა ჩინჩალაძე გამაცნო. ერთ დღეს მითხრა, დედაჩემს ოფისისთვის კომპიუტერის გამოტანა უნდა და დაეხმარეო. გამყიდველს მარინა დაელაპარაკა და უთხრა, თითქოს მის ოფისში დამლაგებლად ვმუშაობდი და 500 ლარს მიხდიდა. ამ გზით გამომატანინა 1.200-ლარიანი კომპიუტერი. 4 თვეში "საქართველოს ბანკიდან" დამიკავშირდნენ გადაუხდელობის გამო და საქმე სააღსრულებლო ბიუროს გადასცეს. მარინას ქალიშვილი სექტემბერში დამიკავშირდა და მითხრა, თუ კომპიუტერის ვალის დაფარვა გინდა, ნოტარიუსთან უნდა ილაპარაკო, ვითომ გორში ხარ და მინდობილობით ძმისშვილს, მარინა ჩინჩალაძეს იპოთეკით აძლევ უფლებას, დატვირთოს ბინაო. მომცეს ფურცელზე დაწერილი მონაცემები. მარინას შვილმა გამიკეთა მაკიაჟი, შემომაცვა მოსასხამი და რამდენჯერმე გამამეორებინა, რა უნდა მეთქვა ნოტარიუსთან. იმ საღამოს თათიამ მითხრა, დედაჩემმა ფული ვერ აიღო, ვიღაც ბიჭმა წაართვაო. მითხრეს, განმეორებით უნდა დაჯდე კომპიუტერთანო. ისევ ველაპარაკე ნოტარიუსს. ისევ მითხრეს, არც ამჯერად გამოვიდა საქმეო... 2012 წლის ოქტომბერში ისევ იგივე იყო. ოღონდ ახლა უნდა მეთქვა, რომ იანა მოსიაშვილი ვიყავი და ნოტარიუსს ისრაელიდან ვესაუბრებოდი. ამჯერად შავი გრძელი პარიკი და სათვალე გამიკეთეს. 2012 წლის ნოემბერში კი მე და მარინა ჩინჩალაძე ისევ მივედით ნოტარიუსთან.M სკაიპში გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც თქვა, ფატიმა ფუხაშვილს ვაძლევ მინდობილობას, ყაზბეგის პროსპექტზე მდებარე სახლის (ალ. ბარნაბიშვილის ბინის -  ავტ.) იპოთეკით დასატვირთადო. შემდეგ ეს ბინა იპოთეკით ორჯერ  დაიტვირთა, ოღონდ სხვა ნოტარიუსთან".

განსასჯელ ჩინჩალაძის ადვოკატი სოსო ხარაიშვილი ადასტურებს თაღლითობის ფაქტს\: - მარინა ჩინჩალაძეს თაღლითობის სამ ეპიზოდს ედავებიან. ბარნაბიშვილის საქმეზე ის ბრალს აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ფული მთლიანად მას არ მიუთვისებია და თანხა გადანაწილდა. სადავო აღარ არის, რომ დოკუმენტებს სკაიპით აყალბებდნენ.  ნოტარიუსებიც რომ იყვნენ გარეული ამ საქმეში, მარინა ჩინჩალაძე ადასტურებს.

ჩვენ გავესაუბრეთ ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძეს, რომელიც აღიარებს, რომ მოატყუეს: - ვიზუალურად მივამსგავსე სკაიპში მყოფი მამაკაცი ბარნაბიშვილს. მისი პირადობის მოწმობა 8 წლის წინ იყო გაცემული, ხომ შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში ადამიანი გარეგნულად შეცვლილიყო, მით უმეტეს, ამას ადასტურებდნენ ოთახში მყოფი მოწმეებიც. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე თაღლითობა მოხდა"(?!).

სისხლის სამართლის საქმის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაზარალებული ბინის მეპატრონეების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დაზარალებულმა მარინა ჩინჩალაძემ ბინა უკვე დაიბრუნა, ჯერჯერობით გაურკვეველია ბარნაბიშვილების ბედი, მათ სახლს ისევ ყადაღა ადევს და სასამართლოს ვერდიქტს ელიან.

თეა ხურცილავა

(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე)