ბაჩანა ახალაიას "პირადი მღვდელი" თუ ძალადობა პროკურატურაში?! - კვირის პალიტრა

ბაჩანა ახალაიას "პირადი მღვდელი" თუ ძალადობა პროკურატურაში?!

"პოლკოვნიკი მღვდელი" - ასე შეარქვეს წარსულში #1 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ უფროს თეიმურაზ ტაბაღუას, რომელიც ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელია. ბაჩანა ახალაიას ადვოკატების გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ 13 აგვისტოს, მთავარ პროკურატურაში გამომძიებელი კახა ჭუმბაძე და კიდევ ოთხი გამომძიებელი აიძულებდნენ, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა.

"12 საათი ვიყავი დაკითხვაზე, მშიერი... მემუქრებოდნენ, რომ დაგვაპატიმრებდნენ მე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე შვიდ ადამიანს... ერთი სული მქონდა, დაკითხვა დამთავრებულიყო, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გავუძელი, ძალიან დამღლელი იყო და იძულებული გავხდი, ცრუ ჩვენებაზე ხელი მომეწერა", - აცხადებს მამა ნიკოლოზი, იგივე თემურ ტაბაღუა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელებს მფარველობდა ციხეში. არაოფიციალურ საუბრებში მას, მეგის ქარდავასა და სხვების მსგავსად, ბრალს სდებენ ე.წ. მეგრული მაფიის წევრობაში, რომელსაც ახალაიები მფარველობდნენ. იმასაც ამბობენ, დღესაც ტაბაღუა იმას იტყვის, რასაც ახალაიები უბრძანებენო! თემურ ტაბაღუას სახელი მოხსენიებულია იმ პირთა სიაში, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა წამებასა და არასათანადო მოპყრობაში - ჯერ კიდევ გასულ წელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროკურატურაში გაგზავნილ დოკუმენტში, სადაც თავმოყრილია სახალხო დამცველის 2006-2011 წლების ანგარიშები, პატიმართა წამებასა და არასათანადო მოპყრობაში შემჩნეულ პირთა შორის არის ბაჩანა ახალაიას "პირად მღვდლად" წოდებული თემურ ტაბაღუაც...

ციხის ყოფილი უფროსის ბრალდებას გამოეხმაურა მთავარი პროკურატურაც. "თემურ ტაბაღუა, იგივე მამა ნიკოლოზი, საუბრობს პროკურატურის თანამდებობის პირთა ზეწოლაზე, თუმცა ამავე ჩანაწერში არ ამბობს, რის აღიარებას სთხოვდნენ ახალაიას წინააღმდეგ და რით გამოიხატებოდა ზეწოლა. რაც შეეხება იმას, რა საერთო ჰქონდა თემურ ტაბაღუას "სანდრო გირგვლიანის" საქმესთან. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდადებული პირები სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა.

"თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ.ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა.აფციაური იყვნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მათ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით"", - განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

ბაჩანა ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი კი აცხადებს, რომ არ იცის, ციხის ყოფილ უფროსს რა დამოკიდებულება ჰქონდა პატიმრებთან.

"არ ვიცი, უჩიოდნენ თუ არა მას პატიმრები და მოხვდა თუ არა მისი საქმიანობა სახალხო დამცველის ანგარიშში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მის მიმართ ხომ არ შეიძლება იძულება განხორციელდეს. დღეს არის მოქმედი სასულიერო პირი"," - განაცხადა ველიჯანაშვილმა. მისივე განმარტებით, მთავარ პროკურატურაში მამა ნიკოლოზი აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლის მიხედვით, თითქოს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები სხვა პატიმრებთან შედარებით ახალაიას რეკომენდაციით უკეთეს პირობებში იყვნენ.

"ტაბაღუას ხელი უნდა მოეწერა ჩვენებაზე, რაც დიდი ხანია, საზოგადოებისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი. ამით ის მხოლოდ ახალაიას წინააღმდეგ კი არ მისცემდა ჩვენებას, საკუთარ თავსაც აღიარებდა დამნაშავედ. ამიტომაც აცხადებს, თითქოს ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. რომელ ცრუ ჩვენებაზეა ლაპარაკი, როდესაც ჯერ კიდევ წლების წინ, ოფიციალურად და არაოფიციალურად იყო ცნობილი, ვინ რას სჩადიოდა," - წერენ ინტერნეტფორუმებზე. გარდა იმისა, რომ მოქალაქეებმა მას "პოლკოვნიკი მღვდელი" შეარქვეს, ვარაუდობენ, რომ თემურ ტაბაღუა დაუმსახურებლად აკურთხეს მღვდლად.

"მღვდლობისთვის წლები და დიდი შრომაა საჭირო, ტაბაღუა კი ორიოდე წელში გახდა მღვდელი. ამიტომაც, ალბათ, ამ მოკლე დროში არაფერი სმენია წმინდა მამების ღვაწლის, წამების, დათმენის და სიმართლის მსახურების შესახებ, თორემ დაფიქრდებოდა, სანამ ვიდეოჩანაწერში ვინმეს დაკვეთით იტყოდა, რომ მას 12 საათის განმავლობაში მკაცრი ტონით კითხავდნენ, თან მოშივდა და გარეთ რომ სწრაფად გამოსულიყო, ხელი ამიტომაც მოაწერა ჩვენებას".

"ასე იოლად თუ გატყდებით, თქვენთან აღსარების ჩაბარებას ვინ გაბედავს, მამაო? მაშინ არაფრით ხართ იმათზე უკეთესი, ვინც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ფარულ მოსმენებს ახორციელებდა. თქვენც სხვისი პირადი ცხოვრების უკანონოდ ჩამწერი გამოდიხართ", - აცხადებენ მოქალაქეები "ფეისბუკში".

"კვირის პალიტრამ" სცადა, მამა ნიკოლოზს დაჰკავშირებოდა, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობს. ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის იღუმენი ანდრია ალადაშვილი ამბობს, რომ მამა ნიკოლოზი ყველასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.

იღუმენი ანდრია: - წლების განმავლობაში, სანამ მღვდელი გახდებოდა, მამა ნიკოლოზი ჯერ იყო ჩვეულებრივი აღმსარებელი, მაზიარებელი, მედავითნე, სტიქაროსანი, გარკვეული დროის შემდეგ ეკურთხა მღვდლად... ეს არ იყო მისი პირველი დაკითხვა, უკვე მეოთხედ დაიბარეს, წინა დაკითხვებიც ხანგრძლივად მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ბოლო დაკითხვის შემდეგ ვერ ვესაუბრე.

- საერთოდ თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?

- ვსაუბრობდით და ის ამბობდა, რომ როგორც სასულიერო პირისთვის, ძალიან შემაწუხებელია დაკითხვაზე ყოფნა. მას უჭირს, ვინმეს ბრალი დასდოს.

დასანანია, რომ პროკურატურა იძულებული გახდა, ახალაიას საქმეზე სასულიერო პირი დაეკითხათ. მაინცდამაინც მამა ნიკოლოზის დაკითხვით უნდა დაედოს ვიღაცას ბრალი?!

ჩვენ, სასულიერო პირებმა, იმდენი რაღაც ვიცით, ყველაფერს ვერ ვიტყვით და არც შეიძლება...

ჩვენი მოვალეობა არ გვაძლევს უფლებას, ყველაფერი ვთქვათ.

- ამჟამად სად არის მამა ნიკოლოზი?

- არ ვიცი. ტელეფონსაც არ პასუხობს, რადგან ცუდ მდგომარეობაშია.

P.S. ბოლო დღეებში ამ თემაზე საზოგადოების გაცხარებული მსჯელობისას ისიც ითქვა, რომ მამა ნიკოლოზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იმ მღვდელთაგანია, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ცდილობდნენ, საპატრიარქოს სააკაშვილი-მერაბიშვილი-უგულავას და სხვების ინტერესების შესაბამისად ემოქმედა და თვით პატრიარქის ეპისტოლეების შესწორებასაც კი ბედავდნენ. სამწუხაროდ, მამა ნიკოლოზთან საუბარი ამჯერად ვერ მოვახერხეთ, რომ თვითონ თქვას, ვინ ცდილობდა მასზე ზეგავლენის მოხდენას, რატომ შეარქვეს ახალაიას "პირადი მღვდელი" და მთავარ პროკურატურაში კვლავ ძალაში რჩება თუ არა ძალადობა.