"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვერ იცვლით ფერს, რადგან შავ-თეთრი ხართ!" - კვირის პალიტრა

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვერ იცვლით ფერს, რადგან შავ-თეთრი ხართ!"

გვანცა ყუფარაძემ ნასამართლობის მოხსნაზე უარი განაცხადა

"არასდროს გაპატიებთ იმას, რაც  ქართველ ხალხს გაუკეთეთ"

"დღეს რასაც სჩადიხართ, პრიმიტიული მარაზმია"

გასულ კვირას პრეზიდენტმა საზოგადოებას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და აცნობა, რომ ვისაც პირობითი სასჯელი და ნასამართლობა აქვს, ამ სტატუსისგან გათავისუფლდება. ამ განცხადების შემდეგ რეზიდენციასთან ნასამართლობის მოხსნის მსურველთა რიგები დადგა. ყოფილმა პატიმარმა გვანცა ყუფარაძემ ნასამართლობის მოხსნაზე უარი განაცხადა. გვანცა რედაქციაში გვესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის გვანცა ყუფარაძე თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს. მოსამართლემ მაშინ საეჭვოდ არ მიიჩნია, რომ კაფანდარა გოგოს ორი ბლაგვი საგნით შეეძლო ბიჭისთვის 30 ჭრილობის მიყენება, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა(?!). ჯერ კიდევ 2010 წლის 11იანვარს არასრულწლოვანმა გვანცა ყუფარაძემ "კვირის პალიტრის" მეშვეობით პრეზიდენტს ამ საქმით დაინტერესება სთხოვა: "დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა ჩემნაირი სანიმუშო ყოფაქცევის, ფრიადოსანი არასრულწლოვანი, რომლის ბრალეულობაც არაფრით მტკიცდება. მკვლელობის მცდელობა, თან გოგონასაგან? რა ვქნა, ამ სამარცხვინო იარლიყს ვერ შევეგუები. დღესაც მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე გამომცადონ... დარწმუნებული ვარ, ჩემ შესახებ პრეზიდენტს არც კი სმენია. სასამართლოც კი დახურული მქონდა. ჩემი საქმე ახლა ევროსასამართლოშია. დარწმუნებული ვარ, გამამართლებენ და ამაზე მალე ატყდება განგაში. მინდა პრეზიდენტმა იცოდეს, რომ მის ქვეყანაში უკვე ორი წელია 16 წლის უდანაშაულო მოზარდი იხდის სასჯელს", - წერდა გოგონა.

გვანცა ყუფარაძე დღეს უკვე იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და პრეზიდენტის წინადადებას ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნაზე, სოციალური ქსელით ასე პასუხობს: "მადლობას მოგახსენებთ გალანტური ჟესტისათვის და ასევე გალანტურად უარს გიცხადებთ პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნაზე. მე, თქვენი მარწუხების ქვეშ მყოფი, ბოლომდე აღვასრულებ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს - პირობითი მსჯავრის ნაწილშიც. ნასამართლობას კი სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მხარე (რასაკვირველია, ბრალეულობის "არარსებობის" აღიარების საფუძველზე) მომიხსნის! კარგად იცით, რომ ჩემთვის დრო პრობლემა არასდროს ყოფილა.

ჩემს პრინციპებს შეგნებულად არასოდეს ვუღალატებ, იმედს არასდროს გავუცრუებ არც ერთ ადამიანს, რომელსაც ჩემზე მცირეოდენი რწმენა მაინც დაუმყარებია. უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლობის მოხსნაზე, რადგან თქვენთვის არაფერს ნიშნავდა ჩემი ათეულობით განაცხადი, სამართლებრივი შეფასებები ადვოკატთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან! თქვენთვის არაფერს ნიშნავდა თქვენივე სისტემურ იდეოლოგიას შეწირული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. დღეს კი რასაც სჩადიხართ, პრიმიტიული მარაზმია. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, არასდროს გაპატიებთ იმას, რაც საქართველოს, ქართველ ხალხს გაუკეთეთ... როგორც ადამიანს, რასაკვირველია, გაპატიებდით,  სულ მცირედით მაინც თავი დამნაშავედ რომ გეგრძნოთ. პოზიციით, რომელზეც დგახართ, ვერასდროს შეიძენთ ფენიქსის ფუნქციას, რადგან გარდასახვაში შინაგანი სიმძიმე გიშლით ხელს. აღდგენის შესაძლებლობას არ გაძლევთ, თუმცა არსებობს ერთი რამ, რაშიც მე და თქვენ დღეს ერთ პოზიციაზე ვართ: მე ვერ შევიცვლი ფერს, რადგან უკვე ვიცვალე, ამიტომ ჩემთვის მენტალური რეგრესის დაუშვებლობა მთავარია. თქვენ კი ვერ იცვლით ფერს, რადგან შავ-თეთრი ხართ!"

გვანცა ყუფარაძე: - მოგეხსენებათ, პრეზიდენტის შეწყალების აქტი ეხება მას, ვინც პირობით მსჯავრს იხდის და ასევე გათავისუფლებულ პატიმრებს.  ბევრს ნასამართლობა სამუშაოს დაწყებას ან უცხო ქვეყნის საელჩოში ვიზის მიღებაში უშლის ხელს. ბევრისთვის ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან პენიტენციარული სისტემის დატოვების შემდეგ ოჯახის რჩენის საშუალება არა აქვს. ამიტომ იძულებული არიან, დათანხმდნენ პრეზიდენტის "შეწყალების აქტს". მე არ ვთვლი, რომ რომელიმე მათგანს ჩემზე ნაკლები ღირსება ან პროტესტის გრძნობა აქვს. პრეზიდენტის წინადადებაზე დათანხმება არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რაც მათ გადაიტანეს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მასზე იმ მიზეზების გარდა, რაც წერილში აღვწერე, საზოგადოების დიდმა სიყვარულმაც იქონია გავლენა, თუმცა პენიტენციარული სისტემიდან გამოსვლის შემდეგ მაინც არ დამხვდა ისეთი გარემო, როგორიც წარმომედგინა. გარეთ ადამიანებმა თითქოს რაღაც მთავარი დაკარგეს. რაც უნდა გასაოცარი იყოს, ციხეშIი მათაც კი, ვისაც სამუდამო პატიმრობა  მიუსაჯეს, ცხოვრების ხალისი ჰქონდათ. აღსავსენი იყვნენ იმედით. სისტემიდან გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დავაფასე ისინი.

- ხომ არ შეგხმიანებია ყოფილი თანაკლასელი, თორნიკე ტყემალაძე?

- არა, არავინ მოსულა და ვფიქრობ, არც უნდა მოსულიყვნენ. მათთან სასაუბრო ერთადერთი იქნება სამართლებრივი ენა და საკანონმდებლო რესურსები. სტრასბურგის სასამართლომ ჩემი საქმე 2009 წელს მიიღო წარმოებაში, მაქსიმალური ვადა ამ საქმის განსახილველად 6 წელია, ოთხი უკვე გავიდა, ასე რომ, მოვიცდი, ვიდრე ჩემი სიმართლე საბოლოოდ არ დამტკიცდება.

- არაერთმა პარტიამ შემოგთავაზა თანამშრომლობა. როგორი იყო შენი პასუხი?

- პოლიტიკოსობა რომ მნდომოდა, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. მაგრამ ნათქვამია: "არასოდეს თქვა არასოდეს!" პოლიტიკურ საქმიანობას ხელს არ მოვკიდებ, თუკი იძულებული არ გავხდები და ჩემს სფეროში ჯანსაღად მუშაობის საშუალება მომეცემა.

- ვინ გახდება გვანცა ყუფარაძე - მოსამართლე, პროკურორი თუ ადვოკატი?

- რადგან ნასამართლობის მოხსნაზე უარი ვთქვი, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობას კანონი მიკრძალავს. ამიტომ თავიდან შესაძლოა ადვოკატად დავიწყო მუშაობა. შემდგომში ყველაფერს ვიღონებ, რომ პენიტენციარულ სისტემაში ვიმუშაო.