ნანა კაკაბაძე: "ასეთი დასჯის ფორმა - ოპერაციაზე უარის თქმა, არასწორია"
26-08-2013
ნანა კაკაბაძე: "ასეთი დასჯის ფორმა - ოპერაციაზე უარის თქმა, არასწორია"
გაზეთ "კვირის პალიტრას" სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებიდან აღშფოთებული პატიმრები დაუკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ საოპერაციოდ გადაყვანილი ერთ-ერთი პატიმარი, გივი კუბლაშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ისევ უკან, საკანში, ოპერაციის გარეშე დააბრუნეს(?!). მათი მტკიცებით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და საოპერაციოში შესაყვანად გამზადებულ პატიმარს ბადრაგ ფხაკაძესთან კონფლიქტის გამო დაყენებული კათეტერები მოხსნეს და უკან დააბრუნეს.

"ახლა ჩვენ გვერდით იმყოფება პატიმარი გივი კუბლაშვილი, მას ქირურგიის ინსტიტუტში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, ფეხებზე ვენების სერიოზული პრობლემა აქვს. გადაიყვანეს საავადმყოფოში, საოპერაციოდ მოამზადა
მედპერსონალმა. ვენაში კათეტერი ჩაუსვეს, გაპარსეს, ნახევარ საათში საოპერაციოდ უნდა შეეყვანათ და ამ დროს შელაპარაკება მოუხდა საბადრაგოს უფროსთან, ვინმე ფხაკაძესთან. პატიმარმა ჩაი ითხოვა, მოუტანა საავადმყოფოს თანამშრომელმა, თუმცა ბადრაგი მას ამის გამო აუშარდა. უთქვამს, ბიჭო, აქ რამდენს ბედავ, რა მოთხოვნები გაქვს, ახალაიას დროს მოგანატრებ, თუ ჭკვიანად არ
მოიქცევიო და ჩაი გადაუღვარა. ამის გამო მოხდა მათ შორის შელაპარაკება, რის შემდეგაც ბადრაგმა გამოათრია ძალით პალატიდან, დაადო ხელბორკილი, შეაგდო მანქანაში და საოპერაციო კაცი ისევ ქსანში დააბრუნა. ახალმა ხელმძღვანელობამ კეთილი ინებოს და ძველი კადრები გაათავისუფლოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ," - გვითხრა ერთ-ერთმა პატიმარმა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ვცადეთ. თავდაპირველად, ვესაუბრეთ პრესსამსახურის უფროსს, ირაკლი კორძაიას, რომელმაც გვითხრა, ფაქტს გადავამოწმებ და ცოტა ხანში დამიკავშირდითო. ხელმეორედ როცა დავურეკეთ, ფაქტი დამიდასტურა და გვითხრა, პატიმარია დამნაშავე, არაადეკვატურად მოიქცა, მის წინააღმდეგ საქმე ამ ინციდენტის გამო აღიძვრება, ის პასუხს აგებს. მას ოპერაცია არ გაუკეთდება, თქვენ კი რაც გინდათ, ის დაწერეთო(?!).
სიმართლე გითხრათ, მისმა სიტყვებმა გაგვაოგნა. არ ვთვლით, რომ საოპერაციოდ გაყვანილი, თუნდაც დამნაშავე პატიმარი იმით უნდა დასაჯო, რომ მას ოპერაცია არ გაუკეთო, მსგავს პასუხებს წინა ხელისუფლების პრესცენტრებიდან მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასეთ პასუხს არ ველოდით, თუმცა მაინც შევეცადეთ მისგან ოფიციალური კომენტარი მიგვეღო. ისევ დავურეკეთ და მოითხოვა, კითხვები წერილობით გადმოგზავნეთ და პასუხს ოფიციალურად მიიღებთო. მეორე დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ბოლოს მაინც მოვახერხეთ მასთან დაკავშირება. გვითხრა, კითხვები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ღურწკაიასთან გადავგზავნე და პასუხს რომ მივიღებ, გამოგიგზავნითო. სამწუხაროდ, შაბათ საღამომდე ამაოდ ველოდით.

პრესსამსახურის მიერ შექმნილი ბარიერის მიუხედავად, შევეცადეთ, ამ საკითხზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომენტარი მოგვეპოვებინა. ამჯერად ჩემი ყოფილი კოლეგა ლალი მოროშკინა, დეპარტამენტის მრჩეველი დამეხმარა ინფორმაციის მოძიებაში.

ლალი მოროშკინა: - ინციდენტს ვადასტურებთ. პატიმარი ქსნის მე-15 დაწესებულებიდან გადაიყვანეს ქირურგიის ინსტიტუტში. მისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ექიმ ალექსანდრე გოგელიანს, მაგრამ პატიმარმა დაარღვია წესები. ის არაადეკვატურად იქცეოდა, რაც ასახულია ოქმშიც. ითხოვდა აკრძალულ ნივთებს, კერძოდ, მობილურ ტელეფონს, არ ემორჩილებოდა წესრიგს, სურდა ფანჯარასა და კართან მისვლა, რასაც კანონი კრძალავს. უხეშად ექცეოდა მედპერსონალს, მას პრობლემები შეექმნა ექიმებთან და შემდეგ თავად თქვა უარი ოპერაციაზე. ამის შემდეგ დაადო ბადრაგმა მას ხელბორკილი და ისევ ციხეში გადაიყვანა.

- გასაგებია, რომ შესაძლოა დააშავა, მაგრამ თუ საოპერაციოდ წაიყვანეთ, ხომ შეიძლებოდა გაეკეთებინათ ოპერაცია და ისე დაებრუნებინათ საკანში? ექიმებმა თქვეს უარი ოპერაციაზე?

- მან თავად თქვა უარი ოპერაციაზე. გამოსავალი არსებობს, დაწეროს ხელწერილი, რომ არ შექმნის პრობლემას, შეასრულებს ექიმის მითითებებს და ოპერაცია უპრობლემოდ გაუკეთდება. ექიმებიც დაგიდასტურებენ, როგორ აგრესიულად იქცეოდა. პირადად მე, ლალი მოროშკინა, ვაცხადებ, - მზად ვარ ჟურნალისტებთან ერთად თავად გადავიყვანო საავადმყოფოში და დავესწრო მის ოპერაციას. ამით გავაქარწყლებ საუბარს იმაზე, რომ მკურნალობის საშუალებას არ აძლევენ.

სისტემაში ახალი კადრები გვყავს, პრაქტიკულად, გამორიცხულია უხეშობა, თუმცა თუ მოხდა სასწაული და პატარა გადაცდომებს ექნა ადგილი, მომენტალურად მოვახდენთ რეაგირებას.
ნანა კაკაბაძე, ადამიანის უფლებათა დამცველი: - ვთვლი, რომ ოპერაცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაკეთებულიყო. თუ პატიმარმა წესები დაარღვია, მაშინ კანონის შესაბამისად უნდა დაესაჯათ. მოეთავსებინათ კარცერში ან სხვა დასჯის ფორმა გამოეყენებინათ. ასეთი დასჯის ფორმა - ოპერაციაზე უარის თქმა, არასწორია.

"კვირის პალიტრა" ამ საკითხზე ქირურგიის ინსტიტუტის სამედიცინო ნაწილის დირექტორ ნიკა ჩადუნელს ესაუბრა:
- საქმე არ ყოფილა ასე დრამატულად. იყო მცირე ექსცესი, რის გამოც პატიმარი ბადრაგის წევრებმა წაიყვანეს.

- რით დაიწყო ყველაფერი?
- პაციენტი მოიყვანეს, გასინჯეს, შეაფასეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ვარიკოზული დაავადება აქვს და სჭირდება ოპერაცია (მაგრამ არა გადაუდებელი), რომელიც მეორე დღისთვის დაიგეგმა. პაციენტი მოათავსეს პალატაში, აუღეს ანალიზები, ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები. იმ დღესვე პაციენტმა გამოამჟღავნა არაადეკვატური ქცევები, მოითხოვა ტელეფონი, ჩაი და ა.შ.  იყო აგრესიული. უკმაყოფილო იყო იმით, რომ ვერ შეუსრულეს ყველა მოთხოვნა და ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, რის გამოც ბადრაგი ჩაერია საქმეში. შეადგინეს აქტი და პაციენტი ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წაიყვანეს. 

- ვისთან მოუვიდა უთანხმოება?
- ალბათ, ექთანსა და სანიტართან. მას სამედიცინო პერსონალი მუდმივად არ მეთვალყურეობდა. საჭიროებისამებრ მიაკითხავდა პერსონალი.

- ინციდენტის შემდეგ კლინიკამ უარი თქვა ოპერაციის გაკეთებაზე?
- არა, ოპერაცია მეორე დღეს უნდა გაკეთებულიყო...

- ბადრაგის ინიციატივა იყო უკანვე წაყვანა?
- ასე სცადეს მდგომარეობის განმუხტვა. თუ ამჟამად პაციენტი სხვაგვარად მოიქცევა, არ მოითხოვს იმას, რისი დაკმაყოფილებაც კლინიკას არ შეუძლია, მას ოპერაცია ჩაუტარდება. ჩვენთან დღეში სამ-სამი პატიმარი მოჰყავთ.

უარესი შემთხვევაც გვქონია, პაციენტი თვითდაზიანებით მოიყვანეს, აგინებდა ექიმს, ექთანს, ყველას ლანძღავდა, მაგრამ მას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა და ჩაუტარდა.
კუბლაშვილს არც გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა და მით უმეტეს არავის გაუგდია(?!). მშვიდად უნდა ყოფილიყო და მეორე დღეს ოპერაციას გაუკეთებდნენ. თუ პაციენტს სიკვდილის საფრთხე ემუქრება, რაც უნდა ჩაიდინოს, უარს არ ვიტყვით სამედიცინო მომსახურებაზე.

P.S. კი მაგრამ, თუ სიკვდილის საფრთხე არ ემუქრება, არა უშავს, კიდევ იწვალოს, სანამ სიკვდილის საფრთხე არ დაემუქრება?!

თეა ხურცილავა
nana
06 იანვარი 2014 16:01
ამ სტსატიაში მამაჩემზეა ლაპარაკი და ძალიან გთხოვთ თავი შეიავეთ კომენტარებისგან რადგან არავინ იცის რა ხდებოდა იქ და რის გამო უწოდეს მის საქციელს არაადეკვატური საქციელი
marina
13 სექტემბერი 2013 00:29
კრისტი იმდენად გამოშტერდით, რომ მოჩვენებები დაგეწყოთ. მე არავისტი არა ვარ. პატიმრებს რაც შეეხება ძალიან კარგად ვიცი რა ხდება და როგორ არის. მე რა მომელის და ვინ ვარ ეგ შენი საქმე არ არის და არც იქნება. შენ ვინ ხარ, ეგ კი ეტყობა შენ პოსტს.
kristi
12 სექტემბერი 2013 22:54
"პატიმრების უფლებებს იცავენ და ნორმალური ადამიანებისას არა." მარინა, ძალიან სასაცილოდ ამბობ. რა, პატიმრები არანორმალური ადამიანები არიან?! რა იცი, იქნებ ბევრი მათგანი გჯობია შენ. თუ ვინმე "ნორმალური ადამიანის" უფლებებს არ იცავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატიმრების უფლეებბის გამო არ იცავენ. ისე, ახალაიას ცოცხი შენ მოგიხდებოდა მართლა, მაგრამ დაიმახსოვრე: არ გეღირსებათ შენისთანა ნაცებს ხელისუფლებაში დაბრუნება. შეიძლება ოცნებამ ზიანი მიაყენოს ქვეყანას, მაგრამ თქვენ მაინც ვერ დაბრუნდებით. ნუ კაკანებთ რა, ფართხალებთ რაღაცას. მაინც არაფერი გამოგივათ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები