რატომ გახშირდა ბოროტი ხუმრობები? - კვირის პალიტრა

რატომ გახშირდა ბოროტი ხუმრობები?

"ცრუ შეტყობინებები ხშირად უსაქმურობის, პრიმიტიული შურისძიების გამო

ან გასართობად ვრცელდება"

ბოლო დროს გახშირდა მნიშვნელოვანი ობიექტების დანაღმვის თაობაზე შსს-სთვის დეზინფორმაციის მიწოდება. გასული კვირა ამით გამორჩეული იყო, ცრუ შეტყობინებების თანახმად, "რუსთავი 2", "იმედი" და აეროპორტი ერთბაშად "დაინაღმა". რატომ გახშირდა ბოროტი ხუმრობის სერია საქართველოში, უნდა დაისაჯონ თუ არა მკაცრად ცრუ შეტყობინებების ავტორები და ხომ  არ გაჭირდება მომავალში დამნაშავეთა იდენტიფიცირება? - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესო ალადაშვილი ესაუბრა:

- საკმაოდ საინტერესო შემთხვევასთან გვქონდა საქმე, რადგან აღმოჩნდა, რომ ცრუ შეტყობინებების ავტორი სხვადასხვა პირია. შესაძლოა,  ორგანიზებულიც იყო მათი მოქმედებები, მაგრამ რა იყო მოტივი და მიზანი, ეს არის საინტერესო. შსს-ს ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ში ბომბის არსებობის თაობაზე ცრუ განგაშის ავტორი 1974 წელს დაბადებული მამაკაცი აღმოჩნდა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი სამართალდამცველებს ხელთ არასრულწლოვანები შერჩათ. სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გავითვალისწინებთ,  ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მიზნით ხდება. ამ ხერხს ტერორისტული ორგანიზაციებიც მიმართავენ, ცრუ ინფორმაციას  აწვდიან სამართალდამცავებს, რომელთა რესურსის მობილიზება სხვა მიმართულებით ხდება. საქართველოში კი ასეთი დეზინფორმაცია ხშირად უსაქმურობის, პრიმიტიული შურისძიების გამო ან გასართობად ვრცელდება.

- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ცრუ შეტყობინების ავტორებისთვის სასჯელის გამკაცრება?

- ერთი მხრივ, სასჯელის გამკაცრება აუცილებელია, თუმცა მეორე მხრივ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მეორე უკიდურესობაც: დავუშვათ, ადამიანს მართლაც აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი  დანაშაულის შესახებ, მაგრამ ასი პროცენტით  დარწმუნებული არ არის და ხომ შეიძლება სასჯელის შიშით არაფერი თქვას? არადა, არ ვცხოვრობთ ისეთ დალაგებულ ქვეყანაში, სადაც თუნდაც რამე ექსცესის გამოწვევის მიზნით (ტერაქტის საშიშროებაზე რომ არ ვილაპარაკო) არ მოხდეს ასეთი დანაშაულებრივი ქმედება. თუმცა, სჯობს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს შსს. შესაძლოა, სასჯელის გამკაცრება არ შეეხოს იმ პირებს, ვინც თავის ვინაობას გაამჟღავნებს და სამართალდამცველებს მოსალოდნელი ტერორისტული აქტის თაობაზე ინფორმაციას შეატყობინებს.

- ტექნიკურად რამდენად ადვილია დამნაშავეთა იდენტიფიცირება?

-  დღეს ეს ძალიან ადვილია, რადგან  ზარები, ძირითადად,  ან მობილურით, ან ქალაქის სატელეფონო ქსელებიდან შედის. შესაბამისად, შსს-ს Aშეუძლია სატელეფონო ოპერატორებისგან მიიღოს საჭირო  ინფორმაცია.

- მართალია თუ არა, რომ ხმის ტემბრის მეშვეობით არის შესაძლებელი ცრუ შეტყობინების ავტორის იდენტიფიცირება?

- ამას სპეციალური მოწყობილობა სჭირდება.  თუმცა დამნაშავის ხმის ჩაწერა, დადგენა და სხვა ზარების დროს მისი იდენტიფიცირება გამოძიებისთვის საქმეს უფრო გაართულებს.  არც ის არის გამორიცხული, სასჯელის გამკაცრების პარალელურად  მოხალისეებმა მეტი ფანტაზია გამოავლინონ და ხმის ხელოვნური შეცვლით სცადონ სატელეფონო ტერორი.