"სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა" - კვირის პალიტრა

"სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა"

კახა კალაძის დაცვის წევრმა ზესტაფონში 27 წლის ქალი გაიტანა

"ასეთი ცოდვის ტარება ადვილი არ არის"

"მთელი ბავშვობა დარდსა და ცრემლში გაატარა. უდედოდ გაიზარდა. მასა და მის ძმას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ. გათხოვების შემდეგ თითქოს სული მოითქვა, კარგი მეუღლე და შვილი ჰყავდა. ძლივს გაიღიმა საცოდავმა გოგომ, თავის ოჯახს შეხაროდა... რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილა გაჩენილი", - ამბობს ზესტაფონში დაღუპული 27 წლის ხატია ძნელაძის ოჯახის ახლობელი. უბედური შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ხატია ძნელაძემ შვილი სკოლაში მიიყვანა და უკან მობრუნებულს "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა. მანქანაში მისი ოჯახის წევრებიც ისხდნენ. დაშავებული ჯერ ზესტაფონის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხატია რამდენიმე საათში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...

ხატია ძნელაძე ვანის რაიონში, სოფელ შუამთაში, ბებია-ბაბუის ოჯახში იზრდებოდა და ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა... აი, რას გვიყვება ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: "ხატიას მამა ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილმა მკვლელობამ მაშინ მთელი ვანის რაიონი შეძრა. მამა იმავე დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდა. პატარა ობლებს ბებია-ბაბუა ზრდიდა. წლების შემდეგ, მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, რომ მკვლელობა აფექტის ნიადაგზე მოხდა და ხატიას მამა ვადამდე გაათავისუფლა. კაცი მომხდარს ძალიან განიცდიდა, სმა დაიწყო, დაავადდა და დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა..."

ელგუჯა ცხვარაძე, ხატია ძნელაძის ნათესავი: -  ხატიას ძმა ნიკა ჯერაც ვერ მოსულა გონს - დის ამბავმა თავზარი დასცა. ხატია და ნიკა ბებია-ბაბუამ გაზარდა, რომლებიც ახლა 80 წელს არიან გადაცილებული. ცოცხალ-მკვდარია ორივე, არ ვიცი, როგორ გადაიტანენ ამ ტრაგედიას. ხატიას ერთი შვილი დარჩა, პატარა ლუკა. წელს პირველ კლასში მიიყვანა. იმ ავადსახსენებელ დღეს სკოლიდან მოდიოდა, სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა.

- თქვეს, რომ მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადაო... მართალია?!

- დაჯახების დროს ხატიას მამამთილი იქვე, ჭიშკართან იდგა და ყურძენს კრეფდა. ხელში დანა ეჭირა. ეს უბედურება რომ დაინახა, აზრადაც არ მოსვლია მისი გადაგდება, სად ჰქონდა მაგის თავი, მძღოლმა კი დანიანი კაცი რომ დაინახა, შეეშინდა და უკან უკან წავიდა, მერე კი პირდაპირ პოლიციაში მივიდა...

ის ადამიანი თავადაც ძალიან უბედურია - ასეთი ცოდვის ტარება ადვილი არ არის. ოჯახი არ ჩივის. რომ დაიჭირონ, ამით მაინც არაფერი გვეშველება, ხატია არ გაგვიცოცხლდება.

მერცხალივით გოგო იყო, თბილი, მეოჯახე, ქმარ-შვილს გადაყოლილი...

კარგი მეუღლე ჰყავდა, მშრომელი, ოჯახის მოყვარული. გიორგის სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ ოჯახს რომ არაფერი მოჰკლებოდა, თუ სადმე რამე სამუშაო გამოჩნდებოდა, ყველგან გარბოდა, არაფერს თაკილობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს მხარში ედგა...

- ხატიას ძმა რამდენი წლისაა?

- ნიკა 21 წლის არის. ახლახან მოიყვანა ცოლი. ყველას გვიხაროდა, მადლობა ღმერთს, ამ ობლად გაზრდილმა ბავშვებმა ასეთი კარგი ოჯახები შექმნესო და ერთ წუთში გაცამტვერდა ჩვენი სიხარული...

კახა ჭუმბურიძეს ჯერჯერობით არც ადვოკატი ჰყავს და არც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. დეტალების დაზუსტება შს სამინისტროს პრესსამსახურთან ვცადეთ. ნინო გიორგობიანის თქმით, მომხდარზე საქმე აღძრულია, მძღოლი დაიკითხა და საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, აღძრას თუ არა საქმე კახა ჭუმბურიძის წინააღმდეგ.

ახლა ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნებზეა დამოკიდებული. ამ მასალებით გაირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი იყო დამნაშავე თუ გარდაცვლილი.

ლალი პაპასკირი

თეა ხურცილავა