რატომ გამოსჭრეს ყელი ამნისტირებულ პატიმარს?! - კვირის პალიტრა

რატომ გამოსჭრეს ყელი ამნისტირებულ პატიმარს?!

ელგუჯა გელაძე: "ხელი გადავუგრიხე და თავისივე ხელით გავაყრევინე დანა თავის მუცელში"

გასულ კვირას გორის რაიონის სოფელ შინდისში 35 წლის მალხაზ მთვარაძე (ის პატიმრობიდან მაისში ამნისტიით გათავისუფლდა) მწყემსმა დანით დაჩეხილი იპოვა. მალე განზრახ მკვლელობის ბრალდებით მთვარაძის თანასოფლელი, 23 წლის ელგუჯა გელაძე დააკავეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. თუმცა ოჯახის წევრების მტკიცებით, მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა. დაკავებულისთვის ბრალის შემსუბუქებას ითხოვდნენ შინდისელებიც და ამ მოთხოვნით გორის ცენტრში შეიკრიბნენ. მოკლული ბრალდებულის ოჯახის დაყაჩაღებისთვის იხდიდა სასჯელს.

გუგული სურმანიძე, გელაძეების მეზობელი: - სოფელში მთვარაძის ყველას ეშინოდა, მთელი სოფელი აწიოკებული ჰყავდა. წლების წინ საშინლად აწამა გელაძეების ოჯახი. რომ გავიგეთ, მთვარაძე ციხიდან გამოვიდა, მთელი სოფელი დაიზაფრა. იმ დღეს მთვარაძე ელგუჯა გელაძეს გზაზე დახვედრია, შენი დედაო, შეუგინებია და დანა მოუქნევია. ელგუჯას წაურთმევია დანა და თავდაცვის დროს მოუკლავს.

სოფელ შინდისში მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს მივაკითხე. ბრალდებულის მამა, ზაქრო გელაძე 10 წლის წინ მომხდარ თავდასხმას იხსენებს: - 2003 წელს ღამის 3 საათზე დაგვესხნენ თავს. 10-12 კაცი იქნებოდა. მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. უფროს გოგონას ოქროს საყურეც კი ჩამოხსნეს. დანით საშინლად მაწამეს. ჩემი მეუღლეც დაჭრეს. მერე სარდაფში ჩამათრიეს, ხმაური რომ არ გაეგოთ მეზობლებს და წამება იქ გააგრძელეს, ქილებს მამტვრევდნენ თავზე. 1.700 ლარი და 300 დოლარი წამართვეს და მანქანა წაიყვანეს. ჩემი ოჯახის დაყაჩაღებამდე სოფელში არაერთი ოჯახი ააწიოკა ერთმა და იმავე ჯგუფმა. მათ შორის იყო მთვარაძეც.

ნანი ცერცვაძეს მეუღლე ყაჩაღებმა მოუკლეს: - საღამოს 11 საათი ხდებოდა, როცა ნიღბიანი გადაჭრილი თოფით სახლში შემოგვივარდა და მეუღლეს ესროლა. დაყვირება მოვასწარი, მეორე ოთახიდან ჩემი შვილი გამოვარდა, ნიღბიანმა ახლა მას ესროლა და გაიქცა. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მთელ ოთახში ჩემი შვილის ხორცის ნაფლეთები იყო მიმოფანტული, - ჭერზე, კედლებზე. ნაფლეთებად უქციეს ბიჭს მკლავი, დააინვალიდეს. მთვარაძემ 18 წლის წინ, ჩვენი ახლობელი, ჯარიდან ახალდაბრუნებული 19 წლის ბიჭი მოკლა. დაჭრილმა სიკვდილამდე მოასწრო თქმა, ფისომ მომკლაო. მთვარაძეს ჭრელი თვალები ჰქონდა და სოფელში ფისოს ეძახდნენ. ჩვენი დაყაჩაღების შემდეგ ჯერ ბაბილაშვილები, მერე გელაძეები დააყაჩაღა. როცა გავიგე, ციხიდან გამოუშვეს, თავზარი დამეცა. ჩემს გოგოს შეხვედრია და უთქვამს, თქვენს ოჯახთან კიდევ მაქვს ანგარიში გასასწორებელიო.

მკვლელობაში ბრალდებულ გელაძეს დაპატიმრების დროს პირობითი მსჯავრი ჰქონდა დადებული ავტოავარიისთვის. ამბობს, რომ მოკლული თავს დაესხა. "გზაში დამხვდა, დანა მომიქნია, დანიანი ხელი გადავუგრიხე და თავისივე ხელით გავაყრევინე მუცელში. ის ხელი მოვატეხე. რომ მოვკალი, დანა რამდენიმე მეტრზე მოვისროლე", - უთქვამს მკვლელობაში ბრალდებულს.

მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, მას სხეულზე ათეულობით ჭრილობა ჰქონდა. სავარაუდოდ, ბრალდებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ. როგორც შევიტყვეთ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და აღრიცხვაზეა.

ზაზა მთვარაძე, მოკლულის ძმა: - ძმის დასაფლავების საშუალებას არ მაძლევენ, მემუქრებიან, არ დაგაკრძალვინებთო. 10 წლის წინ გელაძეების ოჯახი დააყაჩაღეს და ამ საქმეს ჩემს ძმას აბრალებდნენ. მალხაზი დაიჭირეს, მაგრამ გაურკვეველი დარჩა, ვინ დააყაჩაღა ისინი. ჩემი ძმა იქ არ ყოფილა. მას ბევრი სხვა დანაშაულიც დააბრალეს. სასტიკად სცემეს და აღიარებინეს, რაც არ ჩაუდენია. გაუხსნელი საქმეებიც შეაწერეს და 13 წელი მიუსაჯეს. ამნისტია რომ შეეხო, 2 წელი ჰქონდა დარჩენილი... სულ შინ იყო, ნაკვეთში სამუშაოდ თუ წავიდოდა. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ნასვამი გელაძე მოვიდა და მითხრა, შენი ძმა აუცილებლად უნდა ვნახოო. ხვალ მოდი, ახლა სძინავს-მეთქი. არ მომეშვა, მძინარეს დაადგა თავზე, არ უჩხუბიათ, ილაპარაკეს, მეორე დღესაც ნახეს ერთმანეთი. ის ბიჭი ეჭვობდა, რომ ჩემი ძმა მათი ოჯახის დაყაჩაღებაში იყო გარეული.

ჩემი ძმის მკვლელი ფიზიკურადაც ძლიერი იყო, ჩემი ძმა კოჭლობდა, სულ 60 კილო იყო, ის კი 120 მაინც იქნება, ჩემს ძმას ცალი ხელითაც მოერეოდა. მალხაზს ყელი გამოჭრილი აქვს, მთელი სხეული კი დანით  დასერილი, მუცელშიც რამდენიმე ღრმა ჭრილობა მიუყენებია. სახე ისე აქვს დასერილი, თვალები ვერ დავუხუჭეთ. ცხედარი რამდენიმე მეტრზეა ნათრევი. ახლა იმის თქმა უნდათ, რომ თითქოს ჩემი ინვალიდი ძმა გელაძეს გაეკიდა. თანავუგრძნობ მკვლელის მშობლებს, ვის უნდა, შვილმა ასეთი რამ ჩაიდინოს, მაგრამ ისინი თუ იტყვიან, რომ ჩემი ძმა თავს დაესხა ან მათი შვილი შეურაცხადია, მაშინ მის მკაცრად დასჯას მოვითხოვ.

- თქვენს ძმაზე ერთი ქალი ამბობს, რომ მეუღლე მოუკლა და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც დაემუქრა მის ქალიშვილს. ამაზე რას იტყვით?

- თუ დაემუქრა, მაშინ რატომ არ განაცხადეს პოლიციაში? ახლა ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. ჩემს ძმას ერთი შემთხვევითი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი 19 წლის ასაკში. ძველით ახალი წელი იყო, ავტომატს ისროდნენ ბიჭები და მაშინ მისი ნასროლი ტყვია თანატოლს მოხვდა.

მშობლები ადრე გარდაგვეცვალა. ოთხი ძმა ვიყავით, მალხაზი ნაბოლარა იყო და ჩემი გაზრდილია. ჩვენ, მისი ძმები, პატიოსნად ვცხოვრობთ, ვერავინ იტყვის ჩვენზე ცუდს. მორწმუნე ვარ და ეკლესიაში ბერად აღკვეცას ვაპირებ. მივაბარებ ჩემს ძმას მიწას და დაველოდები სასამართლოს.

თეა ხურცილავა