"გვქონია შემთხვევა, როცა პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა" - კვირის პალიტრა

"გვქონია შემთხვევა, როცა პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა"

"ე. წ. მაყურებლის ინსტიტუტი კვლავ რჩება პრობლემად"

"ახლა მერაბიშვილს აქვს რუკა"

"ყველაზე მკაცრი იქნება ლაითურის ციხე"

"არ გამოვრიცხავთ, რომ ციხის მწამებლები სადმე შემოგვრჩნენ"

პატიმართა წამების ამსახველი სკანდალური ვიდეოფირის გავრცელებიდან წელიწადი გავიდა. შარშან სხვადასხვა ბრალდებით 24 000 კაცი იხდიდა სასჯელს, უმრავლესობა დღეს თავისუფალია, ამჟამად კი 9 000 პატიმარი იხდის სასჯელს.  რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, პატიმრები ციხიდან გვირეკავენ და თავიანთი გასაჭირის შესახებ გვიყვებიან - უმეტესად საქმეების გადახედვას ითხოვენ, თუმცა არიან ციხის ადმინისტრაციით უკმაყოფილონიც.

რა ვითარებაა დღეს დაწესებულებებში, რატომ უთვალთვალებენ პატიმრებს და როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას, ამ საკითხებზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია გვესაუბრება:

- სასჯელაღსრულების სისტემაში ურთულესი ვითარება დამხვდა. უამრავი პატიმარი ნაწამები, ტრავმირებული იყო, ჰქონდათ როგორც ფსიქიკური, ასევე ძვალსახსროვანი და სხვა დაავადებები და ამას ემატებოდა აგრესია. უმრავლესობა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, იყო საკადრო პრობლემაც.

დაახლოებით ასი საკანონმდებლო ცვლილება მოვამზადეთ მსჯავრდადებულების უფლებების დასაცავად; 50-მდე კანონქვემდებარე აქტი შევქმენით; გავამარტივეთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. აქამდე ციხეში რუკის ან სანთებელის შეტანა 3 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა.

- ვანო მერაბიშვილთან ადვოკატს რუკა არ შეატანინეს, ამას კანონი კრძალავდა?

- რომ შეეტანათ, 3 წლამდე პატიმრობა დაემუქრებოდა. ახლა მერაბიშვილს აქვს რუკა. სამაგიეროდ, არ შეიძლება პატიმარს სამართებელი ჰქონდეს, ამისთვის სასჯელი დავაწესეთ, რადგან ამით ხშირად თავს იზიანებენ და სხვებსაც აზიანებენ. ამ აკრძალვის შემდეგ ციხეში თვითდაზიანების შემთხვევამ გაცილებით იკლო. უახლოეს პერიოდში მსჯავრდადებულების კლასიფიკაციაც მოხდება.

- რის მიხედვით?

- მათი ქცევის, ცხოვრების წესის მიხედვით განისაზღვრება განთავსების საკითხი. ნაწილი  ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსდება, სადაც იქნება საგანმანათლებლო სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, სადაც დასაქმდებიან, გრძელი და მოკლევადიანი პაემნებისთვის საუკეთესო პირობები ექნებათ.

- ამ პრივილეგიით, ალბათ, მსუბუქი დანაშაულისთვის ბრალდებულები ისარგებლებენ?

- შეიძლება მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ აქ მოხვედრა დაიმსახურონ ცხოვრების წესით, ჩადენილის მონანიებით და ა.შ. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში ასეთი მსჯავრდადებულები განთავსდებიან.

- პატიმრებს კატეგორიებად თანამშრომლები დაყოფენ? ეს ხომ არ გახდება კორუფციის წყარო?

- პატიმრებს დეპარტამენტის მულტიდისციპლინური ჯგუფი შეარჩევს. ამჟამად მსჯავრდადებულის ტიპს მე, დეპარტამენტის უფროსი განვსაზღვრავ, რაც არასწორია, რადგან მე არა ვარ კომპეტენტური. მულტიდისციპლინურ ჯგუფში კი იმუშავებენ უსაფრთხოების, რეჟიმის თანამშრომელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექიმი, სოციალური მუშაკი და ისინი გადაწყვეტენ, სად უნდა განთავსდეს ესა თუ ის პატიმარი.

ყველაზე მკაცრი იქნება ლაითურის ციხე, სადაც დახურული სისტემაა. იქ მოხვედრილ პატიმრებს გრძელვადიანი პაემნის უფლება არ ექნებათ. მაღალი რისკის  პატიმრები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან და მათ ხმას მეორე საკანში მყოფი ვერ გაიგებს. ასევე იქნება ცალკე დაწესებულება საშუალო რისკის მქონე პატიმრებისთვის.

- ბევრი პატიმრისგან მსმენია, რომ საკანში ფსიქიკურად დაავადებულებთან ერთად არიან.

- მათი განცალკევება ვერ მოხერხდება, სანამ რამდენიმე პილოტური დაწესებულება მაინც არ გაკეთდება. სანამ სპეციალური დაწესებულება გაიხსნება, ვფიქრობთ, ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანოთ.

- ბევრი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი გყავთ?

- დაახლოებით 400 კაცი. მათგან 30-40 პატიმარს მძიმე ფსიქიკური პრობლემა აქვთ, მაგრამ მათ დასკვნაში შეურაცხადი არ უწერიათ. კიდევ ერთი ნაწილი პერიოდულად ხდება ცუდად და საშიშია საზოგადოებისთვის. არის ასევე სიმულაციის შემთხვევებიც. მომავალში რუსთავში, ამჟამინდელ ქალთა დაწესებულებაში მოთავსდებიან ფსიქიკურად დაავადებულები. იქ იქნება ოთხი კორპუსი, სადაც პატიმრებს დაავადების სიმძიმის მიხედვით განვათავსებთ.

- ხშირად პატიმრები პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებას იყენებენ, რატომ მიმართავენ ასეთ უკიდურეს ფორმას?

- როცა პირი თვითდაზიანებას მიმართავს, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს. გვქონია შემთხვევა, როცა პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა, საკუთარ ხორცს იჭრიან, მარილს აყრიან და ჭამენ; ერთმა სასქესო ორგანოც დაიჭედა, მეორემ თითი მოიჭამა. პირის ამოკერვასა და სხვადასხვა საგნის გადაყლაპვაზე აღარაფერს ვიტყვი.

- ძირითადად,  რა პრეტენზიებს გიყენებენ პატიმრები?

- ზოგს საკნის გამოცვლა უნდა, ზოგს სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. ნაწილი ვადამდე პირობით გათავისუფლებას ითხოვს, ზოგს სამეურნეო ნაწილში ჩარიცხვა სურს. ხშირად ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მიმართავენ თვითდაზიანებას. მაგალითად, ქსნის კოლონიაში პატიმარი კანს ითლიდა, მარილს აყრიდა და ჭამდა. მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ შერაცხადია. ასეთი პირები უმეტესად ძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს (გაუპატიურება, ყაჩაღობა, მკვლელობა). ბევრი ლითონის საგნებს ყლაპავს. მაგალითად, ამის გამო ერთი და იგივე პატიმარი ხუთჯერ და მეტჯერ გვყავს გაყვანილი საოპერაციოდ.

- ვანო მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია კანონმორჩილი პატიმრები არიან?

- ისინი არ არღვევენ წესებს. დაცულები არიან სხვა პატიმრებისგან. ვანო მერაბიშვილი კმაყოფილია ადმინისტრაციის მოპყრობითაც და მისგან სამადლობელი წერილებიც გვაქვს მიღებული.

- ბევრი პატიმარი ამბობს, რომ ციხეებში ისევ მუშაობენ მათი მწამებლები.

- უმრავლესობა გათავისუფლებულია, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთეულები სადმე შემოგვრჩა. ჩვენ ვთხოვთ ყველა მსჯავრდადებულს, თუ აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, მოგვაწოდონ. იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე პატიმარმა მოილაპარაკა და ჩვენს თანამშრომელზე თქვა, ცუდად გვექცევაო, მაგრამ არ დადასტურდა. ამიტომაც ყველა ინფორმაციას დეტალურად შევისწავლით, რომ არ შევცდეთ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა პატიმრებმა ციხის თანამშრომელში ამოიცნეს მწამებელი. ხშირად უმსგავსო ქმედებებში ხელმძღვანელობა პატიმრებსაც იყენებდა და არ არის გამორიცხული სწორედ ასეთ პატიმრებზე იძიონ შური, თუნდაც ციხის გარეთ.  არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, გათავისუფლების შემდეგ შურს ვიძიებთ მეგის ქარდავასა და სხვებზეო.

- ციხეშიც არის პატიმრებს შორის დაპირისპირება?

- რა თქმა უნდა, ციხეშიც არის დაპირისპირება, ჩხუბი - 203 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დაწესებულებაში ჩადენილ დანაშაულებზე.

- როგორც ვიცი, ყველაზე მძიმე იყო ლევან კორტავას საქმე. თქვენი თანამშრომლებიც იყვნენ გარეული მის მკვლელობაში და იყო იმის მცდელობაც, რომ დანაშაული დაფარულიყო. ითქვა, კიბიდან დაგორდაო.

- კორტავას სიცოცხლე პატიმრებს შორის დაპირისპირებამ შეიწირა. ადმინისტრაციამ ვერ შეძლო მისი სიცოცხლის დაცვა, გულგრილად მოეკიდა ამ საკითხს. საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. თავიდან იყო დანაშაულის დაფარვის მცდელობა. აქტიურ ფაზაში, მაქსიმალური ძალისხმევით დავეხმარეთ გამოძიებას, რომ დაფარული არაფერი ყოფილიყო.

- არ შემიძლია, არ გავიხსენო პატიმარ გივი კუბლაშვილის საქმე. საოპერაციოდ გამზადებული პატიმარი ბადრაგმა ისევ საკანში დააბრუნა(!).

- კუბლაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მედპერსონალს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს. ამის შესახებ არსებობს დოკუმენტები და ოქმები. ამ საკითხზე ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ჩვენი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა მას და სხვა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. კუბლაშვილი "ავერსის" კლინიკაში, პროფესორ ქუნთელიასთან გადაიყვანეს და 4 სექტემბერს ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ პოსტოპერაციულ გასინჯვაზე ორჯერ გაიყვანეს.

- ჩვენ ვიცით, რომ ჩაის მოთხოვნის გამო შეექმნა პრობლემები ბადრაგთან, როგორც ამბობდა, თითქოს ბადრაგი ემუქრებოდა, ახალაიას დროს გაგახსენებო.

- დებოში მან დაიწყო. არც ახალაია უხსენებია არავის. თუ 6.500 პატიმარს გაუკეთდა ოპერაცია ისე, რომ პრობლემა არ შეჰქმნიათ, რატომ შეექმნებოდა მას? არიან პატიმრები, რომლებიც ყურადღების მისაქცევად აკეთებენ ამას.

- როგორც ამბობენ, ციხეში ისევ გააქტიურებულან ქურდები, ისევ დაწყებულა "ობშჩიაკის" შეგროვება.

-  ე. წ. მაყურებლის ინსტიტუტი კვლავ რჩება პრობლემად.  მათთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი მალე ამოქმედდება, მსჯავრდადებულების კლასიფიკაციის შემდგომ ისინი უმკაცრეს რეჟიმში იქნებიან.

- ყველა კოლონიას რომ ჰყავს მაყურებელი, ამას ადასტურებთ?

- ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას ჰყავს. ამ სუბკულტურის სრულად მოსპობა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მის დასუსტებას. ამ პატიმრებთან ძალის გამოყენება უშედეგო იქნება, მეტ აგრესიას მივიღებთ. რაც შეეხება "ობშჩიაკის" შეგროვებას, ასეთი ინფორმაცია არა გვაქვს. სამაგიეროდ იყო, მაგალითად, ე. წ. "აბსლუგას" (მომსახურეების) პრობლემა, მომსახურებისთვის ისინი პატიმრებს ართმევდნენ სიგარეტს, სატელეფონო ბარათებს... ამიერიდან მათ სახელმწიფო ოფიციალურად გადაუხდის ხელფასს მომსახურებისთვის.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა დაწესებულებაში იქნება სასულიერო პირი. ვფიქრობთ, ეს ინსტიტუტი დიდ როლს შეასრულებს პატიმრების სწორ გზაზე დაყენებაში.

-  დიდი ხმაური მოჰყვა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეომასალის გავრცელებას. ამ ფაქტზე პროკურატურამაც დაიწყო გამოძიება. რამდენად სამართლიანი და კანონიერი იყო ეს მიყურადება?

- პატიმრობის კოდექსი არეგულირებს მსჯავრდადებულთა და ბრალდებულთა უსაფრთხოების საკითხებს. სწორედ ეს კანონი ითვალისწინებს როგორც ვიზუალურ, ისე ელექტრონულ მეთვალყურეობას.

- თვლით, რომ ეს კანონიერი იყო?

- ამას ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსი, კანონიერებასა და სამართლიანობაზე შეფასებას გამოძიება გააკეთებს.

თეა ხურცილავა