მოძალადე კანონების ტყვეობაში?! (თემის გაგრძელება) - კვირის პალიტრა

მოძალადე კანონების ტყვეობაში?! (თემის გაგრძელება)

"ჩვენი სხვისი შვილები" - რას ნიშნავს იუვენალური იუსტიცია

"დღევანდელი ტენდენციების პირობებში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე ძლივს გასტანს"

გლობალიზაციის მკვლევართა ერთი ნაწილის ვარაუდით, თანამედროვე უფლებადამცველებმა, შესაძლოა, მალე დავით გურამიშვილიც შეაჩვენონ არასრულწლოვანზე ძალადობის "წახალისებაში", - ამის მიზეზი გახდება "ქართლის ჭირის" ცნობილი სტრიქონები: "ნუ გენაღვლების სწავლაზედ/ ყრმის წკეპლის ცემით კივილი,/ მალ გამთელდების უწამლოდ/ მისი წყლულების ტკივილი..."

ანტიგლობალისტების თქმითვე, უახლოეს მომავალში გამძაფრდება ბრძოლა ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების, კერძოდ, ოჯახური ინსტიტუტისა და აღზრდის სისტემასთან, ამ საქმეში კი განსაკუთრებულ როლს ე.წ. იუვენალური იუსტიცია და არასამთავრობო სექტორი ითამაშებს(!). დაინტერესებული ძალები მოზარდთა უფლებების დაცვის მოტივით შექმნილი კანონებით მშობლებს დააშანტაჟებენ, მშობლის უფლებასა და შვილებს ჩამოართმევენ და მათ აღსაზრდელად სხვა ოჯახებს ან ორგანიზაციებს გადასცემენ(!).

გლობალიზაციის მკვლევარი ზვიად ირემაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში იუვენალური იუსტიციის საკითხების დამუშავება, მშვიდად, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის ფონზე მიმდინარეობს და ხალხმა არაფერი იცის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

ზვიად ირემაძე: - აუცილებელია ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახდეს პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს შესწორებას კანონში: "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში არასამთავრობო სექტორის ჩართვას. პარლამენტარ გუგული მაღრაძის ინიციატივით კი კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში არასამთავრობო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას.

- რა საფრთხის შემცველია ეს და რას გულისხმობს იუვენალური იუსტიცია და ვინ, რატომ და როგორ წამართმევს შვილს?

- იუვენალური იუსტიციის ტექნოლოგიები გულისხმობს მოზარდთა უფლებების დაცვას ოჯახში. თქვენს შვილს მაგალითად, სკოლაში გააკონტროლებს მანდატურის ტიპის სოციალური მუშაკი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი, რომელსაც დავალებული ექნება, გამოიკვლიოს თქვენი ოჯახური მდგომარეობა (ფინანსური, სოციალური) და შვილთან დამოკიდებულება. საკმარისია, ბავშვმა უამბოს, როგორ დასაჯეთ აკრძალული ლიტერატურის წაკითხვის ან კომპიუტერში გართობის გამო, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის ორგანოებს და სასამართლოს ძალით დედობის უფლებასა და შვილს ჩამოგართმვენ. მათი დაბრუნებისთვის ბრძოლა მხოლოდ ევროპის სასამართლოში შეგეძლებათ, რადგან იუვენალური იუსტიცია გაეროს პროექტია და იმ ქვეყნებში, სადაც ის უკვე მოქმედებს (მაგალითად, უკრაინაში, რუსეთსა და ფინეთში), ადგილობრივ სასამართლოებს მხოლოდ ჩამორთმევის საკითხის განხილვის უფლებამოსილებას ანიჭებს. არ არის გათვალისწინებული, თქვენ ფინანსურად შეგიძლიათ თუ არა ევროპის სასამართლოში ბრძოლა.

- არ შიშობთ, რომ თქვენს ვარაუდს მძიმე ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს საზოგადოება?

- ერთი შეხედვით შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ ჩემი მოსაზრებები ეყრდნობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც უკვე მოქმედებს იუვენალური იუსტიციის ტექნოლოგიები.

უკრაინაში, რუსეთსა და ფინეთში უკვე ათეულათასობით ბავშვი მოსწყვიტეს ოჯახებს.

უკრაინის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით: 2008 წელს 14 800 მოზარდი დააშორეს მშობლებს და იმის გამო, რომ თურმე ადგილობრივ უპატრონო ბავშვთა სახლებს არა აქვთ დაფინანსება, მათ ოფიციალურად აშვილებენ ევროპაში.

- საქართველოში, სადაც ოჯახის კულტია, წარმოგიდგენიათ, რომ მსგავსი კანონის მიღებას დაუშვებს ვინმე?

- მე არ ვამბობ, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება პარლამენტში, სწორედ იმ სისტემას დაამკვიდრებს, რაც უკვე არსებობს იუვენალური იუსტიციის მქონე ქვეყნებში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ეტაპობრივად მოხდეს ცვლილებები. დააკვირდით, რას აკეთებენ რელიგიური მისიონერები თუნდაც აჭარის მთიანეთში. ეძებენ სოციალურად ხელმოკლე, მრავალშვილიან ოჯახებს და მათ სთავაზობენ კარგ მომავალს, ბავშვების სასწავლებლად წაყვანას უცხოეთში, სადაც ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებიან და მოგვიანებით დასაქმდებიან კიდეც. ცხადია, სწავლის დასრულების შემდეგ ის ბავშვები გახდებიან იმ იდეოლოგიის მიმდევრები, რომლითაც აღიზრდებიან განათლების მიღების დროს. საჭიროების შემთხვევაში კი სწორედ იმ ძალის დასაყრდენი გახდებიან, რომელმაც მათი მომავალი უზრუნველყო. ეს პროცესი ხომ დღეს მშვიდად, წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობს? დაინერგება იუვენალური იუსტიციის ტექნოლოგიებიც. სკოლაში სულაც რომ არ იმუშაოს სოციალურმა მუშაკმა და რეგიონებში, მივარდნილ რაიონებში დაიწყოს ოჯახების მონიტორინგი, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდებათ ისეთი ბავშვების ნახვა, რომელთა უფლებებიც ირღვევა თუნდაც იმის გამო, რომ მშობლებს უჭირთ და ვერ უზრუნველყოფენ შვილების რიგიანად კვებას, განათლებას ვერ აძლევენ და ა.შ.?

ოჯახებს ჩამოართმევენ ასეთ ბავშვებს და არავინ იცის, რა სულისკვეთების ოჯახებში ან რა იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან. იუვენალური იუსტიციის გამო ოჯახი დილემის წინაშე დგება, ის იძულებული ხდება, შვილის დამღუპველ ხუშტურებზე იაროს, რომ არ წაართვან მშობლის უფლება.

ბავშვებს ტვინს გამოუჭედავენ ვითომ მათი უფლებების დამცველი ინფორმაციით და წააქეზებენ, რომ არ დაინდოს დედა ან მამა, რომელიც ძალადობას დააპირებს. წარმოიდგინეთ გაცხარებული მოზარდი, რომელიც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით  კონფლიქტურია, მშობლის დარიგებაზე რეაგირებს, როგორც თავისი უფლებების შელახვაზე და მიმართავს სამართალდამცველ ან არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს უკანასკნელი კი იწყებს ბავშვის უფლებების "დაცვას". რა გარანტია გვექნება, რომ ბავშვი, რომელიც კანონებსა და უფლებებში კი არა, ამ ასაკში საკუთარ გრძნობებშიც ვერ ერკვევა რიგიანად, შეძლებს ერთმანეთისგან გამიჯნოს დეფინიციები: მშობელი-აღმზრდელი, მშობელი-მრჩეველი და მშობელი-კრიმინალი?

- თქვენ ფიქრობთ, რომ არასამთავრობო სექტორი ბავშვში მოძალადე მშობლის მამხილებელს წააქეზებს, რომელიც ბავშვური ჭირვეულობისთვის დატუქსვასაც ძალადობად მიიჩნევს?

- მერწმუნეთ, ეს საფრთხე რეალურია. არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას ამართლებს მათთვის მნიშვნელოვანი სპეციფიკის პრობლემების არსებობა. თუ არ არის პრობლემა, შესაბამისად, არ არის საჭირო მისი მოგვარების მეთოდების შემუშავება, არც ფული არ გამოიყოფა არაფრისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციაც არავის სჭირდება. ამიტომაც არსებობენ პრობლემების ხელოვნურად წამხალისებელი ორგანიზაციები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, ფინანსური ინსტიტუტების დოტაციით ირჩენს თავს და ლოგიკურად დამფინანსებელი მართავს, რომელიც სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას. დღეს ყველაზე აქტიურად და აგრესიულად ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგია ვრცელდება, რომელიც ებრძვის ეკლესიასა და ოჯახს, როგორც ტრადიციული საზოგადოების უმთავრეს დასაყრდენს.

ამ იდეოლოგიის პროპაგანდისტებისთვის მიუღებელია საპირისპირო განწყობის მქონე საზოგადოების ნაწილის ქცევა და პოზიცია.

იუვენალური იუსტიცია მშობლებისაგან მოითხოვს შვილებისათვის სრული თავისუფლების მინიჭებას. მშობლები ვალდებული არიან დააკმაყოფილონ მათი ყველა თხოვნა. მშობლებს არა აქვთ უფლება, განსაზღვრონ შვილების სექსუალური ორიენტაცია. ირღვევა ღვთის მიერ დადგენილი ოჯახური იერარქია. ამ კანონის ერთ-ერთი გამოვლინებაა აშშ-ის რამდენიმე შტატის სკოლებში მესამე ტიპის ტუალეტების გახსნა, რომლებშიც შეუძლიათ იარონ როგორც გოგონებმა, ისე ბიჭებმა. წარწერები „M“ და „W“, თურმე, დისკრიმინაციაა იმ ადამიანისა, რომელიც თავს „სხვად“ მიიჩნევს(?!).

ბრიტანული კომპანია СAN elsen-ი 41 ქვეყანაში წარმოებული გამოკითხვის შემდეგ ასკვნის, რომ დღევანდელი ტენდენციების პირობებში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე ძლივს გასტანს.

- შემაშფოთებელ სურათს ხატავთ, თუმცა ხომ შეიძლება ბავშვი მართლაც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდეს ოჯახში. საქართველოში დღეს რა იცავს ბავშვს ასეთი ძალადობისგან?

- კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამბობს, რომ„სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას, ხოლო მე-3 პუნქტი აღნიშნავს, რომ „დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. თუ მსგავსი რამ ხდება, ეს კრიმინალია და უკვე სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩაერთონ.

მედიცინა, პედაგოგიკა, სოციოლოგია და სხვა დარგები მეცნიერეულად ასაბუთებენ, რომ ბავშვი ფიზიოლოგიურად და ფსიქიკურად სულფასოვნად ვითარდება მხოლოდ ტრადიციულ ოჯახში, რომელიც დადგენილია ღვთის განგებით. განსხვავებულ შემთხვევებში რისკ-ფაქტორი იმისა, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ასოციალურ, დანაშაულისკენ მიდრეკილ, სექსუალურად გადახრილ პიროვნებად, განუზომლად იზრდება. ოჯახში ძალადობა, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდებოდა. მას ჰქონდა და აქვს დანაშაულის კვალიფიკაცია. თუ მშობელი სცემს ან კლავს შვილს, ის პასუხს აგებს. თუ ჩვენ გვინდა, აღზრდის პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა ვიზრუნოთ მშობლის ინსტიტუტის განვითარებაზე და არა იმაზე, რომ ვინმეს, გარეშე პირს კანონით ჰქონდეს მინიჭებული ზედმეტი უფლებები. მივიჩნევ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს საზოგადოებამ.