"რა დავუშავე პოლიციას, რომ ნეკნები დამიმტვრიეს"
14-10-2013
"რა დავუშავე პოლიციას, რომ ნეკნები დამიმტვრიეს"
"ვერ გამიგია, სამართლისთვის ბრძოლა რატომ აღიქმება ვინმეს მხარდაჭერად?"

"თუ ერთი ადამიანი მაინც იტყვის, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერი ვიყავი, სახალხოდ მოვიხდი ბოდიშს"

"დათო "ნაციონალებმა" გამოიყენეს და მიამიტურად წამოეგო მათ ანკესზე"


ხელისუფლების ცვლის შემდეგ შს სამინისტროს კვლავაც აკრიტიკებენ. ყოფილი ხელისუფლების წევრებმა არაერთხელ სცადეს ამ უწყებით მანიპულირება. სწორედ ასეთ საკითხად აღიქმება მოქალაქე დავით კაპანაძის საქმეც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქე კაპანაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ნაციონალური მოძრაობის"
წევრებმაც არ დააყოვნეს, ნეკნებდამტვრეულ მოქალაქეს შინ კამერებით მიადგნენ და ღარიბაშვილის უწყების ლანძღვა-გინება მთელ საქართველოს მოასმენინეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ კაპანაძის ცემის ფაქტს შსს უარყოფს. პრესსამსახურის განცხადებით, სინამდვილეში კაპანაძე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის პოლიციამ ნარკოლოგიურ კლინიკაში მიიყვანა და ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს
დავუკავშირდით, თუმცა ლაშა ცნობილაძესთან, რომელიც გენინსპექციის თანამშრომელია, გასაუბრება ვერ მოხერხდა.

დავით კაპანაძე, დაზარალებული: - 147-ე სკოლაში ქორეოგრაფად ვმუშაობ. ჩემამდე თამაზ ჟორჟოლიანი მუშაობდა, რომელმაც დაბრუნება გადაწყვიტა. ამის გამო ვიკამათეთ. როგორც ჩანს, ჩვენი კამათის შესახებ ჟორჟოლიანმა ვიღაცებს აცნობა... ნახევარ საათში ტელეფონზე მამაკაცმა დამირეკა და ლაშა ცნობილაძედ, თამაზ ჟორჟოლიანის სიძედ გამეცნო. შეხვედრა მთხოვა, თუმცა ორი დღე აღარ დამკავშირებია. მესამე დღეს ღამის 10 საათზე მთვრალმა დამირეკა და გინება დამიწყო, უნდოდა სადმე შევხვედროდი. ვუთხარი, როცა გამოფხიზლდები, თავად დაგირეკავ-მეთქი.

- როგორც გავარკვიე, მერე თქვენც დაურეკეთ და აგინეთ...
- ამას არც ვმალავ... მითხრა, შევხვდეთო და მეც დავთანხმდი. თავიდან მარტო მოვიდა, მერე უკან მიიხედა, ვიღაცას ხელი დაუქნია და წამში 20-ზე მეტი მამაკაცი შემომესია. მანქანაში მტენიდნენ. გავუძალიანდი. ცნობილაძე ზურგიდან მომადგა და წიხლი ჩამარტყა ფერდებში. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მანქანაში...

- როცა ქვეგანყოფილებაში გადაგიყვანეს, ისევ გცემეს?
- თავში მირტყამდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, გასწორდი და ისე შედი შენობაშიო. ცნობილაძე ცემის დროს ხომ მახსენებდა ჩემი და მისი სიმამრის საქმეს, პოლიციაშიც განაგრძო საქმის გარჩევა.

- ოფიციალური განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაგიმტკიცდათ.
- ვერ დავმალავ, მართლა მქონდა მიღებული რაღაც ნარკოტიკული ნივთიერება. თუმცა იმას ვერავინ იტყვის, რომ მომხმარებელი ვარ. მთავარი ის არის, რა დავუშავე პოლიციას იმის ფასი, რომ ნეკნები დამიმტვრიეს. თუ ნარკოტიკის მოხმარებისთვის დამაკავეს, რატომ არ მითხრეს ეს, რად უნდოდა ჩემს დაკავებას მთელი ოცეული? ეს იყო ცნობილაძის ჩაწყობილი ოპერაცია.

- 112-ზე როდის დარეკეთ?
- როგორც კი პოლიციიდან წამოვედი, გამოვიძახე სასწრაფო დახმარება. ვეღარ ვმოძრაობდი. ამის ნახვა შეიძლება, ამოიღონ ჩანაწერი და მიხვდებიან, რომ სხვაგან ჩხუბს ვერ მოვასწრებდი.

- საქმე ის არის, რომ მათ კი არ უთქვამთ, რომ სხვაგან იჩხუბეთ, თავად გაქვთ ხელი მოწერილი ასეთ ჩვენებაზე.
- როცა საავადმყოფოდან პოლიციაში მიმაბრუნეს, ისევ დამიწყეს ლანძღვა და დამუქრება. მეკითხებოდნენ, ვაპირებდი თუ არა ჩივილს. ტკივილი, ფსიქოლოგიური სტრესი... საშინელებაა. ყველაფერს ვიტყვი, ოღონდ გამიშვით-მეთქი. კიბეზე დაგორების იდეა მე თავად შევთავაზე, მაგრამ იუარეს, ეგ უკვე გაშიფრულიაო. თქვი, პოლიციიდან რომ წამოვედი, გზაში უცნობი პირები დამხვდნენ და მცემესო. საავადმყოფოში კი იმიტომ თქვი, პოლიციამ მცემაო, რომ ჯარიმის გადახდა არ გინდოდაო. ეს დაწერეს და ხელი მოვუწერე.

- მწოლიარე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოგინახულეს?
- ირაკლი დვალი საკრებულოს წევრი "ნაციონალების" მხრიდან და ჩემი ბავშვობის მეგობარია. შემომთავაზა, საიასა და ჟურნალისტების მოყვანა. მოსულიყვნენ "ქართული ოცნების" წევრებიც, ერჩიათ, იქნებ "ნაციონალების" მახეში არც გავბმულიყავი. ნამდვილად გამომიყენეს, რაც ძალიან მადარდებს, მაგრამ ვერ გამიგია, სამართლისთვის ბრძოლა რატომ აღიქმება ვინმეს მხარდაჭერად? თუ ერთი ადამიანი მაინც იტყვის, რომ ან "ნაციონალების" მხარდამჭერი ვიყავი, ან ნარკომანი ვარ, სახალხოდ მოვიხდი ბოდიშს.

ქორეოგრაფი თამაზ ჟორჟოლიანი: - კაპანაძე სულ ორჯერ მყავს ნანახი. ერთხელ ავუხსენი, რომ სკოლაში მუშაობა გვინდოდა. სხვა არაფერი მომხდარა.

- თქვენი სახელით დაჰკავშირებია ვინმე ლაშა ცნობილაძე, რომელსაც უთქვამს, ჩემი სიმამრიაო და საქმის გარჩევა მოუნდომებია.
- არ ვიცი, ვინ არის ლაშა ცნობილაძე. მე ჩემს შვილთანაც არა მაქვს ახლო ურთიერთობა. მეორე ოჯახი მყავს. ჩვენი ოჯახის სიძე ია ფარულავას ძმა იყო, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა.

- ცნობილაძე რატომ ლაპარაკობს თქვენი სახელით და თავს თქვენს სიძედ რატომ ასაღებს?
- თამაზ ჟორჟოლიანი მე ხომ არა ვარ მარტო. სად მცალია საქმეების გასარჩევად.

- არ გიცდიათ მისი მოძებნა?
- თავად გაარკვიეთ, მე ვთქვი, რომ არ ვიცნობ ლაშა ცნობილაძეს.
ამის შემდეგ 147-ე სკოლაში გადავინაცვლეთ, სადაც მასწავლებლებში კაპანაძის პიროვნების შესახებ გამოვიკითხეთ. გავესაუბრეთ მეზობლებსაც და ინციდენტის რამდენიმე თვითმხილველიც აღმოვაჩინეთ. კაპანაძეს ყველა დადებითად ახასიათებს. არც მისი ნარკომანობის ამბავი სმენიათ და არც "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერობა.

მარიკა მირაშვილი, მეზობელი: - ბიჭები იყვნენ ეზოში შეკრებილი, მათ შორის დათოც იყო. მისი ყვირილი გავიგონე. ვიღაცას ტელეფონზე ეჩხუბებოდა. ბოლოს ვიღაცას უთხრა, მნახეო. ამის შემდეგ მოვიდნენ ვიღაც ბიჭები, ზოგი ფეხით, ზოგიც მანქანით. რაღაც ქორეოგრაფების საქმეს არჩევდნენ. ბოლოს ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩატენეს დათო წიხლებით მანქანაში. ეტყობა, მაშინ დაუმტვრიეს ნეკნები. "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვარ ამ უბანზე. ყავარჯნებით დავდივარ და დათო ჩემი მარჯვენა ხელია. "ნაციონალობის" გარდა ყველაფერი შეიძლება დააბრალო...
ირაკლი შალიბაშვილი, "ქართული ოცნების" დიღმის მასივის შტაბის წევრი: - დათო დაიჭირეს თუ არა, იმ წუთშივე გამოვედით... როგორც გვითხრეს, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.

- კაპანაძე წუხს, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაინტერესებულხართ მისი ამბით. სამაგიეროდ, დაინტერესდა "ნაციონალური მოძრაობა".

- ზონის კოორდინატორმა დაურეკა და ესაუბრა. რჩევა რად უნდოდა? არ შეეშვა სახლში ეგ ხალხი და ეს იქნებოდა. დათო "ნაციონალებმა" გამოიყენეს და მიამიტურად წამოეგო მათ ანკესზე.

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: - კაპანაძე დეტალურად მომიყვა, რაც მოხდა. გასაგებია, რომ ერთ წელიწადში უტოპიურია უწყების ფუნდამენტურად გარდაქმნა, მაგრამ დღემდე იჩქმალება ფაქტები, რაც უწყების გამჭვირვალობას საეჭვოს ხდის. ამ საქმის გამოძიებას პროკურატურას ვთხოვთ, რადგან ვფიქრობთ, შსს ვერ იქნება ობიექტური.

უტა ბიწაძე
Data afrasidze
23 ოქტომბერი 2013 12:34
ძაღლებოო!!! ვერ შეიგნეთ თქვე დუპლეტებო რომ ხელფეხით კი არა კანონით უნდა იხელმძღვანელოდ.
koba
15 ოქტომბერი 2013 23:19
დაუსჯელობამ გახადა ხალხი ასეთი ველური და ესენიც ასე აგრდელებენ.როცა პოლიციელი არ ისჯება კანონის დარღვევისთვის, ის ძალიან საშიში ხდება.ღარიბაშვილი ასე აპირებს პოლიციის გამოსწორებას?
nene
14 ოქტომბერი 2013 21:07
იმ კაცების კაცობა რა ვთქვი 20 ვითომ კაცი ერთს რომ ცემს.ამაზრზენია ეს ყველაფერი, ამაზრზენი,

რედაქტორის რჩევით