"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა!"
14-10-2013
"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა!"
სოზარ სუბარი: "ოჯახის მერე მომხდარს ჩემზე მეტად არავინ განიცდის"

"არ ვმალავთ, რომ "მაყურებლების" ინსტიტუტი დაგვხვდა და მისი უცებ აღმოფხვრა შეუძლებელია"

თენგიზ ძველაია: "შვილის დაკრძალვა ძალიან მინდა, მაგრამ არ მინდა, ექსპერტიზისთვის ამოსათხრელი გამიხდეს"

"ისე ძლიერად დაარტყა, რომ იმ მაყურებელს ყბა გაუტეხა"


გოგა ძველაია ქუთაისის მე-2 საპყრობილეში, საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. არასრულწლოვანი ამ საპყრობილეში უკვე მეორედ შებრუნდა. მიმდინარე წლის 28 აგვისტოს სააკაშვილმა ქურდობაში ბრალდებული შეიწყალა. ერთ თვეში გოგა ისევ ქურდობის ბრალდებით დააკავეს... სასამართლომ
მას 5.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა გირაოს გადახდამდე ძველაია საპატიმროში უნდა დარჩენილიყო. განაჩენის გამოტანის შემდეგ 24 საათიც არ იყო გასული, რომ პატიმარი საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

შვილზე წარსულ დროში საუბარი გოგას დედას ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დამთანხმდა: - მეორე კლასში იყო, მანქანა რომ დაეჯახა. მკვდარი მეგონა,
მაგრამ უფალმა გადამირჩინა, თუმცა უკვე შერყეული ჯანმრთელობით... გარდატეხის ასაკში დაუმორჩილებელი გახდა. მასწავლებლებს პრობლემებს უქმნიდა და მეცხრე კლასიდან გამოვიყვანე. უნდოდა სამხედრო აკადემიაში ესწავლა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებისას გაირკვა, რომ თავის ტრავმის შედეგად ცალ თვალში მხედველობის პრობლემა ჰქონდა და უარი უთხრეს. ამის მერე ვეღარ ვაკონტროლებდი. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 22 დღე მკურნალობდა. დამშვიდდა, მამამისს ეხმარებოდა, ხან ჩემს ძმას დაჰყვებოდა სამარშრუტო ტაქსიზე. მერე დაიჭირეს... ახლა, 4 ოქტომბერს რომ დაიჭირეს, სასამართლოზე ვნახე. მერე ციხიდან დამირეკა, აქ არ დამტოვოო.

თენგიზ ძველაია, გოგას მამა: - პირველად რომ დაიჭირეს, ნასვამი იყო, "მარშრუტკიდან" ტელეფონი აიღო და შეყვარებულს დაურეკა. მძღოლმა კი პატრული გამოიძახა. ტელეფონი 25 ლარად შეაფასეს. მაშინაც გირაო შეუფარდეს - 5.000 ლარი, მაგრამ ვერ გადავიხადეთ. ჩემი მეუღლე სახაჭაპურეში მუშაობდა, დღეში 3-4 ლარს უხდიდნენ და რა უნდა გაგვეკეთებინა?! ერთი წელი მიუსაჯეს. მერე პრეზიდენტმა შეიწყალა. ციხიდან გამოსვლამდე სამი დღით ადრე ქუთაისის მე-2 საპყრობილეში ე.წ. მაყურებელთან ჩხუბი მოუვიდა. მითხრა, პირს ვიბანდი, უკნიდან ვიღაცამ პირსახოცი დამარტყა, ჩქარა ქენიო. რომ მივტრიალდი, მოქნეული პირსახოცი თვალში მომხვდა, ძალიან მეტკინა და ისე, რომ არც კი დამინახავს, ჩემ წინ ვინ იდგა, ძლიერად მოქნეული ხელი სახეში დავარტყიო. ისე ძლიერად დაარტყა, რომ იმ მაყურებელს ყბა გაუტეხა. თავადაც ხელი ჰქონდა მოტეხილი. ორივეს ოპერაცია გაუკეთეს, გოგას ხელში რკინა ჩაუდგეს... ისე გამოვიდა ციხიდან, ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. მეორედ რომ დაიჭირეს, მითხრა, ქუთაისის ციხეში ის მაყურებელი ისევ არის და შემომითვალა, მოგკლავო. ვუთხარი, გირაოს თანხას მოვაგროვებ-მეთქი. გოგა სენაკიდან ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. ვთხოვე, სენაკში დაეტოვებინათ ან თბილისში გადაეყვანათ, მაგრამ მითხრეს, ამას ჩვენ არ ვწყვეტთო. 5.000 ლარი ძლივს მოგავროვეთ, 180 ლარი მაკლდებოდა...

სულაც რომ მემათხოვრა, ამასაც მოვაგროვებდი, მაგრამ არ დამცალდა. შეყვანისთანავე ციხის უფროსისთვის აუხსნია სიტუაცია. ციხის უფროსმა მითხრა, ცალკე საკანში მოვათავსე, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული და ავუხსენი, კამერები არის, კარი დაკეტილია და საფრთხე არ გემუქრება-მეთქი. მეორე დღეს სოცმუშაკი შესულა. ნახევარი საათის გასული იყო საკნიდან, რომ გოგა გარდაცვლილი იპოვეს. საჯაროდ ვაცხადებ, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. იცოდა, რომ იქ არ დავტოვებდით. მითხრეს, ზეწარი დახია და თავი იმით ჩამოიხრჩო საპირფარეშოშიო. კოლონიის უფროსმა მითხრა, გადაღებულია, მაგრამ თავი რომ ჩამოიხრჩო, ის მომენტი არ ჩანს, რადგან ტუალეტი კამერიდან არ ჩანსო. კორიდორში ხომ იყო სათვალთვალო კამერა, ის კადრები მაინც მაჩვენონ და ვნახავ, ვინ შევიდა მასთან საკანში.

ჩემს შვილს ნაჭდევი ყელზე ისეთ ადგილას აქვს, რომ ის მომხრჩვალია!

- თქვენმა შვილმა მეორედ რა მოიპარა?
- გოგამ და მისმა მეგობარმა კაფედან მაგნიტოფონი წაიღეს. თავდაპირველად ჩემი შვილი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ მერე დანაშაული თავის თავზე აიღო - ჩემს მეგობარს სახლში ცოლ-შვილი ელოდებაო. ამ საქმეში მომჩივანიც არ იყო...

- როდის არის თქვენი შვილის დაკრძალვა?
- დაკრძალვა ძალიან მინდა, მაგრამ ისე არა, რომ სიმართლე არ გაირკვეს. არ მინდა, ექსპერტიზისთვის ისევ ამოსათხრელი გამიხდეს. კიდევ მაქვს იმედი, რომ სოზარ სუბარი ჩამოვა. არავის გადაყენებას არ ვითხოვ, სიმართლის გარკვევა მინდა!

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს დაუკავშირდა: - როგორც კი არასრულწლოვანის გარდაცვალების ამბავი გავიგე, 2,5 საათში უკვე ქუთაისში ვიყავი. ადგილზე დავათვალიერე ყველაფერი. გოგა ძველაია სამარტოო საკანში იჯდა და არ ჰქონია კავშირი არც ერთ პატიმართან, გადაძახილითაც კი. Aდირექციის გარდა, არავინ იცოდა, რომ ის დაწესებულებაში მიიყვანეს. არასრულწლოვანმა თვითონ მოითხოვა, ცალკე საკანში ჰყოლოდათ, მისი წერილობითი განცხადებაც გვაქვს. როგორც მაცნობეს, ძალიან ნერვიულობდა გირაოს გამო. ხშირად კითხულობდა, ჩემებს ხომ შეატყობინეთ და რა პასუხია მათგანო. პატიმარს აინტერესებდა, როდის შეიტანდა ოჯახი გირაოს თანხას. რატომ განიცდიდა ასე, ვერ გეტყვით.

- როგორც გაირკვა, ძველაიას წინა პატიმრობისას ამავე დაწესებულებაში კონფლიქტი ჰქონია "მაყურებელთან" და ანგარიშსწორების ეშინოდა.
- ქუთაისის ციხეში "მაყურებელი" არ არის, მით უმეტეს, არასრულწლოვანებთან. არ ვმალავთ, რომ "მაყურებლების" ინსტიტუტი დაგვხვდა და მისი უცებ აღმოფხვრა შეუძლებელია. თუ ძველაიას ადრე ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა, ადმინისტრაცია მას დაიცავდა. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მასთან სოციალური სამსახურის უფროსი იყო და პატიმარს არ გამოუხატავს ისეთი არაფერი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა.

- არსებობს ინფორმაცია, რომ ძველაიას კამერა ვიდეოთვალით კონტროლდებოდა.
- ვიდეოკამერა მის საკანში არ ყოფილა. თუ Mარ არის მაღალი უსაფრთხოების რისკის დაწესებულება, ან პატიმარს არ ემუქრება საფრთხე, მას კამერით აღჭურვილ საკანში ვერ მოათავსებ. Aამის არც ინფრასტრუქტურა არსებობს და არც საჭიროება. ადმინისტრაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაფერი შეუტყვია. ძველაიას მსგავსი რამ რომ გაემჟღავნებინა, მას მეთვალყურეობას დაუწესებდნენ. ის რთული ბავშვი იყო, რაც გასაკვირი არ არის ასეთ დაწესებულებაში. მოზარდი იმიტომაც შედის კანონთან კონფლიქტში, რომ რთულია.

- ძველაიას ციხის უფროსისთვის უთქვამს, რომ ანგარიშსწორების ეშინოდა.
- გამოძიების ნაცვლად არ მინდა ვილაპარაკო, რადგან ეს ეჭვების და მითქმა-მოთქმის საფუძველი ხდება. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი.

- გარდაცვლილის მამა ამბობს, სუბარის თანადგომა სიმართლის დასადგენად მჭირდებაო.
- სენაკშიც ჩავალ და ყველგან შევხვდები, მაგრამ იმის თქმა, თუ მინისტრი არ ჩამოვა, ამას და ამას ვიზამო, არასწორია. სამძიმარზე ჩავალ, მაგრამ გარდაცვლილის მშობლები რომ ითხოვენ, პასუხი გაგვცეს კითხვაზეო, ეს მხოლოდ გამოძიებას შეუძლია. წინა ხელისუფლების დროს ერთ თვეში 23 კაცი მოკვდა ციხეში და ხათუნა კალმახელიძე 23-ჯერ უნდა მისულიყო გარდაცვლილების ოჯახში? ან გახსოვთ, ასეთი რამ მოეთხოვა ვინმეს? ახლა გახდა ყველა განსაკუთრებით მგრძნობიარე.
გარდაცვლილის ოჯახის თანადგომა ის არის, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს.

- პრეზიდენტის მისვლა გარდაცვლილის ოჯახში როგორ მიიღეთ?
- სააკაშვილს რომ ადამიანის სიცოცხლე და პატიმრის ბედი აწუხებდეს, 805 კაცია გარდაცვლილი "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ციხეში და ერთგან მაინც ჩასულა? ავღანეთში რომ გმირები იხოცებოდნენ, სადმე გინახავთ სამოქალაქო პანაშვიდი ან მისი გაშუქება გახსოვთ? ძველაიების ოჯახში მისვლა იაფფასიანი პიარი იყო.

- ძველაიას მამა ითხოვდა, რომ მისი შვილი სენაკში დაეტოვებინათ...
- სენაკში არის შს სამინისტროს იზოლატორი, მისჯის შემდეგ იქ ძველაიას ვინც დატოვებდა, ციხეში წავიდოდა. როგორც კი გირაოს შეტანა დაუწესეს, მაშინვე უნდა გადაეხადათ და ბიჭს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. ოჯახის მერე მომხდარს ჩემზე მეტად არავინ განიცდის. Pთითოეული ასეთი შემთხვევა ისე მტკენს გულს, ღამეები არ მძინავს. ყველანაირად დავუდგები გარდაცვლილის ოჯახს გვერდით.

სასამართლომ უკვე მიიღო დერეფანში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ფირების ამოღების გადაწყვეტილება. გოგა ძველაიას მამასთან, გარდაცვლილის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან ერთად საკანში შევალთ და შევეცდებით, ყველა საეჭვო გარემოება ადგილზე გავარკვიოთ.

იზო რიკაძე
თეა ხურცილავა
eliozi
14 ოქტომბერი 2013 18:59
ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ.......ეს რა ქვეყანააააა????? ყოველ წამს,ამ ერთ ციცქნა,ბოღმისგან,ადამიანთა ვაებისგან ადუღებულ ქვეყანაში,რამდენი საშინელება ხდება..........როდემდე უნდა ვიყოთ ასე??? ნუთუ უსაშველობით დავისაჯეთ???

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები